ეკონომიკაფილოსოფია

რობერტ ნოზიკი – რატომ უპირისპირდებიან ინტელექტუალები კაპიტალიზმს?

(გამოქვეყნდა 1986 წ.)

ინტელექტუალების მხრიდან კაპიტალიზმთან დაპირისპირება ისე ძლიერია, რომ გაკვირვებას იწვევს. მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე არც ერთი სხვა ჯგუფი არ ამჟღავნებს კაპიტალიზმისადმი ამგვარ უარყოფით დამოკიდებულებას.

სტატისტიკური თვალსაზრისით, ინტელექტუალები მკვეთრად გამოირჩევიან. ყველა ინტელექტუალი “მემარცხენე” არ არის. სხვა ჯგუფების მსგავსად, მათი მოსაზრებებიც არაერთგვაროვანია. მაგრამ მათ შემთხვევაში, აზროვნების ვექტორი პოლიტიკური მემარცხენეობისკენ არის წანაცვლებული და გადახრილი.

ინტელექტუალებში ყველა განათლებულ ადამიანს არ ვგულისხმობ, არც განათლების რაიმე დონეს, არამედ მათ, ვისი პროფესიაც სიტყვებით გამოხატულ აზროვნებას უკავშირდება, ვინც აზრს სხვებისთვის გასაგები სიტყვების ნაკადად აქცევს. ესენი კალამგარები არიან: პოეტები, ნოველისტები, კრიტიკოსები, ჟურნალისტები და პროფესორები. მათ შორის არ არიან ისინი, ვინც უმთავრესად რაოდენობრივად, ანუ მათემატიკურად ფორმულირებულ ინფორმაციას ქმნიან და ავრცელებენ (რიცხვთა ოსტატები), არც ისინი, ვინც ვიზუალურ მედიაში მუშაობენ – მხატვრები, სკულპტორები, ოპერატორები. ამ პროფესიის ადამიანები, კალამგარებისგან განსხვავებით, კაპიტალიზმს არ ეწინააღმდეგებიან. კალამგარები გარკვეულ სამსახურებრივ ადგილებში, კერძოდ აკადემიაში, მედიაში, სახელმწიფო ბიუროკრატიაში იყრიან თავს.

კაპიტალისტურ საზოგადოებაში კალამგარები მშვენივრად ცხოვრობენ. ახალი იდეებისთვის, მათი ჩამოყალიბების, გავრცელების, წაკითხვისა და განხილვისთვის დიდი თავისუფლება აქვთ. მათ პროფესიაზე დიდი მოთხოვნილებაა და მათი შემოსავალი საშუალოზე ბევრად მაღალია. მაშ, რატომ ებრძვიან ისინი კაპიტალიზმს? როგორც ზოგიერთი მონაცემი მოწმობს, რაც უფრო პერსპექტიული და წარმატებულია ინტელექტუალი, მით უფრო მეტად ეწინააღმდეგება კაპიტალიზმს. კაპიტალიზმის წინააღმდეგობა ძირითადად “მემარცხენეებიდან” მოდის, მაგრამ არა მხოლოდ. იატსი, ელიოტი და ფაუნდი საბაზრო საზოგადოებას მარჯვნიდანაც უტევდნენ.

კალამგართა წინააღმდეგობა სოციალური მნიშვნელობის ფაქტია. ისინი ჩვენს შეხედულებებსა და საზოგადოების იმიჯზე ახდენენ გავლენას; ისინი იმ პოლიტიკურ ალტერნატივებს განსაზღვრავენ, რომლებსაც ბიუროკრატები უგდებენ ყურს; მათი სამეცნიერო ნაშრომები თუ ცალკეული გამონათქვამები ჩვენი აზრების გამოხატვის საშუალებას იძლევა. მათი აზრი უდიდეს გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, რომლისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის ნათლად ჩამოყალიბებასა და გავრცელებას.

კაპიტალიზმის მოწინააღმდეგე ინტელექტუალთა სიმრავლეს ორი ახსნა აქვს. ერთი ფაქტორი საერთოა მხოლოდ ანტიკაპიტალისტი ინტელექტუალებისთვის. მეორე კი ყველა ინტელექტუალს ერთნაირად ესადაგება – ეს არის ძალა, რომელსაც ისინი ანტიკაპიტალისტური თვალსაზრისისკენ მიჰყავს. უბიძგებს თუ არა ეს ძალა რომელიმე კონკრეტულ ინტელექტუალს კაპიტალიზმის წინააღმდეგ, ეს მასზე მოქმედ სხვა გარემოებებზეა დამოკიდებული. თუმცა, მთლიანობაში, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ფაქტორი ანტიკაპიტალიზმს ყველა ინტელექტუალისთვის მისაღებს ხდის, ანტიკაპიტალისტების რიცხვი იზრდება. ჩვენი მოსაზრება სწორედ ამ მეორე ფაქტორს ეხება. შევეცდებით ის ფაქტორი დავადგინოთ, რომელიც ინტელექტუალებს ანტიკაპიტალისტურ განწყობილებებს უღვივებს, თუმცა არც ერთ კონკრეტულ შემთხვევაში მის გარანტს არ წარმოადგენს.

