დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – შეცდომა გამორიცხულია

ჯგუფი ამანიდან, სადაც 50 გრადუსი სიცხე ჩვეულებრივი ამბავი იყო, ადრე დილით გამოვიდა და ქალაქ პეტრას მხოლოდ დაღამებისას მიაღწია. ისინი შვიდნი იყვნენ: მისტერ კალებ ბლანდელი – წარმატებული ამერიკელი მეწარმე; მისი მდივანი – შავგვრემანი, სიმპათიური, ოღონდ, სიტყვაძუნწი ჯიმ ჰერესტი; სერ დონალდ მარველი – პოლიტიკისგან დაღლილი პარლამენტის წევრი; მოხუცი დოქტორი კარვერი – მსოფლიო სახელის მქონე არქეოლოგი; ნამდვილი ფრანგი პოლკოვნიკი დიუბოში; მისტერ პარკერ პაინი და, ბოლოს, მის კეროლ

ბლანდელი – კოხტა, განებივრებული და თავდაჯერებული ლამაზმანი – ასეთები არიან ქალები, როდესაც მამაკაცთა კომპანიაში მგზავრობენ.

მას შემდეგ, რაც გაარკვიეს, ვინ დაიძინებდა კარავში, ვინ კი – გამოქვაბულებში, ყველანი დიდი ტენტის ქვეშ სავახშმოდ შეიკრიბნენ და, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, რაზე არ ილაპარაკეს.

– გამოდის, თქვენ არ გჯერათ, რომ მოულოდნელ საცდურს შეუძლია, კრისტალივით სუფთა ადამიანიც კი აცდუნოს? – დაინტერესდა პარკერ პაინი.

– ეს შეუძლებელია, – მოუჭრა კარვერმა.

– ასეთი კატეგორიულობა ამ საქმეში მიუღებელია. ადამიანის პატიოსნება ბევრი ფაქტორისგან შედგება. მაგალითად, ავიღოთ კრიტიკული დაძაბულობა. ადამიანის ტვინს შეუძლია, გარკვეულ დაძაბულობას გაუძლოს და, სრულიად წარმოუდგენელია იმის გარკვევა, რა იქნება ის ბოლო წვეთი, რომელიც მას დამნაშავედ აქცევს. ეს კი, შეიძლება, უმნიშვნელო რამ იყოს.

– თქვენ უკვე ფსიქოლოგიაში გადავარდით, – ღიმილით წარმოთქვა ფრანგმა.

– ოჰ, რამდენ საშუალებას მისცემდა დამნაშავეს ფსიქოლოგიის ცოდნა! – წამოიძახა მისტერ პარკერ პაინმა, – სწორი მიდგომის შემთხვევაში, შეგიძლია, ადამიანების 90 პროცენტს ის გააკეთებინო, რაც შენ გსურს.

– ეჭვი მეპარება ვინმემ შეძლოს ჩემთვის ასეთი რამის გაკეთება, – თქვა კეროლმა და ყველას დაემშვიდობა. – წავედი, დავიძინე, ღამე მშვიდობისა. უი, ჩემი საყურე!

პოლკოვნიკმა დიუბოშმა მოხერხებულად დაიჭირა მაგიდაზე გაგორებული საყურე და პატრონს გალანტურად გაუწოდა.

– ნამდვილია? – საქმიანი სახით დაინტერესდა სერ დონალდი.

– დარწმუნებული იყავით, – უპასუხა ქალმა.

– ორმოცი ათასი დოლარი – საყვედურით უთხრა მამამისმა, – მაგიდაზე გაგორდა მხოლოდ იმიტომ, რომ საყურის საკეტი ცუდად ჩაკეტე. შენ მე გამაკოტრებ!

– ეს შენ არ გემუქრება, ახლის ყიდვაც რომ დაგჭირდეს, – რბილად უპასუხა ქალმა.

– საერთოდ, არ მემუქრება, – დაეთანხმა მისტერ ბლანდელი, – შემიძლია, სამი ასეთი წყვილი გიყიდო და ჩემს ანგარიშში ცვლილება ვერც კი შევამჩნიო. მეც მეძინება, ღამე მშვიდობის.

