ლიტერატურა

ნატალია ბერძენიშვილი – “ცოტა რამ პოეტური სიტყვის შესახებ”

(დიმიტრი ბახუტაშვილის ლექსების გამო)

„ორი ქვაბი და ერთი თავსახური… როგორ ბედნიერებას და სიხარულს მანიჭებდა ეს თავსახური ბავშვობაში! ის იყო მანქანის საჭე, რომლითაც სახლის გარშემო ვმოგზაურობდი, ეზო 10 კვ.მ იყო… მას შემდეგ მთელი მსოფლიო მოვიარე, მაგრამ ასეთი სრული სამყარო ვერსად ვნახე. ეს 10 კვ.მ იყო სცენა; ახლა მე მაქვს სცენა, მაგრამ მე მას ვავიწროვებ ჩემი ბავშვობის 10 კვ.მ-დე, სადაც ეტევა ისევ მთელი პლანეტა, გზები, ისტორიები… ადამიანის დანახვა მთელი დრამატურგიააო, ამბობს ერთგან რ. გაბრიაძე. დრამატურგია, ისევე როგორც პოეზია და მუსიკა, არ წარმოადგენს არსებული გარემოს იმიტაციას – სხვა სინამდვილეა, ახალია, მოულოდნელი, ზოგჯერ სულისშემხუთავად ნაცნობი და იმავდროულად სხვა, უფრო ამაღლებული, უფრო დახვეწილი.

პოეზია “გაგებულებითი“ ძალისხმევის შედეგია. გაქრობის ზღვარზე „მყოფის“ დანახვა და დაფიქსირება შეღწევას ნიშნავს. პოეტი იპარავს წამებს, რათა სხვას მისცეს, ტოვებს სიჩუმეს, რათა გაღრმავდეს შინაგანი. ძნელია გაერკვე, ამ სიჩუმეს „მუსიკა“ ამზადენს, თუ თავად სიჩუმე აღიქმება მუსიკალური ბგერების სახით. მიღმურ სამყაროში შეღწევის მისტიკური პროცესი წარმოსახვითი აქტივობითაა შესაძლებელი, რომლის ძლევამოსილება მსგავსებისა და თანაარსებობის მყისიერ მოხელთებაშია, რაც ადამიანს მარადიულ, ძირეულ პრობლემასთან ჭიდილში გარკვეულობის საყრდენს აძლევს. ამდენად, პოეზია (ხელოვნება) გრძნობად სამყაროსა და ადამიანურ ცნობიერებას შორის ყველაზე უშუალო და „ბუნებრივი“ რგოლია.

ზიხარ და სამყაროსთან გინდება შერიგება,
უმზეო საღამოა, ცისფერი აივანი.
ვაი, ნანა – მეთქი… ვამბობ და ვერ იგებენ,
ბავშვობა… დედაჩემი… დე, ხელში ამიყვანე…
საღამო ცერზე აჭრილ სიმინდებს წამოეგო,
უმზეო კადრებია, ცისფერი აივანი.

ის უსასრულო შინაარსი, რომელიც დაწერილის იქითაა და მის სიღრმეში შეჭრის შედეგად ვლინდება, და რის წვდომაც თანაზიარობის აქტითაა შესაძლებელი ესთეტიკურად განიცდება. პოეტური ენა არის შინაგანი ყოფიერების ორგანო, ის არის თვით ეს ყოფიერება, შინაგანი თვითშემეცნებისა და გამოვლინების პროცესში მყოფი. სიტყვა, პოეზიაში, არის ფანტაზია, ბგერა, ფერი, ხაზი და ა.შ., რითაც ის იგივეობრივია „სახესთან“. პოეზია – არის სიტყვა თავის ჭეშმარიტ ყოფიერებაში. სიტყვა წარმოადგენს ჭეშმარიტ სიტყვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სულიერი მდგომარეობის გამოსახვაა. მაგრამ გონის პოზიციის დადგენა არც თუ ისე იოლია. „მე შემიძლია გავიგო ის, რაც ჩემი გაგების ველში მოხვდება, თუ აზრისა და სიტყვის კანონებს მივყვები. თუ მივყვები – ვიგებ, თუ არ მივყვები – ვერ ვიგებ.“

