ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – სიტყვა თქმული სათავადაზნაურო სკოლის საზოგადოების წლიურ კრებაზე

რამდენისამე წამის წინად აქ, ამ კრებაში, ერთმა ორატორმა წარმოსთქვა ის აზრი, რომ სააზნაურო სკოლა დაარსებულია ღარიბთათვის, მდიდრები სხვა სკოლებშიაც ადვილად გამოზრდიან თავის შვილებსო. თავისი აზრი დააფუძნა წესდებულების სათაურზედ: “Общества дворян Тифлисской губернии для содействия нуждвюшим в обучении”. ამ სათაურის გაგება ისე, როგორც ბრძანებს ორატორი, შეცდომად უნდა ჩაითვალოს. მე მქონდა პატივი მონაწილეობა მიმეღო წესდებულების შედგენაში და უნდა მოგახსენოთ, რომ საზოგადოების დამფუძნებელნი და წესდებულების შემდგენელნი გამსჭვალულნი იყვნენ წადილით – დაეარსებინათ პედაგოგიურად განწყობილი განწყობილი სასწავლებელი, სადაც, საზოგადო განათლების გარდა, ჯეროვანი ადგილი უნდა ჰქონოდა ყოველს იმას, რაცა ზრდის მოწაფეებში ქართულს სულსა და გულს და ამკობს მათ ყოველი ეროვნული ღირსებითა, თავისებურობითა. ამისთანა სასაწვლებელის დაარსება დიაღ რომ უპირველესს საჭიროებას შეადგენდა, რადგანაც ქართული სული და გული ყველა სხვა სასწავლებელში არამც თუ მივიწყებულია, არამედ განდევნილია.

ახლა ვიკითხოთ: ნუ თუ ქართული ეროვნული ღირსებანი, წრფელი მამულიშვილობა მარტო ღარიბთათვის არის საჭირო და არა ყველა ქართველისათვის? განა ერთს მდიდარს გულწრფელ მამულიშვილს ქვეყნისათვის მეტის სიკეთის მოტანბა არ შეუძლია, ვიდრე რამდენსამე ღარიბს? ჩვენს სკოლაში რომ მარტო ღარიბები მოვაქციოთ და მდიდრები გარეშე სკოლებს ვარგუნოთ, რა სურათს მივიღებთ? მდიდარი ქართველები თქვენაო და ღატაკები ჩვენაო.

უსაფუძვლოა აგრეთვე ის აზრი, წარმოთქმული მეორე ორატორის მიერ, ვითომ საქართველოში ყველანი ღარიბები იყვნენ. ღმერთმან ნუ მოგვასწროს ამასა. მართალია, ვალი თითქმის ყველას მართებს; მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ თვითონ თანამედროვე კრეზი – როტშილდი უვალო როდია, იგიც ხანდახან სხვისგან გაიმართავს ხოლმე ხელსა. ივანე მუხრანბატონს დიდი ვალი მართებს; მაგრამ მას ყველანი მდიდრად სთვლიან, რადგან მისი დიდი ქონება ერთი ათად და ოცად სჭარბობს ვალსა. არა, ბატონებო, ჩვენში, ღვთის მადლით, ქონებიანნი, შემძლებელნი, მდიდარნი ჯერ კიდევ მოიპოვებიან.

მაშ თუ ასეა, ვისთვის უნდა არსებობდეს ჩვენი სკოლა: ღარიბთათვის, თუ მდიდართათვის? ორთავესათვისა, მდიდარმაც და ღარიბმაც უნდა საზოგადო განათლებასთან ერთად აქ შეიხორცონ ქართული მამულიშვილობა, აივსნენ ქართულ თავისებურობით და გახდნენ ნამდვილნი, სრულნი ადამიანები, გამოსადეგნი თავის სამშობლოსათვის და სასარგებლონი სახელმწიფოსათვის, რომელთანაც განგებამ შეაერთა ჩვენი ბედი და უბედობა. მხოლოდ საქმე ის გახლავთ, რა გვარად უნდა მოეწყოს და მოიმართოს სააზნაურო სკოლა, რათა იგი მიწეიოს ამ მაღალს დანიშნულებას?

მოსამზადებელის კლასების შესახებ ყველანი ერთნაირის აზრისანი არიან. ყველას ოთხის წლის კურსი მიაჩნია საჭიროდ, და ამ კლასების დანიშნულებაც ჰრაცხს – ამზადოს ქართველი ყმაწვილები შესასვლელად ყოველ გვარის სასწვლებლის პირველს კლასში. აზრის სხვა და სხვაობა იწყება იქიდგან, თუ რა სასწავლებელი უნდა მოვაბათ ზედ ამ მოსამზადებელს სკოლასა. ‘

