ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – გიდი

ყოფილი კურსელები – ზურა და თენგო, ქუჩაში რომ შეხვდნენ, ძლივს იცნეს ერთმანეთი. ზურას ცოლი ახლდა, ახალი დაოჯახებული იყო და ერთ-ერთ ფირმაში მუშაობდა დისტრიბუტორად. თენგოს ჯერ ცოლი არ ჰყავდა მოყვანილი. თავისი ტურისტული სააგენტო გაეხსნა და საქართველოში ჩამოსულ ტურისტების ჯგუფებს დაჰყვებოდა აღმა-დაღმა. ზაფხულობით კი, საქართველოდან გაჰყავდა ჯგუფები უცხოეთის კურორტებზე დასასვენებლად.
გაუხარდათ ერთმანეთის ნახვა, თენგომ ცოლ-ქმარი მანქანაში ჩაისვა და ტაბახმელას გზაზე, რესტორან “კოლხეთში” დაპატიჟა. გაიხსენეს სტუდენტობის წლები, მოიგონეს მეგობრები. თენგო, ზურას ცოლს, ნანას, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა, რომ გოგონას გარიყულად არ ეგრძნო თავი. ესაუბრებოდა, ხუმრობდა, მუსიკოსებს მისი საყვარელი სიმღერა შეუკვეთა “Led zeppelin”-ის რეპერტუარიდან. გვიანობამდე დარჩნენ, ესიამოვნათ თავისუფალი ურთიერთობა. ნასვამი ზურა მანქანის უკანა სავარძელზე დააწვინეს. ნანა წინ, თენგოს გვერდით დაჯდა. გზაჯვარედინზე ფუნიკულიორისკენ გადაუხვიეს. თენგომ ის ადგილი აჩვენა, გამორთული მანქანა აღმართში რომ “მიგორავს”. სადგომზე ზურას დაეზარა მანქანიდან გადმოსვლა. თენგომ და ნანამ გადმოხედს თბილისს.
– გასული საუკუნის დასაწყისში, მთაწმინდის პლატოზე, შემუშავდა ზედა თბილისის განაშენიანების იდეაო – დაიწყო მოყოლა თენგომ – ზედა და ქვედა თბილისი, სამთო ტრამვაით – ფუნიკულიორით უნდა დაკავშირებოდა ერთმნეთს, მაგრამ რევოლუციის შემდგომ, ზედა თბილისის ნაცვლად, პარკი გააშენესო. დიდხანს უყურებდნენ ღამის თბილისს. თენგო არ გაჩუმებულა, თითქმის მთელი თბილისის ისტორია მოუყვა ნანას.
იქიდან დაეშვნენ, სახლთან რომ მივიდნენ, ზურა ძლივს გააღვიძეს.
– უცხოელების ჯგუფს რომ წავიყვან ტურში, მიკოავტობუსში თავისუფალი ადგილები თუ მექნება, თქვენ დაგპატიჟებთო! – გამომშვიდობებისას შეპირდა თენგო.
***
– ნანა, თენგომ დარეკა, სათხილამუროდ ბაკურიანში გეპატიჟებითო!
– არ მომწონს, მე, ეგ თენგო, შენ წადი!
– რას ერჩი მაგ ბიჭს? კაცი გულით გვეპატიჟება!
***
– წყალდიდობამ ბორჯომის ხიდები რომ წაიღო, გაღმა და გამოღმა ბორჯომს შორის კავშირი გაწყდაო – უყვება გვერდით მჯდომ ნანას თენგო. შემდეგ მიკროფონს რთავს და იგივეს რუსულად უხსნის მგზავრებს – სასწრაფოდ ახალი ხიდი უნდა აეგოთ, მაგრამ ადიდებულ მდინარეში ტექნიკის შეყვანა შეუძლებელი იყო, ამიტომ მტრედს გამოაბეს ძაფი და მეორე ნაპირზე გადააფრინეს. შემდეგ იმ ძაფით თოკი გადაათრიეს, შემდეგ, ბაგირი… უკვე ორ დღეში, ხიდი აიგო და გაღმა-გამოღმა ბორჯომი ერთმანეთს დაუკავშირდა. მადლიერმა ბორჯომელებმა ხიდს, “მტრედის ხიდი” დაარქვეს და ხარიხაზე მტრედის ქანდაკებაც ჩამოსვესო – ენას არ აჩერებს თენგო, ქართულად, რუსულად, ისევ ქართულად. მიკროავტობუსის უკანა სავარძლიდან გარკვევით ისმის ზურას ხვრინვა. ლიკანში, ცნობილი ლოვას ნამცხვრები იყიდეს, ჩარხისწყლის ხიდზე გადავიდნენ და ნამცხვრების ჭამით შეუდგნენ ბაკურიანის გზას.
