ფილოსოფია

კარლ მარქსი – ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის კრიტიკისათვის

შესავალი

გერმანიისათვის რელიგიის კრიტიკა არსებითად დამთავრებულია, ხოლო რელიგიის კრიტიკა ყველა კრიტიკის წანამძღვარია.

ცთომილების ამქვეყნიური არსებობა სახელგატეხილია, მას შემდეგ, რაც მისი ზეციური orattio pro aris et focis1 უკუგდებულია. ადამიანს, რომელმაც ზეცის ფანტასტიკურ სინამდვილეში, სადაც ის ზეკაცს ეძებდა, მხოლოდ თავისი თავის ანარეკლი იპოვა, მიდრეკილება აღარ ექნება მხოლოდ თავისი თავის მოჩვენება, მხოლოდ ურჩხული იპოვოს იქ, სადაც ის თავის ჭეშმარიტ სინამდვილეს ეძებს და უნდა ეძებოს.

არარელიგიური კრიტიკის საფუძველია: ადამიანი ქმნის რელიგიას, რელიგია არ ქმნის ადამიანს. სახელდობრ, რელიგია არის თვითცნობიერება და თვითგრძნობა ადამიანისა, რომელსაც თავისი თავი ან ჯერ კიდევ არ მოუპოვებია, ანდა იგი კვლავ დაუკარგავს. მაგრამ ადამიანი – ეს აბსტრაქტული, ქვეყნის გარეთ მსუფევი არსება როდია. ადამიანი, ეს არის სამყარო ადამიანისა, სახელმწიფო, საზოგადოება. ეს სახელმწიფო, ეს საზოგადოება ქმნის რელიგიას, სამყაროს უკუღმართ ცნობიერებას, იმიტომ, რომ ისინი უკუღმართ სამყაროს წარმოადგენენ. რელიგია არის ზოგადი თეორია ამ სამყაროსი, მისი ენციკლოპედიური კომპენდიუმი, მისი ლოგიკა პოპულარული ფორმით, მისი სპირიტუალისტური point d’honneur2, მისი ენთუზიაზმი, მისი მორალური სანქცია, მისი საზეიმო დაგვირგვინება, მისი ნუგეშისა და გამართლების საყოველთაო საფუძველი. ის არის ადამიანის არსების ფანტასტიკური განხორციელება, რადგან ადამიანის არსებას არავითარი ჭეშმარიტი სინამდვილე არ გააჩნია. მაშასადამე, რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა არაპირდაპირ იმ სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაა, რომლის სულიერი სურნელება რელიგია არის.

რელიგიური სიღატაკე ერთსა და იმავე დროს არის გამოხატულება ნამდვილი სიღატაკისა და პროტესტი ნამდვილი სიღატაკის წინააღმდეგ. რელიგია არის ჩაგრულ ქმნილებათა ამოოხვრა, უგულო ქვეყნის სული და გულია, ისე როგორც იგი არის სული უსულო მდგომარეობათა. ის ოპიუმია ხალხისა.

გაუქმება რელიგიისა, როგორც ხალხის ილუზორული ბედნიერებისა, ამ ხალხის ნამდვილი ბედნიერების მოთხოვნაა, მოთხოვნა თავის მდგომარეობის შესახებ არსებულ ილუზიებზე ხელის აღებისა, ესაა მოთხოვნა ისეთ მდგომარეობაზე ხელის აღებისა, რომელიც ილუზიებს საჭიროებს. რელიგიის კრიტიკა, მაშასადამე, ჩანასახში კრიტიკაა გლოვის ველისა, რომლის წმინდა შარავანდედი რელიგიაა.

კრიტიკამ ბორკილებს წარმოსახვითი ყვავილები იმისათვის კი არ ჩამოაგლიჯა, რომ ადამიანმა უფანტაზიო, უნუგეშო ბორკილები ატაროს, არამედ იმისთვის, რომ მან ბორკილები მოიხსნას და ცოცხალი ყვავილი მოსწყვიტოს. რელიგიის კრიტიკა გულს უტეხავს ადამიანს, რათა მან იაზროვნოს, იმოქმედოს, თავისი სინამდვილე გააფორმოს როგორც გულგატეხილმა, გონს მოსულმა ადამიანმა, რათა მან თვით თავისი თავისა და თავისი ნამდვილი მზის ირგვლივ იმოძრაოს. რელიგია მხოლოდ ილუზორული მზეა, რომელიც ადამიანის გარშემო მოძრაობს მანამდე, სანამ იგი თავის თავის გარშემო მოძრაობას დაიწყებდეს.

მაშასადამე, ისტორიის ამოცანაა, მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტების იმქვეყნიურობა გაქრა, ამქვეყნიურობის ჭეშმარიტება დაამყაროს. უწინარეს ყოვლისა, ისტორიის სამსახურში მყოფი ფილოსოფიის ამოცანაა, მას შემდეგ, რაც ადამიანის თვითგაუცხოების წმინდა სახე გამომჟღავნებულია, თვითგაუცხოება მის უწმინდურ სახეებში გამოამჟღავნოს. ამით ზეცის კრიტიკა მიწის კრიტიკად იქცევა, რელიგიის კრიტიკა – სამართლის კრიტიკად, თეოლოგიის კრიტიკა – პოლიტიკის კრიტიკად.

შემდგომი გადმოცემა – ერთგვარი წვლილი ამ ნაშრომისა – უწინარეს ყოვლისა უკავშირდება არა ორიგინალს, არამედ ასლს, გერმანულ სახელმწიფო და სამართლის ფილოსოფიას, – მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზისა გამო, რომ გერმანიას უკავშირდება.

ჩვენ რომ იგი გერმანული status quo3-სთვის დაგვეკავშირებინა, თუნდაც ერთადერთი შესაფერი ფორმით, ე. ი. უარყოფითად, შედეგად მაინც ისევ ანაქრონიზმი დარჩებოდა. თვით ურყოფაც კი ჩვენი პოლიტიკური აწმყოსი თანამედროვე ხალხების ისტორიის საკუჭნაოში უკვე დამტვერიანებული ფაქტის სახით არსებობს. თუ დაპუდრულ ნაწნავებს უარვყოფ, მაშინ დაუპუდრავი ნაწნავები მაინც ხომ ისევ თვალწინ მაქვს. როდესაც მე 1843 წლის გერმანულ მდგომარეობას უარვყოფ, მაშინ, ფრანგული წელთაღრიცხვით, 1789 წელშიაც ძლივს ვიმყოფები, მით უფრო ნაკლებ ვიმყოფები თანამედროვეობის ფოკუსში.

დიახ, გერმანიის ისტორია თავს იწონებს ისეთი მოძრაობით, რომელიც ისტორიის ცაზე არც ერთ ხალხს არც მასზე უწინ გაუკეთებია და არც მის შემდეგ გააკეთებს. ჩვენ, სახელდობრ, თანამედროვე ხალხების რესტავრაციები გავიზიარეთ, მათი რევოლუციების გაუზიარებლად. ჩვენ რესტავრაცია განვიცადეთ, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სხვა ხალხებმა რევოლუცია გაბედეს, მეორეც, იმიტომ, რომ სხვა ხალხებმა კონტრრევოლუცია განიცადეს, პირველად იმიტომ, რომ ჩვენს ბატონებს შიში ჰქონდათ, მეორედ კი, იმიტომ, რომ ჩვენს ბატონებს შიში არ ჰქონდათ. ჩვენ, ჩვენს მოძღვართა მეთაურობით, თავისუფლების საზოგადოებაში მუდამ მხოლოდ ერთხელ ვიმყოფებოდით, მისი დასაფლავების დღეს.

სკოლა, რომელიც დღევანდელ სისაძაგლეს გუშინდელი სისა ძაგლით აკანონებს, სკოლა, რომელიც ყმის ყოველგვარ ყვირილს მათრახის წინააღმდეგ ამბოხებად აცხადებს, თუკი ეს მათრახი ძველთაძველი, მემკვიდრეობითი, ისტორიული მათრახია, სკოლა, რომელსაც ისტორია, როგორც ისრაელის ღმერთი თავის მსახურ მოსეს, მხოლოდ თავის a posteriori-ს აჩვენებს, სამართლის ეს ისტორიული სკოლა, ამიტომ გერმანულ ისტორიას გამოიგონებდა. იგი გერმანული ისტორიის გამოგონება რომ არ იყოს, ის, შეილოკი, მაგრამ შეილოკი მსახური, ფიცულობს ყოველი გირვანქა ხორცისთვის, რომელიც ხალხის გულიდან არის ამოჭრილი, თავის თამასუქზე, თავის ისტორიულ თამასუქზე, თავის ქრისტიანულ-გერმანულ თამასუქზე.

პირიქით, გულკეთილი ენთუზიასტები, გერმანელობის მოტრფიალენი სისხლით და თავისუფლად მოაზროვნენი რეფლექსიით, თავისუფლების ჩვენს ისტორიას ჩვენი ისტორიის მიღმა ტევტონთა უღრან ტყეებში ეძებენ. მაგრამ მაშინ რითიღა განსხვავდება თავისუფლების ჩვენი ისტორია გარეული ტახის თავისუფლების ისტორიისაგან, თუკი მისი პოვნა მხოლოდ ტყეებში შეიძლება? ამასთანავე ცნობილია: ტყეს რასაც შესძახებ, იმასვე გამოგძახებს. მაშასადამე, მშვიდობა ტევტონთა უღრან ტყეებს!