ინტელექტუალთა ფასი

სადღეისოდ ინტელექტუალები საზოგადოებაში ყველაზე დაფასებული ადამიანები არიან. ისინი სარგებლობენ პრესტიჟით, გააჩნიათ ძალაუფლება და დაჯილდოებული არიან მრავალი ღირსებით. ინტელექტუალებს მიაჩნიათ, რომ ისინი ამას იმსახურებენ. მაგრამ, კაპიტალისტური საზოგადოება, ზოგადად, ინტელექტუალებს ნაკლებად აფასებს. ლუდვიგ ფონ მიზესი ინტელექტუალების განსაკუთრებულ გულისწყრომას იმით ხსნის, რომ მუშებისგან განსხვავებით, ისინი სოციალურად წარმატებულ კაპიტალისტებს უტოლებენ თავს, უჩუმრად ედრებიან მათ და შეურაცხყოფად მიიჩნევენ, რომ მათზე ნაკლები სოციალური სტატუსი აქვთ. ასეთივე გულისწყრომას ისინიც გამოხატავენ, ვინც მათ სოციალურად ვერ უტოლდება, თუმცა ისინი, ვინც მდიდრებს ემსახურებიან და მათთან საქმე აქვთ, მაგ., სპორტისა და ცეკვის მასწავლებლები, აშკარად გამოხატული ანტიკაპიტალისტები არ არიან.

მაშ, რატომ მიაჩნიათ თავი თანამედროვე ინტელექტუალებს საზოგადოების უმაღლესი ჯილდოს ღირსად და რატომ ბრაზობენ, როდესაც შესაბამის ყურადღებას ვერ გრძნობენ? მათი აზრით, ისინი ყველაზე ღირებული, უმაღლესი დონის ადამიანები არიან და საზოგადოებამ შესაბამისად უნდა დააფასოს და ღირსების მიხედვით დააჯილდოვოს.

მაგრამ კაპიტალისტური საზოგადოება “ღირსებისა და თვითშეფასების მიხედვით” დაჯილდოების პრინციპს არ ეთანხმება. თავისუფალ საზოგადოებაში, საჩუქრების, მემკვიდრეობისა და სპეკულაციური მოგების მიღების გარდა, საბაზრო წილი ხვდება მას, ვინც საბაზრო მოთხოვნას აკმაყოფილებს. ამ წილის ოდენობა კი მოთხოვნისა და მიწოდების სიდიდეზეა დამოკიდებული. წარუმატებელი ბიზნესმენები და მუშებიც კი ისე არ მტრობენ კაპიტალისტურ სისტემას, როგორც კალამგარები. ამ მტრობას მხოლოდ არაღიარებული უპირატესობა, კუთვნილი უფლების წართმევა წარმოშობს.

რატომ ფიქრობენ კალამგარები, რომ ისინი ყველაზე ღირებული ადამიანები არიან და რატომ ფიქრობენ, რომ განაწილება ამის გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს? ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს უკანასკნელი პრინციპი სავალდებულო სულაც არ არის. განაწილება სხვა მოდელების მიხედვითაც ხდება, მაგ., თანაბრად, ზნეობრივი ღირსებების ან საჭიროების მიხედვით. სინამდვილეში, არ არის აუცილებელი, რომ საზოგადოება განაწილების რაიმე მოდელის მიღწევას ისახავდეს მიზნად, თუნდაც ეს საზოგადოება სამართლიანობაზე ზრუნავდეს.

განაწილება სამართლიანი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს, როდესაც ის სამართლიანად შეძენილი ქონებისა და გაწეული მომსახურების ნებაყოფლობითი ურთიერთგაცვლის შედეგად ხორციელდება. რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს ამ პროცესს, ის მაინც სამართლიანი იქნება, მაგრამ არ არსებობს კონკრეტული მოდელი, რასაც ეს შედეგი უნდა მოერგოს. მაშ, რატომ მიიჩნევენ კალამგარები თავს ყველაზე ღირებულ არსებებად და რატომ ეთანხმებიან ამ შეფასების მიხედვით განაწილების პრინციპს?

ინტელექტუალებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ მათი საქმიანობა ყველაზე ფასეულია. პლატონი გონებრივ ნიჭს სიმამაცესა და ინსტინქტებზე მეტად აფასებდა და მიიჩნევდა, რომ ფილოსოფოსებმა უნდა იმეფონო; არისტოტელე ამტკიცებდა, ინტელექტუალური მსჯელობა უზენაესი საქმიანობა არისო.