ერთნი იმ აზრისანი არიან, რომ მოსამზადებელ კლასებიდგან სააზნაურო სკოლის მოწაფენი, რომელნიც კი მართებულობის სასწავლებლებში ვერ შევლენ, უნდა შეუდგნენ პირდაპირ სამეურნეო სწავლის შეძენასაო. უნდა მოგახსენოთ, რომ სამეურნეო სასწავლებელი, ზედვე მიბმული მოსამზადებელს კლასებზედ, წარმოადგენს დაბალს სპეციალურს სასწავლებელსა, ამ გვარი სასწავლებელი აძლევს მხოლოდ ვიწროსა და მცირეს სპეციალურს ცოდნასა და ზრდის მხოლოდ სამეურნეო ჯარის კაცებსა, სამეურნეო სალდათებსა, და იგი მეტ ნაკლებად უძლურია ბლომი ცვლილება მოახდინოს მეურნეობაში. ამასთან ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ დაბალ სამეურნეო სასწავლებლის გახსნა ისე ძნელი არ არის, რომ მას შეეჭიდოს მთელი თავად-აზნაურობა. ამისთანა სკოლების გახსნას ცალკე შეძლებული თავადნი და აზნაურნიც მოახერხებენ, და კიდეც ახერხებენ. გახსნა დაბალი სამეურნეო სასწავლებელი ბატონმა წინამძღვარიშვილმა, გახსნეს ქუთაისში, ხსნიან გურიაში, გაიხსნება სხვა ადგილებშიც. ეს იმედი დამყარებულია იმაზედ, რომ დაბალი სამეურნეო სასწავლებელი სასარგებლოა ყველა მემამულისათვის კერძოდ, რადგანაც უმზადებს განვითარებულს მუშებს მის მამულსა, რომლის შემოსავალი ამის გამო მატულობს და ფასიც მისი მაღლა იწევ. თუ ეს დღეს ბევრს არ ესმის, ხვალ შეიგნებენ და შემძლებელი მემამულენი თავის მამულში დაარსებენ დაბალს სამეურნეო სასწავლებელსა. ამითი იგინი თავის თავსაც არგებენ, ქვეყანასაც დაეხმარებიან და სახელსაც გაიკეთებენ, იმ კეთილს სახელსა, რომელსაც არც ერთი ადამიანი გულგრილად არ უყურებს. დაბალი სამეურნეო სწავლა სხვა მხრივაც მოეფინება ჩვენს ქვეყანასა. მოგეხსენებათ, რომ დაბალს სასწავლებელს როგორც საერო, ისე სასულიეროსა, ახლა უმაღლესი მთავრობა აძლევს სამეურნეო ხასიათსა და ცდილობს საზოგადო დაბალ განათლებასთან შეაკავშიროს პრაქტიკულად დაბალი სამეურნეო სწავლებაცა. ერთი სიტყვით, სხვა-და-სხვა გზით უკვე უმზადდება ჩვენს ქვეყანას სამეურნეო ჯარის კაცები.

გარნა ყველას მოგეხსენებათ, რომ ბრძოლაში თვით კარგი სალდათები უძლურნი არიან, თუ მათ არა ჰყავთ განვითარებული და გაწვრთნილი ოფიცრები, გენერლები, წინამძღოლნი. როგორ უნდა მოვუმზადოთ ჩვენს ქვეყანას, თავად-აზნაურობას და გლეხობას, სამეურნეო ხელმძღვანელნი, მესვეურნი, სანატრელის გზის მაჩვენებელნი? საზოგადო საფუძვლიანი განათლებით, რომელზედაც უნდა იქმნას აშენებული საფუძვლიანივე სპეციალური, სამურნეო განათლება. აი გზა, რომელსაც ჩვენ უნდა დავადგეთ, თუ გვსურს, რომ დიდმა ხარჯმა უდიდესი სიკეთეც შეგვმატოს. ახლა ყველასათვის ცხადი ჭეშმარიტებაა, რომ სპეციალური სწვლა უძლურია მეტ-ნაკლებობით, თუ მას წინ არ უძღვის საზოგადო განვითარება, რომელიც უფურჩქნის მოსწავლეს ყოველს გვარს ნიჭსა და ჰყოფს მას სრულ ადამიანად. სპეციალისტი, მოკლებული საზოგადო განვითარებას, მოგაგონებს მაშინასა, რომელიც ერთს რასმეს აკეთებს მექანიკურად და სხვა რისამე რიგიანად გაკეთება მისთვის შეუძლებელია. ამისთანა ვიწრო სპეციალისტები ყოველს განსხვავებულს გარემოებაში იფანტება, ვერაფერს ახერხებს თავის თავად და გაკეთების მაგივრად საქმეს ადვილად აფუჭებს. ჩვენ სამეურნეო მაშინები კი არ გვინდა, ჩვენ გვესაჭიროება სრულნი ქართველნი, განათლებულნი მამულიშვილნი, შეიარაღებულნი ნამდვილ სამეურნეო სწავლითა. ხოლო საქმე ის გახლავთ: რა გვარის საზოგადო განათლება უნდა წავუმძღვაროთ სამეურნეო სწავლასა? მოგეხსენებათ, რომ საზოგადო სწავლა ორ-გვარია: კლასიკური და რეალური. რომელს მათგანს უნდა მივცეთ უპირატესობა?