ომი გერმანულ წესწყობილებებს! რა თქმა უნდა! ისინი ისტორიის დონეზე უფრო დაბლა დგანან, ისინი ყოველ კრიტიკაზე უფრო დაბლა არიან, მაგრამ ისინი მაინც კრიტიკის საგნად რჩებიან, ისე როგორც დამნაშავე, რომელიც ჰუმანურობის დონეზე დაბლა დგას, ჯალათის საგანი რჩება. მათთან ბრძოლაში კრიტიკა კი არაა ვნება თავისა, არამედ კრიტიკა არის თავი ვნებისა. იგი არ არის ანატომიური დანა, იგი იარაღია. მისი საგანი არის მისი მტერი, რომლის უკუგდება კი არ სურს მას, არამედ მოსპობა. ვინაიდან აღნიშნულ წესწყობილებათა სული უკუგდებულია. თავისთავად და თავისთვის ისინი ღირსსახსოვარი ობიექტები არ არიან, არამედ ისინი იმდენადვე საძულველი არსებანია, რამდენადაც მოძულებული. კრიტიკას თავისთვის ამ საგანთან თვითშეთანხმება არ სჭირდება, რადგან მან უკვე გაასწორა ანგარიში მასთან. ის თვითმიზანს კი აღარ წარმოადგენს, არამედ ჯერ კიდევ მხოლოდ საშუალებას. მისი არსებითი პათოსის აღშფოთებაა, მისი არსებითი სამუშაო – მხილებაა.

საქმე ეხება ყველა სოციალური სფეროს მიერ ერთმანეთის და ჩაგვრა-შევიწროების, საყოველთაო, უმოქმედო აშლილობის, თავისი თავის იმდენადვე დიდად დამფასებელი, რამდენადაც არდამფასებელი შეზღუდულობის გამოსახვას, მთავრობის სისტემის ჩარჩოებში მოქცეულ გამოსახვას, სისტემისა, რომელიც, ცოცხლობს რა ყველა უბადრუკობათა შენახვით, თვითონ სხვა არაფერია, თუ არ უბადრუკობა მთავრობისა.

რა სანახაობაა! დაუსრულებელი დაყოფა საზოგადოებისა მრავალნაირ რასებად, რომლებიც ერთმანეთის პირისპირ დგანან თავიანთი წვრილმანი ანტიპათიებით, მურტალი სინდისით და უხეში, მკაცრი საშუალოობით, რომლებსაც სწორედ მათი ურთიერთ ორაზროვანი და მიუნდობელი დამოკიდებულების გამო ყველას განურჩევლად, თუმცა სხვადასხვანაირ ფორმალობათა დაცვით, მათი ბატონები იყენებენ როგორც საკონცესიოდ დათმობილ არსებებს. და თვით ის ფაქტიც, რომ მათ ბრძანებლობენ, მართავენ, ფლობენ, მათ უნდა შეაფასონ და აღიარონ, როგორც ზეცის კონცესია! მეორე მხარეს კი თვით ის მბრძანებელნი, რომელთა სიდიადე პირუკუ შეფარდებაშია მათ რიცხვთან!

კრიტიკა, რომელიც ამ შინაარსს ხელს ჰკიდებს, ხელჩართული ბრძოლის კრიტიკაა, ხოლო ხელჩართულ ბრძოლაში საქმე იმას კი არ ეხება, მოწინააღმდეგე კეთილშობილი, თანაბარი წარმოშობის, საინტერესო მოწინააღმდეგე არის თუ არა, არამედ საქმე ეხება იმას, რომ გერმანელებს ერთი წუთითაც არ მივცეთ თვითმოტყუებისა და მორჩილების, თვითგანდგომის საშუალება. ნამდვილი ჩაგვრა, დავურთავთ რა მას ზედ ჩაგვრის შეგნებას, ამით კიდევ უფრო შემავიწროებელი უნდა გავხადოთ, ხოლო სირცხვილი – კიდევ უფრო სამარცხვინო, როდესაც მას გავახმაურებთ. გერმანული საზოგადოების ყოველი სფერო დასურათებული უნდა იქნას როგორც გერმანული საზოგადოების partie honteuse4; ეს გაქვავებული ურთიერთობანი იმით უნდა ვაიძულოთ ფერხულში ჩაებან, რომ მათ მათივე საკუთარი მელოდია ვუმღეროთ! ხალხს უნდა ვასწავლოთ, რომ თვით თავისი თავის შეეშინდეს, რათა გამბედაობა შევუქმნათ. ამით განხორციელდება გერმანელი ხალხის დაუძლეველი მოთხოვნილება, ხოლო ხალხთა მოთხოვნილებანი თვით არიან პირადად მათი დაკმაყოფილების მიზეზები.

და თვით თანამედროვე ხალხებისთვისაც ეს ბრძოლა გერმანული status quo-ს შეზღუდული შინაარსის წინააღმდეგ არ შეიძლება უინტერესო იყოს, რადგან გერმანული status quo გულახდილი დასრულებაა ancien régime5-ისა (ძველი რეჟიმისა), ხოლო ancien régime თანამედროვე სახელმწიფოს დაფარული ნაკლია. გერმანული პოლიტიკური აწმყოს წინააღმდეგ ბრძოლა თანამედროვე ხალხების წარსულის წინააღმდეგ ბრძოლაა, ხოლო ამ წარსულის მოგონებანი მათ ჯერ კიდევ ტვირთად აწევთ. მათთვის ჭკუის სასწავლია ის, რომ ისინი ხედავენ, თუ ancien régime, რომელმაც მათთან თავისი ტრაგედია განიცადა, როგორ გაითამაშებს თავის კომედიას გერმანული საიქიოს მოციქულის სახით. ტრაგიკული იყო მისი ისტორია, სანამ ის ქვეყნის წინაარსებული ძალა იყო, ხოლო თავისუფლება პირიქით – პირადი ახირებული აზრი, ერთი სიტყვით, სანამ მას თვითონ თავისი უფლებამოსილება სჯეროდა და უნდა დაეჯერებინა. სანამ ancien régime, როგორც ქვეყნის არსებული წესრიგი, ჯერ კიდევ მხოლოდ ქმნადობაში მყოფ ქვეყანას ებრძოდა, მის მხარეზე იდგა მსოფლიო ისტორიული ცთომილება, მაგრამ არა პიროვნული. ამიტომ მისი დაღუპვა ტრაგიკული იყო.

პირიქით, ახლანდელი გერმანული რეჟიმი, ეს ანაქრონიზმი, აშკარა წინააღმდეგობა საყოველთაოდ აღიარებული აქსიომისა, ქვეყნის საჩვენებლად გამოფენილი არარაობა ancien régime-სა, ჯერ კიდევ მხოლოდ წარმოიდგენს, რომ თავისი თავისა სჯერა, და მსოფლიოსაგანაც ამავე წარმოდგენას მოითხოვს. მას რომ თავისი საკუთარი არსება სწამდეს, განა ის მას უცხო არსების მოჩვენების ქვეშ დამალავდა და თავის ხსნას ფარისევლობასა და სოფიზმებში ეძიებდა? თანამედროვე ancien régime მხოლოდ უფრო კომედიანტია მსოფლიო წესრიგისა, რომლის ნამდვილი გმირები დაიხოცნენ. ისტორია საფუძვლიანია და მრავალ ფაზას გადის, როდესაც მას ძველი ფორმა სამარეში მიაქვს. მსოფლიო-ისტორიული ფორმის უკანასკნელი ფაზა კომედიაა. საბერძნეთის ღმერთები, რომლებიც ერთხელ უკვე ტრაგიკულად სასიკვდილოდ დაიჭრნენ ესქილეს „მიჯაჭვულ პრომეთეოსში“, კიდევ ერთხელ კომიკურად უნდა დახოცილიყვნენ ლუკიანის საუბრებში. რატომ არის ისტორიის ეს მსვლელობა? იმისათვის, რომ კაცობრიობა თავის წარსულს ნათელი მხიარულებით განშორდეს. ამ ნათელ-მხიარულ ისტორიულ ხვედრს გამოვითხოვთ ჩვენ გერმანიის პოლიტიკური ძალებისათვის.