გასაკვირი არ არის, რომ შემორჩენილ ტექსტებში ინტელექტუალური საქმიანობის სწორედ ასეთ მაღალ შეფასებებს ვხვდებით. ადამიანები, ვინც ეს შეფასებები ჩამოაყალიბა და ეს ინტელექტუალთა მხარდაჭერის მიზნით დაწერა, სხვას რომ თავიდავანებოთ, თავად ინტელექტუალები იყვნენ და ამით თავს იქებდნენ. სხვები კი თავს არ იწუხებდნენ უკვდავი ნაწერების დასატოვებლად, ალბათ სხვა რამეს უფრო მეტად აფასებდნენ, ვიდრე აზრების სიტყვებით გადმოცემის ხელოვნებას, მაგალითად, ნადირობას ან ძალაუფლებას, ან თუნდაც მუდმივ განცხრომას. მხოლოდ ინტელექტუალებმა ჩამოაყალიბეს თეორია იმაზე, თუ ვინ იყო უკეთესი.

ინტელექტუალთა აღზრდა

რა ფაქტორი წარმოშობდა საკუთარი უპირატესობის შეგრძნებას ინტელექტუალურ ადამიანებში? მსურს თქვენი ყურადღება კონკრეტულად ერთ ინსტიტუტზე შევაჩერო – სკოლებზე. როდესაც მწიგნობრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა, სკოლები შემოიღეს, სადაც ახალგაზრდები წიგნის კითხვასა და მისი სიბრძნის შეცნობას ერთად სწავლობდნენ. ოჯახის გარეთ ახალგაზრდების ურთიერთობების ჩამოყალიბების მთავარი დაწესებულება სკოლა გახდა და იქ თითქმის ყველა მოაზროვნემ ისწავლა. წარმატებას მათ სწორედ იქ მიაღწიეს. მათ იქ სხვებს ადარებდნენ და საუკეთესოდ მიიჩნევდნენ. მასწავლებელთა ფავორიტები ქებას და ჯილდოს იმსახურებდნენ. აბა, როგორ ვერ შენიშნავდნენ ისინი თავიანთ უპირატესობას? მათი გამორჩეული აზროვნება და მახვილგონიერება ხომ ყოველდღიურად მათ განსაკუთრებულობას წარმოაჩენდა.

სკოლაში მიეჩვივნენ ისინი იმ აზრს, რომ სხვებზე უკეთესები იყვნენ. (გონებრივი) ღირსებების მიხედვით დაჯილდოების პრინციპიც სკოლაში ისწავლეს და ირწმუნეს. მათი გონებრივი ღირსებები შექებას, მასწავლებლის ღიმილს და უმაღლეს ნიშნებს იმსახურებდა. ყველაზე ჭკვიანებს სკოლა უფროს კლასებში სწავლის შესაძლებლობას სთავაზობდა.

მართალია, ამას ოფიციალური სასწავლო პროგრამა არ ითვალისწინებდა, მაგრამ ისინი სწორედ სკოლაში იღებდნენ სხვებთან შედარებით საკუთარი პიროვნების აღმატებულების გაკვეთილებს და იმაზე ფიქრობდნენ, თუ როგორ უნდა გადაექციათ ეს შეფასება უფრო დიდ ჯილდოდ. თუმცა, ფართო საბაზრო საზოგადოება მათ სხვა გაკვეთილს უმზადებდა. უდიდესი ჯილდო იქ ყველაზე ენაწყლიანს როდი ერგებოდა. იქ ინტელექტუალური ნიჭი დიდად არ ფასობდა. ინტელექტუალებმა ირწმუნეს საკუთარი უპირატესობა და სჯეროდათ, რომ ყველაზე დიდი ჯილდო მათ ერგებოდათ. მაგრამ, როგორ არ გაბრაზდებოდნენ კაპიტალისტურ საზოგადოებაზე, რომელმაც სწორედ ის დამსახურება დაუკარგათ, რაც მათ თვითშეგნებას ქმნიდა? გასაკვირია განა, რომ ნასწავლ ინტელექტუალებს კაპიტალისტური საზოგადოების მიმართ ძალიან მტრული გრძნობა ჰქონოდათ? მართალია, ამას ხალხის დასანახად სხვადასხვა შესაბამის მიზეზს უდებდნენ სარჩულად, მაგრამ, როდესაც ეს მიზეზები ადეკვატური არ იყო, მაინც არ ჩერდებოდნენ.

