პოლიტიკა

ირაკლი მარგველაშვილი: “რუსეთი ჩვენი მეზობელი არაა. ჩვენი მეზობელი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკებია”

რადიო თავისუფლების „ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმარია იურისტი ირაკლი მარგველაშვილი, რომელიც, ამავდროულად, გეოპოლიტიკურ თემებზე დაწერილი არაერთი პოპულარული სტატიის ავტორია. ამჯერად ვისაუბრებთ თემაზე: „საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური გავლენების ჭრილში“.

იზიარებთ თუ არა გავრცელებულ მოსაზრებას, რომ სააკაშვილი მოსკოვის კაცია? თუ არა და რატომ? დაგვისაბუთეთ.

ვერ გავიზიარებ ამ მოსაზრებას. ეს არის აბსოლუტურად სოფისტური მიდგომა საკითხზე. არ გამოდგება ამ შემთვევაში ის მწირი და უსუსური არგუმენტები თითქოს სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რაც რუსეთს აწყობდა. ამ შემთხვევაში რას ნიშნავს თავად ვინმეს კაცობა, რა უნდა გააკეთო მის სასარგებლოდ? ანუ ომი რომ ჰქონდა საქართველოს რუსეთთან ეს რუსეთის კაცობაა? მე რასაც ვხედავ სააკაშვილმა პრაქტიკულად საქართველოს საკმაოდ სერიოზული გეოპოლიტიკური ფუნქცია შესძინა. სწორედ ამან გამოიწვია რუსეთთან ასეთი დაძაბული ურთირთობა და ომიც. ჩვენ კავკასიაში ვართ რუსეთის მოწინააღმდეგეები სწორედ გეოპოლიტიკურ ჭრილში. თუ ისმენთ რუსეთის პოლიტიკოსების განცხადებებს ეს ნამდვილად არ მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი რუსეთის კაცია. თუ რუსეთის კაცობაა საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ, რომლის სასტიკი მოწინაარმდეგეა რუსეთი: აქვე გაგახსენებთ ლავროვის გამონათქვამს 2008 წ. თებერვალში: ჩვენ ნებისმიერ ფასად არ დავუშვებთ საქართველოს შესვლას ნატოში. იგივე პუტინის გამონათქვამს, რომ მათ აქვთ “დამაშნიე ზაგატოვკი”. მთელი ეს დაპირისპირება სწორედ იმიტომ წარმოიშვა, რომ ჩვენ განვაცხადეთ პრეტენზია რუსეთის სივრციდან გამოსვლის შესახებ და სხვა გეოპოლიტიკური სტატუსის მიღების შესახებ, ეს ყველაფერი როგორ მეტყველებს სააკაშვილის რუსეთის კაცობაზე არ ვიცი. მე ვერ ვიჭერ აქ ლოგიკას. ამიტომ თუ უფრო დაკონკრეტდებით, ვეცდები გავცე უკეთესი პასუხი.

როგორც იურისტი არალეგიტიმურად მიიჩნევთ საკაშვილის ხელისუფლებას? ვარდების რევოლუცია რამდენად იყო თქვენის აზრით სპონტანური პროცესი? არ იყო ეს სცენარი?

სააკაშვილის ხელისუფლებლება არ არის არალეგიტიმური. ალბათ გულისხმობთ ჩემს ნათქვამს, სადაც ვამბობ, რომ არ ვიყავი მომხრე სააკაშვილის ასეთი მოსვლის ხელისუფლებაში. დავაკონკრეტებ, ვარდების რევოლუციის დროს მოხერხდა იურიდიულად კონსტიტუციის წყვეტის გარეშე ხელისუფლების შეცვლა. ანუ გადადგა პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე (ბურჯანაძე), როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დანიშნა ახალი არჩევნები. იურიდიულად აქ პრობლემა არ ყოფილა. აქ საუბარი მქონდა პრეზიდენტის (შევარდნაძის) ვადამდე გადადგომაზე. ანუ ვემხრობი გზას, როდესაც პრეზიდენტები თავიანთ ვადებს დაასრულებენ. იურიდიულად ყველაფერი ლეგიტიმური იყო, მაგრამ უნდა დამთავრდეს რევოლუციები საქართველოში.