პოეზიაში ყოველი სიტყვა მუდამ ახალი სიტყვაა, რამდენჯერაც არ უნდა განმეორდეს იგი, რადგანაც შემოქმედება არ არის მარტო სიტყვის ქმნა, არამედ მისი აღქმა, ანუ კვლავ-ქმნაც. ამდენად, პოეტური სიტყვა არის დასრულებული მნიშვნელობის შემცველი გამოთქმა და არა ცალკეული სიტყვა, ან სხვანაირად, – ის არის უფრო მეტი, ვიდრე სიტყვა. სიტყვის აღქმა – ესაა ერთსა და იმავე დროს სხვისი სიტყვის წვდომა და ახალი შემოქმედებითი აქტი. („რადგანაც პლატონი და მე ამას ვფიქრობთ ერთნაირად, ის აზრი უკვე მეკუთვნის მე და არა პლატონს“ – მონტენის ეს გამონათქვამი აღნიშნულ გარემოებაზე მიუთითებს). ესაა ერთგვარი კომუნიკაციის შესაძლებლობა, რაც ადამიანთა ბუნების ერთგვაროვნებით ე.წ. საერთო ადამიანური ბუნებით აიხსნება და ქმნის ადამიანთა შორის თავისებურ სიმპატიას ანუ ერთსულოვნებას, მსგავს სულიერ ჟღერადობას. აქ უკვე სიტყვა თითქმის იკარგება აზრში, გამჭვირვალე ხდება და ინტერპრეტატორი ამბობს იმას, რაც სიტყვებში არაა, მაგრამ მაინც თქმულია. ჰაიდეგერის ღია-დაფარულობის მიხედვით, ეს ის შემთხვევაა, როცა პოეტური ენა უფრო მალავს, ვიდრე გამოაშკარავებს ადამიანის ჭეშმარიტ არსებას. პოეზია მუდმივად ცდილობს კომუნიკაციას იმასთან, რაც უკვე აღარ არის, რაც ერთი შეხედვით უმნიშვნელოა.

ყოველთვის საიდუმლოდ რჩება ის ინტიმი, რომელიც ჩემსა და ქმნილებას შორის მყარდება, ის რაღაცას მაუწყებს, სიმშვიდისა და სიმყუდროვის ენაზე მესაუბრება, მამცნობს იმას, რასაც ვერავითარი სხვა უწყებით ვერ მივიღებდი. ამიტომაც ჭირს ხოლმე ქმნილებასთან განშორება, – სევდის აღმძვრელია, ღრმა მეტაფიზიკური სევდისა სიკვდილთან რომ გაახლოვებს. მძიმეა საფუძველი მსუბუქისაო, – ამბობს აღმოსავლური პარადოქსი. ბუალოს სწამდა, რომ თუ გსურს მკითხველს ცრემლი მოჰგვარო, შენ უნდა იღრიალო, და რომ პოეტი წერს ისე, როგორც ტირის.

პოეტურ ქმნილებასთან ზიარება ერთბაშად და სამუდამოდ, უცებ და სულმოუთქმელად იპყრობს მკითხველს. პოეტური გაოცება ადამიანს თითქოს პირველსაწყისთან აბრუნებს. ცხოვრების სიბრძნითა და გამოცდილებით დახუნძლულ ინტელექტსაც კი წამით გულუბრყვილო ბავშვად გადააქცევს, რომელმაც პირველად დაინახა ცაზე ვარსკვლავი და ტყის ქათიბის ქვეშ მიმალული ია.