როდესაც ვამბობ, რომ ინტელექტუალებს, საერთოდ, საზოდგადოებაში არსებულ უმაღლეს ჯილდოს ღირსად მიაჩნიათ თავი (სიმდიდრე, სტატუსი, და ა.შ.), არ ვგულისხმობ, რომ მათთვის ასეთი ჯილდო დიდ კეთილდღეობას ნიშნავს. შეიძლება ისინი ინტელექტუალური საქმიანობისთვის დამახასიათებელ ჯილდოს ან საუკუნო პატივისცემას უფრო მეტად აფასებენ. რაც უნდა იყოს, მათ მიაჩნიათ, რომ მთელი საზოგადოებისგან უდიდეს დაფასებას იმსახურებენ, რაც შეიძლება უმნიშვნელო იყოს, მაგრამ ყველაზე დიდი და საუკეთესო ჯილდოა, რაც საზოგადოებას შეუძლია მათ მიაგოს. იმ ჯილდოებზე ყურადღების გამახვილებას არ ვაპირებ, რაც ინტელექტუალების ჯიბეებისკენ პოულობს გზას და პირადად მათთან აღწევს.

რაკი ისინი თავს ინტელექტუალებად მიიჩნევენ, ის ფაქტი აღიზიანებთ, რომ ინტელექტუალურ საქმიანობას საკადრისად არ აფასებენ და აჯილდოებენ. ინტელექტუალს სურს, რომ მთელი საზოგადოება სკოლას, ანუ იმ გარემოს ჰგავდეს, სადაც წარმატებები და დაფასება ჰქონდათ. ფართო საზოგადოების სტანდარტებისგან განსხვავებული სასკოლო ჯილდოები მომავალში ზოგიერთების დაღმასვლას განაპირობებს. მათ, ვინც სკოლის იერარქიის სათავეში ყოფნას არიან შეჩვეული, მიაჩნიათ, რომ ასეთ მდგომარეობას მხოლოდ ამ მიკრო საზოგადოებაში კი არ იმსახურებენ, არამედ უფრო ფართო საზოგადოებაშიც, რომლის სისტემაც მათ აღიზიანებს, რადგან ის მათ თავიანთი სურვილისა და თვითშეფასების მიხედვით არ ეპყრობა. ამით სკოლის სისტემა ანტიკაპიტალისტურ გრძნობებს აღძრავს ინტელექტუალებში. უფრო სწორად, ის კალამგარობის უნარის მქონე ინტელექტუალებს აღუძრავს ანტიკაპიტალისტურ გრძნობებს. რატომ არ უვითარდებათ ციფრების ოსტატებს ასეთივე დამოკიდებულება? მე ვფიქრობ, მართალია, მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები შესაბამის გამოცდებზე კარგ ნიშნებს იღებენ, მაგრამ მასწავლებლის ისეთსავე ყურადღებას და მოწონებას არ იმსახურებენ, როგორც კალამგარობის უნარით დაჯილდოებულნი. მხოლოდ კალამგარობის უნარის გამო იმსახურებენ ისინი მასწავლებლის პირად ჯილდოს და, როგორც ჩანს, სწორედ ეს ჯილდო უყალიბებს მათ განსაკუთრებული ღირსების გრძნობას.

ცენტრალური მმართველობა საკლასო ოთახში

კიდევ ერთი რამ უნდა დავამატო. (მომავალი) კალამგარები წარმატებას სკოლის ფორმალური, ოფიციალური სოციალური სისტემის ფარგლებში აღწევენ, სადაც სათანადო ჯილდოების განაწილება მასწავლებლის ცენტრალური ძალაუფლების ქვეშ ხორციელდება. საკლასო ოთახების, დერეფნებისა და ეზოების ფარგლებში მეორე არაფორმალური სოციალური სისტემაც არსებობს, სადაც ჯილდოები არა ცენტრალური დირექტივით, არამედ სპონტანურად, სკოლის ამხანაგების ჟინისა და სურვილის მიხედვით რიგდება. აქ ინტელექტუალები ნაკლებ წარმატებას აღწევენ.

ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მომავალში ინტელექტუალებისთვის დოვლათისა და ჯილდოების ცენტრალიზებული განაწილების მექანიზმი უფრო მიმზიდველი იქნება, ვიდრე ბაზრის “ანარქია და ქაოსი”. სოციალისტურ საზოგადოებაში კაპიტალისტური საზოგადოებისთვის დამახასიათებელ სპონტანურ განაწილებას ცენტრალიზებული განაწილება ცვლის, საკლასო ოთახში კი, სკოლის დერეფნებისა და ეზოებისგან განსხვავებით, განაწილება მასწავლებლის ნებით ხდება.

