ეკონომიკა

პაატა შეშელიძე – ნაცარქექიაზე, მისი ინტელექტუალი მოტრფიალეებისა და ჭეშმარიტი ცოდნის მიღების მსურველების გასაგონად

ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო. თავისუფლების ბიბლიოთეკა. III. საკუთრება და თავისუფლება

პაატა შეშელიძე – “ნაცარქექიაზე, მისი ინტელექტუალი მოტრფიალეებისა და ჭეშმარიტი ცოდნის მიღების მსურველების გასაგონად”

ამ ოთხიოდე წლის წინ, ერთერთ ცნობილ და იმ ხანად ახალგაზრდობაში მოწონებულ სატელევიზიო გადაცემა “კომუნიკატორში”, უაღრესად ცნობილი და პოპულარული ახალგაზრდა ქართველმა ინტელექტუალებმა განავითარეს მოსაზრება, რომ მაშინდელმა მართლაცდა ყოვლად უნიათო პოლიტიკურმა რეჟიმმა მათ შესაძლებლოებები შეუკვეცა და ნაცარქექიებად აქცია. ამასთან, პოლიტიკური “უძრაობით” და ეკონომიკური სიდუხჭირით შეწუხებულები იქადნიდნენ, რომ მალე მათი, ანუ ნაცარქექიების დრო დადგება და ყველაფერი, რაც მმართველ “დევებს” გააჩნდათ მათ ხელში აღმოჩნდებოდა…

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა… იგივე ახალგაზრდები მოგვიანებით 2003 წლის დიდი ნოემბრის “ვარდების რევოლუციაში” მონაწილეობდნენ და საქართველოს სახელისუფლებო სავარძლებისთვის “გადამწყვეტი ბრძოლის” ავანგარდშიც იყვნენ. მოგვიანებით კი, მათ უმრავლესობას მიმდინარე პოლიტიკური რეფორმაციის შედეგებზე გული აუცრუვდა და კვლავ “ოპოზიციური” უკმაყოფილება დაეუფლა. ხოლო ერთერთმა გამორჩეულმა მათთაგანმა, სატელევიზიო კომპანია 202-ის ეთერში ისიც განაცხადა, რომ ქვეყანაში ნაცარქექიების დრო დადგა… თუმცა ნაცარქექიასთვის აღარ შეუდარებია.

ცხადია, რომ ამ ხალხში შეხედულებების გადაფასება დაიწყო. იმედია, რომ ახალგაზრდა ქართველი ინტელექტუალების მიერ ნაცარქექიას გაიდეალების დროც წარსულს ჩაბარდა. მაგრამ შეცდომების გამეორების თავის არიდების მიზნით უპრიანია, რომ “ნაცარქექიას” და მისთვის ინტელექტუალების მიერ ხოტბის შესხმის ამბავი უფრო სიღრმისეულად გავარჩიოთ.

როგორც ჩანს, ახალგაზრდა ინტელექტუალები თუ ამჯერად არა, ერთ დროს მაინც თვლიდნენ, რომ ქართულ ზღაპარ “ნაცარქექიაში”, თავად ნაცარქექია დადებითი გმირია, ხოლო დევი – უარყოფითი. ვფიქრობ, რომ ნაცარქექიასა და დევის ამბის სხვაგვარ ინტერპრეტაციას უფრო მეტი საფუძველი აქვს. კერძოდ, ვფიქრობ რომ ეს ორივე გმირი უარყოფითია და ზღაპრის მორალი სიკეთის მიერ ბოროტის დამარცხებაში არ მდგომარეობს. ამ მოსაზრების განსამარტად, მოდით გავარკვიოთ, თუ ვინ არის დევი და ვინ არის ნაცარქექია?

დევი არის დაუდგრომელი ხასიათის, მაგრამ ბუნებით უხეში, ტლუ, მალემრწმენი და მოძალადე. ის თავის ქონებას სხვისი ქონების მითვისების ხარჯზე აგროვებს. ამისთვის კი, არც სხვისი ღირსების, საკუთრების და სიცოცხლის ხელყოფას ერიდება.

ნაცარქექია არის მუქთახორა, მაგრამ ბუნებით კვაჭი. არც ისაა უარზე, რომ თავისი ქონება სხვისი ქონების მითვისების ხარჯზე დააგროვოს და ცდილობს, რომ ამისთვის არა ძალა, არამედ გამჭრიახობა და მოხერხებულობა გამოჩინოს.