მაგრამ როგორც კი თვით თანამედროვე პოლიტიკურ-სოციალური სინამდვილე კრიტიკას დაექვემდებარება, როგორც კი, მაშასადამე, კრიტიკა ჭეშმარიტ ადამიანურ პრობლემებამდე ამაღლდება, მაშინვე იგი გერმანულ status quo-ს ფარგლებს გარეთ აღმოჩნდება, ანუ ის თავის საგანს თავის საგანზე დაბლა შეაფასებდა. მაგალითი! მრეწველობის, საერთოდ სიმდიდრის, სამყაროს დამოკიდებულება პოლიტიკური სამყაროსადმი თანამედროვე ხანის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. როგორი ფორმით იწყებს ეს პრობლემა გერმანელთა დაინტერესებას? მფარველობითი ბაჟების, აკრძალვითი სისტემის, ნაციონალური ეკონომიის ფორმით. გერმანოფილობა ადამიანიდან მატერიაში გადასახლდა და, ამგვარად, ერთ დილას ჩვენმა ბამბის რაინდებმა და რკინის გმირებმა პატრიოტებად ქცეული იხილეს თავიანთი თავი. ამრიგად, გერმანიაში შიგნიდან მონოპოლიის სუვერენიტეტის აღიარებას იწყებენ იმით, რომ მას სუვერენიტეტს გარედან ანიჭებენ. მაშასადამე, ახლა გერმანიაში იმით იწყებენ, რითაც საფრანგეთსა და ინგლისში დამთავრებას იწყებენ. ძველ დამყარებულ მდგომარეობას, რომლის მიმართ ეს ქვეყნები თეორიულად ამხედრებულან და რომელსაც ჯერ კიდევ ითმენენ ისე როგორც ბორკილებს ითმენენ ხოლმე, გერმანიაში მიესალმებიან როგორც ლამაზი მომავლის ამომავალ განთიადს, რომელიც ძლივძლივობით კიდევ ბედავს ცბიერი (ლისტის)6 თეორიიდან ყველაზე ულმობელ პრაქტიკაში გადავიდეს. მაშინ, როდესაც პრობლემა საფრანგეთსა და ინგლისში ამბობს: პოლიტიკური ეკონომია, ანუ საზოგადოების ბატონობა სიმდიდრეზე, გერმანიაში ამბობს: ნაციონალ-ეკონომია, ანუ კერძო საკუთრების ბატონობა ეროვნულობაზე. ამრიგად, საფრანგეთსა და ინგლისში საქმე ეხება მონოპოლიის გაუქმებას, მონოპოლიისა, რომელიც იქ თავის უკანასკნელ შედეგებამდეა განვითარებული; გერმანიაში კი საქმე ეხება იმას, რომ განვითარებულ იქნას მონოპოლია უკანასკნელ შედეგებამდე. იქ საქმე ეხება გადაწყვეტას, აქ კი მხოლოდ კოლიზიაზეა ლაპარაკი. ეს საკმაო მაგალითია თანამედროვე პრობლემათა გერმანული ფორმისა, მაგალითი იმისა, თუ ჩვენი ისტორია აქამდე, მსგავსად მოუხეშავი ახალწვეულისა, როგორ ისახავდა ამოცანად მხოლოდ იმას, რომ გაცვეთილი ისტორიები ემეორებინა.

ამგვარად, მთელი საერთო გერმანული განვითარება რომ პოლიტიკური გერმანული განვითარების ფარგლებს გარეთ არ გადიოდეს, გერმანელი შესძლებდა აწმყოს პრობლემებში მონაწილეობის მიღებას, უკეთეს შემთხვევაში ისე მაინც, როგორც მასში მონაწილეობის მიღება რუსს შეუძლია. მაგრამ თუ ცალკეული ინდივიდუუმი ერის ზღუდეებით არ არის შებოჭილი, მთელი ერი მით უფრო ნაკლებ არის განთავისუფლებული ერთი ინდივიდუუმის განთავისუფლებით. სკვითებმა ერთი ნაბიჯიც ვერ გადადგეს წინ ბერძნული კულტურისაკენ, იმიტომ რომ საბერძნეთი თავის ფილოსოფოსთა შორის ერთ სკვითს ითვლის.

საბედნიეროდ, ჩვენ, გერმანელები, სკვითები არა ვართ.

როგორც ძველმა ხალხებმა თავიანთი წინაისტორია წარმოსახვაში, მითოლოგიაში განიცადეს, ასევე ჩვენ, გერმანელებმა, ჩვენი მომავალი ისტორია აზრებში, ფილოსოფიაში განვიცადეთ. ჩვენ აწმყოს ფილოსოფიური თანამედროვენი ვართ, არ ვართ რა მისი ისტორიული თანამედროვენი. გერმანული ფილოსოფია გერმანული ისტორიის იდეალური გაგრძელებაა. მაშასადამე, როდესაც ჩვენ ჩვენი რეალური ისტორიის oeuvres incomplétes7 მაგიერ ჩვენი იდეალური ისტორიის oeuvres posthumes8, ფილოსოფიას ვაკრიტიკებთ, მაშინ ჩვენი კრიტიკა იმ საკითხთა შორის იმყოფება, რომელთა შესახებ აწმყო ამბობს: that is the question9 რაც წინწასულ ხალხებში თანამედროვე სახელმწიფო წესწყობილებათა პრაქტიკული დარღვევა არის, ის გერმანიაში, სადაც ეს წესწყობილებანი ჯერ არც კი არსებობს, უპირველეს ყოვლისა, ამ წესწყობილებათა ფილოსოფიური ანარეკლის კრიტიკული დარღვევაა.

სამართლისა და სახელმწიფოს გერმანული ფილოსოფია ერთადერთი ოფიციალურ თანამედროვე აწმყოს al pari10 მდგარი გერმანული ისტორიაა. ამიტომ გერმანელმა ხალხმა ოცნებათა ეს თავისი ისტორია თავის არსებულ მდგომარეობებს უნდა შეუერთოს, და არა მარტო ეს არსებული მდგომარეობანი, არამედ ამასთანავე მისი აბსტრაქტული გაგრძელებაც კრიტიკას დაუქვემდებაროს. მისი მომავალი არ შეიძლება შემოიფარგლოს არც მისი რეალურ სახელმწიფოებრივ და უფლებრივ წესწყობილებათა უშუალო უარყოფით და არც მისი იდეალურ სახელმწიფოებრივ და უფლებრივ წესწყობილებათა უშუალო განხორციელებით, რადგან თავის რეალურ წყობილებათა უშუალო უარყოფა მას თავის იდეალურ წესწყობილებებში აქვს, ხოლო თავის იდეალურ წესწყობილებათა უშუალო განხორციელება თითქმის უკვე განიცადა მეზობელ ხალხთა ჭვრეტით. ამიტომ სამართლიანად მოითხოვს პრაქტიკული პოლიტიკური პარტია გერმანიაში ფილოსოფიის უარყოფას. მისი უმართებლობა მის მოთხოვნაში კი არ მდგომარეობს, არამედ იმაში, რომ შეჩერდა ამ მოთხოვნაზე, რასაც ის სერიოზულად არც ასრულებდა და არც ასრულებს და არც შეუძლია შეასრულოს. ის ფიქრობს, ეს უარყოფა იმით განახორციელოს, რომ ფილოსოფიას ზურგს აქცევს და თავმიბრუნებული – მასზე რამდენიმე გაჯავრებულ და გაცვეთილ ფრაზას წაიბუტბუტებს. მისი თვალთახედვის არის შეზღუდულობა ფილოსოფიას ასევე გერმანული სინამდვილის რკალში როდი თვლის ანდა კიდევ ფილოსოფია გერმანული პრაქტიკისა და მის მსახურ თეორიებზეც კი დაბლა წარმოუდგენია. თქვენ მოითხოვთ, რომ ცხოვრების ნამდვილ ჩანასახს უკავშირდებოდეთ, მაგრამ გავიწყდებათ, რომ გერმანელი ხალხის ცხოვრების ნამდვილი ჩანასახი აქამდე მხოლოდ მისი თავის ქალას ქვეშ აღმოცენდებოდა. ერთი სიტყვით თქვენ არ შეგიძლიათ ფილოსოფია მოხსნათ ისე, თუ მას არ განახორციელებთ.

ამავე უსამართლობას, მხოლოდ შებრუნებული ფაქტორებით, სჩადიოდა ფილოსოფიიდან წარმომდგარი თეორიული პოლიტიკური პარტიაც.

მან ახლანდელ ბრძოლაში დაინახა მხოლოდ ფილოსოფიის კრიტიკული ბრძოლა გერმანულ სამყაროსთან, ის არ დაფიქრდა იმაზე, რომ აქამდე არსებული ფილოსოფია თვითონ ეკუთვნის ამ სამყაროს და მისი შევსებაა, თუმცაღა იდეალური. თავისი მოწინააღმდეგის მიმართ კრიტიკულად განწყობილი, იგი თავის თავს უკრიტიკოდ ეპყრობოდა, რადგან ის ფილოსოფიის წანამძღვრებიდან გამოდიოდა და მათგან გამომდინარე შედეგებზე ან ჩერდებოდა, ანდა სხვა გზით მიღებულ მოთხოვნილებებსა და შედეგებს ფილოსოფიის უშუალო მოთხოვნილებებად და შედეგებად ასაღებდა, თუმცა ეს უკანასკნელნი, – თუ მათს უფლებამოსილებას ვიგულისხმებთ, – პირიქით, შეიძლება მიღებულ იქნან მხოლოდ აქამდე არსებული ფილოსოფიის, ფილოსოფიის როგორც ფილოსოფიის, უარყოფით. ამ პარტიის უფრო ახლო, უფრო დაწვრილებითი აღწერის უფლებას ჩვენ შემდეგისათვის ვიტოვებთ. მისი ძირითადი ნაკლი შემდეგზე შეიძლება დავიყვანოთ: მას სწამდა, რომ შეიძლებოდა ფილოსოფიის განხორციელება თვითონ ფილოსოფიის გაუუქმებლად.