რუსეთი კლასიკური იმპერია თუ არის და მღვიმეებიდან გამოსვლას არ აპირებენ, რისი იმედი უნდა ჰქონდეს საქაართველოს, მის მეკავშირეებს? თუ არ ემხრობით რუსეთთან, როგორც ველურთან ბალანსის პოლიტიკას, ნატოს კარი ჯერ ჩვენთვის არ იღება, რა ვქნათ? რა გზას ირჩევს საქართველო? როგორც პოლიტოლოგს, გაქვთ თუ არა რამე რეცეპტი?

ჩვენ აუცილებლად გავხდებით ნატოს წევრები. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულებაა ამ საკითხის მიმართ, მე არ ვფიქრობ რომ პერსპექტივა არ არის. პერსპექტივა არის და სანამ მიგვიღებენ ნატოში, მანამდე უნდა შევძლოთ, რაც შეიძლება ძლიერად მოვახერხოთ მსოფლიო თანამეგობრობასთან კავშირების განმტკიცება. ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციების მაქსიმალური გათვალისწინება, საქართველოს გეოპოლიტიკური ბრუნვის გაძლიერება, რაც გამოიხატება ქვეყნის განვითარებაში და აღმშენებლობაში როგორც დემოკრატიული ასევე ეკონომიკური, ჯანდაცვის და განათლების რეფორმების კიდევ უფრო ძლიერად გატარებაში. ეს არის გზა, რომელიც ნატოში შეგვიყვანს. მიუხედავად იმისა, რომ ამას დრო სჭირდება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, არ გამოგვეპაროს ის დრო, როდესაც გეოპოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა ისე დაემთხვევა ერთმანეთს, რომ ჩვენ ამას მზად დავხვდეთ. ჩვენ უნდა ვემზადოთ, რომ დრო არ გაგვექცეს, არ გავეპაროს და ყველამ ჩათვალოს, რომ საქართველო დიდი გეოპოლიტიკური ნაბიჯის გადადგმისთვის მზადაა. ეს არის მთავარი. პერსპექტივა, თუ ჩვენ გვენდომება და მიზანმიმართულად ვივლით ამ ყველაფრისკენ, არის და საკმაოდ დიდი. ამიტომ იმედი მხოლოდ გარჯაშია და მიზანმიმართულებაში. ესაა ჩემი რეცეპტიც, და მომავლის ხედვაც.

ნუთუ მართლა იმართება მოსკოვიდან ჩვენი ოპოზიცია? რითი დაასაბუთებთ ამ აზრს? მახსოვს თქვენი პუბლიკაციები ალასანიაზე. ახლაც ფიქრობთ, რომ ალასანია რუსეთის შპიონია? ხომ არ ემუქრება საქართველოს უკრაინის, ყირგიზეთის სცენარი?

მე არასოდეს მითქვამს, რომ ვინმე შპიონია. თუ ასე გაიგეთ იგივე წერილი ალასანიაზე ძალიან ვწუხვარ. თუმცა ალასანიას შეხვედრამ ლავროვთან რაღაც ასოციაციები გააჩინა და სულაც არ ვფიქრობ, რომ სამყაროში შემთხვევით რამე ხდება. ვერავინ დაამტკიცებს, რომ ვინმე საიდანმე იმართება. აქ საუბარი მხოლოდ ტენდენციებზე, დაოპოზიციის ნაწილის მიმართებებზეა რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან. ყველა თავად ირჩევს საკუთარ გზას. თუმცა რუსეთის მხრიდან რომ შეინიშნებოდა და შეინიშნება გააქტიურება შემოვიდეს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ველზე მემგონი ეს შესამჩნევია. რა დავასაბუთო? ის ოპოზიცია, რომელიც 2009 წ. გაზაფხულზე აქციებს აწყობდა მათი დიდი ნაწილი თავად წავიდა რუსეთში და შეხვდა პუტინს, თუ სხვა ჩინოვნიკებს. ვერაფერს დავასაბუთებ, გარდა იმისა, რომ გამოვთქვა ეჭვი, რა შეიძლება მოჰყვეს მათ ამ ვიზიტებს, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებაში როგორმე მოხვდნენ. ჩვენ ისევ დავბრუნდებით რუსეთის გავლენის ქვეშ. არავინ იფიქროს, რომ ვინმე რამეს დაგვიბრუნებს. ეს არის სიცრუე. კიდევ ერთი პარტია შეიქმნა გუშინ, ოქრუაშვილი, სუბარი, გაჩეჩილაძე გუნცაძის წინამძღოლობით, ვფიქრობ ეს პარტია ბურჯანაძის კრებას შეუერთდება. რაც შეეხება ვინმეს მართვას, არც ესაა გამორიცხული, მაგრამ მე უპირატესობას თამაშში მონაწილეობას ვანიჭებ. უფრო ფართო სპექტრია სიტუაციის განსახილველად.