რასაკვირველია, ხერხი სჯობია ღონეს! ნაცარქექია ამარცხებს დევს!

მაგრამ ისევე როგორც დევს, ნაცარქექიასაც ყველაფერი თავისთვის უნდა და არა იმისთვის, რომ სამართლინობა აღადგინოს და დევისგან ყოველ კერძო დაზარალებულს დაკარგული დაუბრუნოს.

ნათელია, ნაცარქექია ხუთკუნჭულა არ არის!

სინამდვილეში, რამდენადაც განსხვავებული არ უნდა იყოს მათი მიდგომები, ნაცარქექიაც და დევიც ცოდვის ერთ ნაპირზე დგანან: მათ სხვისი შრომის შედეგის და ქონების მისაკუთრება სურთ!

სწორედ ამაში მდგომარეობს ინტელექტუალათა ანტიკაპიტალისტური მენტალიტეტის რეციდივები. კაპიტალიზმი არის სამეურნეო ურთიერთობების წესი, როდესაც ადამიანებს შორის საქონლის და მომსახურების გაცვლა ხდება ნებაყოფლობით, მშვიდობიანი გარიგებით და სათანადო ურთიერთსარგებლით. შესაბამისად, ქონების დაგროვება ხდება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ადამიანი ახერხებს სხვებს მიაწოდოს მათთვის საჭირო საქონელი და მომსახურება და ამაში მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. ყველგან, სადაც ეს პრინციპი ირღვევა, კაპიტალიზმის ადგილს იკავებს სხვადასხვა ელფერის, მაგალითად “ვარდისფერი” სოციალიზმი და გარდაუვალი ხდება ტოტალიტარიზმის გაბატონება.

ამდენად, ამ ზღაპრის მორალი არის არა ის, რომ სიკეთე ამარცხებს ბოროტებას, არამედ ის, რომ იქ, სადაც “დევობა”, ანუ ძალადობა და ადამიანური ფასეულობების უგულვებელყოფა “მოსულა” და “გასდით”, ყველაფერი “ნაცარქექიებს” რჩებათ. ის, თუ ვინაა თანამედროვე საქართველოში “დევი” და ვინ – “ნაცარქექია”, ამასთან ვინ ვის სჯობს, – თავადვე განსაჯეთ!

ამავე თემის პოლიტიკური ინტერპრეტაციისთვის შეიძლება საინტერესო იყოს უდიდესი ავსტრიელი ეკონომისტის, თავისუფლების მებაირახტრის, ფრიდრიჰ ფონ ჰაიეკის უკვდავი ნაშრომი “გზა ბატონყმობისაკენ” (გამოქვეყნდა 1944 წელს), რომლის შემოკლებული ვერსია 2004 წელს ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს გამოცემის “თავისუფლების ბიბლიოთეკის” მეორე კრებულში “ლიბერალიზმი და ძალაუფლება” დაიბეჭდა.

რასაკვირველია, ქართველი ინტელექტუალური საძმოს წარმომადგენელი ერთი ოსტატი მელექსის არ იყოს, “Жить бедно, очень вредно!” (“სიღარიბეში ხოხვა, არის ტანჯვა და ოხვრა”. ავტორის თავისუფალი თარგმანი), მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს და იმედია, ასე არც ავტორს უგულისხმია, რომ “დევების” ნაშენები სასახლეები “ნაცარქექიებს” უნდა დარჩეთ და რომ საერთოდ, ერთის გაჭირვება მეორის უბედურების ხარჯზე შეიძლება მოგვარდეს.

შესაძლოა, შეხედულებების გადაფასების პროცესში მყოფ ქართველ ინტელექტუალებს, რომელთაგან ზოგიერთი უნებლიეთ კვლავ “დევების” ნასახლარებზე შეიძლება ოცნებობდეს, ისევე როგორც მრავალ სხვას, ჯერ კიდევ არა აქვთ არჩეული სოციალური ურთიერთოებების მოწესრიგებისა და სამართლიანობის მიღწევის სწორი გეზი. ამიტომ, ამ გზების მაძიებელ, ისევ როგორც თავისუფლებასა და კერძო საკუთრებას შორის მჭიდრო კავშირების, აგრეთვე ეკონომიკური კანონზომიერებების შემეცნების მსურველ ადამიანებს, შესაძლოა ქვემოთ წარმოდგენილ წიგნებში გაბნეული სიბრძნე გამოადგეთ:

1. მარი ნ. როთბარდი. “ჩვენება ფედერალური სარეზერვო სისტემის წინააღმდეგ”.