კრიტიკა სახელმწიფო და სამართლის გერმანული ფილოსოფიისა, რომელმაც ჰეგელის წყალობით თავისი ყველაზე უფრო თანმიმდევრული, უმდიდრესი და უკანასკნელი ფორმულირება მიიღო, ორივეა, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს და მასთან დაკავშირებული სინამდვილის კრიტიკული ანალიზი, ასევე გერმანული პოლიტიკური და უფლებრივი ცნობიერების მთელი აქამდე არსებული წესის გადამწყვეტი უარყოფა, ცნობიერებისა, რომლის უწარჩინებულესი, ყველაზე უნივერსალური და მეცნიერებად ამაღლებული გამოხატულება სწორედ სამართლის სპეკულაციური ფილოსოფია არის თავად. თუ გერმანიაში შესაძლებელი იყო მხოლოდ სამართლის სპეკულაციური ფილოსოფია, ეს აბსტრაქტული, ზომაგადაჭარბებული აზროვნება თანამედროვე სახელმწიფოსი, რომლის სინამდვილე მიღმურ სამყაროს რჩება, თუნდაც ეს მიღმური სამყარო მხოლოდ რაინს გაღმა ყოფილიყო: ამდენადვე, პირიქით, თანამედროვე სახელმწიფოს გერმანული, ნამდვილი ადამიანისგან განმყენებელი წარმოსახვითი სახე მხოლოდ იმდენად იყო შესაძლებელი, რადგანაც და რამდენადაც თვითონ თანამედროვე სახელმწიფო ნამდვილი ადამიანისაგან განყენებას ახდენს, ანუ მთელ ადამიანს მხოლოდ წარმოსახვითი სახით აკმაყოფილებს. გერმანელებმა პოლიტიკაში გაიაზრეს ის, რაც სხვა ხალხებმა გააკეთეს. გერმანია მათი თეორიული სინდისი იყო. მისი აზროვნების აბსტრაქცია და ქედმაღლობა მისი სინამდვილის ცალმხრივობასა და დამდაბლებულობასთან მუდამ ფეხაყოლებით მიდიოდა. თუ, მაშასადამე, გერმანული სახელმწიფოებრიობის status quo (არსებული მდგომარეობა) ancien régime-ის (ძველი რეჟიმის) დამთავრებას გამოხატავს, თანამედროვე სახელმწიფოს სხეულში ხიმინჯის დამთავრებას წარმოადგენს, მაშინ გერმანული სახელმწიფომცოდნეობის status quo თანამედროვე სახელმწიფოს დაუმთავრებლობას, თვით მისი სხეულის სიწამხდრეს გამოხატავს.

უკვე როგორც გერმანული პოლიტიკური ცნობიერების აქამდე არსებული წესის გადამწყვეტი მოწინააღმდეგე სამართლის სპეკულაციური ფილოსოფიის კრიტიკა თვითონ თავის თავში კი არ მიმდინარეობს, არამედ ამოცანებში, რომელთა გადასაწყვეტად მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს: პრაქტიკა.

ისმება კითხვა: შეუძლია გერმანიას პრაქტიკას მიაღწიოს à la hauteur des principes11, ე. ი. მიაღწიოს რევოლუციას, რომელიც მას არა მარტო თანამედროვე ხალხების ოფიციალურ დონემდე აამაღლებს, არამედ აიყვანს ადამიანურ სიმაღლემდე, რომელიც ამ ხალხების უახლოესი მომავალი იქნება?

კრიტიკის იარაღს, რასაკვირველია, არ შეუძლია იარაღის კრიტიკა შესცვალოს, მატერიალური ძალა ისევ მატერიალური ძალითვე უნდა დაემხოს, მაგრამ თეორიაც მატერიალურ ძალად იქცევა, როგორც კი ის მასებს დაეუფლება. თეორიას აქვს უნარი, მასები დაიპყროს, როგორც კი ის ad hominem12 ამტკიცებს, ხოლო ad hominem ამტკიცებს, როგორც კი რადიკალური ხდება. რადიკალური იყო, ეს იმას ნიშნავს – საქმეს ძირში ჩასწვდე. მაგრამ ადამიანისათვის ძირი თვითონ ადამიანია. ცხადი დამტკიცება გერმანული თეორიის რადიკალიზმისა, მაშასადამე, მისი პრაქტიკული ენერგიისა, არის მისი წარმოშობა რელიგიის გადამწყვეტი პოზიტიური გაუქმებიდან. რელიგიის კრიტიკა იმ მოძღვრებით მთავრდება, რომ ადამიანი უმაღლესი არსებაა ადამიანისათვის, ასე რომ, მთავრდება კატეგორიული იმპერატივით, რათა პირქვე დავამხოთ ყველა ის ურთიერთობანი, რომლებშიც ადამიანი დამცირებული, დამონებული, განწირული, საძულველი არსება არის, ურთიერთობანი, რომელთაც იმაზე უკეთესად ვერ დავახასიათებთ, ერთმა ფრანგმა ძაღლის გადასახადის დაგეგმვის გამო რომ შესძახა: საბრალო ძაღლებო! სურთ, რომ თქვენც ისე მოგეპყრონ, როგორც ადამიანებს ეპყრობიან!

თვით ისტორიულადაც თეორიულ ემანსიპაციას გერმანიისათვის სპეციფიკურად პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. გერმანიის რევოლუციური წარსული, სახელდობრ თეორიულია, ეს რეფორმაციაა. როგორც მაშინ ბერი იყო, ახლა ფილოსოფოსია ის, რომლის ტვინშიც რევოლუცია იწყება.

ლუთერმა, რასაკვირველია, მონობა ერთგულების აღთქმით დაამარცხა, იმიტომ რომ მის ადგილს მან დარწმუნების მონობა დასვა. მან ავტორიტეტის რწმენა დაამსხვრია, იმიტომ რომ რწმენის ავტორიტეტის რესტავრაცია მოახდინა. მან ხუცესები ერისკაცებად აქცია, იმიტომ რომ ერისკაცები ხუცესებად გადააქცია. მან ადამიანი გარეგანი რელიგიურობისაგან გაანთავისუფლა, იმიტომ რომ რელიგიურობა მან ადამიანის შინაგან ქვეყნად აქცია. მან მოახდინა სხეულის ემანსიპაცია ბორკილებისაგან, იმიტომ რომ მან გულს დაადო ბორკილები.

მაგრამ, თუ პროტესტანტიზმი ამოცანის ჭეშმარიტი გადაწყვეტა არ იყო, იგი სწორი დასმა მაინც იყო. ახლა უკვე საქმე აღარ ეხებოდა ერისკაცის ბრძოლას მის გარეთ მყოფ ხუცესთან, არამედ საქმე ეხებოდა თავის საკუთარ შინაგან ხუცესთან, თავის ხუცურ ბუნებასთან ბრძოლას. და თუ გერმანელ ერისკაცთა ხუცესებად პროტესტანტულმა გარდაქმნამ ერისკაცთა ხუცესები, თავადები მთელი მათი სასულიერო პირთა კრებულით – პრივილეგირებულთა და ფილისტერებით – გაანთავისუფლა, მაშინ ხუცური გერმანელების ადამიანებად ფილოსოფიური გარდაქმნა ხალხს გაანთავისუფლებს. მაგრამ როგორც ემანსიპაცია თავადებზე არ შეჩერდა, ასევე ქონების სეკულარიზაციაც არ შეჩერდება ეკლესიის გაძარცვაზე, რაც ყველაზე უწინ თვალთმაქცმა პრუსიამ მოიყვანა სისრულეში. მაშინ გლეხთა ომი, ეს ყველაზე რადიკალური ფაქტი გერმანიის ისტორიისა, თეოლოგიაზე დაიმსხვრა. დღეს, როდესაც თვითონ თეოლოგია დამსხვრეულია, გერმანიის ისტორიის ყველაზე არათავისუფალი ფაქტი, ჩვენი status quo ფილოსოფიაზე დაიმსხვრა. რეფორმაციის წინა დღეს ოფიციალური გერმანია რომის ყველაზე უფრო ყურმოჭრილი ყმა იყო. თავისი რევოლუციის წინა დღეს იგი ყურმოჭრილი ყმა არის რომზე უფრო ნაკლების, პრუსიისა და ავსტრიისა, დახავსებული პრუსიელი იუნკრებისა და ფილისტერებისა. მაგრამ რადიკალურ გერმანულ რევოლუციას ამავე დროს როგორც ჩანს, მთავარი სიძნელე ეღობება წინ.

რევოლუციები სახელდობრ პასიურ ელემენტს, მატერიალურ საფუძველს საჭიროებენ. თეორია რომელიმე ხალხში ყოველთვის მხოლოდ იმდენად ხორციელდება, რამდენადაც თვითონ ის მის მოთხოვნილებათა განხორციელება არის. ახლა შეესატყვისება თუ არა გერმანული აზრის მოთხოვნებსა და გერმანული სინამდვილის პასუხებს შორის არსებულ საშინელ განხეთქილებას სამოქალაქო საზოგადოების ასეთივე განხეთქილება სახელმწიფოსთან და თავის თავთან? იქცევიან თუ არა თეორიული მოთხოვნილებანი უშუალოდ პრაქტიკულ მოთხოვნილებად? არ არის საკმარისი რომ აზრი განამდვილებისაკენ ისწრაფვის, თვითონ სინამდვილე თავად უნდა ისწრაფოდეს აზრისაკენ.