– ეს, ცნობილი ეიფელის ხიდია! – ცემის გზიდან აჩვენებს თენგო ტურისტებს ქვემოთ, ცემისწყალზე გადებულ რკინის კონსტრუქციას.
ბაკურიანში, პირდაპირ დიდველის საბაგიროსთან მიაყენეს მანქანა. თხილამურები იქირავეს და საბაგიროს აუყვნენ. ზურამ არ ისურვა თხილამურებით სრიალი. ნანას ინსტრუქტორობა კი, თენგომ იკისრა და დამფრთხალი გოგო თხილამურებზე დააყენა. უკვე მოსაღამოვებული იყო, ბაკურიანიდან რომ წამოვიდნენ. ნანა აღფრთოვანებული იყო, სულ თხილამურებით სრიალზე ლაპარაკობდა. გზად ახალდაბაში, რესტორან “ფორიაში” გაჩერდნენ. სტუმრებს ხაჭაპური, ცოცხალი და ჩაქაფული დააგემოვნებინეს, არაყიც გადახუხეს და სულ სიმღერ-სიმღერით ჩამოვიდნენ თბილისში.
***
– ნანა, თენგომ დარეკა, ზღვაზე გეპატიჟებით სათევზაოდო!
– აუ, რა მაგარია?!
– გოგო, მე ვერ მოვდივარ! უხერხულია, შენ წადი, გულით გვეპატიჟება!
***
– საღამოს, ცა წითლად რომ შეიღებებოდა, 20 კილომეტრის სიღრმეში გადიოდა კატერით ნეიტრალურ წყლებში სვიაზე სათევზაოდო – ცალთვალმოჭუტული ყვება ერთი უკრაინელი მეთევზის ამბავს თენგოს ბათუმელი მეგობარი, იახტის კაპიტანი – ოქრო. თენგო ინგლისურად თარგმნის. სტუმრები თან უსმენენ, თან ანკესები აქვთ იახტიდან გადაყოფილი. – იქ, თხელი წყალია და სვიამ იცის შესვლა. მთელი კვირით იკარგებოდა. დაბრუნებული აი, იმ კლდესთან მოაყენებდა სვიაგამობმულ კატერს, ჩვენს უბანში მოდიოდა და სანდო ბიჭები მივყავდით მისახმარებლად. თევზს ნაპირზე ამოვათრევდით, დავჩეხდით და ნაჭრები მასთან მიგვქონდა სახლში. ყოფილა შემთხვევა, სვია ორ ტონამდე გამოსულა. თავს ჩვენ გვაძლევდა, ბიჭებს. მამაჩემი კარგ უხას მოხარშავდა და მეორე დღეს, მთელი უბანი ვქეიფობდით.
– თევზი, თევზი მოება! – იკივლა ნანამ და მოდრეკილ ანკესს დაუწყო ჭიდაობა. ნახევარკილოიანი კეფალი დაიჭირა, სიხარულით ჭკუაზე აღარ იყო, თენგოს გადაეხვია.
– ჰოდა, იმას ვამბობდი – გააგრძელა ოქრომ მოყოლა – მერე, ის უკრაინელი კაცი სათევზაოდ გავიდა ზღვაში და აღარ დაბრუნებულა. ამბობენ, ნეიტრალურ წყლებში, ინგლისურმა კრეისერმა აიყვანა და ახლა ინგლისში ცხოვრობსო, მაგრამ მე მაინც მგონია, შუა ზღვაში შტორმმა მოუსწრო და დაიხრჩოო.
საღამოს რესტორანში ივახშმეს – აჭარული ხაჭაპურები შეუკვეთეს, და ნანას დაჭერილი კეფალი შეაწვევინეს. სტუმრები სასტუმროში რომ დააბინავეს, თენგო და ნანა “პიაცაზე” გავიდნენ. ყავა და “ფახლავა” მიირთვეს და კონცერტსაც დაესწრნენ. შუაღამეს გადაცილებული იყო, ნასიამოვნები, სასტუმროში რომ დაბრუნდნენ.
***
– ზურა, თენგომ დარეკა, ანტალიაში მეპატიჟება დასასვენებლად!
– რა, ჩემზე არ უთქვამს?
– მარტო ერთი ადგილი მაქვს თავისუფალიო…

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button