მისტერ ბლანდელი ქალიშვილს კვალდაკვალ მიჰყვა, რაღაცის თვალიერებით გართულმა არქეოლოგმა კი წამოიძახა:

– გირჩევნიათ, ამას შეხედოთ. აქ მარგალიტებზე ასჯერ უფრო საინტერესო რამ მაქვს – ეს უძველესი ბეჭედია, მასზე მსხვერპლშეწირვის სცენაა ამოტვიფრული და არანაკლებ ოთხი ათასი წლისაა, – მან ჯიბიდან პლასტელინის ნაჭერი ამოიღო, მაგიდაზე გააბრტყელა და მას უძველესი ბეჭედი დააჭირა. შემდეგ კი ხელში სათუთად აიღო – პლასტელინზე მართლაც მსხვერპლშეწირვის სცენა იყო გამოსახული.

მეორე დილით ყველანი ზემოთ, სამსხვერპლოს სანახავად გაემართნენ. როცა დანიშნულების ადგილს მიაღწიეს, მზე შუბის ტარზე იდგა. სიცხე სულ უფრო აუტანელი ხდებოდა.

– საოცარი ადგილია მსხვერპლშეწირვისთვის! – აღფრთოვანებით წამოიძახა კეროლმა. – მაგრამ, ალბათ, იმ საწყლებს მსხვერპლის აქ ამოსაყვანად გვარიანი ოფლის დაღვრა სჭირდებოდათ… – მას სიტყვა ოდნავ გასაგონმა ხმამ გააწყვეტინა. თითქოს პაწაწინა ზარმა დარეკაო.

– მგონი, საყურე ისევ დაგივარდათ, მის ბლანდელ, – თქვა ექიმმა.

კეროლმა ხელი ყურზე ავტომატურად წაივლო.

– ო, კიდევ? – ამოიოხრა მან.

დიუბოშმა და ჰერესტმა მაშინვე საყურის ძებნა დაიწყეს.

– აქ იქნება, – ჩაილაპარაკა ფრანგმა, – ღმერთს მადლობა, აქედან ვერსად გაგორდებოდა. აქ, როგორც თეფშზე, ისეა.

მაგრამ პოლკოვნიკმა სამსხვერპლოზე მხოლოდ პატარა კენჭი იპოვა.

– დარწმუნებული ხარ, აქ რომ ამოხვედი კიდევ გეკეთა? – ბუზღუნით ჰკითხა კეროლს მამამ, –

ადრე ხომ არ დაკარგე?

– არა, აქ რომ ამოვედი, მქონდა. როდესაც ამოვდიოდით, დოქტორმა კარვერმა შენიშნა, რომ მისი საკეტი გახსნილი იყო და შეკვრაშიც დამეხმარა.

დოქტორმა დაუმოწმა.

– ამას რომ ბოლო მოეღოს, ვითხოვ, გამჩხრიკონ, – გამოსცრა პოლკოვნიკმა დიუბოშმა, – კი არ ვითხოვ, მოვითხოვ!

– მეც გიერთდებით, ჯენტლმენებო, – განაცხადა ბლანდელმაც, – დამიჯერეთ, ამის მიზეზი არსებობს, თუმცა, დაკონკრეტება არ მინდა.

ჩხრეკა გულდასმით ჩატარდა, მაგრამ შედეგი არ გამოიღო.

მისტერ პარკერ პაინი უკვე სადილობისთვის ემზადებოდა, როდესაც მისი კარვის ფარდა გადაიწია და გოგონას ფიგურა გამოჩნდა. პარკერმა სტუმარი შეიპატიჟა. კეროლი შევიდა და გასაშლელ ლოგინზე ჩამოჯდა.

– თუ არ ვცდები, უბედური ხალხი თქვენი კომპეტენციაა, არა? – გაბედულად დაიწყო მან.

– აქ მე ვისვენებ, მის ბლანდელ, საქმეს ხელს არ ვკიდებ.

