ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

ჯემალ ქარჩხაძე – სასწაული

ოთახში ორნი იყვნენ: გია ბარბაქაძე, ცამეტი წლის ბიჭი, და მისი დაუძინებელი მტერი რაჟდენ კაპანაძე. ბიჭი მაგიდის ერთ მხარეს იდგა, მხრებში აწურულიყო, ცდილობდა მშვიდი და გულგრილი გამომეტყველება მიეღო და მოსალოდნელ განსაცდელს მხნედ შეხვედროდა. მოსალოდნელი განსაცდელის სათავე კი, დაჭმუჭნილ შარვალ-ხალათში გამოწყობილი ბერიკაცი, სკამზე ნებივრად გადაწოლილიყო, ფეხი ფეხზე შემოედო და ფეხსაცმლის წვერს ნერვებისმომშლელად აქნევდა. იდაყვში მოხრილი მარცხენა ხელი სკამის ზურგისათვის ჩამოეყრდნო, ხოლო მარჯვენაში თავისი სახელგანთქმული უბის წიგნაკი ეჭირა და მაგიდაზე აკაკუნებდა. მაშ ასე, მოწინააღმდეგეთა სახეები თვალნათლივ მოწმობდა, რომ ბრძოლა უთანასწორო იყო. ამ უთანასწორობას ყველაზე უკეთ თვითონ გია ბარბაქაძე გრძნობდა და დიდრონ, თაფლისფერ თვალებში შესაფერისი შიშიც ეხატებოდა, მაგრამ მისი ასაკისათვის დამახასიათებელი სიჯიუტის გამო საკუთარ თავსაც არ უმხელდა სიმართლეს. იგი ცამეტი წლის ბიჭი იყო და ცამეტი წლის განმავლობაში უქმად კი არ დაეხეტებოდა ამ ცოდვილ მიწაზე! ცხოვრებამ ბევრი რამ ასწავლა და დიახაც მტკიცედ ჰქონდა შეთვისებული ფასდაუდებელი მცნება, რომ, როდესაც ყველა გზა მოჭრილია, როდესაც უბედურების აცილება სრულიად უიმედო საქმეა, უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე და გულგრილობა და მორალურად მაინც გაიმარჯვო მოწინააღმდეგეზე. ასეთ ფიქრებს მისცემოდა უსამართლობის საბრალო მსხვერპლი, და ეს ფიქრები, უნდა ითქვას, მთლად თავისუფალი არ ყოფილა მოჭარბებული პათეტიკისაგან. ორთაბრძოლა მიმდინარეობდა რაჟდენ კაპანაძის ბინაზე, პატარა ოთახში. მხარმაცხნივ რკინის საწოლი იდგა, პირდაპირ – პატარა კარადა, კარადის მახლობლად – ტელეფონი, მხარმარჯვნივ კი შავი ქაღალდი იყო გაკრული, რომელიც მარტო თავისი ფერით კი არ ამძიმებდა ატმოსფეროს, არამედ იმითაც, რომ დაფის მოვალეობას ასრულებდა და ამ იმპროვიზებულ დაფაზე მალე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა უნდა გამართულიყო გია ბარბაქაძესა და გეომეტრიულ ამოცანებს შორის. გარდა ამ ნაკლებ საინტერესო საგნებისა, საწოლის თავზე იყო კიდევ ერთი, შედარებით მნიშვნელოვანი რამ, კერძოდ, ფანჯარა, საიდანაც დაკარგული თავისუფლება მოჩანდა. ფანჯრის იქით ათი იმათგანი, ვინც თავის ტანჯულ სიცოცხლეს მესამე სკოლის მერხებზე აღამებდა, მალე ჩაიცვამდა ცისფერ მაისურებს (ზედ რომ ოქროსმარჯვენიანი, მაგრამ მაინც მეტიჩარა გოგოს, ნათია გოგიაშვილის ხელით ლამაზად იყო ამოქარგული ნომრები), ხოლო მეთერთმეტე, ცენტრალური თავდამსხმელი, მთავარი ბომბარდირი და გუნდის კაპიტანი ამ მძიმე ჟამს, როდესაც პირველობის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, უსახელოდ იღუპებოდა გეომეტრიის ბასრ მარწუხებში. გუშინ, გაკვეთილების დამთავრებისას, მან შეიტყო თავისი მძიმე ხვედრი, შეიტყო, რომ დღევანდელი დღე, ერთადერთი თავისუფალი დღე კვირაში, დაკარგული ჰქონდა და, როგორც სასიკვდილოდ დაჭრილ მთავარსარდალს შეეფერება, თანამებრძოლებს უკანასკნელი დარიგება მისცა: კაპიტნის მაგივრად ენუქიძე გამოვიდოდა მოედანზე და მარჯვენა ფრთაზე ითამაშებდა, ხოლო მამალაძე ცენტრში გადაინაცვლებდა. ამასობაში იქნებ თვითონაც მიესწრო. ასეთი იყო საბოლოო დარიგება, თუმცა ეს უკანასკნელი ფრაზა, ცოტა არ იყოს, ცალყბად მიაყოლა მიმავალ მეგობრებს, რადგან კარგად იცოდა, რომ მას განხორციელება არ ეწერა. როგორც ზემოთაც ვთქვით, მისთვის უქმად არ ჩაუვლია ცამეტ წელს: ცხოვრებამ დიდი გამოცდილება შესძინა და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სასწაულები არც ისე ხშირად ხდება, როგორც ზღაპრებში წერია, უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, სულაც არ ხდება. პატარაობისას ასე არ ფიქრობდა, პატარაობისას ყოველდღე სასწაულს ელოდა და ეჭვიც კი არ ეპარებოდა, რომ დღეს-ხვალ ყველაფერი შეიცვლებოდა: ან გადაბრუნდებოდა ქვეყანა, ან გადმობრუნდებოდა, ან სხვა რამე მოხდებოდა არანაკლებ მნიშვნელოვანი. სინამდვილეში კი ყოველი პირველი დღე გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მეორეს. რაჟდენ კაპანაძე არ იქნებოდა, პარმენ კვინიკაძე იყო. შუა გაკვეთილამდე ყველა ძველ მასალას კითხულობდა, შუა გაკვეთილის შემდეგ ყველა ახალ მასალას ხსნიდა. ყველას ეჭირა უბის წიგნაკი ხელში და ყველამ იცოდა ორიანების წერა. მართალია, რაჟდენ კაპანაძის უბის წიგნაკი გაცილებით უფრო სქელი იყო, ვიდრე ყველა დანარჩენისა ერთად, მაგრამ, სამაგიეროდ, რაჟდენ კაპანაძეს ამ ერთი უბის წიგნაკში ჰქონდა მოქცეული ყველა ორიანი, რაც კი თავის სიცოცხლეში დაეწერა. ასე მიღოღავდა დღეები. არავითარი ცვლილება, არავითარი მრავალფეროვნება. დირექტორი რა არის, დირექტორიც კი არ შეცვლილა, რაც გია ბარბაქაძე მესამე სკოლაში სწავლობდა. ცხადია, ყოველივე ამან მალე დაარწმუნა ჩვენი გმირი, რომ თუ ცხოვრებაში, საერთოდ, ხდება სასწაული, ხდება ძალიან იშვიათად, საუკუნეში ერთხელ. ახლა წინ მხოლოდ გეომეტრია იყო, მრავალკუთხედები, პარალელეპიპედები, სამკუთხედები თავისი ბისექტრისებით, მახვილი და ბლაგვი კუთხეებით და ღმერთმა იცის, კიდევ რით, – ამდენი რომ სცოდნოდა, ახლა აქ არ იქნებოდა გია ბარბაქაძე, ცისფერი მაისურა ეცმებოდა, ზედ რომ იმ მეტიჩარა ნათიამ ლამაზად ამოქარგა ცხრიანი, და, რა ღმერთი გაუწყრებოდა, მეშვიდეკლასელების კარში ერთი ბურთი არ გაეტანა. გია ბარბაქაძე ერთბაშად გამოერკვა ფიქრებიდან და მთელი ყურადღება მასწავლებლის მარჯვენა ხელზე გადაიტანა. საქმე ისაა, რომ რაჟდენ კაპანაძემ თავისი უბის წიგნაკი უფრო მაღლა ასწია მაგიდიდან, ვიდრე დაკაკუნებისათვის იყო საჭირო. მაგრამ შიში ნაადრევი გამოდგა: მასწავლებელმა უბის წიგნაკი მარცხენა ხელში გადაინაცვლა. მარჯვენათი ცხვირსახოცი ამოიღო და მელოტ თავზე ოფლი მოიწმინდა. მერე ცხვირსახოცი თავის ადგილას ჩადო, უბის წიგნაკი კვლავ მარჯვენა ხელში ჩაბღუჯა და ნერვებმომშლელი კაკუნი განაგრძო: ამ გადანაცვლება-გადმონაცვლებაში გია ბარბაქაძემ იდროვა და საათს შეხედა. ორი საათი იყო: მაშასადამე, პირველი სკოლის მოედანზე მალე გაჩაღდებოდა ცხარე ბრძოლა. გია ბარბაქაძე კი… ამ დროს მასწავლებელმა კვლავ აღმართა მსახვრალი მარჯვენა, ფეხის ქნევა შეწყვიტა და ცოდვებით დამძიმებული უბის წიგნაკი იმ ადგილას გადაშალა, სადაც უკანასკნელი ორიანი ეწერა. მერე თეთრი, დაფანჩული წარბები ასწია, თვალები მოჭუტა და გია ბარბაქაძეს ქვემოდან ახედა.

– მდაა… აბა, გიორგი ნიკიფოროვიჩ!

გია ბარბაქაძეს იმის გამო კი არ სძულდა ეს კაცი, რომ უზომოდ სქელი უბის წიგნაკი ჰქონდა და ორიანების წერისადმი განსაკუთრებულ მიდრეკილებას იჩენდა. არა, ღმერთმანი. ორიანების წერა ვის ეზარება! ასეთი მასწავლებელი, ალბათ, არც არსებობს და თუ არსებობს, საუკუნეში ერთხელ იბადება. ორიანების წერისათვის როგორ შეიძლება კაცის შეძულება! რაჟდენ კაპანაძე სწორედ ამ “გიორგი ნიკიფოროვიჩით” იმსახურებდა სიძულვილს. როდესაც მეექვსეკლასელებმა გაიგეს, გეომეტრიის მასწავლებლად რაჟდენ კაპანაძეს გვინიშნავენო, აუწერელი ჟრიამული შეექნათ: ყველას აინტერესებდა ახალი მასწავლებლის ნახვა. და აი, დირექტორმა შემოიყვანა იგი, დაჭმუჭნილ შარვალ-ხალათში გამოწყობილი ჩია მოხუცი, გამოაცხადა, დღეის ამას იქით გეომეტრიას პატივცემული რაჟდენი გასწავლითო და შეატოვა ხელში ცნობისმოყვარეობით ანთებულ ბავშვებს. ახალმა მასწავლებელმა ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო, ოფლი მოიწმინდა და ხელახლა წარუდგა თავის მომავალ სამწყსოს, რადგან, როგორც ეტყობა, დირექტორის წარდგენა საკმარისად არ ჩათვალა. მე გახლავართ რაჟდენ კაპანაძეო – ისეთი ხმით გამოაცხადა, თითქოს ეს “რაჟდენ კაპანაძე” სულ ცოტა, ნაპოლეონ ბონაპარტეს მაინც ნიშნავდა. მაშინ მესამე მწკრივის ბოლოსწინა მერხიდან წამოდგა გია ბარბაქაძე, მძიმედ დაუკრა თავი მასწავლებელს და მშვიდად და მკაფიოდ ჩაუმარცვლა: “გიორგი ნიკიფოროვიჩი, პატ მასწ.” – მერე დიდი ღირსებით დაჯდა თავის ადგილას.