ბევრნი, და მათ შორის თვითონ გამგე კომიტეტი სააზნაურო სკოლისა, ამჯობინებენ კლასიკურ სისტემასა იმ მოსაზრების ძალით, რომ გიმნაზიები ბევრია და ჩვენი სასწავლებლიდგან უფრო მეტს მოწაფეს შეეძლება სახელმწიფო სასწავლებლებში შევიდეს და უნივერსიტეტამდე მიაღწიოსო. მათი აზრით, ოთხი პროგიმნაზიელი კლასი უნდა ხელ-უხლებელი დარჩეს; ვინც აქედგან გიმნაზიებში შევა, ხომ კარგი, და ვინც ვერ ეღირსება ამ ბედნიერებას, იმათთვის უნდა გავხსნათ ცალკე სამეურნეო სასწავლებელიო. ეს აზრი არა მარტო უსაფუძვლოა და შეუსაბამო, არამედ ერთობ მავნებელიცაა. ვიკითხოთ: ეხლანდელი სააზნაურო სკოლის პროგიმნაზიულ კლასებიდგან რამდენი გადადის მართებულობის გიმნაზიებში? მცირეოდენი ნაწილი, უმეტესობა კი სხვა გზას ადგება, ან რჩება იმ სწავლის ამარა, რომელიც მიიღო სააზნაურო სკოლაში. შემდეგშიაც ესე იქმნება, რასაკვირველია, – ათიდგან სამიოდე ეღირსება კლასიკურს გიმნაზიას, შვიდი-კი ჩვენს სამზრუნველოდ დარჩება, და აი ესენი უნდა სამეურნეო სასწავლებელში გამოვზარდოთო. მერმე როგორი მეურნეები გამოვლენ? სწორედ იმისთანანი, როგორიც მომზადება ექნებათ. ხოლო რას ასწავლის კლასიკური პროგიმნაზია, ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიცით. ნაგლეჯები ბერძნული და ლათინური გრამატიკებისა, ძველი ენების კანკლედობანი და უღვლებანი – აი მთავარი ავლა-დიდება პროგიმნაზიის მოწაფეების გონებისა. სიტყვებით, ფრაზებით, გრამატიკების ფორმებით არის, უმეტეს ნაწილად, გამოტენილი მათი თავი. ამ სწავლას მაშინ აქვს მნიშვნელობა, როცა იგი დამთავრდება და ძველის დროის ავტორების კითხვას შეაძლებინებს მოწაფესა. შუაზედ გადაწყვეტილი-კი ისეთივე უძლურია, როგორც უძლურია ყოველი სულდგმული, შუა წელზედ გადაჭრილი. ყოველ შემთხვევაში, უარესად მომზადება სამეურნეო სწავლისათვის მოუფიქრებელი არის. სულ უსწავლელი უფრო ადვილად შეითვისებს ამ სწავლას, ვიდრე ის, ვისაც თავი გამოტენილი აქვს ძველი ენების გრამატიკების ნაფლეთებითა… რა არის სამეურნეო სწავლა? ძალა, ხელობა, რომელიც აძლევს ადამიანს ღონისძიებას – ბუნებას გამორჩეს, რაც შეიძლება, მომეტებული. ხოლო ბუნებას ის იმსახურებს კარგად და ის იყენებს, ვინც ზედმიწევნით იცის მისი კანონები, თვისებანი, მისი ავი და კარგი, რა აძლევს ადამიანს ამ ცოდნასა? ბუნების მეტყველება, როგორც ყველამ ვიცით. მაშასადამე, თუ სამეურნეო სასწავლებლისათვის გვინდა ვამზადოთ ქართველი მოზარდი თაობა, საჭიროა ეს ბუნების მეტყველება კარგად შევასწავლოთ. ჩვენ-კი ლათინურის და ბერძნულის გრამატიკების ზეპირებას ვთლით საუკეთესო გზად სამეურნეო მომზადებისათვის. მეტი უკუღმართობა და გზა-კვალის დაქსაქსვა კიდევ იქნება?… კლასიკური პროგიმნაზია ყველგან ამზადებდა და ამზადებს მხოლოდ კლასიკური გიმნაზიისათვის. არსად და არას დროს არ გაგონილა და არ ნახულა, რომ ამ გვარს პროგიმნაზიას უმეტესი წილი მოწაფეებისა ემზადებინოს სამეურნეო სასწავლებლისათვის. და ჩვენ კი უნდა განვახორციელოთ ეს უნახავი და გაუგონელი ამბავი! კარგი, განვახორციელოთ; მაგრამ რა შედეგს მივიღებთ, რა მოქმედ პირებს გამოგვიზრდის ეს სასწავლებელი? უცნაურებს, არსად ნახულს მახინჯებს: ქვემო ნაწილი თავისა გაჭიკნილი ექმნებათ გრამატიკების ნაფლეთებითა, ზემო ნაწილი სამეურნეო რამეებს ეკავებათ. კარგი საღი განათლებული თავები გევყოლება, განა? ეს მახინჯები იქმნებიან მოკლებულნი კლასიკურის სწავლის ღირსებასაც, რეალურისაცა და სამეურნეოსაცა. ამისთგანა გამოუსადეგარი არსებათათვის უნდა ხარჯოს თავადაზნაურობამ იმდენი ფული? ასე საქმის დაყენება მოკლე ხნის განმავლობაში ცხად ჰყოფს სრულს გამოუსადეგრობას ჩვენის სამეურნეო სკოლისას და სამუდამოდ პირქვე დაამხობს მას არამც თუ ფაქტიურად, პრინციპიალურადაც.

“პროგიმნაზიას ჩვენ მხოლოდ დროებით დავჯერდებითო”, ამბობს კამიტეტი, – რამ-წამ ნივთიერს ღონისძიებას ვიგდებ ხელში, მაშინვე გიმნაზიის კლასებსაც გავხსნითო, რომ მთელი კურსი გიმნაზიისა ჩვენს სასწავლებელში დაასრულონ ხოლმე და სხვა სასწავლებელში გადასვლა აღარ მოუნდეთო. რაც შეეხება მომავალს სამეურნეო სასწავლებლებელსაო, მასში სხვა სასწავლებლებიდგან მივიღებთ მოწაფეებსაო. ამ აზრს ბევრი თანაუგრძნობს. მაგრამ თუ საგანს კარგად დავუკვირდებით და ჩავუფიქრდებით, ამ გზასაც არამც თუ შეუსაბამოდ, მავნებლად ვცნობთ.