წიგნში მოკლედ, ხატოვნად და ნათლად არის გადმოცემული ავსტრიული ეკონომიკური სკოლის შეხედულებები ფულსა და საბანკო სისტემაზე. დამაჯერებლად არის აღწერილი ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო ისტემის ჩამოყალიბების ჭეშმარიტი ისტორია: ფინანსური ელიტების კონკურენტული ბრძოლა და ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნის შესახებ დანაშაულებრივი გარიგება. ავტორი ცენტრალური ბანკების გაუქმებისა და ლითონური (ოქროს, ვერცხლის და ა.შ.) სტანდარტის აღდგენისკენ მოუწოდებს.

2. მარი ნ. როთბარდი. “სახელმწიფო და ფული, ანუ როგორ დაეუფლა სახელმწიფო საზოგადოების ფულად სისტემას”.

წარმოდგენილი ნაშრომი ერთ-ერთი საუკეთესო გამოკვლევაა ფულად საკითხებში. ავტორი ასაბუთებს, რომ ფული თავისუფალი საბაზრო ურთიერთგაცვლების შედეგად წარმოიქმნა, მას გამოყენებითი ხასიათი აქვს და ის არ შექმნილა საზოგადოებრივი შეთანხმებებით ან სახელმწიფო დადგენილებებით. შესაბამისად, სახელმწიფოს ჩარევა ფულად მეურნეობაში ზედმეტი და სავალალოა: ადამიანს არ ჭირდება იძულება, რომ ფული მისთვის მისაღები მიზნით და ხერხით გამოიყენოს, დაზოგოს, დახარჯოს, ან დააბანდოს. ავტორი იხილავს ფულადი სისტემის განვითარებას მე-19 საუკუნიდან დღემდე – “ოქროს სტანდარტიდან” – ელექტონულ ფულამდე. აგრეთვე, განიხილავს ევროპის კავშირის საერთო ფულის შექმნის შესაძლებლობას და სავარაუდო საფრთხეებს.

3. მარი ნ. როთბარდი. “სახელმწიფო და ეკონომიკა”.

წიგნში განხილულია სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური საქმიანობაში ჩარევის ყველაზე გავრცელებული 80-ზე მეტი მაგალითი და მათი სავალალო შედეგები, როგორც ეკონომიკური, ისე საყოფაცხოვრებო და ზნეობრივი თვალსაზრისით. განსაკუთრებული ყურადღება გადასახადების და სამეურნეო საქმიანობის შეზღუდვების საკითხს ეხება. ამ წიგნში წარმოჩენილმა მოსაზრებებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ამერიკის შეერთებულ შტატებში 1980-იან წლებში რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის დროს განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზე ისევ, როგორც გადასახადების გაუქმებისა და კერძო სამართალდამცავი დაწესებულებების შექმნის სასარგებლოდ წამოწყებულ ინტელექტუალურ მოძრაობაზე. ამ წიგნში განვითარებულმა შეხედულებებმა გავლენა ეკონომიკური კვლევების მრავალ მიმდინარეობაზე, მათ შორის ისეთ ცნობილ ეკონომიკურ მოძღვრებზე, როგორიც “საზოგადოებრივი არჩევანის თეორიაა”.

4. მარი ნ. როთბარდი. “ამერიკის შეერთებული შტატების ფულად-საკრედიტო სისტემის ისტორია კოლონიური დროიდან მეორე მსოფლიო ომამდე”.

ნაშრომში წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების ფულადსაკრედიტო სისტემის ისტორიის ორიგინალური ვერსია და ფარდა აქვს ახდილი ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტმის შექმნის გარემოებებს. ავტორი ასაბუთებს, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მომხადარი ეკონომიკური კატასტროფები გამოწვეული იყო მთავრობის ინფლაციური პოლიტიკით და რომ მათ უკან, როგორც წესი გავლენიანი ფინანსური დაჯგუფებების ინტერესები იმალებოდა. ავტორი განსაკუთრებულად აღმოაჩენს ორი უმძლავრესი ფინანსური დაჯგუფების, მორგანებისა და როკფელერების თანამშრომლობისა და დაპირსპირებებით აღსავსე ურთიერთოებების ისტორიას.