– გიორგი ნიკიფოროვიჩ, – აუღელვებლად უთხრა მასწავლებელმა, – თუ საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ, გთხოვთ კუთხეში დადგეთ და ფეხი არ მოიცვალოთ იქიდან გაკვეთილის დამთავრებამდე. ახალ მასწავლებელს ლაპარაკის დროს ტუჩის კუთხეები ქვემოთ ეწეოდა, სიტყვებს რაღაც უცნაურად, ჭადივით აბრტყელებდა და პირიდან ნაწილ-ნაწილ ამოჰქონდა, როგორც ილუზიონისტს ამოაქვს ხოლმე ფერადი ლენტი. “გიორგი ნიკიფოროვიჩ, ლოგინი ხომ არ გაგიშალოთ?” – ჰკითხა მასწავლებელმა ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც კუთხეში ატუზულ ბიჭს საბოლოოდ მობეზრდა მარტო ყოფნა და ერთი ლაზათიანად დაამთქნარა. მაშინ ეს “გიორგი ნიკიფოროვიჩი” მოსწავლეებმა ოხუნჯობად მიიღეს, მაგრამ რვა თვე რომ გავიდა და რაჟდენ კაპანაძე კი დაუღალავად იმეორებდა – “გიორგი ნიკიფოროვიჩ” და “გიორგი ნიკიფოროვიჩო”, ყველა მიხვდა, რომ გეომეტრიის მასწავლებელი არავითარ ზომას და საზღვარს არ ცნობდა. თან მხედველობაში იქონიეთ – თვითონ მუდამ ნებივრადაა გადაწოლილი სკამზე, ფეხი ფეხზე შემოუდვია, ნერვებისმომშლელად აქნევს ფეხსაცმლის წვერს, ხელში თავისი ურჩხული-უბის წიგნაკი უჭირავს და, ძებნა რომ არ დასჭირდეს, საჩვენებელი თითი იმ ადგილას აქვს ჩადებული, სადაც უკანასკნელი ორიანი წერია. თუ ბიჭი ხარ, შეიყვარე ასეთი მასწავლებელი! გია ბარბაქაძემ ერთი პირობა გადაწყვიტა, გენერალური ბრძოლა გაემართა ბოროტ ძალასთან და პრინციპულად არ ესწავლა გეომეტრია, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა, გარდა იმისა, რომ უბის წიგნაკში კატასტროფულად მომრავლდა ორიანები. რას იზამ, ბრძოლა თავიდანვე უთანასწორო იყო. მაშინ პატარა ოპოზიციონერი წვრილ-წვრილ კენწლაობაზე და პარტიზანულ ბრძოლაზე გადავიდა. მან წინასწარვე იცოდა, რომ დამარცხება არ ასცდებოდა და ცდილობდა, ამ დამარცხების საფასურად, რაც შეიძლება მეტი უსიამოვნება მიეყენებინა უფლებამოსილი მოწინააღმდეგისათვის, ენამახვილობაზე ერთობ თავისებური წარმოდგენა რომ ჰქონდა. მაგალითად, ერთ დღეს (მაშინ მასწავლებელი ახალი დანიშნული იყო და თავის სამწყსოს ჯერ კიდევ კარგად არ იცნობდა) ასეთი ამბავი მოხდა: რაჟდენ კაპანაძე სიას კითხულობდა. როდესაც მისი გვარი დაასახელა, გია წამოდგა, მასწავლებელს უწყინარი თვალებით შეხედა და სრულიად მშვიდად, ისე რომ სახეზე ერთი ძარღვიც არ შეტოკებია, უთხრა: “არ არის, მასწ.” მასწავლებელი შეცბა, ფერმაც გადაჰკრა, ეტყობა, რაღაცას მიხვდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. მეორე დღეს კი, როდესაც თავისი ეჭვების სიმართლეში დარწმუნდა, გიას კლასში შემოსვლისთანავე დაეტაკა და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ავისმომასწავებლად გაბრტყელებული ხმით ჰკითხა: “გია ბარბაქაძე, რა გვარი ხარ?” როგორც ჩანს მასწავლებელი ძალიან გაბრაზებული იყო, რაკი ჩვეულ აბლანდულ-ჩაბლანდულ სტილს უღალატა. “ბარბაქაძე ვარ, მასწ.” – მშვიდად უპასუხა გიამ. “გუშინ რა გვარი იყავი?”, “გუშინაც ბარბაქაძე ვიყავი”, – მოწაფემ ხმაში ოდნავ გამომწვევი კილო შეაპარა. “აბა, თუ გუშინაც ბარბაქაძე იყავი, ხვალ მშობელი მოიყვანე და ისე მოდი. უტყუარი საბუთებით მინდა დავრწმუნდე, მართლა ბარბაქაძე ხარ თუ არა”. მაშინ გია ბარბაქაძემ თავი ჩაქინდრა და ხმადაბლა, დანაშაულში დაჭერილი კაცივით წაიბუტბუტა: “მშობლები არა მყავს, მასწ.” მასწავლებელს ღიმილი სახეზე შეაცივდა. ერთხანს არ განძრეულა და არც ხმა ამოუღია, ოღონდ ეს იყო, რომ ოდნავ შესამჩნევად თვითონაც ჩაქინდრა თავი. მერე რამდენჯერმე უხერხულად ჩაახველა, ნელა მიადგა ფანჯარას და კლასის სრულ დუმილში ხუთიოდე წუთი დაჰყო იქ. ბოლოს გია ბარბაქაძეს ხელით ანიშნა, დაჯექიო, ისე რომ მისკენ არ მიუხედავს, და ძლივძლიობით განაგრძო გაკვეთილი. ცოტა ხნის შემდეგ გიას გვერდით მჯდომი ბიჭი გამოიძახა დაფასთან, თვითონ კი მის ადგილას ჩამოჯდა და აკანკალებული ხელი კარგა ხანს ედო ობოლი ბიჭის თავზე. თქმით არაფერი უთქვამს. იმ გაკვეთილზე, საერთოდ, ძალიან ცოტა ილაპარაკა და არც ერთი ორიანი არ დაუწერია.

სამაგიეროდ მისი ცოფების ყრას საზღვარი არა ჰქონდა, როდესაც შეიტყო, რომ “ამ თითის სიგრძე ღლაპმა” ასეთი ოინი უყო. ღმერთმა იცის, რა უფრო აწიწმატებდა – რომ გააცურეს, თუ ამდენი სენტიმენტალობა რომ წყალში ჩაეყარა. ასე იყო თუ ისე, ამ კომედიას უშუალოდ მოჰყვა ორიანი პირველ მეოთხედში და ძალიან აღელვებული საუბარი გია ბარბაქაძის მამასთან (ამ საუბარს გია თვითონაც ესწრებოდა და, უნდა ითქვას, არც ერთი სულიერი მის ადგილას ყოფნას არ ინატრებდა მაშინ). სამწუხაროდ, ასეთი ოინები ერთობ ძვირი ჯდებოდა. გიას მამას რომ არაჩვეულებრივად მწარე ხელი ჰქონდა, ვინ არ იცის, მაგრამ ამას როგორმე აიტანდა კაცი. ბოლოს და ბოლოს ერთს მიგტყეპავდა და ამით ყოველგვარ ანგარიშს გაასწორებდა, ისე რომ გულში არავითარი ხინჯი აღარ რჩებოდა. მეორე წუთს უკვე დამშვიდებული სინდისით შეგეძლო მისულიყავი და კინოს ფული გეთხოვა. სულ სხვა იყო დედის ლექციები მორალის საკითხებზე. ნერვების მოშლის თვალსაზრისით ეს არაფრით არ ჩამოუვარდებოდა რაჟდენ კაპანაძის ოხუნჯობას. მერე განა დამშვიდდებოდა, ერთხელ რომ იყრიდა ჯავრს და გულს მოიოხებდა? თქვენც არ მომიკვდეთ! პაწაწკინტელა ცოდვას მთელი თვისათვის ანაწილებდა და წამალივით აძლევდა საწყალ ბიჭს დღეში თითო ლექციას. ხანდახან საქმე იქამდე მიდიოდა, სინდისს გეფიცებით, გია ბარბაქაძე თავს მოიკლავდა, ცხოვრება რომ მხოლოდ გეომეტრიის გაკვეთილისა და მორალისაგან ყოფილიყო შედგენილი. კიდევ კარგი, გამოჩნდნენ ღვთისნიერი ინგლისელები და ფეხბურთი მოიგონეს. უბედურება ისაა, ხანდახან ფეხბურთის თამაშსაც არ გაცლიან. მაგალითად, სადმე პირველი სკოლის მოედანზე ჩემპიონობის საკითხი წყდება, ამ დროს კი ერთ-ერთი გუნდის ცენტრალური თავდამსხმელი, რომელსაც ისე რა ღმერთი გაუწყრებოდა, ერთი-ორი ბურთი არ გაეტანა მოწინააღმდეგის კარში, დგას აბუზული ვიღაც გადაყრუებული ბერიკაცის წინ და არ იცის, გადარჩება თუ არა საშემოდგომო გამოცდას. ვინც ეს ცხოვრება ასე მოაწყო, გემოვნების ნასახი არ ჰქონია, ფეხბურთის ცოდნაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ჩვენ შევეცადეთ შეძლებისდაგვარად დაგველაგებინა გია ბარბაქაძის აბურდული ფიქრები. ამასობაში კი რაჟდენ კაპანაძემ ჯიბიდან კალმისტარი ამოიღო, ისე მოიმარჯვა, თითქოს წინასწარ აპირებს ორიანის დაწერასო, და თქვა: – მაშ ასე, იმედია, თავს არ ვიტყუებ, როდესაც მჯერა, რომ გიორგი ნიკიფოროვიჩს სხვა უამრავ ღირსებებთან ერთად სახაზავისა და ცარცის ხმარებაც ეხერხება. გია ბარბაქაძეს ხელის გულები საშინლად გაუოფლიანდა. ეჭვიც კი არ ეპარებოდა, რომ მასწავლებელი გუნებაში უკვე ხატავდა ლამაზ ორიანს და იმაზეღა ფიქრობდა – სადა კუდი გაეკეთებინა თუ მოკვარახჭინებული.