ჯერ ერთი, სადა გვაქვს იმოდენა სახსარი, რომ მთელი გიმნაზია შევინახოთ? ახლანდელს ჩვენს პატარა სასწავლებელსაც-კი არამც თუ თანხა არა აქვს, ვალით ინახება ყოველ წლივ. ადვილად შესაძლებელია, რომ გახსნას დაკეტა მალე მოჰყვეს. მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ ქართველობამ საქმე გაიჭირა, გახსნა და აწარმოვა მთელი გიმნაზია. რას მოგვცემს იგი ჩვენ? რომელ საქმისათვის მოამზადებს იგი ჩვენს შვილებსა? ჩინოვნიკობისათვის, მოხელეებისათვის, ბიუროკრატიის სამსახურისათვის. სხვა რისამე გაკეთება გიმნაზილეს არ შეუძლიან. მაგრამ, სამწუხაროდ ჩინებისა და ორდენების მონატრულთა, უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ძლიერ მცირე ნაწილი მოწაფეებისა ასრულებს გიმნაზიასა, უმრავლესობა კი სხვა-და-სხვა კლასებიდგან გაირიყება ხოლმე.

მივმართოთ განათლების მინისტრის წლიურს ანგარიშებს და ვცნათ, რამდენი ასრულებს იმპერიაში კლასიკურს გიმნაზიასა? ეს ანგარიშები ჰმოწმობენ უტყუარს ფაქტსა, ძლიერ სამწუხაროსა და მეტად საგულისხმიეროსა. თურმე ნუ იტყვით – ასს გიმნაზიელში სრულს კურსს გიმნაზიისას ასრულებს შაუგულს რუსეთში მხოლოდ ხუთიდგან შვიდამდე და განაპირა ქვეყნებში ორიდგან ოთხამდე. ასე რომ, გიმნაზიები წარმოადგენენ მდინარეებსა, რომელთაც თავისი ვეებერთელა სათავიდან მხოლოდ რამდენიმე ცვარი შეაქვთ ზღვაში. ადვილად მისახდომია, რად ასრულებს შიდა-რუსეთში თითქმის ერთი-ორად მეტი, ვიდრე განაპირა პროვინციებში. ეს განსხვავება იამზედ არის დამოკიდებული, რომ რუსები უფრო ადვილად იტანენ ტვირთს ძველის ენების სწავლებისას, რადგანაც სკოლის ენა მათი დედა-ენაა, და სხვა ტომთა მოწაფენი კი იძულებულნი არიან უცხო ენაზედ ისმინონ სწავლა, რის გამოც საქმე მათთვის ერთი-ორად უფრო ძნელდება. სადამდინ დიდია ეს უკანასკნელი დაბრკოლება, გვიჩვენებს პოლონეთის მაგალითი. თუმცა პოლონელი ძლიერ ნიჭიერნი არიან, ოჯახობა მოწყობილი აქვთ განათლებულად, კულტურულად, და თუმცა მათი ენა ღვიძლი ძმაა რუსულის ენისა, მაგრამ მაინც რუსულს ენაზედ სწავვლება იმათთვისაც ისეთი ძნელია, რომ, საცა ორი რუსი ასრულებს კურსსა, იქ მხოლოდ ერთი პოლონელი ეღირსება ხოლმე ამ ბედნიერებასა…

რაც უნდა კარგად მოვაწყოთ ჩვენი გიმნაზია და რაც უნდა მარჯვედ ვაწარმოვოთ იგი, ასში ოთხის მეტს ვერ დავასრულებინებთ. უკეთესს ნაყოფს თითქმის შეუძლებლად ხდიან შემდეგი გარემოებანი: ქართული ოჯახი დაბალას ხარისხზედ სდგას და სკოლაში შესვალმდინ ბავშვი ცუდ-უბრალოდ ატარებს მთელს შვიდ-რვა წელსა. ჩვენს ენას არავითარი მსგავსება და კავშირი არა აქვს არც ბერძნულ-ლათინურთან, რომელთაც უმთავრესი ადგილი უჭირავთ გიმნაზიის კურსში, და არც რუსულ ენასთან, რომელზედაც მომართულია მთელი სწავლა. ამ სახით, გიმნაზიის დასაწყისში რომ ასი მოწაფე გვყავდეს, ბოლოში უწევს მხოლოდ ოთხი, ესეც საუკეთესო შემთხვევაში, უწევს დაქანცულ-დაღალული. ოთხმოც-და-თექვსმეტს კი დაიშრობს სახარა კლასიციზმისა. ესე იგი ზოგი პირველი კლასებიდგანვე გაექცევა ძველს ენებსა, ზოგი შუა კლასებიდგან და ზოგიც უფროს კლასებიდგან. ეს ამოდენა გაქცეული ჯარი რა ავლა-დიდებას წაიღებს თანა? მთავარი მისი გონებრივი ქონება იქნება ნაფლეთები ძველი ენების გრამატიკისა. რისთვის იქმნება გამზადებული? მხოლოდ იმისთვის, რასაც ყაჩაღები, ფირალები ემსახურებიან.

მაშ რა ვქნათ, რა გზას დავადგეთ?..

