ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – გარდასახვა

– ბატონო გურამ, ბატონო გურამ, დილა მშვიდობისა, მე ჯუბა ვარ, თქვენი მეზობელი, lll სადარბაზოში რომ ვცხოვრობო! – ყოველ დილით, ავტოსადგომთან მხვდებოდა და ახლიდან მეცნობოდა ჩემი მეზობელი – ჯუბა.
– ბატონო გურამ, თქვენთან, როგორც უფროს მეგობართან, ისე მოვედი, ხათაბალაში გავეხვიე, ჭკვიანი კაცი ხარ, რჩევა მინდა გკითხოთ! – გუშინ ჩვენი გოგია იყო ჩემთან, დედაჩემის ბიძაშვილია, შენი დახმარება მჭირდებაო! – გოგია, ტო, ბრეგვაძე – მე საქმეს ვეღარ ვერევი, აქეთ გუდაური, იქით ბაკურიანი, მოდი, ბაკურიანის სასტუმროს შენ მიმიხედეო!
– მერე მიხედე, მაგას რა ფიქრი უნდაო!
– 10 მილიონიან ქონებაზე პასუხისმგებელი უნდა ვიყო, დიდი ტვირთია, შევძლებო?
– შეძლებ, როგორ არ შეძლებო! – ვამხნევებ ჯუბას, თან საათზე ვიყურები, სამსახურში მაგვიანდება.
– ბატონო გურამ, დიდი მადლობა, ძალიან მაგრად დამარიგე, აუცილებლად ჩავიბარებ ბაკურიანს, თან, მანდ კარგი ჰაერიაო!
– აბა, შენ იციო! – ვეუბნები და მანქანაში ვჯდები.
– ბატონო გურამ, 2 ლარი არა გაქვს, რომ “პახმელიაზე” გამოვიდეო?! – კუბელი რევოლუციონერივით, გაფარჩხულ ორ თითს თვალებთან მიტრიალებს ჯუბა.
***
ჯუბა, სადღაც, ათი წლის წინ გავიცანი. ბინაში ახალი გადმოსული ვიყავი, არავის არ ვიცნობდი. ღამით, ჩაბნელებულ სადარბზოში გამოსულმა, რაღაცას წამოვკარი ფეხი და ზედ გადავემხე. საშინელი სუნი მეცა, თითქოს ნაგვის ურნაში ჩავვარდიო.
– ეეე, ნელა ვერ გაივლიო! – მომესმა ქვემოდან ხმა. შეშინებული წამოვხტი. ჩემს ფეხებთან კაცი იწვა, წამოჯდა, წამოვაყენე და სახლში შევიყვანე.
– შენ ვინა ხარო? – მკითხა.
– გურამი ვარ, ახალი მეზობელიო! – ვუპასუხე მე.
– მე, ჯუბა ვარო! – ხელი გამომიწოდა, ჩამოვართვი. ჩემს წინ, 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდა კაცი იდგა – გაბურძგნული, დასიებული სახით, ლილისფერი ყვრიმალებით, ჩამოსიებული უპეებით, კეხზე გადახეთქილი გაწითლებული ცხვირით, აცდენილად შეკრული პერანგის ღილებით და შარვლის უბეზე გამოსველებული შარდის ლაქით.
– ბატონო გურამ, გუშინ “ამბასადორში” შევიკრიბეთ: – ბორია ბერეზოვსკი, რომანა აბრამოვიჩი, ლევანა ხმალაძე – მთელი მეტალურგიული ქარხნების მეპატრონე რომ არის, ნათესავია, და მე. მაგრად ვიქეიფეთ… ბატონო გურამ, 2 ლარი არა გაქვს, რომ “პახმელიაზე” გამოვიდეო”?! – ფული ხელის კანკალით გამომართვა, ბინიდან გავარდა და კიბეებზე ბანცალით დაეშვა.
***
მეორე დღეს, კარის მეზობელს ვკითხე ჯუბას შესახებ
– ჯუბა, შეძლებულ ოჯახში გაიზარდა, მორჩილი ბავშვი იყო, ლამაზი, მშობლები ხელისგულზე ატარებდნენ და “დედიკოს ბიჭად” ზრდიდდნენ. ქუჩაში მხოლოდ დედამისის პუდელთან ერთად გამოდიოდა, ისიც, ნახევარი საათით. სკოლაში დედამისს მიჰყავდა და გაკვეთილების დროს კორიდორში ელოდებოდაო.