– რაღას უდგახარ, აიღე სახაზავი, დაიჭირე თოფივით, ცარცი ხელყუმბარასავით მოიმარჯვე და მტკიცე ნაბიჯით გასწი დაფისკენ. აბა, ე რ თ, ო რ, ს ა მ! საკუთარი ენამახვილობით მოხიბლულ მასწავლებელს სახეზე ბედნიერების ღიმილი ეფინა. მოსწონდა თუ არა სხვასაც მისი ოხუნჯობა, ეს ნაკლებად აწუხებდა. გიამ აიღო ცარცი და სახაზავი და ფეხაკრეფით მიუახლოვდა დაფას.

– რაკი ეს ოპერაცია ასე თუ ისე წარმატებით დამთავრდა, ახლა შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ: გავავლოთ ორი ერთმანეთის პარალელური ხაზი. გიამ სახაზავი დაფას მიადო და აკანკალებული ხელით ჯერ ერთი ხაზი გაავლო, მერე მეორე. ხაზები მაინცდამაინც ვერ დაიტრაბახებდნენ პარალელობას, მაგრამ შეშინებული ბიჭი ვეღარც იმას ბედავდა, რომ ერთი მათგანი წაეშალა და ახალი გაევლო.

– მოვიშველიოთ ფანტაზია და წარმოვიდგინოთ, ვითომ ეს ხაზები პარალელურია. ახლა გაავლე მეორე ხაზის პარალელური. გიამ მორჩილად გაავლო ქვემოთ კიდევ ერთი ხაზი, ამჯერად ცოტა უკეთესი.

– დიდებულია! პირველი ორი ხაზის ფონზე პირდაპირ ფანტასტიკურია! მოდი ახლა, რაკი საქმე მაინც არაფერი გვაქვს, ასეთი თეორემა დავამტკიცოთ: თუ ორი სხვადასხვა ხაზი მესამის პარალელურია, მაშინ ისინი ერთმანეთის პარალელურიც იქნებიან. მე მგონია, არ გაგვიჭირდება. აი, შენი სამი ხაზი. პირველი და მეორე ურთიერთპარალელურია. ურთიერთპარალელურია მეორე და მესამეც. დავამტკიცოთ, რომ პირველი და მესამეც ურთიერთპარალელურები იქნებიან. აბა, დაიწყე. საკანკალო აქ არაფერია. კალმისტარი მზადა მაქვს ხუთიანის დასაწერად. გიამ კარგად იცოდა, რის დასაწერად ჰქონდა მზად კალმისტარი რაჟდენ კაპანაძეს, მაგრამ რა ექნა. ცხადია, დღევანდელი ფეხბურთი უიმისოდ უნდა ჩატარებულიყო (მერედა, ვინ იცის, როგორ სჭირდებოდათ ბიჭებს ერთი გოლი). სამაგიეროდ, ჯერ კიდევ ჰქონდა პატარა შანსი, რომ საშემოდგომო გამოცდას გადაურჩებოდა და ამიტომ მთელი თავისი ვაჟკაცობა და მოხერხებულობა ახლა უნდა გამოეჩინა. თუმცა ვაჟკაცობა და მოხერხებულობა ფრიად საეჭვო მშველელია თეორემების მტკიცების დროს. მხოლოდ უნარი და ცოდნა! მაგრამ, ღმერთო, სად იყო ან ერთი ან მეორე?.. სამი ხაზი გვაქვს. პირველი მეორის პარალელურია, მეორე მესამის, მაშინ… უეცრად გია ბარბაქაძეს საშინელმა ეჭვმა გაჰკრა გულში. ვაითუ მასხრად იგდებს… აბა, ეს რა თეორემაა და რა დამტკიცება უნდა! თუ ერთი მეორის პარალელურია და მეორე კიდევ მესამის, მაგას რაღა ლაპარაკი უნდა, რომ პირველი და მესამეც ერთმანეთის პარალელურები იქნებიან. კაი კვანტის გამოდება კი იქნება… ამტვრევინებს თავს, ამტვრევინებს, მერე ეტყვის, უბრალო აქსიომა არ გცოდნიაო და მიაკრავს შუბლში “ჯვრის ორიანს”, როგორც თვითონ იტყვის ხოლმე. გია ბარბაქაძე გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა. არადა არც ბევრი დაყოვნება ვარგოდა, რადგან, თუ ამოცანა მართლა ძალიან მარტივი იყო, ბევრი ფიქრი უკვე თავის გაცემას ნიშნავდა. არა, ამას დამტკიცება მართლა არ უნდა სჭირდებოდეს. კაი, დავანებოთ თავი ხაზებს, სხვა რამე ავიღოთ. მეექვსეკლასელების გუნდში, იმდენი სათადარიგო მოთამაშეა, რამდენიც მე-71 კლასელების გუნდში, ხოლო მე-71 კლასელების გუნდში იმდენი, რამდენიც მე-72 კლასის გუნდში. რა დიდი ფილოსოფია უნდა იმას, რომ მეექვსეკლასელებსა და მე-72კლასელებს თანაბარი რაოდენობით ეყოლებათ სათადარიგო მოთამაშეები! ასე ღრმააზროვნად მსჯელობდა გია. მაგრამ, სამწუხაროდ, მეტისმეტად შეზღუდული რეგლამენტი ჰქონდა: დროზე უნდა ეთქვა რაღაცა, ან აქეთ, ან იქით, თორემ მერე შეიძლება გვიანღა ყოფილიყო. თანაც რამოდენა გამბედაობა გინდოდა. ერთიც ვნახოთ და სრულიად ჩვეულებრივი თეორემა გამომდგარიყო, დამტკიცება რომ ესაჭიროება და ამ თვისების გამო, ვინ იცის, არა ერთი და ორი გიასთანა ბიჭისათვის გაუმწარებია სიცოცხლე! საბოლოოდ გიამ მაინც გადაწყვიტა ეცადა ბედი.

– თუ ორი ხაზი ცალ-ცალკე მესამის პარალელურია, მაშინ ცხადია, ერთმანეთის პარალელურიც იქნებიან.

– სრული ჭეშმარიტებაა, – უთხრა მასწავლებელმა, – მაგრამ დავუშვათ, ჩემი გონება ვერ წვდება მაგ ჭეშმარიტებას და საჭირო ხდება დასაბუთება. მაშინ რაღა ვქნათ? ამგვარად, აქსიომის ჰიპოთეზა ერთი დაკვრით გაცამტვერდა. გია ბარბაქაძემ საშემოდგომო გამოცდის სუნი იკრა და გადაწყვიტა, ხავსს მოჭიდებოდა.

– თუკი ეს ხაზი ამის პარალელურია და ეს ხაზი კიდევ ამის, მაშინ ესენიც პარალელური იქნებიან. აბა, რა იქნებიან!

– არ გედავები, წეღანაც მოგახსენე, არ გედავები, და საერთოდ, ძალიან ვწუხვარ, რომ მიუხედავად ასეთი თვალნათლივობისა, თეორემას მაინც დამტკიცება უნდა.

– აი, მასწ., მაგალითად, თუ ორი უბის წიგნაკი ცალ-ცალკე იმავე გვერდზეა გადაშლილი, რომელზედაც მესამე, ცხადია, ისინი ერთსა და იმავე გვერდებზე იქნებიან გადაშლილი.

– ეს იმას მოწმობს, რომ ფიქრი გეხერხება და, თუ მოინდომებ, შეიძლება არც ისე წყალწაღებული ბიჭი იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანხარ. – მასწავლებელმა კალმისტარი მაგიდაზე დადო, ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და მელოტ თავზე ოფლი მოიწმინდა (ბიჭიც გაოფლიანებული იყო, მაგრამ ცხვირსახოცის ამოღებას ვერ ბედავდა), მერე კალმისტარი მოიმარჯვა და განაგრძო. – თუმცა, შენი უბის წიგნაკის მაგივრად, მოდი, სხვა მაგალითი ავიღოთ: აბა, გაავლე ორი ხაზი, რომლებიც ცალ-ცალკე მესამის პერპენდიკულარული არიან, და ნახე, ერთმანეთის პერპენდიკულარული აღმოჩნდებიან თუ არა. გია უძრავად იდგა, რადგან არ იცოდა, ეს ისე, სიტყვას მოჰყვა, თუ მართლა უნდა გაევლო ასეთი ხაზები.

– გაავლე, გაავლე! – წააქეზა მასწავლებელმა. გიამ გაავლო ერთი და იმავე ხაზის პერპენდიკულარული ორი ხაზი და თავისდა გასაოცრად და სამარცხვინოდ დაინახა, რომ ეს ორი ხაზი ერთმანეთის პარალელური აღმოჩნდა. რაღა თქმა უნდა, ახლა უკვე ყველაფერი გათავებული იყო: ჩემპიონობაც იკარგებოდა და საშემოდგომო გამოცდაც თითქმის ჯიბეში ედო. ან კი რამ აფიქრებინა, გადავრჩები და იმ ენაჭარტალა ნათიას ყბაში არ ჩავვადებიო. გატრიალდეს მაინც და წავიდეს, სანამ გვიან არ არის! პირველი სკოლა ხომ აქვეა, ორ ნაბიჯზე. მაგრამ ვაი, რომ არც ამდენი გამბედაობა ჰქონდა. ასეა: კაცი ან მართლა ზოგიერთებივით უნდა სწავლობდე, თითები რომ მუდან ანტენებივით აქვთ აშვერილი და ყოველი გაკვეთილი ზეპირად იციან, ან არადა, ცოტა მეტი ვაჟკაცობა უნდა გამოიჩინო. აბა, ეს რას ჰგავს: არც აქეთ ხარ და არც იქით, ნახევარი სწავლა და ნახევარი გამბედაობა, თანაც ისე, რომ სამიანი არც ერთში გეკუთვნის და არც მეორეში. მაგრამ საკუთარი ბუნების გარდაქმნა და ისიც ასე ერთბაშად, არავის ძალუძს. ამიტომ გია ბარბაქაძე დაფასთან უძრავად ატუზულიყო და შუბლი დილის ბალახივით ჰქონდა დაცვარული. მასწავლებელი შეინძრა. გიამ შიშით გამოიხედა. არა, არაფერი, რაჟდენ კაპანაძემ ახლა მარცხენა ფეხი გადაადო მარჯვენას და აუღელვებლად გააქან-გამოაქანა.