მაგრამ გერმანია პოლიტიკური ემანსიპაციის საშუალო საფეხურებზე თანამედროვე ხალხებთან ერთად ერთდროულად არ ასულა, თვით იმ საფეხურებსაც, რომლებიც მან თეორიულად დასძლია, პრაქტიკულად ჯერ კიდევ ვერ მიაღწია. როგორღა უნდა გადაახტეს ერთი salto mortale-თი არათუ მხოლოდ თავის საკუთარ ზღუდეებს, არამედ იმავე დროს თანამედროვე ხალხთა ზღუდეებსაც, იმ ზღუდეებს, რომლებიც სინამდვილეში უნდა შეიგრძნოს როგორც თავისი ნამდვილი ზღუდეებისაგან განთავისუფლება და, რომლების მიღწევასაც ის უნდა ცდილობდეს? რადიკალური რევოლუცია შეიძლება იყოს მხოლოდ რევოლუცია რადიკალურ მოთხოვნილებათა, რომელთა წანამძღვრები და წარმომშობი ადგილები, როგორც ჩანს, აკლია მას სწორედ.

მაგრამ თუ გერმანია აზროვნების მხოლოდ აბსტრაქტული საქმიანობით ახლდა თან თანამედროვე ხალხების განვითარებას ისე, რომ ამ განვითარების ნამდვილ ბრძოლებში აქტიური მონაწილეობა არ მიუღია, სამაგიეროდ მან, მეორე მხრივ, ამ განვითარების ტანჯვა-ვაებანი ისე გაიზიარა, რომ მისი სიტკბოებანი, მისი ნაწილობრივი დაკმაყოფილება მას არ გაუზიარებია. აბსტრაქტულ მოქმედებას ერთი მხრივ, აბსტრაქტული ტანჯვა შეესაბამება მეორე მხრივ. ამიტომ გერმანია ერთ მშვენიერ დილას ევროპის დაშლის დონეზე აღმოჩნდება, სანამ იგი ოდესმე ევროპული ემანსიპაციის დონეზე დაჰყოფდეს. ის შეიძლება შევადაროთ ფეტიშის მსახურს, რომელიც ქრისტიანობის სენით არის შეპყრობილი.

თუ განვიხილავთ, უწინარეს ყოვლისა, გერმანულ მთავრობებს, ვნახავთ, რომ დროის პირობების, გერმანიის მდგომარეობის, გერმანული განათლების ხასიათის გამო, ბოლოს თავიანთი საკუთარი ბედნიერი ინსტინქტის გამო ისინი იძულებული არიან შეუხამონ ცივილიზებული ნაკლოვანებები თანამედროვე სახელმწიფოებრივი სამყაროსი, რომლის ხეირიც ჩვენ არ გაგვაჩნია, ბარბაროსულ ნაკლოვანებებს ancien régime-ისა, რომლითაც ჩვენ მთელი მოცულობით ვტკბებით, ასე რომ გერმანიამ სულ უფრო მეტად უნდა მიიღოს მონაწილეობა თავის status quo-ს ფარგლებს იქით მყოფ სახელმწიფო წარმონაქმნების გონივრულობაში თუ არა, უგუნურებაში მაინც.

არის თუ არა, მაგალითად, მსოფლიოში ისეთი ქვეყანა, რომელიც კონსტიტუციური სახელმწიფო წყობილების ყველა ილუზიას ასე გულუბრყვილოდ იზიარებდეს, მის რეალობათა გაუზიარებლად, როგორც ეგრეთ წოდებული კონსტიტუციური გერმანია? ანდა განა სწორედ გერმანიის მთავრობას არ მოუვიდა თავში აზრად უხიაკი განზრახვა: – დაეკავშირებინა ცენზურისმიერი ტანჯვა-წამებანი საფრანგეთის სექტემბრის იმ კანონების წამებასთან, რომლებიც პრესის თავისუფლებას გულისხმობენ! როგორც რომის პანთეონში ყველა ერის ღმერთებს ნახულობდნენ, ასევე წმინდა რომის გერმანულ იმპერიაში ყველა სახელმწიფო ფორმის ცოდვებს ვნახავთ. ეს ეკლექტიზმი რომ აქამდე გაუგონარ მწვერვალს მიაღწევს, ამის თავდებია სახელდობრ პოლიტიკურ-ესთეტიკური გაუმაძღრობა რომელიმე გერმანელი მეფისა, რომელიც ფიქრობს გაითამაშოს ყველა როლი მეფობისა, როგორც ფეოდალურის, ისე ბიუროკრატიულისა, როგორც აბსოლუტურისა, ისე კონსტიტუციურისა, როგორც აუტოკრატიულის, ისე დემოკრატიულისა, თუ ხალხის პიროვნებაში არა, მაშინ თავის საკუთარ პიროვნებაში მაინც, თუ ხალხისთვის არა, თავისი თავისთვის მაინც. გერმანია როგორც ერთგვარ თავისებურ სამყაროდ ჩამოყალიბებული უბადრუკობა პოლიტიკური აწმყოსი, სპეციფიკურ გერმანულ ზღუდეებს ვერ დაამხობს უიმისოდ, თუ პოლიტიკური აწმყოს საერთო ზღუდეები არ დაამხო.

რადიკალური რევოლუცია, საყოველთაოდ ადამიანური ემანსიპაცია კი არ არის უტოპიური ოცნება გერმანიისათვის, არამედ, პირიქით, ნაწილობრივი, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური რევოლუცია, რევოლუცია, რომელიც შენობის ბურჯებს ხელუხლებლად ტოვებს. რაზეა დამყარებული ნაწილობრივი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური რევოლუცია? იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილი თავის თავს ათავისუფლებს და საყოველთაო ბატონობას აღწევს, იმაზე, რომ ერთი განსაზღვრული კლასი, თავისი განსაკუთრებული სიტუაციიდან გამოსული საზოგადოების საყოველთაო ემანსიპაციას წამოიწყებს. ეს კლასი ათავისუფლებს მთელ საზოგადოებას, მაგრამ მხოლოდ იმ წანამძღვარით, რომ მთელი საზოგადოება ამ კლასის სიტუაციაში იმყოფება, ასე რომ, მაგალითად, ფულსა და განათლებას ფლობს ან სურვილისამებრ შეუძლია შეიძინოს.

სამოქალაქო საზოგადოების არც ერთ კლასს არ შეუძლია ეს როლი ითამაშოს უიმისოდ, თუ თავის თავში და მასებში ენთუზიაზმის მომენტი არ გამოიწვია, მომენტი, როდესაც ის მთელ საზოგადოებას საერთოდ უძმობილდება და უერთდება, მას შეერევა და მასში მის საყოველთაო წარმომადგენელს გრძნობენ და აღიარებენ, მომენტი, როდესაც მისი პრეტენზიები და უფლებები ჭეშმარიტად თვითონ საზოგადოების პრეტენზიები და უფლებებია, როდესაც ის მართლა სოციალური თავი და სოციალური გული არის. მხოლოდ საზოგადოების საყოველთაო უფლებათა სახელით შეუძლია განსაკუთრებულ კლასს საყოველთაო ბატონობა დაისაკუთროს. მაგრამ ამ განმათავისუფლებელი მდგომარეობის დასაპყრობად და ამით პოლიტიკურად საზოგადოების ყველა სფეროს გამოსაყენებლად საკუთარი სფეროს ინტერესებისათვის მარტო რევოლუციური ენერგია და სულიერი თვითგრძნობა არ კმარა. რათა რომელიმე ხალხის რევოლუცია და სამოქალაქო საზოგადოების ამა თუ იმ ცალკეული კლასის ემანსიპაცია ერთმანეთს დაემთხვეს, რათა ერთი წოდება მთელი საზოგადოების წოდებად ითვლებოდეს, ამისათვის, პირიქით, საზოგადოების ყველა ნაკლოვანება რომელიმე სხვა კლასში უნდა იყრიდეს თავს, ამისათვის გარკვეული წოდება საყოველთაო დაბრკოლების წოდება, საყოველთაო შეზღუდვათა ხორცშესხმა უნდა იყოს, ამისათვის რომელიმე განსაკუთრებული სოციალური სფერო მთელი საზოგადოების საყოველთაო ცნობილ დანაშაულად უნდა ითვლებოდეს, ასე რომ, ამ სფეროსგან განთავისუფლება საყოველთაო თვითგანთავისუფლებად მოგვევლინება. იმისათვის, რათა ერთი წოდება par excellence13 განთავისუფლების წოდება იყოს, ამისათვის, პირიქით, მეორე წოდება აშკარა ჩაგვრა-მონობის წოდება უნდა იყოს. საფრანგეთის თავადაზნაურობისა და საფრანგეთის სამღვდელოების საყოველთაო-უარყოფითმა მნიშვნელობამ განაპირობა მისი უახლოესი მომიჯნავე და მისდამი დაპირისპირებული კლასის – ბურჟუაზიის საყოველთაო-დადებითი მნიშვნელობა.