როგორ ფიქრობთ, თუ რუსეთმა ეშმაკობა იხმაროს, ტაქტიკა შეცვალოს და ოპოზიცია გააძლიეროს? მითუმეტეს, რომ გუშინ საქართველოში შექმნილ ოპოზიციურ პარტიას უკვე პრორუსული იწოდეს. იგივე მოხდა გუშინ ლატვიაშიც. პრორუსული პარტია ჩამოყალიბდა. რასთან გვაქვს საქმე პოსტსაბჭოთა სივრცეზე?

რასაც ვუსმენ, არავინ არაფრის შეცვლას არ აპირებს, ვინაიდან დიდი ხიბლია ფანჯრიდან გადაძრომაში. რაც შეეხება გუშინ შექმნილ ოპოზიციურ პარტიას, ნოემბერში ყველაფერი გამოჩნდება.

უნდა დაიბრუნოს თუ არა საქართველომ რეგიონალური ლიდერის ფუნქცია და რა საფრთხეების შემცველია “ლარსიდან” კავკასიელების შემოსვლა საქართველოში? რისი უნდა გვეშინოდეს და არის თუ არა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები ამისათვის მზად?

ის შიშები, რომელიც ზოგიერთმა ექსპერტმა გამოთქვა, გადაჭარბებული მგონია. თითქოს რუსეთი დაგვაბრალებს ბოევიკების შემოყვანას და მფარველობას. აქ გამორჩათ ერთი დეტალი, რომ საუბარი არის კანონიერ შემოსვლაზე, რაც ნიშნავს, რომ პირმა საქართველოში შემოსასვლელად უნდა გაიაროს ჯერ რუსეთის სასაზღვრო პუნქტი და შემდეგ შემოდის საქართველოს საზღვარზე. ამიტომ თუ ვინმე ბოევიკია რუსეთმა უნდა დააკავოს თავის საზღვარზე. თრუსოს ხეობის და სტეფანწმინდაში რაღაც გართულებების მოხდენის ალბათობაც გადაჭარბებული მგონია. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ჩვენს სამართლადამცავებს აქვთ საშუალება გააკონტროლონ ეს პირები. ადრეც ვაკონტროლებდით.

როგორ შეაფასებდით ბურჯანაძის განცხადებას ლარსიდან კავკასიელებისათვის უვიზო მიმოსვლაზე? მოხდა თუ არა ეს მოსკოვის და კონკრეტულად ლავროვის კარნახით? ლავროვმაც ზუსტად იგივე განცხადება გააკეთა და ამას იმიტომ გეკითხებით.

ზოგადად ძალიან ხშირია შემთხვევა, რომ ჩვენი ოპოზიციის დიდი ნაწილის მოსაზრებები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს რუსეთის პოლიტიკოსების განცხადებებს. მე მქონდა ერთი კარგი სტატია ჩემს ბლოგზე “საშიში ლოგიკა”, რომელიც 2009 წ. გაზაფხულზე დავწერე. მერე ყველაფერი გაცხადდა. ყველამ თავისი გზა მონახა. ბურჯანაძემ ლავროვს და პუტინსაც გადააჭარბა, გორი ქართველებმა დაბომბესო. ასე რომ გასაკვირი არაფერია და შემდგომშიც ძალიან ბევრი იქნება დამთხვევები, არამარტო რიტორიკულ პლანში, ფიზიკურშიც.

რამდენად რეალურია დღევანდელ საქართველოში ”საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება”, ”სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა”?