– მაშინ ასე ვქნათ, თუ ნებას მომცემ, – თქვა მან, – გაავლე ხაზი. ახლა ეს ხაზი ირიბი ხაზით გადაკვეთე. ჩინებულია. ზედა მარცხენა კუთხე უდრის 120 გრადუსს, გამოვიანგარიშოთ დანარჩენი კუთხეები. გია ბარბაქაძე კარგა ხანს ხვნეშოდა დაფასთან და საბოლოოდ მისმა ნახაზმა ასეთი სახე მიიღო: როდესაც 120o დაწერა, უეცრად (ალბათ, ციფრების ასოციაციით) საათი გაახსენდა და ცალი თვალით მალულად გახედა მასწავლებლის მარცხენა მაჯას, მაგრამ იქ მხოლოდ ვეებერთელა უბის წიგნაკი დაინახა. გიამ იმ შემზარავ სანახაობას სწრაფად აარიდა თვალი და ისევ ნახაზს მიუბრუნდა. მაშასადამე, < AOC = 120o და ღმერთმა იცის, რას უდრის დანარჩენი კუთხეები. გიამ გადაწყვიტა, ფეხბურთი თავიდან ამოეგდო და ღრმად ჩაფიქრებულიყო. აკი ერთი წუთის წინ მასწავლებელმა უთხრა, ფიქრი გეხერხებაო. “გვაქვს < AOC, რომელიც 120 გრადუსს უდრის. მის გაყოლებაზე არის მეორე კუთხე COB, ეს კუთხე უნდა უდრიდეს… AOB რომ კუთხე იყოს, მაშინ COB იქნებოდა – AO… ბიჭო! დაიცა, რა ჯანდაბა ჰქვია?.. ჰო, გაშლილი კუთხე, გაშლილი კუთხე ვაშაა! გაუმარჯოს გაშლილ კუთხეს!” გიამ სიხარულისაგან კინაღამ კუნტრუში დაიწყო. AOB-ს რომ გაშლილი კუთხე ერქვა, ეს უდიდესი აღმოჩენა იყო. ასეთი აღმოჩენა კოლუმბსაც კი დაამშვენებდა. მართალია, ბიჭის სიხარულში პატარა შხამიც ერია, რადგან ეს ჭეშმარიტება მეტიჩარა ნათიასგან ჰქონდა გაგონილი, მაგრამ ახლა ისეთ დღეში იყო, როდესაც გაჭირვება კაცს თავმოყვარეობის გრძნობას უჩლუნგებს. მაშინ ნათიამ გაშლილი კუთხის სახელთან ერთად ისიც უთხრა, თუ რას უდრის გაშლილი კუთხე. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, გიამ რომ ვაჟკაცისათვის შეუფერებელი სისუსტე გამოიჩინა, მასწავლებელს დაუჯერა და ნათიასთან იმეცადინა. ეს ამბავი შავ ლაქად დარჩა მის ცხოვრებაში. მაგრამ ახლა ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდ კი გაეხსენებინა ეს გაშლილი კუთხე. არადა, მის აღმოჩენას ისეთივე ფასი ექნებოდა, როგორც კოლუმბის აღმოჩენას, ამერიკა რომ ისევ დაკარგულიყო. აბურდულ ფიქრებში შორეული ნათურებივით ციმციმებდა ორი ციფრი: 180 და 360. ეს იყო ორი ცნობილი ციფრი, რომლებსაც მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ გეომეტრიასთან. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ გია საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ერთ-ერთი მათგანი სწორედ გაშლილი კუთხის სიდიდეს აღნიშნავდა. მაგრამ რომელი? თავისი სულელური მარჩიელობით ერთი ნაბიჯი უკვე გადადგა საშემოდგომო გამოცდისაკენ. მეორე ნაბიჯი საბოლოო ნაბიჯიც იქნებოდა, მერე კი… მერე ყველაფერი ნათელი იყო: მამის დაკოჟრილი ხელი, დედის ლექციები, მოშხამული არდადეგები…

მაშ, რა ვქნათ?.. გაშლილი კუთხე ან 180-ს უდრიდა, ან 360-ს.

“მაგრამ რომელს? – ფიქრობდა გია. – რომელი ვთქვა? რომელიც პირველად მომადგება ენაზე? ორივე რომ ერთად მადგას! გამოვითვალო?! მოდი, მართლა გამოვითვლი, რომელიც მეათე იქნება, ის იყოს გაშლილი კუთხე. სულ ერთია, თუ არაფერი ვთქვი, საშემოდგომოს მაინც ვერ გადავურჩები, რაც არის, არის. 360 ერთი, 180 ორი, 360 სამი, 180 ოთხი, 360 ხუთი, 180 ექვსი, 360 შვიდი, 180 რვა, 360 ცხრა, 180 ათი”. – < COB = 180o – 120o = 60o გიას ერთბაშად სისხლი სახეზე მოაწვა და ისე გაწითლდა, თითქოს ამაზე უფრო სამარცხვინო თავის დღეში არაფერი ეთქვას. მისი ბედი ბეწვზე ეკიდა. რაჟდენ კაპანაძემ კვლავ შეცვალა ფეხები, კალმისტარი მაგიდაზე დადო, ცხვირსახოცი ამოიღო და მელოტი თავი მოიწმინდა. მერე ცხვირსახოცი ისევ ჯიბეში ჩაიდო, კალმისტარი მოიმარჯვა და ღიმილით უთხრა წმიდა მოწამეს: – მე ყოველთვის ვამბობდი, ერთხელაც იქნება, გიორგი ნიკიფოროვიჩი ქვეყანას განაცვიფრებს-მეთქი. და აი, ეს დღეც დადგა. სწორია. ყოჩაღ, ვაშა! გიას გულზე მოეშვა. ახლაღა იგრძნო მთელი სისრულით, რომ ეს 180o ას ოთხმოცი ფუთივით აწვა გამხდარ მხრებზე.

– ყოჩაღ, ყოჩაღ და კიდევ ერთხელ ყოჩაღ! – თქვა მასწავლებელმა, – მაშ, გადავიდეთ შემდეგ კუთხეზე. დიახ, სამწუხაროდ, საჭირო იყო შემდეგ კუთხეზე გადასვლა. გიამ დიდი მოაზროვნის სახე მიიღო და ნახაზს დააკვირდა. აქ უკვე თავდებოდა ნათიას მიწოდებული ინფორმაცია, საკუთარ თავზე დაყრდნობა კი, რასაკვირველია, წყლის ნაყვა იყო. “მაშ, 360o-ს თურმე ორი გაშლილი კუთხე უდრის. გამოსარკვევი დაგვრჩა AOD და BOD კუთხეები. აქედან AOD უდრის 180o – BOD, მაგრამ BOD რას უდრის? ორივე ერთად 180o-ია. ერთი უნდა იყოს 180-ის რაღაც ნაწილი, მეორე 180-ის… არა, ასე არაფერი გამოვა”. ამაოდ ხვნეშოდა გია, ამაოდ წვალობდა: AOD და BOD კუთხეები საიდუმლოებით იყო მოცული. მაშინ იფიქრა, ბოლოს და ბოლოს ერთი საშემოდგომო გამოცდა ამდენ წვალებად არც ღირს და მთავარია არა ეს, არამედ ჩემპიონობაო. და გადაწყვიტა, სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად თავი ამ ჭეშმარიტებისათვის შეეფარებინა. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ცდამ უნაყოფოდ ჩაუარა. აშკარად ჩანდა, გია არ იყო იმდენად ვაჟკაცი, რომ გეომეტრიაზე გადაჭრით ეთქვა უარი და ანგარიში არ გაეწია მამის დაკოჟრილი ხელისათვის, დედის ლექციებისათვის და მოშხამული არდადეგებისათვის, რომლის განმავლობაში, გინდა თუ არა, თავში მაინც საშემოდგომო გამოცდა უნდა გიტრიალებდეს. ჩიხში მომწყვეული ბიჭი AOD და BOD კუთხეებზე უკვე აღარ ფიქრობდა, რადგან დარწმუნდა, რომ ეს სრულიად უნაყოფო შრომა იყო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნახაზის წინ მაინც ღრმააზროვანი სახით იდგა და დროს შეუგნებლად აჭიანურებდა, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ სულ მალე მეხი გავარდებოდა.

მეხი მართლაც გავარდა, ოღონდ ცოტა მოგვიანებით. ხოლო მანამ, სანამ მეხი გავარდებოდა, რაჟდენ კაპანაძე მძიმედ წამოდგა და თავისი მსხვერპლისაკენ ნელი ნაბიჯით გაემართა. დაფასთან შეჩერდა, უბის წიგნაკი კალმისტართან ერთად მარჯვენა ხელში გადაინაცვლა. მარცხენა ხელის ცერი და საჩვენებელი თითი რკალად მოხარა და ნახაზს დაადო ისე, რომ საჩვენებელი თითი AOC კუთხეში აღმოჩნდა, იქ სადაც 120o ეწერა, ცერი კი – BOD კუთხეში.

– თუ გქონია როდისმე რაიმე ურთიერთობა ჯვარედინ კუთხეებთან?

გია ბარბაქაძე თავჩაღუნული იდგა და დუმდა. არა, ჯვარედინ კუთხეებთან მას არავითარი ურთიერთობა არა ჰქონია. ამიტომ ყველაფერი გათავებული იყო: ჯვარედინ კუთხეებსაც, მთელ გეომეტრიასაც და მთელ არდაგეგებსაც ჯვარი ჰქონდა დასმული.

– სამწუხაროდ, არავითარი, – დაასკვნა მასწავლებელმა და უცებ გაშმაგებით დაიწყო ბოლთის ცემა. მართალია, ხმა არ აუმაღლებია, მართალია, ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ძველებურად ნაწილ-ნაწილ ისროდა, მაგრამ კალაპოტიდან მაინც ამოვარდნილი იყო, რასაც თუნდაც ის ფაქტიც მოწმობდა, რომ სრულიად დაავიწყდა, უბის წიგნაკი ისევ მარცხენა ხელში დაეჭირა.