მაგრამ ყოველ განსაკუთრებულ კლასს გერმანიაში აკლია არა მარტო თანმიმდევრობა, სიმკვეთრე, მამაცობა, ულმობლობა, რომლებიც შესძლებდნენ საზოგადოების უარყოფითი წარმომადგენლის დაღი დაეჩნიათ მისთვის. ასევე თითოეულ წოდებას აკლია აგრეთვე ის სულიერი სიფართე, რომელიც წუთიერად მაინც თავის თავს ხალხის სულთან აიგივებს, აკლია ის გენიალობა, რომელიც მატერიალურ ძალას პოლიტიკურ ძალად განასულდგმულებს, ის რევოლუციური გაბედულება, რომელიც მოწინააღმდეგეს შეუპოვარ პაროლს მიახლის: მე არაფერი ვარ, მაგრამ უნდა ვიყო კი ყველაფერი. გერმანული მორალისა და პატიოსნების მთავარ საფუძველს, არა მარტო ინდივიდუუმებისა, არამედ ასევე კლასებისასაც, უფრო წარმოადგენს ის თავდაჭერილი ეგოიზმი, რომელიც თავის შეზღუდულობას აღიარებს და ამ შეზღუდულობას ნებას აძლევს მის წინააღმდეგ ძალა და მნიშვნელობა მოიპოვოს. ამიტომ გერმანული საზოგადოების სხვადასხვა სფეროების ურთიერთობა დრამატული კი არ არის, არამედ ეპიკურია. თითოეული მათგანი თავის თავის გრძნობას და დანარჩენების გვერდით თავისი განსაკუთრებული პრეტენზიებით განლაგებას იწყებს არა მაშინ, როდესაც მას ჩაგრავენ, არამედ მაშინ, როდესაც დროთა ვითარებანი მისი ხელშეწყობის გარეშე საერთო თანაზიარ საფუძველს ქმნიან, რომელზედაც მას თავის მხრივ შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს. გერმანიის საშუალო კლასის მორალური თვითგრძნობაც კი მხოლოდ იმ შეგნებაზეა დამყარებული, რომ ყველა დანარჩენი კლასების ფილისტერული საშუალოობის საერთო წარმომადგენელი იყოს. ამიტომ არა მარტო გერმანელი მეფეები, რომლებიც ტახტს mal-á-propos14 აღწევენ, არამედ სამოქალაქო საზოგადოების თითოეული სფეროც თავის დამარცხებას განიცდის, ვიდრე ის თავის გამარჯვებას იზეიმებდეს, თავის საკუთარ ზღუდეებს ავითარებს, ვიდრე ის მის პირისპირმდგომ ზღუდეებს გადალახავდეს, თავისი უგულო, სულმოკლე არსება ძალაში შეჰყავს, სანამ ის თავისი დიდსულოვანი არსების ძალაში შეყვანას შესძლებდეს, ასე რომ, თვით დიდი როლის შესრულების ხელსაყრელი შემთხვევა ყოველთვის უკვე გავლილია ხოლმე, ვიდრე იგი გაჩნდებოდეს, ასე რომ, ყოველი კლასი, როგორც კი მასზე მაღლა მდგომ კლასთან ბრძოლას დაიწყებს, უკვე გაბმულია ხოლმე მასზე დაბლა მდგომთან ბრძოლაში, ამიტომ თავადაზნაურობა მეფობის წინააღმდეგ ბრძოლაში იმყოფება, ბიუროკრატია – თავადაზნაურობასთან ბრძოლაში, ბურჟუაზია – ყველა მათ წინააღმდეგ ბრძოლაში, მაშინ როდესაც პროლეტარი უკვე იწყებს ბურჟუაზიასთან ბრძოლას. საშუალო კლასი კიდევ ვერ ბედავს თავისი თვალსაზრისიდან ემანსიპაციის აზრს სწვდეს, და უკვე სოციალურ მდგომარეობათა განვითარება, ისევე როგორც პოლიტიკური თეორიის წინსვლა, თვითონ ამ თვალსაზრისს მოძველებულად ან, ყოველ შემთხვევაში, პრობლემატურად მაინც აცხადებს. საფრანგეთში საკმარისია, რომ ადამიანი რაღაც იყოს, რათა ყველაფრად ყოფნა მოინდომოს. გერმანიაში ადამიანი არაფერი უნდა იყოს, თუ ყველაფერზე ხელის აღება არ სურს. საფრანგეთში ნაწილობრივი ემანსიპაცია საყოველთაოს საფუძველია, გერმანიაში საყოველთაო ემანსიპაცია ყოველი ნაწილობრივის condotio sine qua non15 არის.

საფრანგეთში მთელი თავისუფლება უნდა წარმოშვას საფეხურებრივი განთავისუფლების სინამდვილემ, ხოლო გერმანიაში – ასეთი განთავისუფლების შეუძლებლობამ. საფრანგეთში ხალხის თითოეული კლასი პოლიტიკური იდეალისტია და თავის თავს უწინარეს ყოვლისა განსაკუთრებულ კლასად კი არ გრძნობს, არამედ საზოგადოდ სოციალურ მოთხოვნილებათა წარმომადგენლად. ამგვარად, განმათავისუფლებლის როლი დრამატულ მოძრაობაში რიგრიგობით ფრანგი ხალხის სხვადასხვა კლასზე გადადის, სანამ იგი საბოლოოდ იმ კლასს მიაღწევდეს, რომელიც სოციალურ თავისუფლებას ახორციელებს უკვე არა გარკვეულ, ადამიანთა გარეთ მდებარე და მაინც ადამიანთა საზოგადოების მიერ შექმნილ პირობათა ვარაუდით, არამედ, პირიქით, ადამიანის არსებობის ყველა პირობას სოციალური თავისუფლების ვარაუდით აორგანიზებს. პირიქით, გერმანიაში, სადაც პრაქტიკული ცხოვრება ისევე უსულოა, როგორც სულიერი ცხოვრება არაპრაქტიკული, სამოქალაქო საზოგადოების არც ერთ კლასს არც მოთხოვნილება აქვს და არც უნარი საყოველთაო ემანსიპაციისა, სანამ მას თავისი უშუალო მდგომარეობა, მატერიალური აუცილებლობა, თვითონ თავისივე ბორკილები არ აიძულებენ ამას. მაშასადამე, რაღაა გერმანული ემანსიპაციის პოზიტიური შესაძლებლობა?

პასუხი: ისეთი კლასის ჩამოყალიბებაში, რომელიც რადიკალური ბორკილებით არის შებოჭილი, სამოქალაქო საზოგადოების არც ერთ კლასს არ წარმოადგენს, ისეთი წოდების ჩამოყალიბებაში, რომელიც ყველა წოდების დაშლას წარმოადგენს, ისეთი სფეროს ჩამოყალიბებაში, რომელიც უნივერსალური ხასიათისაა თავის უნივერსალურ ტანჯვათა გამო და რომელიც არავითარ კერძო განსაკუთრებულ უფლებაზე პრეტენზიას არ აცხადებს, რადგან მის მიმართ რაიმე კერძო განსაკუთრებულ უსამართლობას კი არ იდენენ, არამედ უსამართლობას საერთოდ; რომელსაც უკვე აღარ შეუძლია ისტორიული ტიტული მოიშველიოს, არამედ ჯერ კიდევ მხოლოდ ადამიანური ტიტული შეუძლია მოიშველიოს, რომელიც გერმანული სახელმწიფო წყალობის შედეგებთან რაიმე ცალმხრივ წინააღმ დეგობაში კი არ იმყოფება, არამედ ამ წყობილების წანამძღვრებთან ყოველმხრივ წინააღმდეგობაშია, დაბოლოს, ისეთ სფეროს ჩამოყალიბებაში, რომელსაც არ შეუძლია თავისი თავის განთავისუფლება, თუ საზოგადოების ყველა დანარჩენი სფეროსაგან არ განთავისუფლდა და ამით საზოგადოების ყველა დანარჩენი სფერო არ გაანთავისუფლა; რომელიც, ერთი სიტყვით, ადამიანის სრული დაკარგვაა და, რომელსაც, მაშასადამე, მხოლოდ ადამიანის სრული კვლავ მოპოვებით შეუძლია მოიპოვოს თავისი თავი. ეს დაშლა საზოგადოებისა განსაკუთრებული წოდების სახით არის პროლეტარიატი.

პროლეტარიატი გერმანიისათვის პირველად მხოლოდ შემოჭრილი სამრეწველო მოძრაობის შემწეობით იწყებს წარმოშობას, რადგან პროლეტარიატს ქმნის არა ბუნებრივად წარმოშობილი, არამედ ხელოვნურად წარმოებული სიღარიბე, არა მექანიკურად, საზოგადოების სიმძიმით დაჩაგრული მასა ადამიანებისა, არამედ მისი მკვეთრი დაშლის, უმთავრესად საშუალო წოდების დაშლის შედეგად წარმომდგარი მასა ადამიანებისა, თუმცა თანდათანობით, როგორც ეს თავისთავადაც გასაგებია, ბუნებრივად წარმოშობილი სიღარიბეც და ქრისტიანულ-გერმანული ბატონყმური წოდების რიგებში შედის.

როდესაც პროლეტარიატი აქამდე არსებული მსოფლიო წყობილების დაშლას გვაუწყებს, ამით ის მხოლოდ თავისი საკუთარი არსებობის საიდუმლოებას გამოთქვამს, რადგან ის ამ მსოფლიო წყობილების ფაქტიური დაშლა არის. როდესაც პროლეტარიატი კერძო საკუთრების უარყოფას მოითხოვს, ამით ის მხოლოდ საზოგადოების პრინციპად აყენებს იმას, რაც საზოგადოებამ მის პრინციპად დააყენა, რაც მასში მისი თანაქმედების გარეშე განსხეულებულა, როგორც საზოგადოების უარყოფითი შედეგი. მაშინ პროლეტარიატი ქმნადობაში მყოფი ქვეყნის მიმართ იმავე უფლებაში იმყოფება, რა უფლებაშიც იმყოფება გერმანიის მეფე უკვე შექმნილი ქვეყნის მიმართ, როდესაც ის ხალხს თავის ხალხს უწოდებს, როგორც ცხენს, თავის ცხენს. მეფე, აცხადებს რა ხალხს თავის კერძო საკუთრებად, ამით მხოლოდ იმას გამოთქვამს, რომ კერძო მესაკუთრე არის მეფე. როგორც ფილოსოფია პროლეტარიატში თავის მატერიალურ იარაღს პოვებს, ასევე პროლეტარიატი ფილოსოფიაში თავის სულიერ იარაღს პოვებს, და როგორც კი აზრის მეხი საფუძვლიანად მოხდება ამ გულუბრყვილო ხალხის ნიადაგში, მაშინ მოხდება გერმანელთა ემანსიპაცია ადამიანებად.