5. იოსეფ კულიშერი. “დასავლეთ ევროპის ეკონომიკური ყოფის ისტორია”.

წიგნში ვრცელ ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით განხილულია დასავლეთ ევროპის ეკონომიკური ყოფის მრავალი მხარე, ადრეული შუა სააუკუნეებიდან მე-19 საუკუნემდე. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ყურადღებას ძირითადად რამოდენიმე ქვეყანას უთმობს, ევროპის ეკონომიკური განვითარება წარმოდგენილია, როგორც ერთიანი პროცესი. ნაშრომი ეხება მოსახლეობის რიცხოვნობას, მოხმარების სტრუქტურას, სხვადასხვა ფენის, სოფლისა და ქალაქის მცხოვრებთა ყოველდღიურ ცხოვრებას, მათი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეხედულებების, ტრადიციების, ფსიქოლოგიის, გემოვნების განვითარებას.

6. იოსეფ კულიშერი. “რუსეთის ვაჭრობისა და მრეწველობის ისტორია”.

წიგნში დაწვრილებითაა აღწერილი რუსეთის სავაჭრო და სამრეწველო ურთიერთობების განვითარება უძველესი დროიდან მოყოლებული. აღწერილია სამეურნეო კავშირ-უერთიერთობები, როგორც აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ისე ევროპასთან.

7. იოსეფ კულიშერი. “რუსეთის სახალხო მეურნეობის ისტორია”.

წიგნში აღწერილია რუსეთის ეკონომიკური ისტორია. ავტორის მას ორგვარად განიხილავს: ქრონოლოგიურად და დარგობრივად. ქრონოლოგიურად ის სამ ნაწილად იყოფა: უძველესი დროიდან მე-10 საუკუნემდე, პეტრე დიდის მოღვაწეობამდე და მისი რეფორმაციის შემდეგ. დარგობრივი კვლევის საგნებია მიწის მფლობელობა, ხელოსნობისა და წარმოებების განვითარება, ფულადი მეურნეობა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქალაქების ზრდის წინაპირობებს და მათ ყოფას. დიდი ყურადღება ექცევა საშინაო და საგარეო ვაჭრობის განვითრებას და სათანადო პოლიტიკას. ხშირად გამოიყენება რუსეთსა და ევროპაში მიმდინარე მოვლენების შედარებები. ხაზგასმულია, რომ მიუხედავად თავისებურებებისა, განვითარების კანონზომიერებები და მიმართულება ერთმანეთს ემთხვევა.

8. იოსეფ კულიშერი. “საგარეო ვაჭრობის ძირითადი საკითხები”.

წიგნში სრულყოფილადაა აღწერილი მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის პირველ მესამედში საგარეო ვაჭრობაში გამოყენებული შეზღუდვები და მათი შედეგები, საბაჟო გადასახადების წარმოშობა და მერე მსოფლიო ომის წინ საბჭოთა კავშირის საბაჟო სისტემის მოქმედება. საბუთდება, რომ მე-19 საუკუნის ბოლოდან თანდათან გაბატონებულმა პროტექციონიზმმა ქვეყნებს შორის ურთიერთოებების გამწვავება, შიდა პროცესების დაძაბვა და საბოლოო ჯამში ჯერ პირველი, ხოლო შემდეგ მეორე მსოფლიო ომი გამოიწვია.

9. კრებული. “საპნის ბუშტების მაესტრო. იაპონიის გაკვეთილები”.

კრებულში თავმოყრილია ავსტრიული ეკონომიკური სკოლის პოზიციებიდან თანამედროვე ფინანსური ბაზრების მდგომარეობის შეფასებისადმი მიძღვნილი სტატიები. საკითხი ძირითადად ეხება ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო ბიუროს პოლიტიკას, რომელიც ფულადი ექსპანსიის შედეგად, მოჩვენებით ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. აგრეთვე, განიხილება იაპონიაში 80-იანი წლებიდან მიმდინარე ხანგრძლივი ეკონომიკური რეცესიის მიზეზები.