– ჯვარედინი კუთხეები, ჩემო კარგო, – თქვა მან, – როცა სირბილით გული იჯერა, – ტოლია. შენთვის ახლა ჯვრის ორიანი სრულიად დამსახურებული ჯილდო იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგცემ გადარჩენის საშუალებას. გიამ კარგად იცოდა, რა “გადარჩენის საშუალებაც” აუტყდა რაჟდენ კაპანაძეს. მას გიას წამება უნდოდა და არა გადარჩენა. გადარჩენის საშუალებას მისცემს! გადარჩენა თუ უნდოდა, მისი ნება არ იყო? დაეწერა სამიანი, არც თვითონ გაიღვრებოდა ოფლად და არც საწყალ ბიჭს ამოხდიდა სულს. რა ბიჭია, გადარჩენის საშუალება მისცეს! გია ბარბაქაძე მეტისმეტად აღელვებული იყო და საკუთარი უბედურების მეტს ვერაფერს ამჩნევდა. ამ დროს კი მასწავლებლის დანაოჭებულ სახეზე ფრიად უცნაური და ამიტომ ფრიად საინტერესო ცვლილებები მიმდინარეობდა. ჯერ იყო და ეს სახე ოდნავ გათეთრდა, მერე სიყვითლე შეეპარა, ბოლოს კი აშკარად გამწვანდა. მასწავლებელმა მხოლოდ მაშინ მიიქცია გაწამებული შეგირდის ყურადღება, როცა უეცრად, მკვეთრი მოძრაობით, უბის წიგნაკი და კალმისტარი გულში ჩაიხუტა და სკამზე მოწყვეტით დაეშვა. გია ბარბაქაძე შეკრთა, შეშინებულმა მოიხედა და თვალწინ ისეთი შემზარავი სანახაობა წარმოუდგა, რომ ადგილზე გაშეშდა. მასწავლებელი შეკუმშულიყო, თითქოს ნახტომისათვის ემზადებაო, ბეჭებში მოხრილიყო, უბის წიგნაკი და კალმისტარი გულში მაგრად ჩაეკრა და მძიმედ სუნთქავდა. სახე ისეთი ჰქონდა, როგორც ხასხასა მოლი აპრილის თვეში. ასე გავარდა მეხი. და გია ბარბაქაძე იდგა კიდეც მეხდაცემულივით. სახეზე დიდი შიში და გაკვირვება აღბეჭდვოდა. მასწავლებელს თვალებდაჭყეტილი მისჩერებოდა. მან პირველად ახლა იგრძნო თვალნათლივ, რომ მასწავლებელი არაფერი ყოვლისშემძლე არსება არ ყოფილა და რომ მასაც ჰყოლია მისი სულთამხუთავი. ეს აღმოჩენა იყო. გიას შეგნებული ჰქონდა, რომ ხდებოდა რაღაც ფრიად უჩვეულო, რაც არაფერს არ უწევს ანგარიშს, – არც გეომეტრიას, არც საშემოდგომო გამოცდას, არც ფეხბურთს. სრულიად არაფერს. გია მასწავლებელს მისჩერებოდა და ვერ მიმხვდარიყო, რას მოითხოვდა მისგან შექმნილი ვითარება: განეგრძო თავის მოკატუნება და თეორემაში ჩაფლული მოსწავლის როლი, თუ გაშლილი კუთხის პრობლემა მოხსნილი იყო დღის წესრიგიდან და აღარ ღირდა მისთვის ყურადღების მიქცევა? იქნებ რამე უნდა ეთქვა? მაგრამ მან არ იცოდა, ამბობენ თუ არა რამეს ასეთ დროს. ერთ ხანს გრძელდებოდა უცნაური მდგომარეობა. მოსწავლეს ზურგი შეექცია გაშლილი კუთხისათვის და მასწავლებელს გაფართოებული თვალებით შესცქეროდა. რაჟდენ კაპანაძე ქშინავდა და საშიში ღიმილით იღიმებოდა. ბოლოს ისევ მასწავლებელმა ამოიღო ხმა: – ეს არის გენერალური შეტევა, თუ ნებას მომცემთ აგიხსნათ, ახლა დაიწყება ცრემლის ღვრა, – თქვა მან და ისეთი უცნაური ქშენა დაიწყო, რომ მის გვერდით გაჩერება უკვე გარკვეულ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. გიამ ვერ გაიგო მასწავლებლის ნათქვამი. სამაგიეროდ უეცრად სულ სხვა რამ გაიგო. უეცრად გაერკვა შექმნილ სიტუაციაში და დაინახა, რომ, რაც მის ირგვლივ ხდებოდა, იყო სასწაული. მართალია ქვეყანა არ გადაბრუნებულა, არც გადმობრუნებულა, არც სწავლის გაუქმება იყო მოსალოდნელი, მაგრამ ეს მაინც სასწაული იყო და ეს სასწაული თავისი მასშტაბით დირექტორის გამოცვლას არ ჩამოუვარდებოდა. სამწუხაროდ, ამ აღმოჩენას იქვე მოჰყვა მეორე, არასასიამოვნო აღმოჩენა: სასწაულთან პირისპირ შეხვედრა არც ისე სასიამოვნო ყოფილა, როგორც ადრე ეგონა გიას. გაგონილი სასწაული, თურმე, ათასწილად ჯობია საკუთარი თვალით ნანახ სასწაულს. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ აშკარაა: გია თანახმა იყო შემოდგომაზე ჩაებარებინა გეომეტრია, ოღონდ ახლა ამ სანახაობას გარიდებოდა.

– რამდენი წლისა ხარ?

– ცამეტის, მასწ… – ჩაილაპარაკა გიამ.

– მთელი სიცოცხლით უფროსი ვარ შენზე. აბა, ახლო მოდი!

რაჟდენ კაპანაძემ პირი გააღო, რამდენჯერმე მძიმედ ამოისუნთქა და სახეზე შეეტყო, რომ ცოტა შვება იგრძნო: ერთ-ორი ნაოჭი გაშალა და კბილებში მოქცეული ქვედა ტუჩი გაითავისუფლა. გიამ წინ ორი ნაბიჯი გადადგა და შეჩერდა. უფრო ახლო მისვლა ვერ გაბედა. ეგონა, მასწავლებელი კვდებაო. ასეთი ჰიპოთეზის საბუთს, მისი აზრით, იძლეოდა არა ნაოჭები და მწვანე ფერი, არამედ საქციელი.

– კარგი, კარგი, ნუ მოხვალ, – ხმადაბლა თქვა მასწავლებელმა და მცირე დუმილის შემდეგ რაღაცნაირი ნაღვლიანი კილოთი, გია ბარბაქაძისათვის სრულიად გაუგებარი კილოთი დაუმატა, – მინდოდა თავზე დამედო ხელი. არ ვიცით, რა მოხდა, მაგრამ გიას სრულიად მოულოდნელად გულში სიამაყემ გაჰკრა: რაჟდენ კაპანაძე თავზე ხელის დადებას უპირებდა. ღმერთმა იცის, რამდენად საამაყო ამბავია. თუმცა, ამასთან ერთად, ცოტა არ იყოს, სინდისმაც შეაწუხა, გაახსენდა, ერთხელ რომ მასწავლებელმა რეზო დაფასთან გამოიძახა, თვითონ მის ადგილას დაჯდა გიას გვერდით და საბრალო “ობოლს” უხერხულად დაადო თავზე ხელი. იმ გაკვეთილის შემდეგ გია ყოველ შემხვდურს აჩერებდა და ეუბნებოდა, პირდაპირ ვიგუდებოდი, სიცილს ძლივს ვიკავებდიო. სინამდვილეში კი მთლად ასე არ ყოფილა საქმე. იმ მომენტამდე, სანამ მასწავლებელი ხელს დაადებდა, გია თავისი ოინით აღფრთოვანებული იყო. მაგრამ, როდესაც რაჟდენ კაპანაძეს გული აუჩუყდა, პატარა მატყუარას რაღაც ძალიან უცნაური და ძალიან უსიამოვნო გრძნობა გაუჩნდა. და ახლა, როდესაც მასწავლებელს კიდევ მოუნდა მისთვის თავზე ხელი დაედო, გია ბარბაქაძეს სინდისმა ქენჯნა დაუწყო. მერე გაბედულად გადადგა კიდევ ორი ნაბიჯი და ქერა თმა მორჩილად მიუშვირა რაჟდენ კაპანაძეს. მასწავლებელმა უბის წიგნაკი და კალმისტარი მარცხენა ხელში გადაინაცვლა, მარჯვენა კი გიას დაადო თავზე. ბიჭი დამნაშავესავით იდგა გაყუჩებული და გრძნობდა, როგორ უკანკალებდა ხელი მასწავლებელს.

გამოცდამ ერთობ უცნაური სახე მიიღო.

– გეჯავრება? – ჰკითხა მასწავლებელმა და თვალით უბის წიგნაკი უჩვენა.

გიამ ახლაღა იგრძნო, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში უბის წიგნაკს მისჩერებოდა. ასე ახლო არასოდეს ენახა ეს შემაძრწუნებელი ნივთი, მაგრამ საოცარია, ძველებურად აღარ ეშინოდა მისი. იქნებ იმიტომ, რომ გამოცდამ უცნაური სახე მიიღო? ძლივს ეტეოდა მასწავლებლის ხელში სქელი, ორიანებით სავსე უბის წიგნაკი. ვერ ვიტყვით, რომ რაჟდენ კაპანაძე კარგ ნიშნებს (და მათ შორის ხუთიანებსაც კი) არ წერდა. წერდა, როგორ არა, მაგრამ უბის წიგნაკში იშვიათად შეჰქონდა. სამაგიეროდ, ორიანს, არასოდეს გამოტოვებდა: აღნიშნავდა საკლასო ჟურნალში და იმწამსვე უბის წიგნაკში ფაქიზად ჩაწერდა ხოლმე. ამიტომ სძულდათ, ალბათ, ასე მოსწავლეებს იგი, თუმცა ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ ოთხოსნები და ხუთოსნები ამ სიძულვილს “ჩამორჩენილების” ხათრით იზიარებდნენ, თორემ თვითონ არავითარი საბაბი არა ჰქონდათ: მათი ნიშნები მხოლოდ ჟურნალში იწერებოდა (ამაზე ბიჭები ხუმრობდნენ, რაჟდენ კაპანაძე უბის წიგნაკის წაბილწვას ერიდება და იმიტომ არ შეაქვს კარგი ნიშნებიო). გია ვერ მიხვდა, მასწავლებელს რაში დასჭირდა უბის წიგნაკის ხსენება და ისიც აუგად. იდგა თავჩაქინდრული და გრძნობდა, როგორ უკანკალებდა ხელი რაჟდენ კაპანაძეს.

– ძალიან გეჯავრება? – გაუმეორა მასწავლებელმა და თავს ძალა დაატანა, რომ გაეღიმა.

– არა, მასწ… – უპასუხა გიამ და კიდევ რაღაც წაილუღლუღა, მაგრამ ამას მასწავლებელი, ალბათ, ვერ გაიგონებდა. გიას უნდოდა ეთქვა, არ მეჯავრება თქვენი უბის წიგნაკიო, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, არც ისე უსინდისო ბიჭი იყო, რომ ასეთ დროს ენა არ დაბმოდა.

– ნუ ცრუობ, ახლა არაა ეგ საჭირო.

ადვილი სათქმელია, “ნუ ცრუობ!” აბა, ერთი თვითონ ყოფილიყო გიას ადგილას, მაგასაც ვნახავდით, როგორ ეტყოდა პირში მრისხანე მასწავლებელს: დიახ, მასწ., ყველაზე უფრო თქვენი უბის წიგნაკი მეჯავრებაო.

– თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვს, წამოვწვები, – უთხრა რაჟდენ კაპანაძემ,- ისე გამიცვითა წლებმა ორგანიზმი, რომ აღარაფრის აღარ რცხვენია, სტუმრის თანდასწრებითაც კი უტიფრად მოითხოვს დასვენებას. ეს “სტუმარი” პირდაპირ მალამოდ მოეცხო გიას გაწამებულ გულს და რაკი იგი, საწყალი “ჩამორჩენილი” ერთბაშად სტუმარი გახდა, გათამამებულმა ესეც კი გაიფიქრა: “რას ავბუზულვარ გაწუმპულ წიწილასავით. ბოლოს და ბოლოს, მეც ადამიანი ვარ”.

