ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – დეტექტიური ნოველა

– ერთიც დაასხი, მაგის დედაც ვატირეო! – უთხრა მახომ სტუმარს და ხელის ცეცებით ნაპოვნი არყის ჭიქა გაუწოდა.
– ექიმმა ხომ აგიკრძალა დალევაო?! -სამზარეულოდან გამოსძახა ცოლმა.
– რა მომივა, ამაზე მეტად დავბრმავდებიო? – მწარედ ჩაიცინა მახომ და დასხმული არაყი “ზალპით” გამოცალა.
***
დათო: – საღამოს ბეჟანასთან გადავედი. სიმამრი ჰყავდა სტუმრად, ცოლმა სუფრა გაშალა და ცოტა დავლიეთ.
– ქარელში პურის აღება დაუწყიათ და მწყერზე ნადირობენ, მაგარი ბათქა-ბუთქიაო! – თქვა “ნიკალაევიჩმა”. ბეჟანამ
– წამო, ხვალ წავიდეთო!
– არ მინდა ნადირობა-მეთქი! – მაგრამ მაინც დამიყოლიეს. მეორე დილით ჩემი მანქანით გავუარე ბეჟანას, იმან კიდევ, თავისი ძმა – მახო წამოიყვანა. ნეტავ რა უნდოდა, ცხოვრებაში თოფი არ უსვრია. მაგას და ბეჟანას სიმამრს – “ნიკალაევიჩს”, გართულებული ურთიერთობა ჰქონდათ – მახოს, თავისი რძალი ვიღაც კაცთან დაუნახავს და ძმას უთხრა. კინაღამ ოჯახი დაინგრა. მერე მახომ მოუბოდიშა
– ალბათ, მომეჩვენაო! – მაგრამ “ნიკალაევიჩი” მაინც არ ურიგდებოდა
– ჩემს შვილს ეს როგორ დასწამეო! ბეჟანამ თვალი ჩამიკრა და მივხვდი, რომ ძმა სიმამრთან შესარიგებლად მოჰყავდა. ჩავსხედით მანქანაში და წავედით. “ნიკალაევიჩი” წყაროსთან შეგვხვდა. “ლუაზში” ოთხი კაცი ძაღლებით ვეღარ ჩავეტიეთ და “ნიკალაევიჩი” თავისი მანქანით წამოვიდა.
ორი მწყერი ამოფრინდა. ერთი ზევით წავიდა, მეორე უკან. მე ზევით აფრენილს ვესროლე, ალბათ, ბეჟანამ უკან გაფრენილს, რადგან მახომ რომ დაიყვირა და წაიქცა, ბეჟანა მივარდა
– ძმაო, მოგკალიო! ჩავაწვინეთ მანქანაში და ხაშურის საავადმყოფოში წავიყვანეთ. გზაში ბეჟანა ძალიან ნერვიულობდა
– ეს როგორ მომივიდაო! – არ უნდოდა საავადმყოფოში მიყვანა
– მილიციას შეატყობინებენ და გამოძიება დაიწყებაო! მე დავამშვიდე:
– ნუ ნერვიულობ, მე დავიბრალებ-მეთქი! – მეორე დღეს თოფით მომივარდა, ქუჩიდან ღრიალებდა
– გამოდი გარეთ შენი დედაო!- მადლობის მაგიერი იყო? – გამომძიებელთან ჩემს თავზე ავიღე და მამაჩემსაც შევუთანხმდი, რომ კარგ ექიმებს დაახვევდა და იქნებ ერთი თვალი მაინც გადაგვერჩინა. მე გასვლა მინდოდა, რომ სახეში მიმეფურთხებინა, მაგრამ მამაჩემი გადამიდგა კარებში და არ გამიშვა.
***
ბეჟანა: – წინა საღამოს, მე, დათო და ჩემი სიმამრი შევთანხმდით, რომ მეორე დღეს ქარელში წავიდოდით მწყერზე სანადიროდ. დილით, დათომ თავისი “ლუაზით” გამომიარა. ჩემს ძმას ვუთხარი
– მახო, რას აკეთებ, წამოდი-მეთქი!
– ხომ იცი, არ მიყვარს ნადირობა, თან შენს სიმამრთანაც არ მინდა შეხვედრაო!
– ისე წამოდი, თოფს ნუ წამოიღებ, “ნიკალაევიჩთანაც” შეგარიგებ-მეთქი! – ხათრი ვერ გამიტეხა და წამოვიდა. ჩემი სიმამრი წყაროსთან შეგვხვდა, ლოდინი მობეზრებოდა და ჩვენკენ წამოსულიყო. მანქანაში რომ შემოიხედა,
– ძაღლიანად ვერ დავეტევი, ჩემი მანქანით წამოვალ, იარეთ და დაგეწევითო! – ქვიშხეთთან დაგვეწია.