ამ განმარტებაში ყურადღება არ გაგვიმახვილებია იმ გარემოებაზე, რომ სკოლების აკადემიური ზედაფენის უმრავლესობას (მომავალი) ინტელექტუალები შეადგენენ. ეს ჯგუფი შეიძლება უმთავრესად იმათგან შედგებოდეს, ვისაც კალამგარობის დიდი (მაგრამ არა უდიდესი) ნიჭი აქვს და, ამასთანავე, გარეგნული მომხიბვლელობა, დიდი თავაზიანობა, მეგობრულობა, გამარჯვებისკენ სწრაფვა და გარკვეული ნორმების დაცვის უნარიც (და მზაობაც) არ აკლია. ასეთი მოსწავლეები მასწავლებლებშიც დიდად ფასობენ და ფართო საზოგადოებასაც ძალიან კარგად ეწყობიან (ისინი სკოლის არაოფიციალურ სოციალურ სისტემასაც კარგად ერგებიან, ამიტომ, სკოლის ოფიციალური სისტემის ნორმების დიდი მომხრენი ვერ იქნებიან). ეს ახსნა იმ ჰიპოთეზას შეიცავს, რომ სკოლის (ოფიციალურ) ზედაფენაში არაპროპორციულად დიდია (მომავალ) ინტელექტუალთა ის ნაწილი, რომელთაც დაღმასვლა ელით, ან, უფრო სწორად, ის ჯგუფი, რომელიც თავის თავს თვითონვე უწინასწარმეტყველებს გაუარესებულ მომავალს. მტრობა უფრო ფართო სამყაროში გადასვლამდე და სტატუსის დაკნინებამდე წარმოიშობა – მაშინვე, როგორც კი გამჭრიახი მოსწავლე მიხვდება, რომ ის ფართო საზოგადოებაში (ალბათ) უფრო ნაკლებს მიაღწევს, ვიდრე სკოლაში.

სასკოლო სისტემის ეს გაუთვალისწინებელი შედეგი, ინტელექტუალთა ანტიკაპიტალისტური მიდრეკილება, რასაკვირველია, უფრო ძლიერდება, როდესაც მოსწავლეებს ის ინტელექტუალები ასწავლიან, ვინც თავად ანტიკაპიტალისტურად არის განწყობილი. ეჭვგარეშეა, ზოგიერთი კალამგარი ინტელექტუალი სკოლაში სწავლისას შარიანი და ჭირვეული იქნებოდა და, ამიტომ, მასწავლებლებს ათვალწუნებული ეყოლებოდათ. შესაბამისად, შესაძლოა, სასკოლო სისტემისადმი წყრომა მათ თავიდანვე გაუჩნდათ, რადგან გააცნობიერეს, რომ უმაღლესი ჯილდო, მასწავლებელთა აზრით, საუკეთესოს ერგებოდა, არადა, ისინი მასწავლებელთა საპირისპიროდ ფიქრობდნენ, რომ საუკეთესონი სწორედ თვითონ იყვნენ. ცხადია, ამ და აქ განხილულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენი ჰოპოთეზის დასახვეწად და შესამოწმებლად, მომავალი კალამგარი ინტელექტუალების სასკოლო ცხოვრების მონაცემები გვჭირდება.

ზოგადი მოსაზრებით, საკამათოც არ არის ის, რომ სკოლაში მოქმედი წესები ადამიანის ნორმატიულ რწმენაზე მას შემდეგაც ახდენს გავლენას, რაც ის სკოლას დატოვებს. ბოლოს და ბოლოს, ოჯახის შემდეგ სკოლა ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური გარემოა, სადაც ბავშვები საზოგადოებასთან ურთიერთობას ეჩვევიან და, ამდენად, მას მათი უფრო დიდი საზოგადოებისთვის მომზადების საქმეში შეაქვს წვლილი. გასაკვირი არ არის, რომ სკოლაში წარმატებულები განაწყენებული იქნებიან იმ საზოგადოებაზე, რომელსაც სხვა ნორმები შემოაქვს და რომელსაც მათთვის იგივე წარმატება არ მოაქვს, რაც სასკოლო ნორმებს. იმ დროს, როდესაც სწორედ ისინი ქმნიან საზოგადოების სახეს, გასაკვირი არც ის იქნება, რომ საზოგადოებრივი აზრი ამ საზოგადოებისვე საწინააღმდეგოდ შეტრიალდეს.

თქვენ რომ საზოგადოების ჩამოყალიბებით იყოთ დაკავებული, არ დაუშვებდით, რომ კალამგარები, მთელი მათი გავლენის გათვალისწინებით, საზოგადოების ნორმების მოწინააღმდეგეებად აღზრდილიყვნენ. ანტიკაპიტალისტურად განწყობილი ინტელექტუალების არაპროპორციულობის მიზეზის ჩვენეული ახსნა ძალიან სარწმუნო სოციოლოგიურ განზოგადებას ეყრდნობა.