შევაჯამოთ შედეგი:

გერმანიის ერთადერთი პრაქტიკულად შესაძლებელი განთავისუფლება არის განთავისუფლება იმ თეორიის თვალსაზრისით, რომელიც ადამიანს ადამიანისთვის უმაღლეს არსებად აცხადებს. გერმანიაში ემანსიპაცია შუასაუკუნეობრიობისაგან შესაძლებელია მხოლოდ როგორც ემანსიპაცია აგრეთვე შუასაუკუნეობრიობის ნაწილობრივ დაძლევათაგან. გერმანიაში არავითარი სახე მონობისა არ შეიძლება მოისპოს უიმისოდ, თუ მონობის ყველა სახე არ მოისპო.

საფუძვლიანი გერმანია ვერ მოახდენს რევოლუციას, თუ საფუძვლიანად არ მოახდინა რევოლუცია. გერმანელის ემანსიპაცია ადამიანის ემანსიპაციაა. ამ ემანსიპაციის თავი ფილოსოფიაა, ხოლო გული მისი – პროლეტარიატი. ფილოსოფიას არ შეუძლია განხორციელდეს პროლეტარიატის გაუუქმებლად, ხოლო პროლეტარიატი ვერ გააუქმებს თავის თავს ფილოსოფიის განუხორციელებლად. როდესაც ყველა შინაგანი პირობა შესრულდება, გერმანული აღდგომის დღეს გალური მამლის ყივილი გვაუწყებს…

ბურჟუაზია და კონტრრევოლუცია

როდესაც მარტის წარღვნამ – ამ მინიატურულმა წარღვნამ გადაიარა, ბერლინის მიწის ზედაპირზე მან დატოვა არა ბუმბერაზები, არა რევოლუციური ტიტანები, არამედ ძველი ყაიდის ქმნილებანი, ჯუჯა ბურჟუაზიული ფიგურები – შეერთებული ლანდტაგის ლიბერალები, პრუსიის შეგნებული ბურჟუაზიის წარმომადგენლები. პროვინციებმა, რომელთაც ყველაზე უფრო განვითარებული ბურჟუაზია გააჩნდა, – რაინის პროვინციამ და სილეზიამ, – შესძლო ახალ სამინისტროებში მთავარი კონტინგენტის წარგზავნა. მათ მისდევდა მთელი წყება რაინის იურისტებისა. იმდენად, რამდენადაც ფეოდალები უკანა რიგში სწევდნენ ბურჟუაზიას, რაინის პროვინციამ და სილეზიამ ძველ პრუსიულ პროვინციებს დაუთმო ადგილი სამინისტროებში. ბრანდენბურგის სამინისტრო მარტოოდენ ერთი ელბერფელდელი ტორის მეშვეობითღა არის რაინის პროვინციასთან დაკავშირებული. ჰანზემანი და ფონ დერ ჰაიდტი! ამ ორ სახელშია პრუსიის ბურჟუაზიისთვის მთელი განსხვავება 1848 წლის მარტსა და დეკემბერს შორის!

პრუსიის ბურჟუაზია სახელმწიფოებრივი ხელისუფლების მწვერვალებზე იქნა ატყორცნილი, მაგრამ არა ისე, როგორც მას სურდა: გვირგვინთან მშვიდობიანი გარიგების გზით, არამედ რევოლუციის მიერ. ამიერიდან მას თავისი საკუთარი ინტერესები კი არ უნდა დაეცვა გვირგვინისაგან, ე. ი. თავის თავისაგან, რადგან გვირგვინი ბურჟუაზიის თვალში წარმოადგენდა იმ ღვთაებრივ საბურველს, რომლის უკან მას უნდა დაემალა თავისი მიწიერი ინტერესები, – არამედ ხალხის ინტერესები, რადგან სახალხო მოძრაობამ გაუკვლია მას გზა ხელისუფლებისაკენ. შეუვალობა ბურჟუაზიის საკუთარი ინტერესებისა, და ამ ინტერესების შესაბამისი პოლიტიკური ფორმებისა კონსტიტუციურ ენაზე გადმოთარგმნით ნიშნავდა გვირგვინის შეუვალობას. აქედან გერმანელი და განსაკუთრებით კი პრუსიის ბურჟუაზიის ოცნება კონსტიტუციურ მონარქიაზე. ამიტომ, თუმცა თებერვლის რევოლუცია თავისი გამოძახილითურთ გერმანიაში მეტად ხელსაყრელი იყო პრუსიის ბურჟუაზიისათვის, რადგან მისი წყალობით პრუსიის ბურჟუაზიას ჩაუვარდა ხელთ სახელმწიფო საჭე, მაგრამ ამასთანავე ამ რევოლუციამ აურ-დაურია მას ანგარიშები, რადგან ამიერიდან პრუსიის ბურჟუაზიის ბატონობა დაკავშირებული იყო ისეთ პირობებთან, რომელთა შესრულება მას არც უნდოდა და არც შეეძლო.

ბურჟუაზიას ხელი არ გაუნძრევია. მისთვის ბრძოლა მან ხალხს მიანება. ამიტომ ძალაუფლება, რომელიც მას მიართვეს, იყო არა მტერზე გამარჯვებული სარდლის ძალაუფლება, არამედ ძალაუფლება უშიშროების კომიტეტისა, რომელსაც ძლევამოსილმა ხალხმა თავისი ინტერესების დაცვა მიანდო. კამპჰაუზენი კიდევ გრძნობდა ამგვარი მდგომარეობის მთელ უხერხულობას და მისი სამინისტროს მთელი სისუსტეც გამომდინარეობს სწორედ ამ გრძნობისა და აგრეთვე იმ პირობებისაგან, რომლებმაც იგი გამოიწვიეს. ამიტომ სირცხვილის ერთგვარი სიწითლე გადაჰკრავს მისი მთავრობის ყველაზე უტიფარ აქტებს. აშკარა ურცხვობა და თავხედობა წარმოადგენდა ჰანზემანის პრივილეგიას. წი თელი ელფერი ქმნის ერთადერთ განსხვავებას ორივე ამ მხატვარს შორის.

არ უნდა ავურიოთ მარტის რევოლუცია პრუსიაში არც ინგლისის 1648 წლისა და არც საფრანგეთის 1789 წლის რევოლუციებში.

1648 წლის რევოლუციაში ბურჟუაზია ახალ თავადაზნაურობასთან კავშირში იბრძოდა მონარქიის, ფეოდალური თავადაზნაურობისა და გაბატონებული ეკლესიის წინააღმდეგ.

1789 წლის რევოლუციაში ბურჟუაზია ხალხთან კავშირში იბრძოდა მონარქიის, თავადაზნაურობისა და გაბატონებული ეკლესიის წინააღმდეგ.

1789 წლის რევოლუციას თავის პირველსახედ (ყოველ შემთხვევაში ევროპაში) მარტოოდენ 1648 წლის რევოლუცია ჰქონდა, 1648 წლის რევოლუციას – მხოლოდ ნიდერლანდების აჯანყება ესპანეთის წინააღმდეგ. ორივე რევოლუციამ მთელი საუკუნით გაუსწრო თავის პირველსახეს არა მარტო დროის, არამედ შინაარსის მიხედვითაც.

ორივე რევოლუციაში ბურჟუაზია იყო ის კლასი, რომელიც ნამდვილად ედგა მოძრაობას სათავეში. პროლეტარიატს და ქალაქის მოსახლეობის იმ ფენებს, რომლებიც არ ეკუთვნოდნენ ბურჟუაზიას, ან არ გააჩნდათ ჯერჯერობით ბურჟუაზიისაგან განცალკევებული ინტერესები, ანდა ისინი არ შეადგენენ დამოუკიდებლად განვითარებულ კლასებსა თუ კლასთა ნაწილს. ამიტომ იქაც კი, სადაც ისინი ბურჟუაზიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, მაგალითად, 1793 და 1794 წწ. საფრანგეთში, ისინი იბრძოდნენ მხოლოდ ბურჟუაზიის ინტერესების განხორციელებისათვის, თუმცა არაბურჟუაზიული წესებით. საფრანგეთის მთელი ტერორიზმი სხვა არა იყო რა, თუ არა ბურჟუაზიის მტრებთან, აბსოლუტიზმთან, ფეოდალიზმთან და მეშჩანობასთან პლებეური საშუალებით გასწორება.