ზურგი უნდა შევაქციოთ ყალბს ცოდნას, ფორმალების ზეპირობას და შევუდგეთ შეძენას ნამდვილის, ჭეშმარიტის ცოდნისას. ხოლო ამ გვარს ცოდნას იძლევა ესრედ წოდებული რეალური სისტემა განათლებისა. ამ სისტემას ყველა უპირატესობა აქვს კლასიკურ სისტემის წინაშე. პირველად, რეალური სისტემა იმ ფორმალურს განვითარებასაც ანიჭებს მოწაფეს, რომელიც შეადგენს ერთად-ერთს ღირსებას კლასიკურის სისტემისას, და, ამას გარდა, ნამდვილი ცოდნითაც ამდიდრებს. ამა აღიარებენ ახლა საუკეთესო პედაგოგები, მათ შორის დიდი პედაგოგი რუსეთისა უშინსკი, და დაწინაურებული ექიმები. მეორედ, თუმცა რეალური სისტემა ათვალწუნებული იყო აქამდე და მას იმდენად აქცევდნენ ყურადღებას, რამდენადაც დედინაცვალი მოძულებულს გერსა, – მაგრამ მაინც ის რეალისტში ცამეტი მაინც და მაინც ასრულებდა კურსსა, და არა ოთხი, როგორც კლასიკურსს გიმნაზიაში. ამას გარდა ისინიც, ვინც კურსდაუსრულებელნი თავს ანებებდნენ ამ გვარს სასწავლებლებს, ბევრით უკეთესს მდგომარეობაში იყვნენ, ვიდრე დათხოვნილი კლასიკები; ამ უკანასკნელებმა არაფერი იცოდნენ, რადგანაც ენის ცოდნა, თუ დამთავრებული არ არის, ცოდნას არ შეადგენს, მაშინ როდესაც ბუნებითი საგნების მცირეოდენის ნაწილის შეთვისებაც ცოდნაა თავისთავად. მესამედ, რეალურის სასწავლებლის კურსის დასრულებას უნდება ხუთიდან შვიდ წლამდე, მაშინ როდესაც კლასიკური გიმნაზია ითხოვს მთელს რვა წელიწადს. მეოთხედ, მხოლოდ რეალური სასწავლებელი აძლევს მოწაფეთა შესაბამ საზოგადო განათლებას სპეციალურ სამეურნეო სწავლისათვის. ხოლო სამეურნეო სწავლის მიუცილებელს საჭიროებას ჩვენთვის აღიარებენ ყველანი, სააზნაურო სკოლის კომიტეტიდგან დაწყებული უკანასკნელ ინტელიგენტამდე. მართლაც, თუ საგანს ჩავუკვირდებით ცოტაოდნად მაინც, ცხადი შეიქმნება ჩვენთვის, რომ სამეურნეო ცოდნა – უპირველესი და უსაჭიროესი ცოდნაა ჩვენს მდგომარეობაში. ჩვენის ქვეყნის ბუნება ძლიერ მდიდარია, ჩვენ კი ძლიერ ღარიბნი ვართ. რადა? იმიტომ, რომ მოვლა არ ვიცით ამ ბუნებისა. სხვებმა იციან ეს მოვლა, ერთი ათად მეტის გამორჩენის იმედი აქვთ, ფულს გვახარბებენ და ხელიდგან გვაცლიან მიწა-წყალსა. ამ მოვლენას თუ ბოლო არ მოვუღეთ, იგი ჩვენ თვითონ აგვიგებს ანდერძს. წარმოვიდგინოთ, ბატონებო, რომ ჩვენმა ერმა დაჰკარგა ყველა საჩინოვნიკო, სამოხელო ადგილები, ერთი ქართველი აღარ ურევია ქვეყნის მართვაში; მაგრამ მას ამავე დროს მტკიცედ უჭირავს ხელში თავისი მიწა-წყალი და მარჯვედ სარგებლობს. საშიში აქ არაფერია, დღეს დაკარგული სამოხელო ადგილები ხვალ ადვილად შეიძლება ისევ დავიბრუნოთ. მაგრამ თუ ჩვენი ხალხი გამოესალმა მიწა-წყალსა, მის გაქრობა დედამიწის ზურგიდან აუცილებელი გახდება, თუნდაც პირველს ხანებში მრავალის სამოხელო ადგილი ეჭიროს ადმინისტრაციაში, სასამართლოსა და ჯარში. მიწა-წყალი ნამდვილი ფესვებია ერის ცხოვრებისათვის, და როგორც ხე, მოშორებული ფესვებს, ხმება, ისე ერი იღუპება, როცა ხელიდგან ეცლება მიწა-წყალი, ტერიტორია.

საუკეთესო სწავლა მიწა-წყლის მარჯვედ მოხმარებისათვის, მისი მოვლისა და გამოყენებისათვის, მოსავლის გადიდებისათვის, გახლავთ, როგორც უკვე მოგახსენეთ, რეალური სწავლა, დამთავრებული სამეურნეო სწავლითა. მხოლოდ საქმე ისაა, სად უნდა მოვსძებნოთ მისაბაძი მაგალითი, ვისი გამოცდილებით უნდა ვისარგებლოთ? ზოგნი ევროპისაკენ იშვერენ ხელსა და გვირჩევენ, იქ ვეძებნოთ ნიმუში საუკეთესო სასწავლებლისა. მაგრამ აქ ერთი რამ უნდა დავივიწყოთ: ევროპა პრორეგსის გზაზედ ძლიერ ჩქარა მიდის, მეტად დაწინაურებულია, მას შორიახლოს მისდევს რუსეთი და რუსეთის უკან კიდევ კუს ტაატით მიჩანჩალებს ჩვენი პატარა ქვეყანა. როგორ გადავახტეთ თავს ამ უზარ-მაზარს იმპერიასა და ამოვყოთ თავი შორეულს ევროპაში? ისა არა სჯობიან, ჯერ უფრო მახლობლად ვეძებოთ, რის პოვნაც გვინდა, ჯერ რუსეთი გავჩხრიკოთ, იქნება აქ ამოჩნდეს სწორედ იმისთანა სასწავლებელი, რომელსაც ჩვენ ვნატრობთ და რომელიც უფრო ხელმისაწვდომია.