პოეზიას, როგორც „ნაკურთხ თამაშს“, მიზანი თავის თავში აქვს და დაძაბულობისა და სიხარულის შეგრძნება, და ჩვეულებრივ ცხოვრებასთან შედარებით „სხვაგვარად ყოფნის“ ცნობიერება ახლავს. პოეტური აქტივობა საღმრთო აქტის განცდაა, რომელიც სიტყვიერი ფორმით პოულობს გამოხატულებას და აღიქმება როგორც საზეიმო გაბრუება, როგორც სასწაული, როგორც ზმანება, არ გააჩნია არავითარი უტილიტარული მიზანი, ის ოდენ საზრისის მატარებელი და სიცოცხლის განცდის გამომხატველია.

მცირე ეტიუდი

თანამედროვე ქართულ პოეზიაში არის ნაკადი, რომელიც რთული სააზროვნო სისტემებისკენ წარმართავს ძიებებს, „აზრის პოეზიას“ ამკვიდრებს, სადაც ემოციას თავად ამ აზრის სიღრმე და უცდომელობა იწვევს; შემთხვევის ძალით, ლიტერატურულ პორტალზე ერთი საინტერესო პოეტის ლექსები წავიკითხე და მათთან უნებურ დიალოგში ვიგრძენი ის უშუალო, სადა ურთიერთობა, რომელიც მყარდება პოეტსა და მისივე სიტყვას და, შესაბამისად, ამ სიტყვასა და მკითხველს შორის. მისი პოეზია სწორედ ამ კუთხით გახდა ჩემი ყურადღებისა და რეფლექსიის საგანი.

პოეტის მსოფლგანცდის გასაგებად და პოეტურ სამყაროში სანდო მეგზურად თავად ქმნილებები გვევლინებიან ხოლმე: „შენზეა ეს წიგნი, მთლიანად შენზეა… აიღებ სანიშნეს და გულში გაიყრი, ან კუთხეს ჩაკეცავ იმ დღეზე, რომელიც გძულს, მაგრამ სულ გინდა, სულ გინდა ითმინო…“

დიმიტრი ბახუტაშვილი – ის უფრი დიდია, ვიდრე ოცი წლის, ხან ბავშვივით ფაქიზია და უმიზეზოდ ჭირვეული, ხანაც ეჭვიანი, ხან ანგელოსივით სათნო და გულუბრყვილო, კეთილი გულისა და თანაგრძნობის ადამიანი, იშვიათი მოსიყვარულე, მორიდებულიც, თავისებურად ამაყი, ზოგჯერ დაუნდობელიც, გულზიარია და ლაღი ბუნების, ის ძვირფასია როგორც პოეტი, ფაქიზი და უტყუარი ალღოთი გამორჩეული…

ჩიტების ხმა უყვარს, ბუნების ესმის და „ცრემლებს გუნდა-გუნდა მიდენის“: „მიწა დასველდა და ჩალბა, მთები იწურავენ კალთებს… ნესტი თავს აივანს ახლის… ბინდი („წიწვიანში“) წივის… ღამე აიტუზა კართან.“ უყვარს როცა საათობით ფანჯარასთან გაიბოტება… არის ხოლმე, როცა ზის მეოცნებე კაცივით, გამოკეტილ ოთახში… მომლოდინეა… ხანაც, – პირიქით: „როგორც რადიოლა გატეხილი,
ისე უქმად ვეგდე, უპატრონოდ,
ახალს არც ველოდი ქარტეხილებს.“
თავისი წილი ნიჭი აქვს, და მადლიც ამდენი; ცხოვრების უღელს ხან ერგება, ხან ვერ ერგება… არის თავისთვის. ისეთია, არაფერს გეტყვის გულისგულში თუ ვერ ჩაყვები, თუ ჩაყვები – იქ, თავისთან გამყოფებს.