შესაძლებელია და აუცილებელიცაა. მთავარია შეთანხმება მოხერხდეს პრონციპზე, რა როგორი უნდა იყოს. შემდგ ყველაფერი შეიძლება. არ უნდა იარსებოს ბევრმა ჭეშმარიტებამ. სასამართლოს დამოუკიდებლობაში ალბათ სისხლის სამართლის კოლეგიას გულისხმობთ. დიახ, არის ამის შანსი. ეს რეფორმაც საკმაოდ წარმატებული უნდა გამოდგეს. ნაფიცი მსაჯულები არის საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი. გარდა ამისა მოსამართლეთა სიცოცხლის ბოლომდე დანიშვნა, სოციალური გარანტიები, სასამართლო დამოუკიდებლობისკენ გადადმული ნაბიჯია.

ხართ თუ არა მომხრე, სამართლებრივად იქნას გამოძიებული 1991-1992 წლის მოვლენები, სამხედრო გადატრიალების გზით საქართველოდან ლეგიტიმური ხელისუფლების განდევნა? და თუ ეს გამოძიება შედგება, რა ბედი ელის საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას?

ვფიქრობ აუცილებელია და დიდი შეცდომა იქნა დაშვებული, რომ ეს არ მოხდა. იქ დაიღუპა ხალხი, იქ დაიღუპა ოჯახები, და მოხდა დიდი საშინელება. იქ დაინგრა სახელმწიფო წყობილება, დაირღვა მაშინდელი კონსტიტუცია, რაც სისხლის სამართლის დანაშაული იყო. შესაბამისად უნდა მოხდეს გამოძიება, რიომელიც წერტილს დაუსვამს საქართველოში რევოლუციებს. ეს ჩვენი კულტურული გამარჯვებაც იქნება, ახალი ხედვა, ახალი ენა და გაცნობიერება იმისი, რომ ქართული სახელმწიფო არსებობს და შედგა. რაც შეხება ამ ხელისუფლებას, თუ მასში მონაწილეობს დამნაშვე, ისიც უნდა დაისაჯოს, თუ დაუმტკიცდება დანაშაული. სხვა შემთხვევაში ეს იქნება ამ ხელისუფლების საკმაოდ დიდი პლიუსი, თუკი ის ამას გააკეთებს.

ხომ არ გეშინიათ, რომ საქართველოს საკმაოდ სერიოზული გეოპოლიტიკური ფუნქციის შესუსტებას ყველანაირად შეეცდება პუტინი. მითუმეტეს, უკვე გაჩნდა ბრიტანეთის პრესაში სტატია “ბაბუშკა”-ს გაფრთხილება პუტინის მხრიდან სსრკ აღდგენაზე. ცხადია, რომ პუტინი 2012 ისევ მოგვევლინება პრეზიდენტად და ის ეკონომიკური ინტეგრაცია, რაც ინგლისურმა გაზეთმა გაახმოვანა, საქართველოსათვის დამღუპველი შეიქნება ევრაზიულობის იდეის გათამაშებით? ხომ არ გიჩნდებათ ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლებასაც აწყობს ეკონომიკური ინტეგრაცია რუსეთთან? მხოლოდ ეკონომიკური?

ამ საკითხს ერთი წლის წინ საკმაოდ ვრცელი წერილი მივუძღვენი და ვფიქრობ ეხლაც აქტუალურია – http://joaoscorner.blogspot.com/2009/07/blog-post.html
გარდა ამისა დავამატებ, რომ რისკი საკმაოდ დიდია, თუმცა ის, რომ პუტინი საბჭოთა კავშირს აღადგენს არ მჯერა. დღეს რუსეთს მაგის არც სამხედრო, არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური რესურსი არ გააჩნია. ზოგადად ხშირია, როდესაც რუსეთის პოლიტიკური წრეები ცრუობენ.

2012 წლის 1 იანვარს ამუშავდება ერთიანი ეკონომიკური სივრცე რუსეთს, ბელორუსიას და ყაზახეთს შორის. საბაჟო კავშირი უკვე მუშაობს – 2011 წლის პირველი ივლისიდან მოიხსნება საზღვარი რუსეთსა და ყაზახეთს შორის და რუსი მესაზღვრეები ჩადგებიან ყაზახეთის საზღვარზე, ყაზახ კოლეგებთან ერთად. ბელორუსიასა და რუსეთს შორის საზღვარი უკვე გაუქმებულია. შემდეგი ეტაპი იქნება რუბლის ქცევა სახელმწიფოთშორისო ვალუტად. ამ გაერთიანებას შეურთდება ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და სომხეთი, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ უკრაინაც. ეს არის რეალობა და არა თქვენი ფანტაზიები.

