ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – ეტლი

ტროტუარზე საბავშვო ეტლი მიგორავს. უკან ქალი მისდევს. ორივე ხელით ეტლის სახელური ჩაუბღუჯავს. მოსახვევში სახელურს აწვება, ეტლს მიმართულებას უცვლის. ხანდახან წინ გადაიხრება, კისერს წაიგრძელებს და პირმშოს დასცქერის მზრუნველი დედის ღიმილით.
***
ბიჭი დაიბადაო! – თოფი გაისროლეს სანდრო და გიული თავართქილაძეების ბინის ფანჯრიდან. ეს ის პერიოდი იყო, როცა თბილისში სროლა არავის უკვირდა. განსაკუთრებით, დიდ დიღომში, “მხედრიონელები” ავტომატის ჯერით რომ ესალმებოდნენ ერთმანეთს და, თუ თვალში არ მოუხვიდოდი, ისე გაგაგორებდნენ, მომკითხავი არავინ გეყოლებოდა.
მეოთხე დღეს, დედა-შვილი სამშობიაროდან გამოწერეს, სახლში მიიყვანეს, ბავშვს გიო დაარქვეს და მოსკოვში, მივლინებაში ყოფნის დროს, ლუბიანკაზე, “ბავშვთა სამყაროში” ნაყიდ და რის ვაი-ვაგლახით თბილისში ჩამოტანილ, გერმანულ საბავშვო ეტლში ჩააწვინეს. პირველი ორი თვე ეტლში აძინებდნენ. მერე კი, ბავშვის საწოლი უყიდეს და იქ გადააბრძანეს. ეტლი კი, კორპუსის პირველ სართულზე, ეტლების სპეციალურ სადგომში დააყენეს.
ყოველდღე ჰაერზე გაჰყავდა გიულის ბავშვი. გამოიყვანდა სადგომიდან ეტლს, ცოტა ხანს ისეირნებდნენ. მერე კი, მძინარეს, თავისი ფანჯრების წინ, ხის ჩრდილში, გრძელ სკამზე ჩამომსხდარ მოჭორავე მეზობლის ქალებთან დატოვებდა, ბინაში ავიდოდა, თან სამზარეულოში საჭმელს ამზადებდა, თან ფანჯრიდან ბავშვს ყურადღებას აქცევდა.
ერთ დღეს, ბავშვის ამოსაყვანად, ბინიდან რომ გამოვიდა, კიბეზე ყოფილი კლასელი შეხვდა – 77-ე სკოლაში სწავლობდნენ ერთად, მის კორპუსში, იმავე სართულზე ეყიდა ბინა. მოკითხვა, აქეთური, იქითური, ძველის გახსენება, მომავლის გეგმები, ბინის ჩვენება. რომ ჩავიდა, არც ბავშვი დახვდა, არც ეტლი და არც ხის ჩრდილში, გრძელ სკამზე ჩამომსხდარი მოჭორავე მეზობლის ქალები. ჯერ თავის თავში დაეჭვდა, ბინაში აირბინა, ბავშვს ძებნა დაუწყო, მერე სადგომში ეტლი შეამოწმა, გარეთ გამოვარდა, კორპუსს შემოურბინა, მეზობლებს მოუხმო საშველად. ფანჯრებიდან გადმოხედეს – ბავშვი სად გაქრა, არავინ იცოდა.
– სანდრო ნაადრევად ხომ არ მოვიდა სახლში და ბავშვი გაასეირნაო?! – აზრი გამოთქვა ერთ-ერთმა მეზობელმა. ჭკუაში დაუჯდა, ცოტა დაწყნარდა. მაგრამ ქმარი უბავშვოდ რომ მოვიდა, გული შეუწუხდა და სასწრაფოს მოსაბრუნებელი გახდა.
***
დილის 11 საათი იქნებოდა, კორპუსის ეზოში ორი, წვერიანი, კამუფლაჟიანი, ავტომატებით შეიარაღებული და ნარკოტიკით გაბრუებული კაცი რომ შემოვიდა. მათ დანახვაზე ეზო დაცარიელდა – ყველა სახლებში შეიკეტა, არავის ჰქონდა შარის თავი. კაცებმა მიდამო მოათვალიერეს, იწრიალეს და წასაღები სხვა რომ ვერაფერი ნახეს, ბავშვიანი ეტლი “ხელს გააყოლეს”. გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, იარაღის მუქარით მანქანა გააჩერეს, მძღოლს ეტლი დააშლევინეს, საბარგულში ჩაადებინეს, ერთი მძღოლს გვერდით მიუჯდა, მეორე ბავშვიანად უკან ჩაჯდა და ვარკეთილის მეტრომდე კრინტი არ დაუძრავთ – წინასწარ, ბავშვში და ეტლში აღებული ფულით ნაყიდი ნარკოტიკის ვენებში შეშვებით ნეტარებდნენ.
***
ცოლ-ქმარმა მილიციაში განცხადება შეიტანა, მაგრამ მილიცია პარალიზებული იყო, ქალაქს “მხედრიონი” აკონტროლებდა. საქმე გამოუძიებელი დარჩა, მეზობლებიც კი არ დაუკითხავთ.