– გიორგი ნიკიფოროვიჩ, – უთხრა მასწავლებელმა ისე, რომ თვალი არ გაუხელია, – როგორც ჩანს, მაშველი ძალა დამჭირდება. აბა ერთი, ტელეფონის ყურმილი აიღე!

გიამ აიღო ყურმილი და ახალი დავალების მოლოდინში მასწავლებელს შეხედა.

– აკრიფე, 1-58-69, -სვენებ-სვენებით განაგრძო მასწავლებელმა, – იკითხე არჩილ ფერაძე და, თუ შინაა, უთხარი, რაჟდენ კაპანაძესთან მოდი ცოტა ხნით-თქო. უქეიფოდაა-თქო, უთხარი.

გიამ ნომერი აკრიფა. ტელეფონში მამაკაცის ბოხი ხმა გაისმა: – გისმენთ!

– არჩილ ფერაძეს სთხოვეთ, თუ შეიძლება.

– მე ვარ!

გია შებორძიკდა. აქამდე არასოდეს დასჭირვებია მასწავლებლის თანდასწრებით მისივე სახელი და გვარი ეხსენებინა. ახლა დაინახა, რომ ეს არცთუ ისე ადვილი ყოფილა.

– ისა… მასწ… რაჟდენ მასწავლებელთან მობრძანდით, თუ შეიძლება; ცოტა უქეიფოდაა.

– ახლავე მოვალ! – თქვა მამაკაცმა ბოხი ხმით და დაკიდა ყურმილი.

– ახლავე მოვალო, მასწ.

მასწავლებელმა გაიღიმა.

– უღრმესი მადლობა, მაგრამ ეგ რომ არჩილ ფერაძე არ ყოფილიყო, ძალიან კი მიხვდებოდა, ვინ არის შენი რაჟდენ მასწავლებელი!

მასწავლებელი გაჩუმდა და გია ბარბაქაძის ცხოვრებაში ისეთი ჟამი დადგა, რომ უარესი თუ იყო, თორემ არაფრით ჩამოუვარდებოდა გეომეტრიის გამოცდას: დუმილი და ლოდინი. თანაც გაურკვეველი მდგომარეობა. ის მაინც რომ სცოდნოდა დანამდვილებით, დამთავრდა თუ არა პარალელური ხაზებისა და გაშლილი კუთხეების ეპოქა, შედარებით დამშვიდდებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ იცოდა და ერთხანს ვერც გაიგებდა. მასწავლებელი თვალდახუჭული იწვა და მალე, ალბათ, ხვრინვასაც ამოუშვებდა. ერთი საუკუნის შემდეგ გამოჩნდებოდა ვიღაც არანაკლებ ბებერი კაცი და თან მოიტანდა ფონოსკოპს. ერთ საათს გასინჯვას მოუნდებოდა, მერე იმუსაიფებდნენ, ცხადია, ძველ დროს მოიგონებდნენ, წაიტრაბახებდნენ თავიანთი წარსულით და ამასობაში გიას შემოაღამდებოდა კიდეც. ფეხბურთიც გვერდზე დარჩებოდა და ყველაფერი. იმისთვისაც მადლობა უნდა ეთქვა, თუ ყოველივე ამის შემდეგ კიდევ გამოცდა არ გაგრძელდებოდა. ერთი პირობა გადაწყვიტა გაპარულიყო: ამ ოხერ ლოდინსაც გადარჩებოდა, გამოცდის გაგრძელებასაც და ერთ-ორ გოლსაც შეაწევდა თავის გუნდს. მაგრამ შეეშინდა: წინასწარ რას მიხვდები, რაოდენ სასტიკი იქნება რაჟდენ კაპანაძის შურისძიება. გარდა ამისა, ცოტა ლაჩრობაც იყო ავადმყოფი კაცის მიტოვება. ღმერთმა ნუ ქნას და, ვინიცობაა, რამე დამართოდა, რას იტყოდა ქვეყანა! ხომ იტყოდნენ, განზრახ გააკეთა, სამაგიერო უნდოდა გადაეხადაო. კაცმა რომ თქვას, მართალიც იქნებოდა. აბა, რაჟდენ კაპანაძის ადგილას ვინმე ამხაგანი ყოფილიყო! – წასვლას გულშიაც არ გაივლებდა. ასეთ მსჯელობას თავისი ბუნებრივი შედეგი მოჰყვა: გია ბარბაქაძე იდგა (დაჯდომასაც ვერ ახერხებდა) და თავით ფეხებამდე ოფლში იწურებოდა (რადგან ლოდინმა ოფლიც იცის). მართალია, ცდილობდა დროის მოსაკლავად რამე დაეთვალიერებინა, თავი რამეთი შეექცია, მაგრამ ამ ოთახში დასათვალიერებელი და მით უმეტეს, თავშესაქცევი არაფერი იყო. ბოლოს, როგორც იქნა, დაადგა საშველი და მოვიდა ის კაცი, რომელსაც ამ ერთი საუკუნის წინ ტელეფონით ელაპარაკა გია ბარბაქაძე. ოღონდ მოხუცი არ იყო. ორმოციოდე წლის იქნებოდა. მაღალი, წარმოსადეგი, ოდნავ ჭაღარაშერთული. მკვირცხლი მოძრაობა და ცოცხალი, მხიარული თვალები ჰქონდა. მოგრძო სახეზე გულკეთილი ღიმილი დასთამაშებდა.

– გამარჯობათ, გამარჯობათ! – მიესალმა იგი დამხვდურთ ისე, რომ ერთი გამარჯობა მასწავლებელს არგუნა, მეორე – მოსწავლეს, რითაც გია ბარბაქაძე დიდად ასიამოვნა. მართალია, ცოტა ხნის წინ იგი “სტუმარი” გახდა, მაგრამ ეს მაინც მოჩვენებითი წარმატება იყო და ამ წარმატებას განმტკიცება ესაჭიროებოდა.

– აბა, რაშია საქმე, ბატონო რაჟდენ? ისევ გული, არა? ახლავე შეგილოცავთ და დავუფრთხობ ანგელოზებს ყოველგვარ ავადმყოფობას. მართალს არ ვამბობ? – მიუბრუნდა იგი გიას. გიამ გაიღიმა და გაწითლდა. ახლა თავისუფლად გაძლებდა აქ კიდევ ცოტა ხანს. ასეთი კაცის გვერდით გეომეტრიაც კი არაა საშიში.

– მე მგონია, ეგრერიგად აღარ დაფრთხება, სახიფათოდ მოიცა გული, – უპასუხა რაჟდენ კაპანაძემ.

– მედიცინა ფრიად ოპტიმისტური მეცნიერებაა, – მხიარულად თქვა ექიმმა, – და, ვფიქრობ, არც მათემატიკოსებს გადაუწურავთ იმედი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ზუსტად განსაზღვრავენ წრეხაზის სიგრძეს. გიას არ ესიამოვნა მათემატიკისა და წრეხაზის ხსენება. უფრო კი ის მოხვდა გულში, რომ მხიარულმა ექიმმა გეომეტრიის ცოდნა გამოამჟღავნა. გიას გასაოცრად, ექიმს არც ფონოსკოპი მოუტანია. რაღაც ძალიან ზერელედ გასინჯა ავადმყოფი. ხან აქ ჰკრა წკიპურტი, ხან იქ, გადააბრუნ-გადმოაბრუნა, ერთი-ორჯერ ყური დაადო მკერდსა და ბეჭებზე, მაჯისცემა გაუზომა და ამით დამთავრდა ყველაფერი.

– კიდევ გგონია, მიაგნებენ მათემატიკოსები წრეხაზის სიგრძეს? – სუსტი ღიმილით ჰკითხა რაჟდენ კაპანაძემ, როცა ექიმი კაკუნსა და გადაბრუნ-გადმობრუნებას მორჩა.

– წრეხაზი რა არის! დადგება დრო, ოთხგანზომილებიან სამყაროს დახაზავენ. შენ რას იტყვი? – გიას მიუბრუნდა ექიმი. გიამ კვლავ მორცხვად გაიღიმა და გაწითლდა. ოღონდ ამჯერად ამ ღიმილში, ცოტა არ იყოს, შიშიც ერია, რადგან, თუ გუმანი არ ატყუებდა, საქმე ისევ გეომეტრიას ეხებოდა. შემკრთალმა ბიჭმა მასწავლებლისკენ გააპარა თვალი, შეეშინდა, არ გამთქვასო. ამიტომ გასაგებია მისი სიხარული, როცა ექიმმა ლაპარაკი განაგრძო: – მთავარია სიმშვიდე.

– მართლა? – იკითხა მასწავლებელმა, – მე კი შემეშინდა. ხომ იცი, ბებრებს როგორ გვიყვარს სიცოცხლე. ვიფიქრე, ეს უკანასკნელი შეტევა ციხესიმაგრის აღებით დაგვირგვინდება-მეთქი. და, ცოტა არ იყოს, ავღელდი. თუმცა ეს ჩემი აღელვება გიორგი ნიკიფოროვიჩს ალბათ სიცილადაც არ ეყო. არა, გიორგი ნიკიფოროვიჩ? გიორგი ნიკიფოროვიჩს კვლავ სიწითლემ გადაჰკრა სახეზე, მაგრამ მასწავლებელი, როგორც ჩანს, პასუხს არ მოითხოვდა. იგი ექიმს მიუბრუნდა: – მაშ, ჯერჯერობით საშიში არ არის?

– არა, საშიში არ არის. მაგრამ სიმშვიდე გესაჭიროებათ, სრული სიმშვიდე.

– ამის ხელში? – ჰკითხა რაჟდენ კაპანაძემ და რაღაც ეშმაკურ-დამცინავი თვალით გადმოხედა გიას.

ექიმმაც მოიხედა.

– არა, უამისოდ. გია პირდაღებული იდგა და არ იცოდა, შიშის მიზეზს უფრო იძლეოდა ეს საუბარი თუ სირცხვილის მიზეზს.

– როგორ! – ხმას აუმაღლა რაჟდენ კაპანაძემ.

ექიმმა გაიღიმა.

– სწორედ ასე, – უთხრა მან, – დღეიდანვე.

– იქნებ მოწყალება მოიღოთ და ნება დამრთოთ გკითხოთ, – ისეთი კილოთი დაიწყო რაჟდენ კაპანაძემ, როგორითაც ოროსნებთან იცოდა ხოლმე ლაპარაკი, – ამას თქვენ სიმშვიდეს ეძახით?

ექიმმა კიდევ უფრო გულკეთილად გაიღიმა.

– თქვენი უკმაყოფილო კილო და მიმართვის ფორმა იოტისოდენადაც არ შეცვლილა ამ ოცდაათ წელიწადში.

გიამ ვერაფერი გაიგო, მაგრამ მიხვდა, რომ ეს რაღაც მოფერებისმაგვარი იყო. და რაც ყველაზე უფრო საოცარია, მოეჩვენა, თითქოს მასწავლებელი მართლაც ღირსი იყო ამ მოფერების.