რუსეთის უხეშად რომ ვთქვათ ბლეფაობა არახალია. რუბლს რაც შეეხება, სწორედ გუშინ გამოაცხადა კუდრინმა, რომ თავისუფალ ვარდნაში უშვებენ. ეს არ ნიშნავს, რომ ძალან კარგად აქვთ საქმე. არც ბელორუსიასთან აქვთ მაინცდამაინც კარგი მდგომარეობა. ფანტაზიები რამდენზე ეყოფათ. თქვენც და მათაც.

რა აზრის ბრძანდებით საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან ჩვენი ქვეყნის ისეთ სფეროებში ჩარევაზე, რაც ცდება ეკლესიის კომპეტენციას.როგორ უნდა ებრძოლოს ამას ჩვენი საზოგადოება, ამბობენ, რომ მოსკოვმა უკვე მოახდინა ქართული ეკლესიის პოლიტიზირება. იზიარებთ ამ მოსაზრებას? არადა, რატომ ქონდა ოპოზიციას საპროტესტო აქციების დროს პატრიარქის მხრიდან გადამწყვეტი სიტყვის თქმის მოლოდინი?

ზოგადად ბალანსი აუცილებლად უნდა იყოს დაცული საერო და სასულიერ სფეროებს შორის. სწორედ ამიტომაც გაფორმდა კონკორდატი და მკაცრად გაიმიჯნა კლესიისა და სახელმწიფოს კომპეტენცია. რასაც ამბობენ იმას დადასტურება უნდა. ჩვენ შესაძლოა მხოლოდ ტენდენციებზე ვისაუბროთ. დოკუმენტალურად გამიჯვნა ეკლესიის და სახელმწიფოსი რაც კონკორდატშია მცემული და კონსტიტუციაში საკმარისი არ არის. მთავარია ეს გამიჯვნა მოხდეს ადამიანების მენტალობაში და ყველაფერმა თავისი ადგილი უნდა დაიკავოს. სწორედ ესაა ჩვენი ახალი ენა, რომელზედაც უნდა ვისაბროთ. რომელიც უნდა გავითავისოთ და საბოლოო ჯამში შევქმნათ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება თავისი პასუხისმგებლობით და ნონკონფორმიზმით. ამ შემთხვევაში არ მოხდება ის ლაფსუსები, რაც ხდება ჩვენს რეალობაში. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სხელი. სესაძლოა ეს თავიდანყურს ეხამუშოს, მარამ იმის გარჩევაც უნდა ვისწავლოთ, რა არის სასურველი და რა საჭირო. მე საჭირების მხარეს ვარ ყოველთვის.

ლისაბონის სამიტის წინ რუსულ პრესაში გაჩნდა სტატიები რუსეთის ნატოში შესაძლო გაწევრიანების ვარიაციებზე. რა აზრის ბრძანდებით ამაზე. რა რისკების შემცველია პუტინის გარემოცვის მიერ “შემოგდებული” ევროპული უსაფრხთოხების სტრატეგია? აქვს თუ არა ამის შემაკავებელი მექანიზმი საერთაშორისო საზოგადოებას, თუ ამჯერადაც საქართველოს თხასავით გაყიდიან?