– ამას მოჰკიდებთ, – ცივად განაცხადა გოგონამ, – დამიჯერეთ, ჩემზე უბედურ ადამიანს ვეღარ იპოვით. ჯიმ ჰერესტს საყურე არ მოუპარავს, ზუსტად ვიცი.

– რამდენადაც მახსოვს, მისთვის ეს არც არავის დაუბრალებია.

– ჯერ არ დაუბრალებიათ, მისტერ პაინ, მაგრამ, აუცილებლად დააბრალებენ, როდესაც გაიგებენ, რომ ნასამართლევია. ის მაშინ დაიჭირეს, როდესაც ჩვენს სახლში შემოიპარა, მე კი შევიცოდე. ის ისეთი ახალგაზრდა იყო და ისეთი უბედური… და ისეთი სიმპათიური, – დაამატა გულში მისტერ პარკერ პაინმა. მე მამას ვთხოვე, მისთვის შანსი მიეცა. მამაჩემი ყველა სურვილს მისრულებს და მან ჯიმი სამსახურში აიყვანა. დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ ჯიმი პატიოსანი ადამიანია, სულ უფრო მეტად ენდობოდა, შემდეგ კი თავის მარჯვენა ხელად აქცია. საბოლოოდ, ჩვენ დავქორწინდებოდით, რომ არა ეს იდიოტური შემთხვევა…

– მე, მეგონა, სერ დონალდი…

– არავითარ შემთხვევაში! ეს მამას იდეაა, მაგრამ გაბერილ ინდაურს ცოლად როგორ გავყვები? ის, ალბათ, ამ გზით თავისი ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს.

– გუშინ მამათქვენმა გაჩხრეკა რატომ მოითხოვა?

– ვერ მიხვდით? მას ეშინოდა, რომ მე არ მეფიქრა, თითქოს ეს თავად გააკეთა, რათა ჯიმი გაეშავებინა.

– ჩემგან რას ითხოვთ?

– მტკიცებულებებს, რომ ეს ჯიმს არ გაუკეთებია.

– კარგი, შევეცდები, დაგეხმაროთ, – თქვა მისტერ პაინმა. გოგონამ თავი დაუქნია და კარვიდან გავიდა. მისტერ პარკერ პაინი ლოგინზე ჩამოჯდა და მოულოდნელად ჩაიხითხითა.

სადილზე ის მშვენიერ ხასიათზე იყო. ხუთის თხუთმეტ წუთზე მან ცენტრალურ კარავში შეიხედა, იქ მარტო დოქტორი კარვერი დახვდა, რომელიც თავის სიძველეებს ჩაჰკირკიტებდა.

– აჰა! – ჩაილაპარაკა მისტერ პარკერ პაინმა და მის მოპირდაპირედ ჩამოჯდა, – სწორედ თქვენ გეძებდით. როგორც გატყობთ, თქვენ პლასტელინი სულ თან გაქვთ. ცოტას ხომ ვერ მომცემდით?

დოქტორმა ჯიბეები მოიჩხრიკა და პარკერს პლასტელინის ნაწილი წყნარად გაუწოდა.

– არა, – გააპროტესტა მისტერ პაინმა, – მე სხვა მინდოდა. ის, რომელიც წუხელ გქონდათ. სიმართლე გითხრათ, მე თავად პლასტელინი კი არა, მისი შიგთავსი მაინტერესებს.

– ვერ ვხვდები რას გულისხმობთ, – სწრაფად და მშვიდად თქვა დოქტორმა კარვერმა.

– დარწმუნებული ვარ, ხვდებით. საყურეზე ვლაპარაკობ.

ამჯერად პაუზა გრძელი გამოვიდა. ბოლოს კარვერმა ჯიბეში ხელი ისევ ჩაიყო და პლასტელინის უფორმო ნაჭერი ამოიღო.