დიაღ, სწორედ რუსეთში არსებობს კარგა ხანია სასწავლებელი, რომელიც სწორედ შეეფერება ჩვენს მდგომარეობასა, რასაკვირველია, საჭირო და შესაბამი ცვლილებითა. ეს სასწავლებელი გახლავთ პრემის გუბერნიაში კრასნოუფიმსკის რეალური სასწავლებელი სამეურნეო კლასებითა. ამ სასწავლებელს წინად ჰქონდა ცხრა წლის კურსი, შვიდი წელი უნდებოდა საზოგადო კურსსა და ორი წელი სპეციალურსა. ჯდებოდა მთლად წელიწადში 30,000 მანეთი. ამ უკანასკნელს წლებში საზოგადო კურსი შეამოკლეს ერთი წლით და ორი წლით გაადიდეს სპეციალური კურსი. ამ ჟამად კრასნოუფიმსკში არსებობს რეალური სასწავლებელი ექვსის წლის კურსით და სამეურნეო სასწავლებელი ოთხის წლის კურსით. ეს სამეურნეო სასწავლებელი განცალკევებულია და აქვს ვრცელი ფერმა ყოველგვარი მოწყობილობითა. მასში შესასვლელად საჭირო არ არის მთელი რეალური სასწავლებლის დასრულება; საქმე ისეა მოწყობილი, რომ ვისაც სამეურნეო გზის არჩევა სურს, ის მეხუთიდგანვე გადადის სპეციალურს სასწავლებელში, და ვისაც არა, ასრულებს რეალურს სასწავლებელსა და გამოდის ატესტატითა…

კარგად მოგეხსენებათ, რომ ხე ნაყოფით იცნობებაო. ჩვენც სწორედ ამ ნაყოფს უნდა მივმართოთ. რა სამსახური გაუწია კრასნოუფიმსკის რეალურ-სამეურნეო სასწავლებელმა პერმის გუბერნიის მცხოვრებთა, რა ეკონომიური ცვლილება, გაუკეთესობა მოახდინა იქაურს ყოფა-ცხოვრებაში? ისეთი ძირითადი და სანატრელი ცვლილება მოჰყვა ამ სასწავლებელსა, რომ ძნელად დაიჯერებს ის, ვინც დაახლოვებით არ გაიცნობს საქმესა. წინათ პერმის გუბერნია ერთი უღარიბესი კუთხე იყო რუსეთის იმპერიაში, ეხლა კი შეძლებულს გუბერნიათა რიცხვს ეკუთვნის. წინად ამ გუბერნიის მიწამ იცოდა ძლიერ მცირედი მოსავალი, ახლა კი მოჰყავს ერთი ორად და სამად მეტი და ასეც უნდა მომხდარიყო. ხსენებული სასწავლებელი, თავისი ფართო და მშვენივრად მოწყობილი ფერმით, გარდაიქცა სამეურნეო სწავლის დიდ კერად, სადაც, მოწაფეთა გარდა, ხნიერი მცხოვრებნი გუბერნიისა პრაქტიკულად, თვალ-საჩინოდ სწავლობდნენ საუკეთესო მოვლას მიწისას და გაიცნობდნენ ახალ იარაღებს ხვნა-თესვისასა. ამ იარაღებს წინად ფერმა იბარებდა ევროპიდგან; მაგრამ რადგან ძლიერ ძვირად ჯდებოდა, თვითონვე დაიწყო გაკეთება. მხვნელ-მთესველნი მოდიოდნენ, უცქეროდნენ ამ იარაღების მზადებასა, სწავლობდნენ, და შემდეგში თვითონ ადგილობრივ იწყეს მათი კეთება, რამაც ერთი სამად და მეტად გააიაფა ახალ სისტემის იარაღები. მეტადრე დიდი სამსახური გაუწია გუბერნიას ერთმა სრულიად ახალმა თანამდებობამ, რომელიც გუბერნიაში შემოღებულ იქმნა ამ სასწავლებლის თაოსნობით. დააწესეს თანამდებობანი სააგრნომიო ზედამხედველობისა, რომლებზედაც იწყეს გამწესება ამ სასწავლებელში კურს შესრულებულებისა. თითო მაზრას სათითაო ზედამხედველი გაუმწესეს. ეს ზედამხედველნი იყვნენ და არიან ნამდვილი სახალხო პროფესორები მეურნეობისა, დადიან სოფლით სოფლად და აწავლიან ხალხს, თუ როგორ უნდა ჰხნან მიწა, რომელს მიწაზედ რა მცენარე დასთესოს, როგორ მოუაროს, როგორ აკეთოს ახალი სამეურნეო იარაღები; თუ რაიმე მტერი გაუჩნდა მოსავალსა, ხელმძღვანელობას უწევენ, რა გზით და რა ღონისძიებით უნდა გაიჟლიტოს ეს მტერი, და სხვანი და სხვანი. ერთი სიტყვით ეს ზედამხედველები არიან სანიტრები და ექიმები მეურნეობისა. მათ ისეთი ცოდნა გამოიჩინეს, ისეთი დიდი სიკეთე დათესეს, ისეთი სახელი გაითქვე, რომ სხვა ქვეყნებშიაც იბარებენ კრასნოუფიმსკიდგან სააგრონომო ზედამხედველებს, მაგალითად, ბესარაბიაში.