იცით, ეს საკითხები ასე პირდაპირ მნიშვნელოვნად არ არის. რაც შეეხება რუსეთის ნატოში მიღებას ეს პირველ რიგში, ამ გეროპოლიტიკური გადასახედიდან არ აწყობს სწორედ რუსეთს და მის ხელმძღვანელობას. იმიტომ რომ ნატოს სტანდარტის მიღწევა დღეს რუსეთისთვის შეუძლებელია, როგორც დემოკრატიული, ასევე სამხედრო ტექნოლოგიური და ეკონომიკური თვალსაზრისით. თავად რუსეთის პოლიტიკური სამზარეულო ისეა აწყობილი, რომ ის ყოველნაირად გამორიცავს ნატოში მის შესვლას. პუტინის რუსეთი არის ოლიგარქული ეკონომიკის ზეობის ხანაში. კორუფციულ ჭაობში ჩაფლული, რასაც იმხელა რესურს მიაქვს სახელმწიფოს მობილური არსებობისა, რომ ადგილი რეფორმებისთვის და იმ “დიადი” მიზნებისთვის სულ უფრო ცოტა რჩება. რუსეთის სახელმწიფო არ არის მზად იმ გამოწვევებისთვის, რაც მათ დაისახეს მიზნად, ვინაიდან თავად სახელმწიფოებრივი აზროვნება არ არის რუსეთში. შესაბამისად მათი სურვილები შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად უსწრებს.
რაც შეეხება მეორე შეკითხვას ევროპის უსაფრთხოების კონცეფციაზე. დაახლოებით 1 წლის წინ მოხდა ამის გაჟღერება მედვედევის მხრიდან. რუსეთს ნამდვილად არა აქვს ილუზია, რომ ევროპა ამას მიიღებს. მათი სუვილი იყო ამაზე მოლოდ საუბარი დაწყებულიყო. ჩემის აზრით, ეს რუსეთის მხრიდან იყო ის საკითხი, რომელიც ამერიკის ევროპულ ინტერსებს ზიანს აყენებდა, ხოლო ევროპეებისთვის და განსაკუთრებით გერმანია საფრანგეთის ტანდემისთვის, ეს არის სავაჭრო თემა ამერიკელებთან, რომ მათ გეოპოლიტიკურ განლაგებაში მიირონ გაცილებით მეტი, ვიდრე რეალურდ უნდა მიიღონ. ამის მცდელობაა ასევე ევროკავშირის კონსტიტუციის მიღება, სადაც წამყვან სახელმწიფოებს გერმანია საფრანგეთი გაცილებით მეტი მანიპულირებს საშუალება ექნებათ და ასევე ექნებათ საშუალება მათთვის საინტერესო საკითხებზე მოახდინონ ახალი ევროპის, რომელიც ამერიკის მხარდამჭერია ევროკავშირში განეიტრალება.
რაც შეეხება რა ხდება რუსეთში შეკითხვას; რუსეთი დილობს აღადგინს საბჭოთა იმპერა, მაგრამ ვფიქრობ მათ ამის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, სხვათა შორის არც მეთოდი უვარგათ. შესაბამისდ მათი მცდელობა ისტორიისთვის დარჩება სავარაუდოდ ერთერთი მცდელობა რუსეთის იპერიის კვლავ შეკოწიწების. რუსეთს 20-30 წელში ისეთი პრობლემები დაუდგებათ ციმბირის მხარეს, რომ არამგონია რამე ღირებულის შექმნის თავი ჰქონდეთ.

ზოგადკავკასიური იდეის გამო, რუსეთმა უკვე შეაფასა ლარსის გახსნა როგორც პროვოკაცია და დესტაბლიზიაციის მცდელობა. ხომ არ უნდა ველოდოთ გართულებებს ? იქნებ გადასახედია ჩვენი პრეზიდენტის ინიციატივა ამ თემაზე?

რუსეთისთვის არამარტო ეგაა დისკომფორტი, არამედ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა კავკასიაში არის საშინლად დისკომფორტული. რა ვქნათ, ვინაიდან რუსები ასეთ კომენტარს აკეთებენ ეს არ ნიშნავს, რომ ან არსებობა შევწყვიტოთ, ან რაიმე არ გავაკეთოთ. რუსეთი მაშინ იქნება კმაყოფილი, როდესაც ჩვენ მის იმპერიაში დავბრუნდებით, მაგრამ ამ კომფორტს ვერ მივანიჭებთ მათ. რაც შეეხება ჩრდილო კავკასიურ თემას, მე ჩემს გამოსვლაშიც განვმარტე და აქაც გავიმეორებ, რომ ჩვენი ეს მიმართება ჩრდილო კავკასიასთან არ არის არანაირად პოლიტიკური ამ ეტაპზე, ვერც იქნება შექმნილი რეალობიდან გამომდნარე. ეს არის მხოლოდ ჰუმანიტარული ურთიერთობების, გამოცდილებების გაზიარება და ასევე კულტურული ურთიერთობების გაღრმავება. რუსეთი მსგავსად შეაფასებს რა თქმა უნდა და თან დააყოლებს, რომ თურმე ეს არაცივილიზებული ქმედებაა, რაც მხოლოდ ცინიზმია და მეტი არაფერი. თუ შევადარებთ მათ ქმედებას პასპორტების დარიგებისა და შემდეგ საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე, მივიღებთ საშინელ ცინიზმს. ამას გარდა მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ და მოვიცილოთ ის კლიშე, რომ რუსეთ ჩვენი მეზობელია. რუსეთი ჩვენი მეზობელი არაა. ჩვენი მეზობელი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკებია და გვინდა თუ არა, ეს რესპუბლიკები ჩვენი ბედისწერაა და მათთან ერთად უნდა ვიცხოვროთ ყოველთვის.