„წვიმები მაგიჟებს ისედაც უზომოდ ამღვრეულს,
დავდივარ ქალაქში, მკერდღია პოეტი, ბოგანო,
ვისრუტავ სიცოცხლეს და სქელი ჭავლებით მივაწვდი
ლექსებში ამოსვრილ სუყველა ჟანგიან ორგანოს.“

მტკივანი სულის უფაქიზესი მოძრაობისა და განცდის პოეტურ ენაზე ინტერპრეტირება სასწაულის ტოლფასია. როდესაც პოეტი დაგმანულ განცდათა და ოდენ წარმოსახულ ცოდვათა სახმილში მოექცევა, და ირგვლივ „როცა ცოცხლად მკვდრების ზედახორაა“, თვითგადარჩენის ფორმად პოეტურ აღსარებას მიმართავს: „უნამუსოდ ჩამოვალაგებ ცოდვებს, რომელთაც არსებობა ჩემი მანანეს და ჩადენილზე მეტადა მაქვს სულში ჩამხმარი. ჩამოგილაგებ, ჩამოყარე მადლი-მანანა, ჩამოგილაგებ ღმერთო, და… არ ჩამადენინო…“ ცრემლიანია, გულსავსე, მშვიდი და მარტო: „ხედავ? მარტო ვარ და არავინ არის დამხმარე, როცა ვეცემი საკუთარი არსის წინაშე.“ მერე… მკაცრი მოთმინებითა და მზრუნველობით დაფოფინებს პატარა „თეთრ ბატკნებს“, „ნაჩრდილევი, ნედლი ბალახით“ კვებავს, წამლად ედება, არავის იხმარს, მარტო უვლის „ფეხების გადაყვლეფამდე“, ბროლივით სუფთა თვალებით და უდრეკი სიფხიზლით უთვალთვალებს მონაპოვარს, დაგროვილ „საგანძურს“. იმედობს! ღამის ფიქრები კი დაუნდობლად იკბინებიან და სხვა, უფრო ღრმა ხვეულებში იწვევენ დასაზვერად… მიენდო! ჰოდა, იქუხა! თავსხმად მოწვიმა გუგებიდან… ნელა თენდება… წვალებით… ნელა… მავთულხლართები… ბორკილები… სულ არ ანაღვლებს! დგას უხეში გარემოს მიღმა, დედამიწა თითქოს ქვემოთაა, აგერ – მთის ქიმიც… და თვალებს ხუჭავს, კვლავ მზეა შიგნით… გაინაპირა! წამის მარადისობის შეგრძნება ცრემლებს მიდენის… სხვა ფერებია, სხვა ბგერები, და – „ბავშვი-უფალი“… მერე, შიში ვერ გახსენების… გახსენების… „ყელში ხრიალებ, მაჯებს ვერ თმობ და თუ გაშალე, გგონია სხეულს თოლიების ცაში აიტან.“ ყველა გზა ნეტარია, როცა მიდიხარ… მიუყვება გზად მდინარის ნაპირებს, ოქროსთვალა ფოთლებს მიაშრიალებს მლოცველი გულით: „სეზამ გაიღე! ჩემში რამე რომ შეიცვალოს: ცუდად ან კარგად, ან სულერთად, სეზამ გაიღე!.. რაც არის არის… სეზამ გაიღე! სეზამ გამიშვი!.. გზაო, მფარვიდე! – გზაო, უნდა გადამარჩინო…“ იპოვეეე? – ჯერ ააარ!.. ჰოდა, მიხეტიალობს… დაღამებამდე… სათავისაკენ, თოვლის მთებამდე, ვიწრო წყალთან კალმახებია… უნდა ნახოს.