შუა ნადირობის დროს, ძაღლმა ორი მწყერი ამოაფრინა. ერთი ზევით აფრინდა, მეორე დაბალზე გაფრინდა, უკან. მე ზევით აფრენილს ვესროლე, დათომ უკან გაფრენილს. ამ დროს, უკნიდან განწირული ღრიალის ხმა მომესმა, გავიხედე და ჩემი ძმა იყო მიწაზე წაქცეული, მე მეგონა მოკვდა. მივვარდი, ცოცხალი იყო, მაგრამ სახე და ხელები საფანტით ჰქონდა დაგლეჯილი. ჩავაწვინეთ მანქანაში, ჩვენც ჩავსხედით და ხაშურის საავადმყოფოში წავიყვანეთ.
მეორე დღეს დათოსთან გადავედი სიმართლის გასარკვევად. რა, ჰგონიათ, რომ მე გავარტყი? “ძმაო, მოგკალი!” იმიტომ დავიყვირე, რომ ძალით წავიყვანე მახო სანადიროდ. ეგ ლაჩარი სახლში შეიკეტა, არ გამოვიდა და მისი სახლის ფანჯრებს თოფი ვესროლე.
***
“ნიკალაევიჩი”: – მომბეზრდა ლოდინი და მაგათი სახლისკენ ფეხით წავედი. წყაროსთან შემხვდნენ დათოს “ლუაზით”. მანქანაში ჩემი ძაღლის ადგილი აღარ იყო
– თქვენ იარეთ და ჩემი მანქანით დაგეწევით-მეთქი! – სახლში ავედი, დავქოქე “ჟიგული” და ქვიშხეთთან დავეწიე.
ნადირობა ახალი დაწყებული იყო. ბიჭები თოფებს ცუდად ატრიალებდნენ, ვიღაცას, ეტყობა, ფეხებიდან აუფრინდა მწყერი, დაბალზე ესროლა და მე გამარტყა ბეჭებში. ბეჟანამ ამომიღო ორი საფანტი კეფიდან. გაბრაზებული დავჯექი მანქანაში და მოშორებით გადავედი, სხვა მინდორში. შუადღით დაცხა და მწყერი აღარ ამოდიოდა. მოვრჩი ნადირობას, ჩავჯექი მანქანაში და დავბრუნდი ძველ ადგილზე, მაგრამ იქ ჩვენები არ დამხვდნენ. სერზე მწყემსი იდგა, იმას ვკითხე.
– აქ კაცი მოკლესო! – მითხრა მწყემსმა.
– სამი გასროლის ხმა იყო, ერთი და მიყოლებით, ერთდროულად, ორი. უკან მიმავალი ბიჭი მიწაზე დაეცა, ერთმა დაიძახა – “ვაიმე, ძმაო, მოგკალიო!” და დაგდებულს მივარდა. მერე ჩააწვინეს მანქანაში, თვითონაც ჩასხდნენ და წავიდნენო! – მეც ჩავჯექი მანქანაში და წამოვედი. მერე გავიგე, მეორე დღეს, ბეჟანა დათოს თოფით მივარდნია
– გამოდი გარეთ, უნდა მოგკლაო! დათო არ გაუშვიათ და ბეჟანას ტყვიით ფანჯრები ჩაუმტვრევია.
ორი დღის მერე, ჩემმა სიძემ მთხოვა
– “ნიკალაევიჩ”, დათოს შემახვედრეო! მე დათოს ვუთხარი
– ბეჟანას უნდა დალაპარაკება, ჩემს სახლში შეგახვედრებ-მეთქი! – კარგიო! შევახვედრე და ბეჟანამ ჰკითხა
– შენ როგორ იცი, მახოს ვინ ესროლაო? – დათომ უთხრა
– მე არ მისვრია, ალბათ, შენ ესროლეო! ბეჟანა საჩხუბრად გაიწია და ერთი გარტყმა მოასწრო, მერე მე ჩავდექი შუაში და გავაშველე.
***
მახო: – დილით დათო მოვიდა სიგნალით, ის და ბეჟანა წინა დღით შეთანხმებულან სანადიროდ წასვლაზე. ჩემმა ძმამ მთხოვა წავყოლოდი. ნადირობა არ მიყვარს, მაგრამ ხათრი ვერ გავუტეხე და წავყევი. თოფიც არ წამიღია. “ნიკალაევიჩი” წამოვიდა თავისი “ჟიგულით”, გზაში დაგვეწია და დაგვისიგნალა.
ნადირობისას, მე უკან მივყვებოდი, ნადირობა არ მაინტერესებს, ბუნებას ვათვალიერებდი. ერთდროულად, ორი გასროლის ხმა გავიგონე და უცბად, თვალები საშინლად ამეწვა, მერე არაფერი მახსოვს, გონს საავადმყოფოში მოვედი.
***
– შენ გეცოდინება, მაინც რომელმა გესროლა თოფიო? – ჩააცივდა სტუმარი მთვრალ მახოს.
– ბოლოს რაც დავინახე და გაჩერებული კადრივით მიდგას თვალწინ, სერზე, ხეებს ამოფარებული “ნიკალაევიჩის” თოფის ლულა და მისი მოჭუტული თვალია, ალბათ, იმ ამბის გამო დამსაჯა, მაგრამ ეგ რომ ვთქვა, ჩემს ოჯახს გადაეკიდება და უარესს მომწევს, არც შენ წამოგცდეს სადმეო!

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button