10. კრებული. “აღმასვლა, ვარდნა და მომავალი – მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობა და მისი ანალიზი ავსტრიული ეკონომიკური სკოლის მხრიდან”.

კრებულში თავმოყრილია მიზესის, ჰაიეკის, კალახანის, სალერნოს და სხვათა სტატიები, რომლებიც თანმიმდევრულად ასაბუთებენ, რომ ე.წ. “საწარმოო ციკლები” გამოწვეულია სამეურენეო ურთიერთობებში სახელმწიფოს მრავალმხრივი ჩარევით, განსაკუთრებით კი, ცენტრალური ბანკების მეშვეობით წარმოებული სავალალო ფულად-საკრედიტო პოლიტიკით. ავსტიული სკოლის მიმდევართა აზრით, სწორედ ამის შედეგია მიმდინარე რეცესია. ხაზი ესმევა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ჰაერიდან შექმნილი ფული მნიშვნელოვნად ვნებს წარმოებას და კეთილსინდისიერ მეწარმეობას, რომლის ხარჯზე ხელს უმართავს პოლიტიკურ კორპორაციებსა და თვითნება ბიუროკრატიას.

11. დევიდ ბოუზი. “ლიბერტარიანელობა: ისტორია, პრინციპები, პოლიტიკა”.

ნაშრომი ეძღვნება თანამედროვე “ლიბერტარიანიზმის” საფუძვლების მიმოხილვას. “ლიბერტარიანიზმი” პოლიტიკური ფილოსოფიაა, რომელიც საზოგადოებრივი მოწყობის პრინციპად ადამიანის მიერ საკუთარი სიცოცხლისა და სხეულის ერთადერთ მეპატრონედ, მესაკუთრედ მიიჩნევს. ეყრდნობა რა მოსაზებას, რომ ადამიანმა საკუთარი სიცოცხლე და ქონება თავად უნდა განკარგოს, თავადვე წყვეტდეს თუ როგორ იცხოვროს და სხვასაც აძლევდეს ამის საშუალებას. ლიბერტარიანელობა ადამიანის თავისუფლებასა და სახელმწიფოს მკაცრ შეზღუდვას ემხრობა და მას მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის და საკუთრების დამცველის მოვალეობას უსაზღვრავს.უხვად ილუსტრირებულ წიგნში ავტორი ახერხებს, რომ მარტივად გადმოსცეს ლიბერტარიანული შეხედულებები ფილოსოფიაში, ეკონომიკაში, სამართალსა და ისტორიაში. წიგნი თანამედროვე ლიბერტარიანელთა სამაგიდო საკითხავია.

12. ფრედერიკ კლოდ ბასტია. “ეკონომიკური სოფიზმები, ანუ თავისუფალი ბაზრის მომხრის მიერ გამოაშკარავებული ეშმაკობები”.

ავტორი, რომელმაც მთელი ცხოვრება ეკონომიკური თავისუფლების უპირატესობებისთვის ბრძოლას შესწირა, ოსტატურად და ირონიულად ამხელს ე.წ. “ეროვნული სამეურნეო თვითკმარობის” მომხრეებს. პროტექციონისტთა აბსურდული არგუმენტები, საღი მსჯელობითა და თვალსაჩინო საბუთებითაა უარყოფილი.

14. ფრედერიკ ბასტია. “კობდენი და ლიგა. მოძრაობა თავისუფალი ვაჭრობისთვის ინგლისში”.

წიგნი წარმოადგენს კრებულს, რომელშიც თავმოყრილია საჯარო გამოსვლები, რომლებიც მიმართული იყო ვაჭრობის თავისუფლების აკრძალვების წინააღმდეგ და ე.წ. “პურის კანონების” გასაუქმებლად წამოწყებული მოძრაობის მიერ ორგანიზებულ მიტინგებზე ჟღერდა 1842-1845 წლებში. გარდა ამისა, კრებულში შესულია რიჩარდ კობდენისა და ლიგის სხვა წევრების გამოსვლები 1848-1865 წლებში, თავად კობდენის ცხოვრების ამსახველი ცნობები და ე.წ. “პურის კანონების” წინააღმდეგ მიმართული მოძრაობის თანმდევი მოვლენები 1815-1846 წლებში. ნიშანდობლივია, რომ ლიგის საქმიანობამ, მისმა ინტელექტუალურმა ძალამ შეცვალა საზოგადოებრივი აზრი, აიძულა პარლამენტი, რომ გაეუქმებინა ხსენებული კანონები და განაპირობა პროტექციონიზმის მკვეთრი შესუსტება, რას შემდეგაც დადგა თავისუფალი ვაჭრობის დრო, რამაც მე-19 საუკუნეში ინგლისის აყვავება განაპირობა.