– ახლა, მინდა მოგისმინოთ, – თქვა მისტერ პარკერ პაინმა, თან პლასტელინი საქმიანი სახით გაშალა. დასვრილი მარგალიტი ხელში შეათამაშა და კმაყოფილმა ჩაიცინა, – ძალიან ცნობისმოყვარე ვარ.

– ეს შემთხვევითობა იყო. დღეს დილით მე ყველაზე ბოლოს მოვდიოდი და მოულოდნელად ამ საყურეს წავაწყდი, მის კეროლს დაუვარდა, მაგრამ მას ეს არ შეუნიშნავს. ავიღე და ჯიბეში

ჩავიდე, რათა დამებრუნებინა, როცა დავეწეოდი. მერე ვიფიქრე: რას დააკლებს ამ გოგოს ერთი მარგალიტის დაკარგვა? მამამისი არც დაფიქრდება, ისე უყიდის ახალს, ჩემთვის კი ეს მთელი ქონებაა, ამ ფულით ერთი ახალი ექსპედიციის მოწყობა შეიძლება. ჩვენს დროში რთულია გათხრებისთვის ფულის შოვნა. ვიფიქრე რომ, მიუხედავად კეროლის თავდაჯერებულობისა, მისთვის ამ ოინის მოწყობა მარტივი იქნებოდა. როდესაც ზევით ავედით, ვუთხარი, თითქოს მის საყურეს საკეტი გაეხსნა და ისეთი მოძრაობები გავაკეთე, ვითომ ვუკრავდი. სინამდვილეში, მის ყურს ფანქრით შევეხე. რამდენიმე წუთში პატარა ქვა დავაგდე და თავად ნახეთ, იგი დარწმუნდა, რომ საყურე ამ დროის განმავლობაში ეკეთა და მხოლოდ მაშინ დაუვარდა. ვიდრე საყურეს ეძებდნენ, მე ის ჯიბეში პლასტელინის ნაჭერში ჩავჭყლიტე, – ეს არის მთელი ამბავი. ახლა თქვენი ჯერია.

– მე მოსაყოლი თითქმის არაფერი მაქვს, – უპასუხა მისტერ პარკერ პაინმა, – თქვენ ერთადერთი იყავით, ვინც მიწიდან რაღაც აიღო. ამიტომ, კენჭმა, რომელიც პოლკოვნიკმა პლატოზე იპოვა, ბევრი რამ მითხრა. წუხელ განსაკუთრებული მონდომებით საუბრობდით პატიოსნების შესახებ, ზედმეტი მონდომებით კი, როგორც შექსპირი ამბობს, ადამიანი საკუთარი თავის დარწმუნებას ცდილობს.

– რა გაეწყობა, ჩემი საქმე წასულია. თქვენ, ალბათ აპირებთ მარგალიტი პატრონს ახლავე დაუბრუნოთ.

– თქვენ მის კეროლს არ აფასებთ, – თქვა მისტერ პარკერ პაინმა, – დამიჯერეთ: მას თავი უმუშავებს; მეტიც – მას გულიც აქვს. ვფიქრობ, იგი ამჯობინებს, მთელი ეს ამბავი დაივიწყოს.

– რასაც მამამისზე ევრ ვიტყვით, – შენიშნა არქეოლოგმა.

– ვფიქრობ, აქაც ცდებით. მამას მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს, რომ ხმა არ ამოიღოს. საქმე ისაა, რომ ამ მარგალიტის ფასი ხუთი დოლარია.

– თქვენ გინდათ, თქვათ, რომ…

– დიახ. სხვათა შორის, გოგონამ ამის შესახებ არაფერი იცის, ნამდვილი ჰგონია. მეც ეჭვი მხოლოდ გუშინ გამიჩნდა: როდესაც ადამიანი გაკოტრებულია, მას ისღა დარჩენია, „იბლეფაოს“.

ნამდვილი მარგალიტის საყურე მან გაყიდა. ამიტომაც აწყობდა, თუკი მას ვინმე მოიპარავდა ან კეროლი დაკარგავდა – მაშინ ის ვერ გაიგებდა, როგორ გაძარცვა საკუთარმა მამამ.

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button