სანდრო ვიღაც ქურდთან მიიყვანეს
– რა გითხრა ძმაო, “ბეზპრედელია”, თვითონ თუ გამოვლენ “სვიაზზე”, თორემ მე ვერაფერს გიშველიო! – “დაამშვიდა” ქურდმა. სხვა რა გზა ჰქონდათ, დაიწყეს ლოდინი, მაგრამ კავშირზე არავინ გამოვიდა. დრო კი გადიოდა, ცხოვრება თავის კალაპოტში დგებოდა. მხოლოდ დედისთვის გაჩერდა დრო – ყოველდღე, ქალაქში დადიოდა და ეძებდა თავის ორი თვის გიოს.
***
ვინც ჩვილი ბავშვების ყიდვა-გაყიდვით იყო დაინტერესებული, ყველა იცნობდა ვარკეთილის მეტროსთან მცხოვრებ ჯონი მეფარიძეს. სოციალიზმიდან კაპიტალიზმში გადასვლის პროცესს სწრაფად რომ აუღო ალღო და ისეთ სარფიან ბიზნესში ჩაერთო, სადაც მოთხოვნა აჭარბებდა მიწოდებას – ჩვილ ბავშვებს 1000 დოლარად იბარებდა, ნაცნობ მმაჩის ბიუროს მოხელეს საბუთებს შეაქმნევინებდა და ახალ მშობლებს, სასურველი სახელით და გვარით, 2500 დოლარად მიაშვილებდა. კეთილი კაცი იყო ჯონი, ბავშვის უფლებებს არ არღვევდა და ქონებას – ტანსაცმელს და თუ რამე ეკეთა – მედალიონს, ჯვარს ან სამაჯურს, თან ატანდა. ასე “გადაიქცა” ორი თვის გიო, ახალშობილ მინდია ქარუმიძედ, რომელიც, 55 წლის ვენერას “შესძინეს” 64 წლის კარლოსგან და მზითვად ეტლიც გააყოლეს.
***
დედა კი, ყოველდღე, ქალაქში დადიოდა და ეძებდა თავის ორი თვის გიოს. ხან ვის მკერდზე მიკრულ ბავშვს შეაცქერდებოდა, ხან ვის ეტლში ჩაიჭყიტებოდა და გადასაფარებელს გადაუწევდა.
***
დრო გადიოდა, მინდია ფუფუნებაში იზრდებოდა. მშობლები ზედ დაჰკანკალებდნენ, ცივ ნიავს არ აკარებდნენ, მის მაგივრად აკეთებდნენ, მის მაგივრად ფიქრობდნენ. 10 წლის იყო, მამა რომ გარდაიცვალა, ოთხ წელიწადში დედაც მიჰყვა. დარჩა მინდია მარტო, ცხოვრებისთვის მოუმზადებელი. სასამართლომ, სრულწლოვანებამდე, მისი მეურვეობა ბევრად უფროს ბიძაშვილს მიანდო. მან კი, ისე “ბეჯითად” ზიდა მეურვეობის მძიმე ტვირთი, რომ სრულწლოვან ბიჭს, დედ-მამის ქონებიდან, მხოლოდ ტაშკენტის ქუჩაზე, ოროთახიანი ბინა და სარდაფში, პოლიეთილენში სათუთად შეფუთული საბავშვო ეტლი შერჩა.
***
ორი დღეა, არაფერი უჭამია. გავა, ისევ ბოთლებს შეაგროვებს და ჩააბარებს. პურის ფული მაინც ექნება. ბოლო გასვლაზე, კანდელაკის ქუჩაზე რომ გადადიოდა, ეტლს მანქანა დაეჯახა, თვითონ სასწაულით გადარჩა, აი, ეტლი კი სულ დაიგრიხა, ძლივს გაუსწორა ქვით ბორბლები.
***
– ის არის, ეტლი, ჩემი გიოს ეტლი! – დაიყვირა შუახნის ქალმა და მკვეთრად დამუხრუჭებული, ჯერ კიდევ მოძრავი სამარშუტო ტაქსიდან, ფულის გადაუხდელად გადმოხტა. ვიღაც ძუნძგლიანი, ახალგაზრდა ბიჭი მიაგორებდა მისი გიოს ეტლს. დაეწია, ხელი სტაცა.
***
კარგი დღე გაუთენდა – ეტლი გაყიდა.
– 50 ლარი კარგი ფულია, ცოტა ხანს ეყოფა! ნეტავ რად უნდოდა იმ ქალს დანგრეული ეტლი?
***
ტროტუარზე საბავშვო ეტლი მიგორავს. ბორბლები რვიანებს ხაზავენ. უკან ქალი მისდევს. ორივე ხელით ეტლის სახელური ჩაუბღუჯავს. მოსახვევში სახელურს აწვება, ეტლს მიმართულებას უცვლის. ხანდახან წინ გადაიხრება, კისერს წაიგრძელებს, თითქოს პირმშოს დასცქერისო მზრუნველი დედის ღიმილით.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button