15. ფრედერიკ ბასტია. “ის, რაც ხილულია და ის, რაც უხილავია”.

ნარკვევი დანახარჯების შესახებ ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომს წარმოადგენს. მასში ახნილია სახელმწიფოს მიერ ეკონომიკურ ურთიერთოებებში ჩარევის ხილული და უხილავი შედეგები: მოკლევადიანი გადაწყვეტილებების საზიანოობა გრელვადიანი თვალსაზრისით და გაკრიტიკებულია მითი სახელმწიფოს მიერ სამუშაო ადგილებისა და დოვლათის შექმნის შესახებ.

16. კრებული. “ტრანსპორტის მომავალი. ეფექტური სატრანსპორტო პოლიტიკა”.

კრებულში წარმოდგენილია რუსეთის ფედერალური საბჭოს საწარმოო პოლიტიკის კომიტეტის ექსპერტების მოსაზრებები. გაანალიზებულია სარკინიგზო, საჰაერო გადაზიდვებისა და საავტომობილო მიმოსვლების სფეროში ლიბერალიზაციის პერსპექტივები. ყურადღება ექცევა უსაფრთხოებას, ეკოლოგიას, მოძრაობის ორგანიზებასა და შრომით ურთიერთობებს. ჩამოყალიბებულია რეკომენდაციები თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისთვის.

17. ეუგენ ბემ-ბავეკი. “მარქსის თეორიის კრიტიკა”.

წიგნში საფუძვლიანად არის განხილული და უარყოფილი კარლ მარქსის ეკონომიკური მოსაზრებები, განსაკუთრებით მის მიერ საფუძვლად აღებული ე.წ. “შრომითი ღირებულების კანონი”. ავტორმა, რომელიც სამჯერ იყო ავსტრიის ფინანსთა მინისტრი, ერთ-ერთმა პირველმა შეამჩნია წინააღმდეგობა მარქსის “კაპიტალის” პირველსა და მესამე ტომებს შორის. მან აღმოაჩინა შეცდომის წყარო და მისი გავრცელების გზები.

18. გოთფრიდ ჰაბერლერი. “აყავავება და დეპრესია: ციკლური რხევების თეორიული ანალიზი”.

ნაშრომის მიზანი ეკონომიკური ციკლების ახსნა და მათ გამომწვევი მიზეზების დადგენაა. ავტორი ამ მოვლენებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ხარვეზებს უკავშირებს და სახელმწიფოს მიერ ფულად მეურნეობაზე მონოპოლიის გარდაუვალ შედეგად მოიხსენიებს.

19. უილიამ ბონერი, ედისონ უიგინი. “ამერიკის ფინანსური განკითხვის დღე: 21-ე საუკუნის მსუბუქი დეპრესია”.

იუმორითა და თანაგრძნობით გაჟღენთილი ეს ნაშრომი საფრანგეთის რევოლუციიდან დღემდე ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო მოვლენების კვლევასა და შეფასებას ეხება. მის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ამერიკის ფინანსური სისტემის მომავლის პესიმისტური პროგნოზი და მისი წინაპირობების ანალიზი შეადგენს.

20. ლუდვიგ ფონ მიზესი. “ბიუროკრატია. დაგეგმილი ქაოსი. ანტიკაპიტალისტური მენტალიტეტი”.

სამი ნაწილისგან შემდგარი კრებული მოიცავს სახელმწიფო ბიუროკრატიის სამიანობის პრინციპის ანალიზს, რომელშიც ნაჩვენებია თუ რატომ არის ის მიდრეკიალი ზრდისკენ მაშინაც, როდესაც მის საქმიანობას ეკონომიკური და სოციალური შედეგები არ მოაქვს. ნაცისტური და კომუნისტური სისტემების მაგალითებზე გაანალიზებულია ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრალიზაციის შედეგები, რაც ეკონომიკური კრახით და სოციალური ქაოსით მთავრდება. აგრეთვე განხილულია ის გარემოება, თუ რატომ არის მეცნიერება და ხელოვნება მეტწილად ანტიკაპიტალისტურად განწყობილი და რა როლი მიუძღვის მათ თანამედროვე საზოგადოების მსოფლაღქმის ჩამოყალიბებაში.