აი სწორედ ამისთანა ზედამხედველები ეჭირვება ჩვენს ქვეყანას, ჩვენ მეურნეობას. იგი ჯეროვანს სიმაღლემდე აიყვანენ მამულის მოვლის ხელობას, ასწავლიან ერს – მდიდარი ბუნებიდგან ყოველ წლივ მიიღოს არა ღატაკი მოსავალი, არამედ უხვი, და დოვლათს დაატრიალებენ ჩვენს ღარიბს ქვეყანაში. დიდი მამულის პატრონები ამ განვითარებულ ზედამხედველებში ჰპოვებენ მოურავებს, რომელნიც ერთი სამად და ოთხად აქცევენ წლიურს შემოსავალსა. მაშასადამე, ჩვენ უნდა დავაარსოთ სწორედ ისეთი სასწავლებელი, როგორიც არის კრასნოუფიმსკში. თუ ამ გზას ვაღიარებთ საუკეთესო გზად და მტკიცედ დავადგებით, ახლანდელს მოსამზადეებელს კლასებს უნდა ზედ მოვაბათ თბილისში არა კლასიკური პროგმინაზია, არამედ ექვს-კლასიანი რეალური სასწავლებელი და ცალკე სოფლად, რომელსამე დიდს მამულში, გავხსნათ ოთხკლასიანი სამეურნეო მაღალი სასწავლებელი.

მაშ პროგიმნაზიული კლასები უნდა გაუქმდეს? არა. ბლომად არიან შემძლებელნი პირნი, რომელთაც შეუძლიათ და სურვილიცა აქვთ თავისი შვილები უთუოდ უნივერსიტეტში გამოზარდონ. ამ გვარ პირთაც უნდა გავუღოთ კარები ჩვენის სასწავლებლისა, რათა მათ შეეძლოთ თავისს შვილებში, ძველს ენებთან ერთად, აღზარდონ და განამტკიცონ ეროვნული მიმართულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგინი, ეს კლასიკური სისტემის მოტრფიალენი, მუდამ დრტვინვაში იქმნებიან, მუდამ ჩივილში, და ეცდებიან ძირი უთხარონ სააზნაურო სკოლასა. ხოლო ამ სკოლის აყვავებისათვის მიუცილებლად საჭიროა, რომ იგი იყოს საყოველთაო სიყვარულით და სიმპატიით მოცული და სამუდამოდ მოსპოს მის გარშემო ცილაობა და ჭიდილი რეალისტებისა და კლასიკოსებისა. ეს მით უფრო მოსახერხებელია, რომ საზოგადო საგნები პროგიმნაზიასა და რეალურს სასწავლებელს ბევრი აქვთ, ეს საზოგადო საგნები ისწავლებიან ერთად და მხოლოდ განსაკუთრებითი საგნები მოითხოვენ წელიწადში ოთხას-ხუთას თუმანსა. ამ გვარი ორკეცი სასწავლებელნი – რეალურ-კლასიკურნი – წინად ბლომად არსებობდნენ და ეხლაც არსებობენ, მაგალითად, სტავროპოლში. პროგიმნაზიულს კლასებს ექმნებათ დანიშნულებად – მოუმზადონ მართებულობის გიმნაზიის უფროს კლასებს ჩვენი შვილები, ხოლო რეალური კლასები, როგორც მოგახსენეთ, მოუმზადებენ მოწაფეებს ჩვენს მაღალს სამეურნეო სასწავლებელსა და მართებულობის სპეციალურს უმაღლეს სასწავლებლებსა.

მოსამზადებელი კლასები და რეალური სასწავლებელი რავდენისამე პროგიმნაზიულის კლასით დარჩება, რასაკვირველია, თბილისში, ხოლო სამეურნეო სასწავლებელი უნდა დაფუძნდეს, როგორც მოგახსენეთ, რომელსამე დიდს მამულში სოფლად, სადაც შეიძლება ფართო ფერმის გამართვა, რასაც უპირველესი მნიშვნელობა აქვს სამეურნეო-რეალური ცოდნის შეძენისათვის. ამისთანა მამული უკვე მიანიჭა თავად-აზნაურობას თავისი უხვის შეწირულებით თავადმა ზაქარია გიორგის-ძემ ერისთავმა. მდებარეობა მამულისა შუა-გულს ქართლში, რკინიგს გზის სიახლოვესა, იქაური მიწა-წყლის სხვა-დასხვაობა სწორედ მოხერხებულს ადგილად ჰხდიან თავადი ერისთავის მამულსა. აქ დაარსებული სასწავლებელი ადვილად გაუძღვება ორსავე საქართველოს მოთხოვნილებას – აღმოსავლეთისას და დასავლეთისას, თბილისის და ქუთაისის გუბერნიებისას. მართალია, იგი ბლომად მოინდომებს ფულს ყოველ წლივ, მაგრამ შეერთებულს ძალას ორისავე ბანკისას და ორთავე თავად-აზნაურობისას არ უნდა გაუჭირდეს მისი შენახვა. ამასთან ისიც უნდა ვიქონიოთ სახეში, რომ ამ გვარს სამეურნეო სასწავლებელს მთავრობა ადვილად უნიშნავს სუბსიდიას, მეტადრე თუ იგი გახსნილია თავად-აზნაურობისაგან…

