პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ჩვენ, პოეტები საქართველოსი

გულში იმავე გრძნობით ბრუნდება
და მოლოდინი დარეკავს ჩუმი,
რომ არაერთხელ აგუგუნდება
დედამიწაზე კიდევ სამუმი.

აჰ, ქიმიური ომების წყება
სოფელში, მინდვრად, ქალაქში, ტყეში.
ახალი ლპობა ჰოსიტალების,
ახალი ცრემლის ღვარი და თქეში.

იქ, ტრანშეების ლაბირინტებში,
ნუ გაგიტაცებს ძველი წუხილი…
ხევიდან ხევზე იკივლებს მეხი,
ხევიდან ხევზე წავა ქუხილი,

და გიგანტური მუხლუხო – ტანკი,
შეუწყვეტელი ტყვიის ფანტელი,
პროჟექტორებმა აერში იგრძნეს
აეროების კორიანტელი.

წამოვა მღვრიე ცეცხლის ნიაღვრად
ასსანტიმეტრის მკაცრი სახელი,
ხევიდან ხევზე გადიგრიალებს
ხევიდან ხევის გამოძახილი.

გააფთრებული ომის გენია,
ძველი ჟანგივით ყვითელი ფერის,
გადეფარება მეწამულ ზეცას,
რომ მოიტანოს დღე მწარე წერის.

იქნებ მოსწყინდეს ერთსახეობა
აღმოსავლეთის დღეების თბილის,
გამოანგრიოს მტკვარის ხეობა
და ასაკლებად მოადგეს თბილისს.

ვართ პოეტები საქართველოსი,
რომელთაც გვახსოვს დღე უარესი.
ჩვენ ეხლავ ვიცით, სად დადგებიან
კლოდელი, ჟამმი, სიუარესი…

დავდგეთ იქ სადაც ქარიშხალია
და სისხლიანი დგას ანგელოსი,
ახალ გრიგალებს ვწირავთ სიცოცხლეს
ჩვენ, პოეტები საქართველოსი!..

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button