***
მილანის სანტა მარია დელლა გრაციეს მონასტრის ფრესკის – „საიდუმლო სერობის“ შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩის უნდა დაეხატა ქრისტე და 12 მოციქული. მას, იესოს სახით სიკეთე უნდა განესახიერებინა, ხოლო ბოროტება – იუდას სახით.
ერთხელ ლეონარდო მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე დაინახა. მუსიკოსი სიამოვნებით დათანხმდა ქრისტეს სახის განსახიერებას. მხატვარმა იგი თავის სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა.
***
– სკოლა რომ დაამთავრა და უნივერსიტეტში მოეწყო, თავისუფლება იგრძნო. ბრმას თვალი რომ აეხილება და სინათლე თვალს მოსჭრის, ისე მოეჭრა თვალი ერთბაშად განცდილი თავისუფლებისგან და ქუჩაში გაიჭრა. ქუჩამაც ფართოდ გაუღო ჯუბას კარი და ჯერ გულში ჩაიკრა, მერე კი, შეიწოვა – მისით, როგორც შეძლებული ოჯახის შვილით, ნარკომანები დაინტერესდნენ – ჯერ რამდენჯერმე გაასინჯეს, მერე
– წამლისთვის ფულს ვკრებთ და შენც დადეო! – მერე
– ფული არ გვაქვს და შენ დაგვპატიჟეო! – პატივს სცემდნენ, ყველას ჯუბას სახელი ეკერა პირზე. ნერვიულობისგან მამამისს ინფარქტმა დაარტყა და გარდაიცვალა, დედამისს დიაბეტისგან განგრენა დაემართა და ნაწილ-ნაწილ დამარხეს. გაიტანა ოჯახის ქონება ჯუბამ, ნარკომანებს შეაჭამა. ყველაფერი რომ გაყიდა, თავის ნარკომან ძმაკაცებს მიაკითხა
– ფული აღარ მაქვს და წამალზე დამპატიჟეთო!
– საძმოში ფულის გულისთვის მიგიღეთ, თორემ, შენ რა საძმაკაცო იყავი, შე “ბალვანოო”! – უთხრეს ძმაკაცებმა. იკანკალა “ლომკისგან” ორი კვირა ჯუბამ, მერე ბედს შეეგუა, სასმელს მიჰყო ხელი და გალოთდაო! – მომიყვა მეზობელმა.
***
სამ წელიწადში და ვინჩიმ ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ვერაფრით მიაგნო ისეთი ადამიანის სახეს, რომელიც იუდას დასახატად გამოდგებოდა. არადა, ფრესკის დამკვეთი აჩქარებდა.
ლეონარდო დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, აკვირდებოდა ადამიანების სახეებს და დიდი ხნის ძიების შემდეგ, ერთი მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა. ფრესკის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. ეკლესიაში მიყვანის შემდეგ და ვინჩიმ დახატა იუდა, რომლის სახეზეც აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი და უბედურება.
როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, მათხოვარი გამოფხიზლდა და შეშინებულმა წამოიყვირა:
– ეს ნახატი მე ნანახი მაქვსო!
– კი მაგრამ, საიდანო? – გაუკვირდა ლეონარდოს.
– სამი წლის წინ, ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენაო.
***
– ბატონო გურამ, ბატონო გურამ, არჩევნებში მინდა მონაწილეობის მიღება და ხომ შემომხაზავო?
– მერე, მოგების შანსი გაქვსო?
– მთელი უბანი მიცნობს, იციან, რომ ალალი კაცი ვარ, ტყუილს არ ვიკადრებ, თუ რამეს შევპირდები, შევასრულებო!
– ჩემი იმედი გქონდესო! – შევპირდი მე.
– ბატონო გურამ, 2 ლარი არა გაქვს, რომ “პახმელიაზე” გამოვიდეო?!

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button