იმ საზოგადოებაში, სადაც ბავშვები პირველად ისეთ ოჯახსგარე სისტემაში ან ინსტიტუტში შედიან, რომელიც მათ ჯილდოებს ურიგებს, ყველაზე უკეთესები ამ ინსტიტუტის ნორმების გათავისების მომხრენი იქნებიან და იმედი ექნებათ, რომ უფრო ფართო საზოგადოებაც ამ ნორმების მიხედვით იმუშავებს; ისინი ამ ნორმების მიხედვით მიიჩნევენ, რომ კუთვნილი წილის ღირსები არიან ან (უკიდურეს შემთხვევაში) იმ მდგომარეობის ღირსნი, რასაც ეს ნორმები უქმნით. ამას გარდა, ისინი, ვინც ამ პირველი ოჯახსგარე ინსტიტუტის იერარქიის ზედაფენას შეადგენენ და უფრო ფართო საზოგადოებაში გასვლის შემდეგ მდგომარეობას იუარესებენ (ან დაღმასვლას მოელიან), იმედგაცრუების გამო, უფრო ფართო სოციალურ სისტემას წინააღმდეგობას უწევენ და მის ნორმებს მტრობენ.

საყურადღებოა, რომ ეს დეტერმინისტული კანონი არ არის. ამ სისტემას ყველა არ ეწინააღმდეგება, ვინც სოციალურ დაღმასვლას განიცდის, მაგრამ დაღმასვლა ისეთი ფაქტორია, რომელიც ამ მხრივ დიდ გავლენას ახდენს და ამიტომ, მთლიანობაში, განსხვავებული მიდგომები იჩენს თავს. შეიძლება გამოვყოთ ის გზები, რითაც ზედაფენა დაღმა მიექანება: შეიძლება მან მეორე ჯგუფზე ნაკლებს მიაღწიოს ან (თუ მას ვერც ერთი ჯგუფი ვერ ჯაბნის) შეიძლება განვითარებაშიც შეფერხდეს და მათზე მეტს ვერ მიაღწიოს, ვინც ადრე მათზე უკან იყო. ეს ის პირველი მარცხია, რაც ყმაწვილების განსაკუთრებულ გაღიზიანებას და გულისწყრომას იწვევს; მეორე სახის დაღმასვლა კი გაცილებით უფრო ასატანია. მრავალი ინტელექტუალი თანასწორობას ემხრობა; ინტელექტუალთა მხოლოდ მცირე ნაწილი მოითხოვს ინტელექტუალთა არისტოკრატიის ჩამოყალიბებას. ჩვენი ჰიპოთეზა კაპიტალისტური სისტემისადმი განსაკუთრებული წყენისა და დაპირისპირების მიზეზად პირველი სახის დაღმასვლას მიიჩნევს.

სასკოლო სისტემა შემდგომი წარმატებისთვის მხოლოდ ზოგიერთი სახის ნიჭს აღიარებს და აჯილდოებს, ამიტომ, მისი დაჯილდოების სისტემა ფართო საზოგადოების დაჯილდოების სისტემისგან განსხვავდება. ამის გამო, სკოლიდან ფართო საზოგადოებისკენ მიმავალი ზოგიერთი ახალგაზრდა აუცილებლად განიცდის სოციალურ დაღმასვლას და ამის თანმდევ შედეგებს იმკის. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ინტელექტუალებს სურთ, მთელი საზოგადოება სკოლას ჰგავდეს. ახლა გასაგებია, იმედგაცრუების მიერ მოგვრილი წყენა იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ სკოლა (როგორც სპეციალიზებული ოჯახსგარე სოციალური სისტემა) საზოგადოების უმნიშვნელო ფაქტორს არ წარმოადგენს. გამოდის რომ ჩვენი ახსნა სკოლაგამოვლილი ინტელექტუალების ნებისმიერი საზოგადოების, როგორც კაპიტალისტურის, ისე კომუნისტურის მიმართ (არაპროპორციულ) გულისწყრომაზე მიანიშნებს (კაპიტალისტურ საზოგადოებაში ინტელექტუალები მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის სხვა ჯგუფებთან შედარებით, ბევრად უფრო გააფთრებით ეწინააღმდეგებიან კაპიტალიზმს. სხვა საკითხია, თუ რამდენად არაპროპორციულია მათი წინააღმდეგობა სხვა საზოგადოების წევრი ინტელექტუალების მიერ შესაბამისი საზოგადოებისადმი წინააღმდეგობის ხარისხთან შედარებით).