ბოლოს, საჭიროდ ვრაცხ მოგახსენოთ, რომ საყოველთაო ინტერესი მოითხოვს, რათა იმ საზოგადოებას, რომელიც ინახავს სააზნაურო სკოლასა და კომიტეტს, რომელიც მართავს ამ სკოლასა, მივცეთ უფრო ფართო ასპარეზი. მათ უნდა ექვემდებარებოდეს არა მარტო თბილისის სააზნაურო სკოლა, არამედ ყველა სასწავლებლები, რომელიც-კი ორსავე საქართველოში გაუხსნია და გახსნის თავად-აზნაურობა და რომელიც ინახება ბანკების სარგებლითა; მაგალითად: წინამძღვრიანთ-კარის სკოლა, ქუთაისის სააზნაურო სკოლა, სენაკის სკოლა და მომავალი სამეურნეო სასწავლებელი. ამ გაფართოებას უფლებისას ითხოვს ის გარემოებაც, რომ დასავლეთის თავად-აზნაურობამ ვერ შეადგინა ცალკე საზოგადოება და მისი სკოლები ექვემდებარებიან “წერა-კითხვის საზოგადოებას”, რაც მეტ-ნაკლებობით შეუსაბამოა. მართალია, ამ შემთხვევაში დაგვჭირდება წესდების შეცვლა, და იმერ თავად-აზნაურების წევრებად მიღება, მაგრამ აქ არავითარი სიძნელ არ დაგვხვდება წინ. თუ ეს აზრი განხორციელებული იქმნა, შეერთებულს თავად-აზნაურობას საქართველოისას და შეერთებულსავე ძალას ბანკებისას ექმნებათ მთელი გუნდი სასწავლებლებისა: თბილისში მოსამზადებელი კლასები, რეალური სასწავლებელი პროგიმნაზიულ კლასებითურთ და დაბალი სამეურნეო სასწავლებელი წინამძღვრიანთ-კარში, სადაც შევლენ მოსამზადებელი კლასებიდგან ის მოწაფენი, რომელთაც სიღარიბე ან სხვა გარემოება ნებას არ მისცემს აირჩიონ უფრო გრძელი გზა განათლებისა; ქუთაისში იქმნება აგრეთვე მოსამზადებელი კლასები და დაბალი სამეურნეო სასწავლებლები, რომლის გახსნა გადაწყვეტილია სამეგრელოს თავად-აზნაურთაგან და რომელშიაც მიიღებიან ორივე მოსამზადებელი სასწავლებლიდგან ხსენებულს გარემოებაში მყოფნი მოწაფენი. ამავე დროს პროგიმნაზიული კლასები იქმნებიან აუზნი, საიდგანაც ერთი ნაწილი ჩვენის მოზარდ თაობისა იდენს მართებლობის კლასიკურ გიმნაზიებში და შემდეგ უნივერსიტეტში. გვირგვინი ყველა ამ სასწავლებლებისა იქმნება სამეურნეო სასწავლებელი, რომელიც მიიღებს ყოველს წელს თავის წიაღში იმ იმერ და ამიერ ყმაწვილებსა, რომელნიც ხუთს კლასს რეალურ სასწავლებლისას წარმატებით დაასრულებენ. – ამ მაღალს სასწავლებელში კურს-დასრულებულები, აღჭურვილი თანამედროვე სამეურნეო ცოდნით, თეორეთიკულით და პრაქტიკულით, შეიქმნებიან ხელმძღვანელნი მიწის მფლობელთა და მიწის მომქმედთა, გამოიყვანენ ჩვენს მეურნეობას იმ უნუგეშო მდგომარეობიდგან, რომელშიაც იგი არის ეხლა ჩაფლული, და ჩვენს სამშობლოს მისცემენ შეძლებას არამც თუ შეირჩინოს თავისი მიწა-წყალი, არამედ დაიბრუნოს ხელიდგან წასული ტერიტორია და ყოველ წლივ მოიმკოს იმისთანა უხვი მოსავალი, როგორიც შეეფერება ჩვენი ქვენის მდიდარ ბუნებასა.

მერემე, სადა აქვს თავად-აზნაურობას იმდენი შეძლება, რომ ყველაფერი ეგ სისრულეში მოიყვანოს, განახორციელოს? მკითხავენ. ჩემის მხრით ვიკითხავ: როგორ იშოვნა სახსარი ღარიბმა და ღატაკმა საქართველოს სამღვდელოებამ, რომელიც ინახავს თითქმის მარტო თავის ხარჯით შვიდს კლასიანს ექვს სასულიერო სასწავლებელს ვაჟებისათვის და ორს ქალებისათვის, რაზედაც წელიწადში ათი-ათასს თუმანზედ მეტი ეხარჯება? როგორ მოახერხა იმერეთის ნივთიერად უღონო სამღვდელოებამ შეეგროვერბინა ოც-და-ათი-ათასი მანეთი ქუთაისში სემინარიის დაარსებისათვის? ნუ თუ რაც უძლურმა სამღვდელოებამ მოახერხა, ის არ შეუძლიან ბევრად მასზედ შემძლებელს თავად-აზნაურობას და ორს იმისთანა საკრედიტო დაწესებულებასა, როგორიც არიან თბილისისა და ქუთაისის სათავად-აზნაურო ბანკები? და თუ შეუძლიან, ნუ თუ თავად-აზნაურობა სულით და გულით არ მოინდომებს უკანასკნელი თავისი სახსარი მოანდომოს ნამდვილს განათლებას თავის შვილებისას, მეტადრე მაშინ, როდესაც ამ განათლებაზედ ბევრად დამოკიდებულია არა მარტო თავად-აზნაურობის, არამედ მთელის ჩვენის სამშობლოს ბედ-იღბალი, არსებობდა და წარმატება?

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button