1648 წლის და 1789 წლის რევოლუციები არ იყო ინგლისისა და საფრანგეთის რევოლუციები, ისინი ევროპული ყაიდის რევოლუციები იყვნენ. ისინი არ წარმოადგენდნენ საზოგადოების გარკვეული კლასის გამარჯვებას ძველ პოლიტიკურ წყობილებაზე; ისინი აცხადებდნენ პოლიტიკურ წყობილებას ევროპის ახალი საზოგადოებისათვის. ბურჟუაზიამ გაიმარჯვა ამ რევოლუციებში; მაგრამ ბურჟუაზიის გამარჯვება ნიშნავდა მაშინ ახალი საზოგადოებრივი წყობილების გამარჯვებას, ბურჟუაზიული საკუთრების გამარჯვებას ფეოდალურზე, ერის გამარჯვებას პროვინციალიზმზე, გამარჯვებას კონკურენციისა – ამქრებზე, საკუთრების განაწილებისა – მაიორატზე, მესაკუთრისადმი მიწის დამორჩილებისა – მიწისა მესაკუთრის დამორჩილებაზე, განათლებისა – ცრუმორწმუნეობაზე, ოჯახისა – გვარზე, მრეწველობისა – გმირულ სიზარმაცეზე, ბურჟუაზიული სამართლისა – შუასაუკუნეობრივ პრივილეგიებზე. 1648 წლის რევოლუცია იყო მე-17 საუკუნის გამარჯვება მე-16 საუკუნეზე, 1789 წლის რევოლუცია იყო მე-18 საუკუნის გამარჯვება მე-17-ზე. ეს რევოლუციები მთელი იმდროინდელი მსოფლიოს მოთხოვნილებებს უფრო გამო ხატავდნენ, ვიდრე სამყაროს იმ ნაწილებისას, სადაც ისინი მიმდინარეობდნენ, ე. ი. ინგლისისა და საფრანგეთისა.

პრუსიის მარტის რევოლუციაში მსგავსი არაფერი ყოფილა. – თუ თებერვლის რევოლუციამ გააუქმა კონსტიტუციური მონარქია საქმით, ხოლო ბურჟუაზიის ბატონობა იდეაში, მარტის რევოლუციას პრუსიაში უნდა დაემყარებინა კონსტიტუციური მონარქია იდეაში, და ბურჟუაზიის ბატონობა საქმით. მეტად დაშორებული იმას, რომ ყოფილიყო ევროპის რევოლუცია, იგი წარმოადგენდა ევროპის რევოლუციის მარტოოდენ უბადრუკ გამოძახილს ჩამორჩენილ ქვეყანაში. ნაცვლად იმისა, რომ წინ გაესწრო თავისი საუკუნისათვის, იგი ნახევარ საუკუნეზე მეტით ჩამორჩებოდა თავის ეპოქას. იგი იმთავითვე მეორადი მოვლენა იყო, მაგრამ ცნობილია, რომ შებრუნებული ავადმყოფობანი უფრო ძნელად განსაკურნავია და ამავე დროს უფრო მეტად არღვევენ ორგანიზმს, ვიდრე პირველი დაავადება. საქმე ეხებოდა არა ახალი საზოგადოების შექმნას, არამედ ბერლინში იმ საზოგადოების აღდგენას, რომელიც პარიზში გარდაიცვალა. მარტის რევოლუცია პრუსიაში ნაციონალურიც, გერმანულიც კი არ ყოფილა. იგი იმთავითვე პროვინციალური, პრუსიული იყო. ვენის, კასელის, მიუნხენის და ყველა სხვა ჯურის პროვინციალური აჯანყებები მასთან ერთად მიმდინარეობდნენ და პირველობასაც ეცილებოდნენ მას.

იმ დროს, როდესაც 1648 და 1789 წლების რევოლუციები აღსავსე იყვნენ საკუთარი ღირსების უსაზღვრო გრძნობით, რადგანაც ისინი შემოქმედების გვირგვინს წარმოადგენდნენ, ბერლინელთა პატივმოყვარეობა 1848 წელს იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი ანაქრონიზმს წარმოადგენდნენ. მათი შუქი ემსგავსებოდა შორეულ ვარსკვლავთა სინათლეს, რომელიც ჩვენამდე, დედამიწის მცხოვრებლებამდე, აღწევს მისი გამომსხივებელი ვარსკვლავის ჩაქრობიდან 100 000 წლის შემდეგ. მარტის რევოლუცია პრუსიაში წარმოადგენდა ასეთ მცირე, – როგორც საერთოდ ყოველივეს მცირე ზომით წარმოგვიდგენდა იგი, – ვარსკვლავს ევროპისათვის; მისი სინათლე იყო უკვე დიდი ხნის გახრწნილი საზოგადოების მიერ გამოსხივებული სინათლე.

გერმანული ბურჟუაზია ისე დუნედ, ისე ლაჩრულად და ნელა ვითარდებოდა, რომ, იმ მომენტში, როდესაც იგი მტრულად უპირისპირდებოდა ფეოდალიზმსა და აბსოლუტიზმს, ასევე მტრულად დაპირისპირებული აღმოჩნდა პროლეტარიატისა და ქალაქის მოსახლეობის ყველა ფენის მიმართაც, რომელთა ინტერესები და იდეები პროლეტარიატს ენათესავებოდნენ. პრუსიის ბურჟუაზიამ არა მარტო მის უკან დაინახა მტრულად განწყობილი კლასი, არამედ თავის წინაშეც მთელი ევროპა. პრუსიის ბურჟუაზია არ ჰგავდა 1789 წლის საფრანგეთის ბურჟუაზიას, იგი არ იყო ისეთი კლასი, რომ მთელი ახალი საზოგადოების სახელით დაპირისპირებოდა ძველი საზოგადოების წარმომადგენლებს – მონარქიასა და თავადაზნაურობას. იგი რაღაც ისეთი წოდების დონემდე ჩამოქვეითდა, რომ განკერძოებული იყო გვირგვინისაგანაც და ხალხისაგანაც, ორივესადმი ოპოზიციურად იყო განწყობილი და ცალ-ცალკე თვითეული თავის მტრის წინააღმდეგ გაუბედავად მოქმედებდა, რადგან ყოველთვის ორივეს ან ზურგში ხედავდა ან თავის წინაშე. იგი თავიდანვე მზად იყო ხალხისათვის ეღალატნა და ძველი საზოგადოების გვირგვინოსან წარმომადგენელს მორიგებოდა, რადგან იგი უკვე თვითონ ეკუთვნოდა ძველ საზოგადოებას. ბურჟუაზია ატარებდა არა ახალი საზოგადოების ინტერესებს ძველი საზოგადოების წინაშე, არამედ გაახლებულ ინტერესებს დრომოჭმულ საზოგადოებაში; მას ეპყრა რევოლუციის საჭე, არა იმიტომ, რომ მის უკან ხალხი იდგა, არამედ იმიტომ, რომ ხალხი უბიძგებდა მას; იგი სათავეში იდგა არა როგორც ახალი საზოგადოებრივი ინიციატივის წარმომადგენელი, არამედ როგორც ძველი საზოგადოებრივი ეპოქის უკმაყოფილების გამომხატველი.

ეს იყო ძველი სახელმწიფოს ქანი, რომელმაც თვითონ კი არ გაიკვლია გზა, არამედ რომელიც მიწისძვრამ ამოაგდო ახალი სახელმწიფოს ზედაპირზე. ურწმუნო თავისი თავის მიმართ, ურწმუნო ხალხის მიმართ, გაუბედავად მდრტვინავი მაღალი ფენის წინააღმდეგ და მძრწოლი დაბალი ფენის წინაშე, ეგოისტური როგორც ერთის, ისე მეორის მიმართ და თავისი ეგოიზმის შემგნები, რევოლუციური – კონსერვატორების მიმართ და კონსერვატიული რევოლუციონერების მიმართ, თავისი საკუთარი ლოზუნგებისადმი უნდობლობით გამსჭვალული, ფრაზებით იდეების მაგიერ, მსოფლიო ქარიშხლით დამფრთხალი და ამავე ქარიშხლის ექსპლოატაციის გამწევი, – ყოველგვარ ენერგიას მოკლებული, პლაგიატი ყოველი მხრით, უხამსი, რადგან იგი არ იყო ორიგინალური, ხოლო ორიგინალური თავის უხამსობაში, – თავისი საკუთარი სურვილებით მოვაჭრე, უინიციატივო, ურწმუნო ხალხის მიმართ, მსოფლიო-ისტორიულ მოწოდებას მოკლებული, – შეჩვენებული მოხუცი, რომელიც განწირულია თავისი ბებრული ინტერესების შესაბამისად წარმართოს და შერყვნას სიცოცხლით სავსე ხალხის პირველი ახალგაზრდული სწრაფვანი. ბრმა, ყრუ, უკბილო, ყოვლად დაძაბუნებული, – ასეთი აღმოჩნდა პრუსიის ბურჟუაზია, როდესაც ის, მარტის რევოლუციის შემდეგ, პრუსიის სახელმწიფოს სათავეში მოექცა.

1. სიტყვა საკურთხევლისა და კერის დასაცავად.
2. პატიოსნების საკითხი.
3. არსებული მდგომარეობისათვის.
4. სამარცხვინო მხარე.
5. ძველი რეჟიმისა.
6. ზმნა: ლისტინგ ნიშნავს „ცბიერს“, მაგრამ ამასთანავე აქ იგულისხმება ფრ. ლისტის პროტექციონისტული აგიტაცია.
7. არასრული ნაწარმოებების.
8. სიკვდილშემდგომ ნაწარმოებებს.
9. ესაა საკითხი.
10. თანაბარ დონეზე.
11. პრინციპულ სიმაღლეზე.
12. ადამიანებთან შეფარდებით.
13. უპირატესად.
14. უდროოდ.
15. აუცილებელი პირობა.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button