ამდენად, ცხადია, ცნობები კომუნისტური ქვეყნების სახელმწიფო აპარატის თანამშრომლების მიმართ ინტელექტუალთა დამოკიდებულების შესახებ მეტად მნიშვნელოვანი იქნება; გასარკვევია, უპირისპირდებიან კი იქაური ინტელექტუალები იმ სისტემას? ჩვენს ჰიპოთეზას დახვეწა სჭირდება, რადგან ის ყველა საზოგადოებას არ ესადაგება (ან სრულად არ ესადაგება). განა გარდაუვალია, რომ ყველა საზოგადოების სასკოლო სისტემა წარმოშობდეს ანტისაზოგადოებრივ მეამბოხეებს იმ ინტელექტუალებს შორის, ვინც თავიანთი საზოგადოებისგან სათანადო აღიარებით არ სარგებლობენ? ალბათ, არა. კაპიტალისტური საზოგადოება განსაკუთრებულია.

ის ღიად აცხადებს, რომ მხოლოდ ნიჭიერებას, დამოუკიდებელ ინიციატივას და პიროვნულ ღირსებას მიესალმება და უჭერს მხარს. საგვარეულო ციხე-კოშკში მიღებული აღზრდა, ანუ ფეოდალური საზოგადოება არ წარმოშობს იმ მოლოდინს, რომ ჯილდო პიროვნულ ღირსებას უნდა შეესაბამებოდეს. მიუხედევად იმისა, რომ ჯილდოს მოლოდინი უკვე არსებობს, კაპიტალისტური საზოგადოება ხალხს მხოლოდ იმდენად აჯილდოებს, რამდენადაც თავად ისინი აკმაყოფილებენ საბაზრო მოთხოვნას; იქ ჯილდო ეკონომიკური წვლილის და არა პიროვნული ღირსების მიხედვით ენიჭებათ. მაგრამ ეს საკმაოდ ახლოსაა ღირსების მიხედვით დაჯილდოების იმ გაგებასთან, რომელსაც სკოლებში ნერგავენ (ხშირად ღირსებასა და დამსახურებას ერთმანეთში ურევენ). უფრო ფართო საზოგადოების ხასიათი იმდენად ახლოსაა სკოლის ხასიათთან, რომ ეს სიახლოვე უკმაყოფილებას წარმოშობს. კაპიტალისტურ საზოგადოებაში პიროვნულ მიღწევებს აჯილდოებენ, ან აცხადებენ რომ აჯილდოებენ, და, ამგვარად, განსაკუთრებულად გამწარებულს ტოვებენ იმ ინტელექტუალებს, რომლებიც თავს ყველაზე ღირსეულად, გამორჩეულად საუკეთესოდ მიიჩნევენ.

ვფიქრობ, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც გარკვეული როლი ენიჭება. სკოლები ამგვარი ანტიკაპიტალისტური დამოკიდებულების ჩამოყალიბებისკენ მიდრეკილებას მით უფრო ავლენენ, რაც უფრო მრავალფეროვანი ხალხი სწავლობს იქ. როდესაც თითქმის ყველა ეკონომიკურად ძლიერი მოსწავლე სხვადასხვა სკოლაში ისწავლის, ინტელექტუალებს საკუთარი უპირატესობის შეგრძნება აღარ გაუჩნდებათ. მაგრამ, როგორც კი კალამგარობის უნარის მქონე მოწაფეთა გვერდით ბევრი ისეთი მოსწავლეც ივლის, რომელიც მომავალში ეკონომიკურად წარმატებული მეწარმე გახდება, საფუძველი გაჩნდება, რომ, მოგვიანებით, ინტელექტუალებმა გულისწყრომით გაიხსენონ, თუ როგორ სჯობდნენ ისინი სწავლაში იმ თანატოლებს, რომლებმაც უფრო მეტ სიმდიდრეს და ძალაუფლებას მიაღწიეს. ღია საზოგადოებას მეორე შედეგიც ახლავს, მოსწავლეებმა, მომავალმა კალამგარებმა და სხვებმაც, არ იციან თუ რას მიაღწევენ მომავალში.

მათ შეუძლიათ ნებისმიერი განვითარების იმედი იქონიონ. დახურული საზოგადოება თავიდანვე ანგრევს ამ იმედებს. ღია კაპიტალისტურ საზოგადოებაში მოსწავლეები თავიდან შეზღუდული არ არიან განვითარებასა და სოციალურ წინსვლაში; საზოგადოება ღიად აცხადებს, რომ მწვერვალს ყველაზე მარჯვე და ღირსეული მიაღწევს. სწავლაში ყველაზე ნიჭიერებს კი საკუთარი სკოლა ატყობინებს, რომ ისინი ყველაზე ღირსეულნი არიან და ყველაზე დიდ ჯილდოს იმსახურებენ. მოგვიანებით, ეს ყველაზე ნაქები და იმედით აღსავსე მოსწავლეები დაინახავენ, რომ მათი ნაცნობი თანატოლები, რომლებიც ნაკლებ ღირსეულად მიაჩნდათ, მათზე მაღლა აიწევენ და ყველაზე გამორჩეულ ჯილდოს მიიღებენ, რის ღირსადაც მათ საკუთარი თავი მიაჩნდათ. განა გასაკვირია, რომ ისინი ამ საზოგადოებას დაუპირისპირდებიან?