21. ლუდვიგ ფონ მიზესი. “ადამიანის მოღვაწეობა: ტრაქტატი ეკონომიკური თეორიის შესახებ”.

ნაშრომი წარმოადგენს ეკონომიკის ეპისტოლოგიური, მეთოდოლოგიური და თეორიული საფუძვლებისა და ეკონომიკური პოლიტიკის მასშტაბურ ანალიზსს. მასში ძირეულადაა განხილული საბაზრო ეკონომიკა, სოციალიზმი, ინტერვენციონიზმი. ეკონომიკა წარმოდგენილია, როგორც ადამიანის ერთიანი მოღვაწეობის ნაწილი, რომელიც მის გაცვლით ურთიერთობებში მონაწილეობას შეისწავლის და მისი გადაწყვეტილებების მოტივაციურ სისტემას იკვლევს.

22. ლუდვიგ ფონ მიზესი. “სოციალიზმი: ეკონომიკური და სოციოლოგიური ანალიზი”.

ნაშრომი სოციალიზმის იდეის ალოგიკურობის ანალიზს წარმოადგენს. ავტორი ასაბუთებს, რომ სოციალისტური ეკონომიკა შეუძლებელია, რადგან საბაზრო ფასების გარეშე შეუძლებელია ეკონომიკური გათვლები და შესაბამისად მოთხოვნაზე ორიენტირებული წარმოება. სოციალიზმის გარდაუვალი შედეგი დიქტატურის დამყარება და ადამიანების თავისუფლების შეზღუდვაა. წიგნი 1922 წელს დაიწერა, მაგრამ მოვლენათა განვითარების პროგნოზი საოცარი სიზუსტით ემთხვევა ისტორიის რეალურ განვითარებას, რაც ნაშრომს სამეცნიერო წინასწარმეტყველების ნიმუსად აქცევს.

23. აინ რანდი. “მხარგაშლილი ატლასი”.

რომანი ახლებურად სცემს პასუხებს კითხვებს: რა უნდა ვაკეთოთ და ვინ არის დამნაშავე? მისი გმირები მიზანმიმათული ადამიანები არიან, რომლებიც სათანადო პასუხისმგებლობასაც არ გაურბიან და თავისი მაგალითით სანიმუშონი არიან. რომანი საკულტო ნაშრომად იქცა, 40-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოს 100 საუკეთესო რომანს შორის პირველ ნომრად დასახელდა. ამ წიგნის გაყიდვების რიცხვი მხოლოდ ბიბლიას ჩამოუვარდება.

24. აინ რანდი. “წყაროსთავი”.

რომანის მთავარ გმირს ჰოვარდ პორკს საზოგადოებასთან საკუთარი შემოქმედებითი თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა და არაორდინარული გადაწყვეტილებების მიღება უწევს, რაც მის ხასიათსა და მიზანსწრაფვას წრთობს. ავტორი ადამიანის ეგოს კაცობრიობის პროგრესის წყაროდ მიიჩნევს, ხოლო პირადი ინტერესებით მოქმედებას – უმაღლეს სათნოებად.

25. პოლ ჰეინე, პიტერ ბოუტკე, დავიდ პრიჩიტკო. “აზროვნების ეკონომიკური წესი”.

ნაშრომი პედაგოგებისა და სტუდენტების, აგრეთვე ეკონომიკის თეორიული საფუძვლების შესწავლის მსურველებისთვის განკუთვნილ გამორჩეულ ეკონომიკურ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. მასში მარტივად და ზუსტად არის ჩამოყალიბებული ეკონომიკური მეცნიერების საბაზისო მცნებები: ეფექტურობა და გაცვლა, მოთხოვნა და მიწოდება, ფულის ბუნება და კონკურენცია, მონოპოლია და დასაქმება, სპეციალიზაცია და შედარებითი უპირატესობები. ავტორები იხილავენ ქვეყნების სიმდიდრისა და წარუმატებლობების მიზეზებს, მეწარმისა და სახელმწიფოს როლს, ინდივიდუალური არჩევანისა და საბაზრო კოორდინაციის მნიშვნელობას და ა.შ. სახელმძღვანელოში უხვად არის გამოყენებული ავსტრიული ეკონომიკური სკოლის მიდგომები და თავისი არსით რეალურად აგრძელებს მის ტრადიციებს.