„ღმერთო, შენ ჩემი ხეტიალი დაამწყალობე
და თოვლის მთები საკუთარი თვალით მანახე.“

პოეზია უნატიფესი თრთოლვის სამყაროა. აქ პოეტს ყველაფერი საკუთარი აქვს: თემა, წერია მანერა, რაკურსი, ინტონაცია, ბუნებრივი გულწრფელობა, საკუთარი ხმის ტემბრი და ამ ხმაზე მღერა. ეს ყოველივე მკითხველში უნებურად აღწევს და ერთგვარ პოლიფონიურობას ქმნის. პოეტის ენა მეტაფორულ-სიმბოლურია. ჩვენი გრძნობები, ფიქრებისა და ქცევების უსასრულობაში წასული შედეგები, წარმოსახვის ძალით, ანუ სიმბოლოებისა და მეტაფორების მეშვეობით, ჩვენთვის მისაწვდომ სივრცესა და დროში შემოჰყავს. სიმბოლო ცნობის იარაღია, მასში ისაა, ვინც რას ხედავს, ან ვისაც რისი დანახვა შესწევს. პოეტი გვერდს უვლის ყველაფერ იმას, რისი გამოტოვებაც შეიძლებოდა, და რჩება მხოლოდ ის, რაც მკითხველთან განცდილის მიტანაში ეხმარება, რათა მკითხველმაც იგრძნოს, რომ რაც იყო, ნამდვილად იყო.

ბოლოსიტყვაობის მაგიერ

დედა(ჩემი)
დედაჩემს ცისფერი თვალები ჰქონდა,
კოლხის ქალი იყო დედაჩემი,
ხელი ეკიდა და მივდიოდით,
ბედმა გაგვწირა და აგვიჩემა.
გუშინ გადავქექე დღიურები,
ახლა ხან ვტირი, ხან მეტირება.
საფლავზე მოგიტან იასამანს,
დადა, გაზაფხულზე შეპირებულს.
ცივი, ცარიელი ოთახია,
შენ კი სურათიდან იღიმები,
ალბათ, შენს სოფელში ქარი არხევს
მორცხვად თავჩაღუნულ ღიღილოებს.
ქალაქს აფარია ლურჯი ზეცა,
კადრებს ვერ ვუძებნი ღია ტონებს,
ბავშვობამ ფრთები შეიკეცა,
შენ რომ წახვედი და მიმატოვე.
დავრჩი პატარა და უსუსური,
ჩემი პეპლებიც კი გამიფრინდნენ.
ერთხელ რაღაც მთხოვე, გამახსენდა,
სანამ სიკვდილის გზას ჩაივლიდი –
ლექსებს რომ დაწერო ამის მერე,
აღარ იქნებაო დედაშენი.
ცრემლებს მალავდი და შეგეპარა –
ხმაში, ღმერთო, როგორ შემაშინე.
მერე ამოდიო საფლავზე და
იქ თქვი, შენსას იქაც გავიგებო.
დედა, ყოველ ღამე მესიზმრება
შენი საბოლოო დარიგება.
დავალ უცნაურად ფიქრიანი,
წყალსაც წაუღია დანარჩენი.
საფლავს ძველებურად ვასუფთავებთ,
მე და მარტოხელა მამაჩემი.
შენი ნაქსოვი და ნაქარგები,
ისევ გვილაგია ხელუხლებლად.
დედა იმნაირი ქალი იყო
კარსაც პოეტურად შეუღებდა –
ალბათ, საიქიოს მოდარაჯეს.
დედა, გაგვიუქმდა სავენახე.
რას არ გავცემდი და არ დავთმობდი,
ოღონდ ავადმყოფი არ მენახე.
კოლხის ქალი იყო დედაჩემი,
ნანას მიმღერიან კლავიშები,
ისე წავიდა და დამიღამა,
მზე რომ დასავლეთით ჩაეშვება.

სახელო
პირში ელვის ბოლოები მიძვრებიან,
მეწვის, მაინც ვყლაპავ მთელი მონდომებით.
სიზმრებიდან გამოყრილი სიზმრებია,
სველ ტყეებში მოსრიალე გონდოლები,
სადაც მიწა ათი თითით იკუმება
და ჩამდგარი ქარიშხლები იღლებიან, –
ეკლიანში გახლართული შვლის ნუკრები.

სიგიჟემდე მტკივა ამ დროს ცალი ხელი,
სასაფლაოს უხეშ ბეტონს მიმსხვრეული,
სიჩუმე კი… გამშრალ ძვლებში მიფათურებს,
დედაჩემის მიწით შეჭმულ სახელოებს.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button