– მე მაინც მირჩევნია, პატივი მცეთ და შეკითხვაზე მიპასუხოთ.

– რასაკვირველია, სიმშვიდეს ვეძახი. მართალია, პირველ ხანებში გაგიჭირდებათ, მაგრამ მერე მიეჩვევით. ექიმი გაჩუმდა. არც მასწავლებელი იღებდა ხმას, მაგრამ მისი დუმილის უკან რაღაც ხიფათი იმალებოდა. თვალი გაახილა და ექიმს მკაცრად შეხედა. მერე დახუჭა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ გაახილა და ისევ შეხედა, თუმცა ახლა მის სახეზე სიმკაცრე რაღაც უმწეო და შესაბრალისი გამომეტყველებით შეცვლილიყო. ექიმმა მშვიდი, გულკეთილი ღიმილით გაუსწორა თვალი. ერთ ხანს ასე იყვნენ. მერე, უეცრად, მასწავლებელმა მზერა გიაზე გადაიტანა და ოროსანი მოსწავლე კინაღამ შეხტა შიშისა და გაკვირვებისაგან: მეექვსეკლასელების რისხვა, რომელსაც ორიანებით გატენილი ვეება უბის წიგნაკი ჰქონდა, საცოდავად ატუზულ შეგირდს გამოსარჩლებას სთხოვდა. ეს უკვე საკმაოდ დიდი მასშტაბის სასწაული იყო. ამხანაგები, ალბათ, არ დაიჯერებდნენ. არც გია დაიჯერებდა, ვინმეს რომ ეთქვა, რაჟდენ კაპანაძემ, შესაბრალისი თვალებით გადმომხედა, მაგრამ რა მექნა, მე რა შემეძლოო. გიას რა შეეძლო! რაც შეეძლო კიდეც გააკეთა: სასწრაფოდ აარიდა თვალი მასწავლებელს და მის მაგივრად თვითონ გაწითლდა. მასწავლებელი, რაკი დახმარების ხელი არავინ გამოუწოდა, გულაღმა გადაბრუნდა და ჭერს მიაჩერდა. კარგა ხანს იყო ასე გარინდებული. ბოლოს ექიმისკენ მკვეთრი მოძრაობით გადმობრუნდა და თითქმის ყვირილით უთხრა (თუმცა ამ ყვირილს აშკარად აკლდა უფლებამოსილება).

– ასი მაინც არ შევასრულო?!

– ეს მერამდენეა? – ღიმილით ჰკითხა ექიმმა და ბეჭზე მოუთათუნა ხელი გიას. გია ვერ მიხვდა, რაზე იყო ლაპარაკი. მართალია, გულმა რაღაც ცუდი უგრძნო, მაგრამ ექიმის მეგობრულმა ჟესტმა დაამშვიდა.

– ეგაა მეასე!

– მართლა? – თითქოს გაუხარდა ექიმს და მთელი ტანით შემობრუნდა გიასაკენ. გიას კვლავ ოფლმა დაასხა, რაკი რაღაც მნიშვნელოვანი საუბრის თემად იქცა. თუმცა შიშით მაინცდამაინც აღარ ეშინოდა, სანამ ექიმი აქ ეგულებოდა. კაცმა რომ თქვას, ექიმი არაფერ შუაში არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ გია სხვანაირად ფიქრობდა. კი არ ფიქრობდა, გრძნობდა. რაღაც უცნაურ სიახლოვესა და სიმპათიას გრძნობდა. ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში ეს მხიარული, წარმოსადეგი ექიმი ცხოვრების იდეალად ექცა. გია ბარბაქაძე, ალბათ, იმან მოხიბლა, რომ ექიმს რაჟდენ კაპანაძესთან ისე ეჭირა თავი, როგორც ტოლს ტოლთან. შეშინებული ოროსანი ადვილად გააღმერთებდა კაცს მარტო ამ ღირსებისათვის. ასეა თუ ისე, ამჟამად გიას ექიმზე უფრო დიდი კაცი დედამიწის ზურგზე არ ეგულებოდა. მას უცებ საშინლად მოუნდა ექიმი გამოსულიყო და რაჟდენ კაპანაძის სამკურნალოდ მიეწვიათ. ჰო, რას იყრიდა ძველ ჯავრს!.. თუმცა არა, ჯავრს არ იყრიდა, ხომ იცი… პირიქით, ღამეებს გაუთევდა, რამე ახალ წამალსაც გამოიგონებდა საგანგებოდ მისთვის და სიკვდილს ხელიდან გამოგლეჯდა. ყოფილ მასწავლებელს არ ეცოდინებოდა მისი ვინაობა და ბოლოს, როცა გონს მოვიდოდა და იკითხავდა, მაჩვენეთ ერთი, ვინ არის ჩემი მხსნელიო, გია მშვიდად მიუახლოვდებოდა და უბრალოდ ეტყოდა, მე გია ბარბაქაძე ვარო. აი, მაშინ გაახსენდებოდა, რამდენჯერ გაუწამებია გია, გაახსენდებოდა საშემოდგომო გამოცდის ამბავი და შერცხვებოდა. მაგრამ გია დიდსულოვნად აპატიებდა.

– მაშ, ეს არის მეასე და ბოლო? – ღიმილით იკითხა ექიმმა და გია მკრეხელური ოცნებისაგან გამოაფხიზლა. – ძალიან ჯიუტობს?

– უსაშველოდ, – მიუგო მასწავლებელმა, – საქმე ისაა, რომ პრინციპულად არ ცნობს გეომეტრიას შესწავლის ღირსად. თანაც ჩემი პირადი მტერია, ეგრე კი ნუ გგონია საქმე. გია ოფლში ცურავდა. ასეთ დღეში ჩავარდნას ათასწილად ერჩივნა სულაც არ გაჩენილიყო ამ ცოდვილ ქვეყანაზე. ამ კაცთან შერცხვენას სიკვდილი ჯობდა. პირადი მტერიაო, მაინც რამ ათქმევინა! ღმერთმანი, თავის დღეში არ უფიქრია გია ბარბაქაძეს მისი მტრობა. პირიქით, ოღონდ კი ამ ავადმყოფობას გადარჩენოდა და საშემოდგომო გამოცდასაც ჩააბარებდა და არც ჩემპიონობის დაკარგვას ინაღვლებდა მაინცდამაინც. და ასეთ გულკეთილ კაცს პირად მტერს ეძახის.

– საერთოდ, კარგი ბიჭია… – განაგრძო მასწავლებელმა.

– ეგ ხომ თქვენი ურყევი რწმენაა, ბატონო რაჟდენ, – სიტყვა ჩამოართვა ექიმმა, – საერთოდ, ყველა ბიჭი და ყველა გოგო კარგია. ყველა კეთილი და საყვარელია. მთავარია, ეს სიკეთე განვუვითაროთ, რომ ცხოვრების მთელ გზაზე გაჰყვეთ. სწორად მახსოვს?

– სწორად გახსოვს. თუმცა ამჯერად ეგ არ მქონდა მხედველობაში. იმის თქმა მინდოდა, ნიჭიერი ბიჭია-მეთქი. მაგრამ ჰო-ჰო-ჰო!.. ერთხელ ისეთი საქმე მიყო, პირდაპირ აღარ ვიცოდი, რა მექნა. ეშმაკის ფეხია და მშობელი მოიყვანე-მეთქი, ვუთხარი, მინდოდა მოვლაპარაკებოდი. უცებ ჩაქინდრა თავი და გულსაკლავად მითხრა: – “მშობლები არა მყავს, მასწ.” – ისეთი ხმა ჰქონდა, გეგონებოდა, ცრემლები ახრჩობს ბავშვს და თავს ძლივს იკავებსო. წარმოგიდგენია, ალბათ, რა დამემართებოდა. ადგილზე გავშეშდი. რაღა არ გავაკეთე მერე, იქნება როგორმე აშლილი დარდი შევუმსუბუქო-მეთქი. აი, შე არამზადა შენა! – მიუბრუნდა უცებ მასწავლებელი გიას და ღიმილიც ერთბაშად რისხვით შეცვალა.

ექიმი ახარხარდა. გია მოიკუნტა და აღარ იცოდა, სად გაპარულიყო.

– იმედი თუ გაქვთ? – ხარხარით იკითხა ექიმმა. თან ცრემლს იწმენდდა.

– იმედი როგორ არა მაქვს! ოთხმოცდაცხრამეტმა გამოიარა ჩემს ხელში და წყალგადაწურული არც ერთი არ ყოფილა. ეგ რა, ციდან კი არ ჩამოფრენილა.

– უთქვენოდ?

– უჩემოდ? რა ვიცი. გააჩნია, ვინ შემცვლის.

– გინდ ასე თქვით, გინდ ისე, საკითხი გადაწყვეტილია. თქვენი პედაგოგიური მოღვაწეობა დამთავრდა. მეასეს ვინმე მოუვლის. ბოლოს და ბოლოს, ყველა მოსწავლემ თქვენს ხელში ხომ არ უნდა გამოიაროს.

– ჩემი დაწყებული მევე დამემთავრებინა! – თქვა მასწავლებელმა და ისე გაიბუტა, როგორც ნათია გოგიაშვილმა იცოდა ხოლმე. “მეასე” თავჩაქინდრული იდგა და ოფლში იწურებოდა. საუბრის დინებისდა მიხედვით, ხან იმედი მიეცემოდა, რომ ამ კაცივით მხიარული და წარმოსადეგი, საუკეთესო ექიმი გამოვიდოდა, ხანაც ყოველგვარი იმედი გადაუწყდებოდა და თავისი ოცნება უდიდეს თავხედობად მიაჩნდა.

– ისე, პატარას თუ მოინდომებს, მეტი კი არაფერი უნდა, – განაგრძო მასწავლებელმა, – ვინმესთან რომ იმეცადინოს… აი, მაგალითად, ერთი მეგობარი ჰყავს, ნათია გოგიაშვილი, იმასთან… გია ჭარხალივით გაწითლდა. ეს მართლაც მეტისმეტი იყო! ნეტა მიწა გახეთქოდა და თან ჩაეტანა! მეტიჩარა ნათიას მეგობრადაც კი მონათლეს და ისიც ასეთი კაცის თანდასწრებით. სადამდე შეიძლება ადამიანის დამცირება! ნათიას მეგობარი! მეტი კი არ უნდათ ბიჭებს. მართალია, ნათია არავის ხელწამოსაკრავი არაა, ეგ კი არადა, ბევრ ბიჭსაც ჯობია, მაგრამ რა გინდა ქნა, – მაინც გოგოა და მისი მეგობრობა თავმოყვარე კაცისათვის შეურაცხყოფაა. გია ბარბაქაძეს სირცხვილად ისიც ეყოფა, რომ ხანდახან ყოყმანობს, ფეხბურთის სათამაშოდ წავიდეს თუ ნათიასთან გაატაროს კვირადღე. ანდა ექსკურსიის დროს, როცა ბიჭები, ჩვეულებრივ, ცალკე გუნდად მიდიან და მეტიჩრებს ახლო არ იკარებენ, რაღაც სულელური აზრი შეუჩნდება და ძლივს იკავებს თავს, რომ ციცაბო აღმართზე ასვლაში არ მიეხმაროს. მაგრამ ასეთ ცოდვებს თავის გულში, თავის ფიქრებში სჩადის და თავის გულშივე ინანიებს. ეს კი საქვეყნოდ გაიძახის, – მეგობარიო.

