უცნაურიფლორა & ფაუნა

მეგალოდონი – ზღვის მონსტრი კაინოზოური ეპოქიდან

28-1.5 მილიონი წლის წინ მობინადრე მეგალოდონი არამარტო ზვიგენის უდიდესი სახეობა იყო, რომელსაც ოდესმე დედამიწაზე უარსებია, ის ასევე გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი მტაცებელი არსება ისტორიაში. მონაცემებით აღემატებოდა როგორც თანამედროვე დიდ თეთრ ზვიგენებს, ისე მაშინდელ რეპტილიებს – ლიოპლევროდონსა და კრონოზავრს. მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით წლების წინ უზარმაზარი ცხოველების არსებობა გასაკვირი არაა, ეს სახეობა მაინც განცვიფრებას იწვევს თავისი ზომისა და შესაძლებლობების გამო.


● მეგალოდონის კბილების სიგრძე 18 სმ-ს აღწევდა. მეგალოდონს ეს სახელი (მეგა=დიდი, ოდონ=კბილი) ტყუილად არ დაუმსახურებია. ამ პრეისტორიული ზვიგენის კბილების სიგრძე აჭარბებდა 15 სმ-ს, იყო შემჭიდროებული და გულის ფორმისა. შედარებისთვის, დიდი თეთრი ზვიგენის კბილი 7-8 სმ-მდეა. იმისთვის, რომ ამ საკითხში მეგალოდონის ღირსეული კონკურენტი ვიპოვოთ, უნდა გადავიდეთ 65 მილიონი წლის წინანდელ დედამიწაზე, როცა ტირანოზავრი ბატონობდა, თუმცა რიგ შემთხვევებში ზოგიერთი ხმალკბილა კატის ეშვების მონაცემიც მსგავსი იყო.


● წარსულში მეგალოდონის კბილები გაქვავებული ენა ეგონათ. ზვიგენები ხშირად იცვლიან კბილებს, სიცოცხლის მანძილზე შეიძლება ასობით და ათასობით კბილი დასცვივდეთ, ამიტომ მეგალოდონის კბილებს უხვად პოულობდნენ, დაწყებული ანტიკური ხანიდან დამთავრებული თანამედროვე ეპოქით. მაგრამ საქმე იმაშია, რომ საუკუნეების წინ, როცა ქვებსა და ქანებში ზვიგენის კბილს იპოვიდნენ, ვერ ხვდებოდნენ, რეალურად რა იყო და თვლიდნენ, რომ დრაკონის ან გველის გაქვავებული ენა აღმოაჩინეს. უფრო მეტიც – ეგონათ, რომ მათი მეშვეობით სხვადასხვა შხამისგან თავის დაცვა შეიძლებოდა. მოგვიანებით ეს ინტერპრეტაცია გამოასწორეს იტალიელმა ბუნებისმეტყველმა ფაბიო კოლონამ (1611 წ) და დანიელმა ბუნების მკვლევარმა ნიკოლაუს სტენომ (1667 წ).


● მეგალოდონი კბენის ძალის მაჩვენებლით რეკორდსმენია. 2008 წელს ავსტრალიელი და ამერიკელი მკვლევარი მეცნიერების ერთობლივმა ჯგუფმა კომპიუტერული სიმულაცია გამოიყენა მეგალოდონის კბენის ძალის განსაზღვრისთვის. შედეგი სხვა არაფერი იყო, თუ არა შემაძრწუნებელი: იმ დროს, როცა თანამედროვე დიდი თეთრი ზვიგენის ძალა 1.8 ტონაა, ხოლო ლომისა – „მოკრძალებული” 450 კგ, მეგალოდონისა შეადგენდა 11-18 ტონას. თუკი ავიღებთ მაქსიმალურ მაჩვენებელს (18 ტონა), გამოდის, რომ ეს გიგანტური ზვიგენი კბენის ძალით 10-ჯერ აღემატებოდა დიდ თეთრ ზვიგენს, 5-ჯერ ტირანოზავრს და 28-ჯერ – დუნკლეოსტეუსს.


● მეგალოდონის სიგრძე 18 მეტრს აღწევდა. გამომდინარე იქიდან, რომ მეგალოდონი ცნობილი გახდა ათასობით კბილით, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ძვლით, მისი ზუსტი ზომა დიდი ხნის განმავლობაში იყო დავის საგანი. გასული საუკუნის განმავლობაში პალეონტოლოგები კბილის ზომისა და თანამედროვე დიდ თეთრ ზვიგენებთან პორპორციული შეფარდების მიხედვით აყენებდნენ ვარაუდებს, რომ მეგალოდონი უნდა ყოფილიყო 12-დან 30 მეტრამდე. 90-იან წლებსა და ამ საუკუნის დასაწყისში მეცნიერებმა შეძლეს უფრო დაზუსტებით გამოთვლა და კონსენსუსამდე მიღწევა – ეს პრეისტორიული ზვიგენი ზრდასრულ ასაკში 16-18 მეტრი იყო, რიგ შემთხვევებში – 20 მეტრზე ცოტა მეტიც. ხოლო წონა შეიძლებოდა 100 ტონა ან მეტი ყოფილიყო.


● მეგალოდონი აღემატებოდა მრავალ პრეისტორიულ რეპტილიას. ოკეანეში მოქმედი სიცოცხლის კანონები წამყვან მტაცებლებს საშუალებას აძლევს, დროთა განმავლობაში მოიმატონ და მასიურ ზომებს მიაღწიონ, მაგრამ მეგალოდონის მონაცემებს ვერცერთი გაუთანაბრდა. მეზოზოური ეპოქის წყლის გიგანტური რეპტილიები, როგორიცაა ლიოპლევროდონი და კრონოზავრი, მაქსიმუმ 10 მეტრამდე იზრდებოდნენ, ხოლო ყველაზე დიდი ინდივიდების წონა „სულ რაღაც” 10-35 ტონა იყო. რომ არაფერი ვთქვათ დიდი თეთრი ზვიგენის 6 მეტრიან სიგრძესა და 2.3 ტონიან წონაზე. წყლის ერთადერთი ბინადარი, რომელიც მეგალოდონს სჯობნის, გახლავთ ლურჯი ვეშაპი 33 მეტრითა და 180 ტონით.