26. სტენლი ჯევონსი. “ფული და გაცვლის მექანიზმი”.

კლასიკური ნაშრომი არწერს ფულის მნიშვნელობას ეკონომიკურ ურთიერთოებებში. მასში აღწერილია ოქროს, ვერცხლის და ქაღალდის დეკრეტული ფულის მიმოქცევის თავისებურებები. მასში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ე.წ. გრეჰემის კანონზე, კონკურირებად ფულად ერთეულებზე, ფულად-საკრედიტო რეგულირების წესებსა და ფულადსაკრედიტო თეორიის სხვა ასპექტებზე.

27. ჯულიან საიმონი. “ამოუწურავი რესურსი”.

წიგნი ბუნებრივი რესურსების ეკონომიკას ეძღვნება და ეკოლოგიური კატასტროფების და ენერგო დეფიციტის უსაფუძვლობას ასაბუთებს. ის ნაბიჯ-ნაბიჯ აქარწყლებს მრავალფეროვან მითებს, რომლებიც მოსხლეობის ზრდისა და მიგრაციების საფრთხეზე ტეხენ განგაშშს, აგრეთვე დასაბუთებულად ამტკიცებს, რომ ტექნოლოგიური პროგრესი სრულყოფს ბუნების მოხმარების წესებს და უფრო რაციონალურად იყნებს მის შესაძლებლობებს, სამყარო უფრო სუფთა და უსაფრთხო ხდება, ხოლო საკვები პროდუქტები იწარმოება მსოფლიოს მზარდი მოსახლეობის გამოსაკვებად საჭირო რაოდენობაზე ბევრად მეტი. კრიტიკულობამ ავტორი ე.წ. ეკოლოგისტების ნომერ პირველ ინტელექტუალურ მოწინააღმდეგედ აქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

28. იერემია ბენთამი. “საკანონმდებლო საკრებულოების ტაქტიკა”.

1816 წელს დაწრილი ეს ნაშრომი დღემდე ინარჩუნებს სიხალასეს და პრაქტიკულ მნიშვნელობას. ის აყალიბებს საკანონდებლო ორგანოს ფუნქციონირების სახელმძღვანელო პრინციპებს: დისკუსიების წარმართვის და დეპუტატების ქცევის წესებს, კანონპროექტის მომზადების, განსახილველად გამოტანისა და ხმის მიცემის პროცედურებს. მოცემული წიგნის საფუძველზე მთელ მსოფლიოში მზადდება საპარლამენტო ცხოვრების გზამკვლევები და მეთოდოლოგიები

29. ჯინ კალაჰანი. “ეკონომიკა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის – ავსტრიული ეკონომიკის საფუძვლები”.

ნაშრომში ავსტრიული ეკონომიკური სკოლის პოზიციებიდან, თანმიმდევრულად არის გაშუქებული ეკონომიკური მეცნიერების საკითხები.

30. ფრედერიკ ბასტია. “ქურდობა კანონზე დაყრდნობით”.

ნაშრომი წარმოადგენს კრებულს, რომელშიც აქცენტი გაკეთებულია კანონზე და გადასახადებზე, როგორც იძულების და უსამართლობის იარაღზე.

ყველას, ვისაც ზემოთ წარმოდგენილი წიგნებისადმი ცნობის წადილი გაუჩნდა, მათ შორის იმათ ვინც თავს ინტელექტუალად მიიჩნევს და შესაბამისად წიგნები საკითხავად უყვარს, ვაცნობებ, რომ გამომცემლობა “სოციუმის” მიერ რუსულ ენაზე გამოცემული წარმოდგენილი ლიტერატურის შეძენა “ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” სემინარებზე შეიძლება

გამოქვეყნდა 2005 წელს

წყარო: ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო. თავისუფლების ბიბლიოთეკა. III. საკუთრება და თავისუფლება

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button