– რა საეჭვოდ გაწითლდი! – გაუღიმა ექიმმა და კვლავ მოუთათუნა მხარზე ხელი.

ამ სიტყვებმა საბოლოოდ დაასამარა გია ბარბაქაძის სიამაყე და თავმოყვარეობა.

– მაშ, მოდი ასე ვქნათ, – თქვა მასწავლებელმა, – რახან პედაგოგიური მოღვაწეობა დავასრულე, ამით დასრულდა ჩემი სახელგანთქმული უბის წიგნაკის მისიაც. მე მინდა ეს უბის წიგნაკი აქვე, შენი თანდასწრებით, ჩემო არჩილ, გადავცე გამოუსწორებელ მეასეს. თუმცა შეიძლება უარი თქვას, ისე სძულს. გინდა გაჩუქო ჩემი უბის წიგნაკი, გიორგი ნიკიფოროვიჩ? იმიტომ კი არა, თითქოს ვინმეს სჯობიხარ, არა. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი უკანასკნელი მოსწავლე ხარ და კიდევ იმიტომ, რომ გამოუსწორებელს გტოვებ. რას იტყვი, არჩილ?

– კარგი იქნება. დაე, გადაშალოს და, რასაც იქ ნახავს, სახელმძღვანელოდ გამოიყენოს. გიას ჯერ ეგონა, დამცინიანო, მაგრამ მხიარული ექიმი ამჯერად ისეთი სერიოზული კილოთი ლაპარაკობდა, რომ ამ მოსაზრებაზე მაშინვე აიღო ხელი. არადა, რა გამოადგება სახელმძღვანელოდ, რას ნახავს ასეთს ამ უბის წიგნაკში? ორიანები გამოადგება სახელმძღვანელოდ? ამასობაში მასწავლებელმა უბის წიგნაკი აიღო და წამოწევაც კი დააპირა, მაგრამ ექიმმა არ დაანება. სამაგიეროდ გია მოიხმო: – მოდი ახლოს! გია საწოლს გაუბედავი ნაბიჯით მიუახლოვდა.

– გია ბარბაქაძე, – საზეიმო კილოთი დაიწყო მასწავლებელმა. – აი, უბის წიგნაკი. იცოდე: ეს არის მთელი ჩემი სინდისი (გიას გააჟრჟოლა) და ოცდაათი წლის ნამოღვაწარი. ვინძლო, გაუფრთხილდე. როცა გაიზრდები და დაკვირვებული თვალითY ჩაიხედავ ამაში, დაინახავ, რომ რაჟდენ კაპანაძეს მოსწავლეების გასაწამებლად არ შეუძენია ესოდენ სქელი უბის წიგნაკი. აბა, აწი შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ! ამ სიტყვებით მან ბიჭს უბის წიგნაკი გაუწოდა. გია ბარბაქაძე აკანკალებული ხელით შეეხო ნივთს, ამდენი ხნის განმავლობაში რომ შიშის ზარს სცემდა მოსწავლეებს.

– ახლა კი გაიქეცი, – უთხრა მასწავლებელმა, – სამი საათი ხდება. სადაცაა, დაიწყება შენი ფეხბურთი. – მერე ექიმს მიუბრუნდა, – დღეს გამოცდის გარდა ფეხბურთიც ჰქონდა და სულ იმის ფიქრში იყო, მიუსწრებდა თუ არა. გაიქეცი, რაღას უდგახარ. საშემოდგომო გამოცდა მიპატიებია. ბებერ კაცს არ დაეძრახება ეს ერთი სისუსტე. გია იდგა და ყოყმანობდა. თან იმაზე ფიქრობდა, საიდან იცის გეომეტრიის მასწავლებელმა, დღეს რომ ფეხბურთი მაქვსო. ბოლოს ნელა დაიძრა კარისკენ. მაგრამ შუა გზაზე შემობრუნდა და აღელვებული ხმით წაიბუტბუტა: – მასწ., კარგად ბრძანდებოდეთ!

მასწავლებელს და ექიმს გაეცინათ.

– რა ამბით მემშვიდობები, ბიჭო, კი არ ვკვდები! თუ, რახან მასწავლებლობას თავს ვანებებ, შენ და შენი ამხანაგები მოვალედ აღარ თვლით თავს, შემოიაროთ და მინახულოთ? ჰა, რას გაჩუმებულხარ?!

– შემოვივლით, მასწ… – წაიბუტბუტა გიამ და გამოსცდა კარს. გამოვიდა თუ არა, მაშინვე უბის წიგნაკს დახედა, მთელი ამ ხნის განმავლობაში შანთივით რომ წვავდა ხელს. ახლოდან არც ისე საშიში ჩანდა. კანი, განსაკუთრებით ნაპირებთან, სულ ერთიანად გასცრეცოდა. გიას მოეჩვენა, რომ ეს ბებერი წიგნაკი რაღაცით ძალიან ჰგავდა თავის ბებერ პატრონს. თუმცა იგი აღარ იყო პატრონი. გიამ ქურდივით მიიხედ-მოიხედა და მაგრად ჩაბღუჯა იშვიათი ნადავლი. ამ ნივთის ხელში ჩაგდება მეექვსეკლასელთა აუხდენელი ოცნება იყო. ბიჭმა აკანკალებული ხელით გადასწია გარეკანი. პირველი ფურცელი ჭუჭყიანი და ყვითელი იყო. გიას ძველი გაზეთები უნახავს ასეთი ყვითელი და ჭუჭყიანი. პირველ გვერდზე, შუა ადგილას, უცნაურად დაგრეხილი ასოებით ეწერა: “რაჟდენ იასონის ძე კაპანაძე”, ხოლო ქვემოთ, იმ ადგილას, სადაც წიგნებს “თბილისი, 19… ” რაღაც წელი აწერია ხოლმე, იმავე ხელით ეწერა: “თბილისი, 1922 წელი”. გია პირდაღებული დასცქეროდა ამ “1922 წელს”. ეს მის წარმოდგენაში უხსოვარ დროდ ითვლებოდა და უფრო მეტი პატივისცემა იგრძნო იმ კაცისადმი, რომელმაც, ეჰეი, როდის – 1922 წელს უბის წიგნაკში საკუთარი ხელით ჩაწერა: “1922 წელი”. მერე სატიტულო ფურცელიც გადაშალა. გია მოელოდა, რომ ცალ მხარეს გვარები იქნებოდა ჩამოწერილი და მეორე მხარეს ორიანები, მაგრამ შეცდა. უბის წიგნაკში თითო გვერდზე ორ-ორი გვარი ეწერა, თავში და შუაში, გვარების შემდეგ მოდიოდა ორიანები და, საერთოდ, ნიშნები, რომლებიც, მეორე, მესამე და ხშირად მეოთხე ხაზზეც გადადიოდა. მაგრამ თუ გგონიათ, ამის გამო იდგა გია ასე თვალებდაჭყეტილი, გაფითრებული და პირდაღებული, სასტიკად ცდებით. არა, აქ მთავარი სხვა რამე იყო, და აი, რა: პირველ გვერდზე პირველი სახელი და გვარი ეწერა – “არჩილ ფერაძე”. ამიტომ იდგა გია ასე თვალებდაჭყეტილი, გაფითრებული და პირდაღებული. “არჩილ ფერაძის” გასწვრივ პირველ ხაზზე სულ ორიანები ეწერა, ორიანები ეწერა აგრეთვე მეორე ხაზზე და მესამე ხაზის შუამდე. მესამე ხაზის შუიდან მეოთხე ხაზის შუამდე სამიანები ეწერა, ხოლო აქედან უკვე ოთხიანები და მეოთხე ხაზის დასასრულს – ერთი, ერთადერთი, ობოლი ხუთიანი. ქვემოთ უკვე ახალი გვარი იყო. და რა თავისუფლად ლაპარაკობდა მასწავლებელთან! თითქოს ტოლი ყოფილოს! გიას არ გახარებია ეს ამბავი. არც თავისუფლად ამოუსუნთქავს იმის გამო, რომ სახელგანთქმული კაცი ამხანაგად ერგებოდა. პირიქით, ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს ეს უცხო ორიანები საკუთარ ცოდვასთან ერთად დააწვა და ორმაგად დაამძიმა. ისე გია, მასწავლებლისა არ იყოს, პატარას თუ მოინდომებდა… კაცმა რომ თქვას ნათია გოგიაშვილი გოგო თუა, იმიტომ ვერ ჯობია ბარე ორ ბიჭს! ბოლოს და ბოლოს, ის ერთადერთი სწორი პასუხი, გიაც და გეომეტრიის მასწავლებელიც რომ ასე გაახარა, ნათიას წყალობა არ იყო? დაიქცა ქვეყანა, თუ ღამით ტყეში წასვლის ეშინია! ადრე არც ცურვა იცოდა, მაგრამ ბოლოს ისწავლა და ახლა ბიჭებსაც კი არ ჩამორჩება… ნუგზარ მამალაძეც, ჩვენში დარჩეს და, მშვენიერი ცენტრალური თავდამსხმელია, ისე რა ღმერთი გაუწყრება, ერთი-ორი ბურთი არ გაიტანოს მეშვიდეკლასელების კარში. ასე ფიქრობდა გია ბარბაქაძე, პატარა ბიჭი, ცამეტი წელი სასწაულს რომ ელოდა და ბოლოს მართლა გადაურჩა საშემოდგომო გამოცდას. ასე ფიქრობდა… ან კი რა ექნა: ცამეტი წლის ბიჭი იქით უნდა წავიდეს, საითაც გული მიუწევს. გული კი ნათია გოგიაშვილისაკენ მიუწევდა, მეტიჩარა გოგოსკენ, რომელსაც თვალები გაუბრწყინდებოდა ხოლმე, გია რომ მასთან მივიდოდა. გიამ ამ დღეს მრავალი რამ გამოსცადა: სიმწარეც და სიტკბოც. და ყოველივე ამას მხოლოდ ნათიას თუ ეტყოდა, რადგან სხვები ამ ამბის ვერც სიმწარეს დაინახავდნენ და ვერც სიტკბოს. ასე იყო საქმე. და გია ბარბაქაძე, თავის გუნებაში რომ ცამდე მართალ ბიჭებს ედავებოდა, საკუთარი ბიჭობისდა სამარცხვინოდ, პირდაპირ მეტიჩარა ნათიას სახლისაკენ მიაბიჯებდა, თუმცა პირველი სკოლის ეზო გაცილებით უფრო ახლოს* იყო.

წყარო: www.qwelly.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button