სხვა ჰიპოთეზები

ჩვენ უკვე ცოტათი დავხვეწეთ ჩვენი ჰიპოთეზა. ინტელექტუალებში (კალამგარებში) ანტიკაპიტალისტურ განწყობილებას ფორმალური სკოლები კი არა, სპეციფიკური კონტექსტის მქონე ფორმალური სწავლება განაპირობებს. ეჭვგარეშეა, ამ ჰიპოთეზას კიდევ დახვეწა სჭირდება. მაგრამ საკმარისია. დროა, ეს ჰიპოთეზა სოციალურ მეცნიერებაზე გადავიტანოთ, რომ თეორიული მსჯელობა კაბინეტიდან გამოვიტანოთ და მათ მივაწოდოთ, ვინც უფრო კონკრეტულ ფაქტებსა და მონაცემებს დაეყრდნობა. მაგრამ შეგვიძლია ზოგიერთი სფერო მივუთითოთ, სადაც ჩვენი ჰიპოთეზა შეიძლება ყველაზე უკეთესად დასაბუთდეს. ჯერ ერთი, შესაძლებელი გახდება იმის განჭვრეტა, რომ რაც უფრო მერიოკრატულია ქვეყნის სასკოლო სისტემა, მით უფრო მეტი მემარცხენეები არიან მის აღზრდილ ინტელექტუალებში (მაგალითად, საფრანგეთი). მეორეც, ინტელექტუალებს, ვინც სკოლაში “გვიან გამოანათა”, განვითარებული არ ექნებათ ის შეგრძნება, რომ უმაღლესი ჯილდო ეკუთვნით. ამიტომ, ასეთ ინტელექტუალებში ანტიკაპიტალიზმის უფრო დაბალი ხარისხი იქნება, ვიდრე მათ შორის, ვინც თავიდანვე გამოირჩეოდნენ წარმატებებით. მესამე, ჩვენი ჰიპოთეზა იმ საზოგადოებით შემოიფარგლება (ინდური კასტური საზოგადოებისგან განსხვავებით), სადაც წარმატებულ სტუდენტებს შეუძლიათ შემდგომში უფრო ფართო საზოგადოებაში შესაბამის წარმატებას მოელოდნენ. ადრე, დასავლეთში, სავარაუდოდ, ქალებს ამის იმედი ვერ ექნებოდათ. ამიტომ, მოსალოდნელი არ იყო, რომ ქალ სტუდენტებს აკადემიურ ზედაფენაში შეეღწიათ, სანამ ვითარება საპირისპიროდ არ შეიცვალა და დაღმასვლის შედეგად მათ ისეთივე ანტიკაპიტალისტური განწყობილება არ გამოამჟღავნეს, როგორსაც მამაკაცი ინტელექტუალები ამჟღავნებდნენ. მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ რაც უფრო მეტად იწონებს თავს საზოგადოება ქალისა და მამაკაცის თანასწორი სამსახურებრივი უფლებებით, მით უფრო მეტად ავლენენ ქალი ინტელექტუალები ისეთსავე მკვეთრ ანტიკაპიტალისტურ განწყობილებებს, როგორც მამაკაცები.

ზოგიერთ მკითხველს შეიძლება ეჭვი შეეპაროს ინტელექტუალთა ანტიკაპიტალისტური განწყობილების ამგვარ ახსნაში. ასეა თუ ისე, მე ვფიქრობ, მნიშვნელოვან ფენომენს მივაგენით. სოციოლოგიური განზოგადება, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ, აშკარად უდავოა; სიმართლე რაღაც ამდაგვარი უნდა იყოს. ამგვარად, სასკოლო ზედაფენები ისეთი მნიშვნელობის გავლენას ახდენს, რაც სოციალურ დაღმასვლას იწვევს და ფართო საზოგადოების მიმართ ერთგვარ ანტაგონიზმს წარმოშობს. და თუ ეს ასე არ არის, მაშ რა ახდენს გავლენას ინტელექტუალების მძაფრ წინააღმდეგობაზე? იმ ამოუცნობი ფენომენით დავიწყეთ, რაც ახსნას საჭიროებდა და, ვფიქრობ, ამხსნელ ფაქტორს მივაკვლიეთ (რაკი დავამტკიცეთ), რომელიც ისე აშკარაა, რომ, გვჯერა, მრავალ რეალურ ფენომენს ახსნის.

წყარო: თავისუფლების ბიბლიოთეკა – ტომი IV. ინტელექტუალები, განათლება და თავისუფლება, თავისუფალი ეკონომიკური სკოლა

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button