ჩავთვალოთ, რომ მართალს ამბობთ, კრასნოდარის მხარე არ ითვლება საქართველოს მოსაზღვრე-მეზობელ მხარედ? თქვენს ლოგიკას თუ გავყვებით შეგუებული ხართ აფხაზეთის დაკარგვას? თუ კრასნოდარის მხარე რუსეთი არაა?

კრასნოდარის მხარე რუსეთია რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემს მაგ ციტატაში შესაბამისი კონტექსტი იგულისხმებოდა. აფხაზეთის დაკარგვას რომ შევეგუეთ ეს საიდან ჩანს, რომ კრასნოდარის მხარის რაღაც ნაწილი აფხაზეთს ესაზღვრება? მაგ ლოგიკით ყარაჩაი- ჩერქეზეთის რესპუბლიკაც ესზღვრება აფხაზეთის საქართველოს საზღვარს. ანუ არ შევგუებივარ აფხაზეთის დაკარგვას.

არ გაშინებთ რუსეთის “კონსტრუქციულობა” პერევთან დაკავშირებით?

ვერავითარ კონსტრუქციულობად ვერ ჩავთვლი რუსეთის ამ ქმედებას. არსაიდან არ გადიან და გასვლას რაც შეეხება, გადასწევენ პოსტს 1 კილომეტრით უკან, რეალურად არც არაფერი ხდება. ამიტომ არც მაშინებს და არც არაფერს წარმოადგენს მათი ეს გაცხადება. როგორც იტყვიან თხის კუდიც კი არ არის ზოგად დეოკუპაციასთან მიმართებაში.

კარგი იქნებოდა თქვენი ანალიზის მოსმენა განათლების თემაზეც. ალბათ მამა ბრძანდებით და მაინტერესებს, მოგწონთ განათლების რეფორმა საქართველოში? ბავშვების უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნა? მესმის, რომ ელიტარული რესურსია, მაგრამ ხომ არ ვკარგავთ საკუთარ სახეს?

ამ შემთხვევაში შემიძლია ვისაუბრო როგორც მამამ, ვინაიდან მაქვს არაექსპერტული შეხედულება განათლების საკითხზე. ვფიქრობ განათლების რეფორმა, ეს არ არის რამდენიმე წლიანი რეფორმა. დღეს ჩატარებულ რეფორმაში უნდა გამოვყოთ ეროვნული გამოცდების სისტემა, რომელიც ნამდვილად წარმატებულია, თუ შევადარებთ იმას რაც იყო. რაც შეეხება სასკოლო რეფორმას, აქ დიდ ცვლილებებს ვერ ვხედავ. უნდა აღინიშნოს, რომ სკოლა დღეს არ არის ორიენტირებული პროდუქციის, ანუ განათლებული მოსწავლის გამოშვებაზე. სკოლა მაინც ორიენტირებულია მასწავლებელზე და ეს პოლიტიკური საკითხი მგონია და არაჯანსაღი. თავიდან რეფორმის დასაწყისში, ჩვენ გეზი ავიღეთ ბოლონიის პროცესის შეერთებაზე, რომელიც გულისხმობდა სკოლიდან განათლებული ადამიანის გამოსვლას, მაგრამ ეს პროცესი ვფიქობ ეხლა შეჩერებულია და თუ გაგრძელდება ძალიან კარგი იქნება. გარდა ამისა ძალიან სერიოზული პრობლემებია თავად მეთოდურად დამუშავებული ინფორმაციის, რაც მოსწავლეს მიეწოდება. ესეც დიდი პრობლემაა. ასევე ხდება უმაღლეს სასწავლებლებშიც. დიდი სამუშაო თემაა და ისეთი თემა, რომელიც სულ განახლებას მოითხოვს. ამიტომ აუცილებელი მგონია სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც იმუშავებს და ქმედითი იქნება.

წყარო: http://www.radiotavisupleba.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button