● მეგალოდონი ვეშაპებით ნაყრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მეგალოდონზე დიდი არსება – ლურჯი ვეშაპი ხორცისმჭამელია, მის მთავარ საკვებს პატარა კიბოსნაირები წარმოადგენს. მეგალოდონის დიეტა კი გაცილებით შეესაბამებოდა მის საშიშ მონაცემებსა და უმთავრესი მტაცებლის ტიტულს – ეს გიგანტური თევზი სადილობდა პრეისტორიული ვეშაპებით, რომლებიც დედამიწის ოკეანეებში პლიოცენისა და მიოცენის ეპოქებში ბინადრობდნენ. გარდა ამისა, აქტიურად აგემოვნებდა დელფინებს, კალმარებს, თევზებსა და გიგანტურ კუებს, რომელთა ბაკანი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მყარი იყო, ვერ უძლებდა 10 ტონიან კბენის ძალას. არაა გამორიცხული, მეგალოდონის მსხვერპლთა სიაში ყოფილიყო ლევიათანიც (Livyatan melvillei).


● მეგალოდონის ხელწერა ფარფლების მოგლეჯა იყო. მინიმუმ ერთი ანალიზის მიხედვით, მეგალოდონის ნადირობის სტილი განსხვავდებოდა თანამედროვე ზვიგენებისგან. იმ დროს, როცა დიდი თეთრი ზვიგენები ეტანებიან მსხვერპლის რბილ ქსოვილებს (მაგალითად, მუცლის ქვედა ტერიტორია), მეგალოდონის კბილებს თავისუფლად შეეძლოთ უხეში ხრტილების დამსხვრევა. არსებობს მტკიცებულებებიც, რომ მეგალოდონი მსხვერპლის გამოდევნებისას პირველად სავარაუდოდ ფარფლებს აგლეჯდა მას, რათა ცურვის უნარი წაერთმია, შემდეგ კი საბოლოო სასიკვდილო დარტყმას აყენებდა.


● მეგალოდონის ყველაზე ახლო ცოცხალი ნათესავია დიდი თეთრი ზვიგენი. მეგალოდონის მეცნიერული სახელია Carcharodon megalodon, რაც იმას ნიშნავს, რომ მიეკუთვნება Carcharodon-ის ტაქსონომიურ გვარს. ხოლო დიდი თეთრი ზვიგენის მეცნიერული სახელია Carcharodon carcharias და შედის იმავე გვარში. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე შეუთანხმებლობაა და პალეონტოლოგების ნაწილი ასეთ განსაზღვრებას არ ეთანხმება. ისინი მიიჩნევენ, რომ დიდი თეთრი ზვიგენი და მეგალოდონი სხვადასხვა გვარის წარმომადგენლები არიან, შესამჩნევი მსგავსების მიზეზი კი კონვერგენტული ევოლუციის პროცესები უნდა იყოს, რომლის დროსაც გარემოსთან შესაგუებლად ბუნება ერთნაირ თვისებებს ანიჭებს განსხვავებულ ორგანიზმებს.


● მეგალოდონის ნამარხები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვება. პრეისტორიული დროის ზოგიერთი წყლის მტაცებლისგან განსხვავებით, რომელთა საბინადრო არეალი შეზღუდული იყო კონკრეტული კონტინენტის სანაპირო ხაზებით, შიდა მდინარეებით ან ტბებით, მეგალოდონის გავრცელებას გლობალური ხასიათი ჰქონდა და ატერორებდა ოკეანეების თბილი წყლის ვეშაპებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როგორც ჩანს, ერთადერთი რამ, რაც ზრდასრულ მეგალოდონს ხელს უშლიდა, წასულიყო უფრო შორს და გადაელახა მიწიანი არეალი ახალ წყლიან გარემოში გადანაცვლებისთვის, იყო უზარმაზარი ზომა, რაც მათ ისევე უსუსურად აქცევდა, როგორც მე-16 საუკუნის ესპანურ ხომალდებს.


● არავინ იცის, რატომ გადაშენდა მეგალოდონი. მეგალოდონი იყო უშველებელი, შეუბრალებელი არსება და ტოპ მტაცებელი პლიოცენისა და მიოცენის ეპოქებში. მაშ რაღამ შეუშალა ხელი სიცოცხლის გაგრძელებაში? ეს საკითხი ჯერჯერობით ღიაა და დაზუსტებით თქმა ძნელია, თუმცა სხვადასხვა სახის თეორიები არსებობს: შესაძლოა, მეგალოდონი გლობალურმა გაციებამ შეიწირა (რომლის კულმინაციაც გამყინვარების პერიოდში იყო), რასაც ოკეანის წყლის დონის დაწევა მოჰყვა ან ამის მიზეზი გახლდათ გიგანტური ვეშაპების მკვეთრი შემცირება და შემდეგ გაუჩინარება, რამაც ისინი საკვების გარეშე დატოვა. ადამიანთა გარკვეული კატეგორია თვლის, რომ მეგალოდონი ჯერ კიდევ არსებობს ოკეანის სიღრმეებში, თუმცა ამის მეცნიერული მტკიცებულება ან მხარდამჭერი საბუთი არ არსებობს.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button