ლიტერატურამოთხრობა

ნანა აბულაძე – ჭკუამხიარული მამონტი კარნასი

 კარნას, კარნას, სად ხარ?

_ აქ ვარ, დედიკო! _ პატარა მამონტმა, როგორც შეეძლო, ისეთი სისწრაფით მიირბინა დედასთან.

_ წამოდი, თორემ დავაგვიანებთ, მიგრაცია იწყება.

მართლაც, სულ მცირე ხანში უზარმაზარი მამონტები გზას გაუდგნენ.. კარნასი აქეთ-იქით მხიარულად დახტოდა. მისი ტოლი მამონტებში არავინ იყო, მიუხედავად ამისა, მარტოც მშვენივრად ახერხებდა გართობას, რაც მის ზრდასრულ ნათესავ-ახლობლებში უკმაყოფილებას იწვევდა.

_ როდის მორჩები ამ უაზრო ცანცარს? არ შეგიძლია, უბრალოდ დინჯად იარო?! _ დაუცაცხანა დედამ. _ ირგვლივ მყოფთ აწუხებ!

_ კარგი რა, დედიკო! უბრალოდ დინჯად სიარული _ კარნასმა ამ სიტყვებზე რამდენიმე მძიმე ნაბიჯი გადადგა თოვლში და თან მეტად ჩაფიქრებული სახე მიიღო. _ ეს ხომ ძალიან მოსაწყენია! _ მერე ისევ დაუბრუნდა სახეზე ღიმილი და თამაში განაგრძო.

_ რას იტყვიან ჩვენზე დანარჩენები, ყველასთან თავი მოგვეჭრება ამ ერთიბეწო აბეზარის გამო! _ გადაულაპარაკა დედამ მამას.

კარნასმა შემთხვევით ყური მოჰკრა ამ სიტყვებს. სახიდან მაშინვე მოსცილდა ღიმილი, გაჩერდა, თავი ჩაქინდრა და ცისფერი თვალები აუწყლიანდა. ეს მათ გვერდზე მიმავალმა კარნასის ბაბუამ შენიშნა და მკაცრად უთხრა მშობლებს:

_ უცნაურია, ყოველი ჩვენგანი ოდესღაც ბავშვი იყო, მაგრამ ბავშვებთან მოქცევა არც ერთმა არ ვიცით! როგორ შეიძლება გაუბრაზდე შვილს მხოლოდ იმის გამო, რომ ის თამაშობს?! ლიზა, ნუთუ შენ არასდროს არ გითამაშია?

_ ყველაფერს თავისი დრო აქვს, მამა, _ მიუგო კარნასის დედამ. _ ის უკვე არც ისე პატარაა.

_ არც ისე პატარა?! ჯერ ეშვებიც კი არ ამოსვლია, სულ მთლად სპლიყვია, ლიზა! _ შემდეგ ხნიერი ნეფესი თავის შვილიშვილს მიუბრუნდა, რომელიც ჩუმად, მაგრამ ცხარე ცრემლით ტიროდა.

_ ნუ ტირი, ჩემო ბიჭუნავ! _ დაუყვავა და ვეებერთელა ხორთუმით აუჩეჩა ქოჩორი ასლუკუნებულ კარნასს. _ წამოდი ჩემთან ერთად.

_ აი, სულ შენი გაფუჭებულია ეგ თითისტოლა და იმიტომაა, რომ აღარ მიჯერებს! _ უკმეხად მიაძახა ლიზამ.

_ ყურადღებას ნუ მიაქცევ, ჩემო ბიჭუნავ! დღეს უბრალოდ აღელვებულია. _ თბილად უთხრა ნეფესმა შვილიშვილს.

კარნასის მამა კი, ვითომც არაფერი, ისე უდარდელად მიაბიჯებდა თოვლში. მშვიდი სახით აქეთ-იქით იყურებოდა და სახეზე ეტყობოდა, რომ იოტისოდენ ცნობისმოყვარეობასაც კი არ უღვივებდა ის, თუ როგორ იქცეოდა მისი ვაჟი.

II
ახალ საცხოვრებელ გარემოში გადმოსული კარნასი ისევ გახალისდა. მდელოზე გამოფენილ მამონტთა შორის კვლავ მხიარულად დარბოდა. დედამისს, როგორც ჩანდა, მობეზრდა მისთვის შენიშვნების მიცემა და ყურადღებას აღარ აქცევდა.

მდელოს ერთი მხრიდან ტყე ეკვროდა. მის სიახლოვეს მდგარმა რამდენიმე მამონტმა ერთდროულად აწია ხორთუმი ჰაერში და განგაში ატეხეს:

_ ხმალკბილა ვეფხვები გვიახლოვდებიან!

ტყიდან მარდად წამოვიდა ოთხი თუ ხუთი ხმალკბილა ვეფხვი ღრენითა და კბილების ღრჭენით.

_ გამოადგი ფეხი! რაღას უყურებ? _ მკვახედ მიმართა ლიზამ შვილს, რომელიც შიშისგან გახავებული იდგა ერთ ადგილას და ვერაფრით მიმხვდარიყო, რა ხდებოდა.

_ ფრთხილად, ჩემო ბიჭუნავ! _ ამ სიტყვებზე ნეფესმა შვილიშვილი ხორთუმით ჰაერში აიტაცა.

როცა მამონტთა უმრავლესობამ სამშვიდობოს გააღწია, ბაბუამ კარ=ნასს უთხრა:

_ ამ მტაცებლებს რომ დაინახავ, მოერიდე, ჩემო ბიჭუნავ, ძალიან საშიშები არიან. ეს ჩვენი ცხოვრებაა, რას იზამ, უნდა მიეჩვიო! _ გაუღიმა და ხორთუმით მოეფერა.

პატარა კარნასს ეს ამბავი ღრმად ჩარჩა გულში და მთელი ღამე ვერ დაიძინა. ეშინოდა, ხმალკბილა ვეფხვები ახლაც არ დასხმოდნენ თავს. რამდენჯერაც ჩათვლემდა, იმდენჯერ საზარელი ხმალკბილა ვეფხვები ესიზმრებოდა და ძილგამკრთალს ეღვიძებოდა.

მეორე დღეს კი მაინც ვერ სძლია ბავშვურ ცნობისმოყვარეობას და ტყეში შევიდა. სახიფათო ვერაფერი ნახა. ერთ ხესთან ახლოს გაჩერდა. ამ დროს, უეცრად, ტკაცანი მოესმა ზემოდან. ზემოთ აიხედა და უკან გახტომა და თავის ჩამალვა წინა ფეხებში ძლივს მოასწრო, რომ ხის ტოტი ჩამოტყდა. აცახცახებულმა კარნასმა ნელ-ნელა აიღო თავი მიწიდან. ტოტს ფეხი ხმალკბილა ვეფხვის ბოკვერმა გადმოაბიჯა!

_ ვაიმეე! _ კარნასი მახლობელ ხეს ამოეფარა. ერთიანად კანკალებდა და მის გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა.

_ ეი, შენ, მანდ! _ დაუძახა ბოკვერმა _ გამოდი, არაფერს გავნებ!

_ ტყ-უ-უ-უ-ი-ი-ი! _ ხმის კანკალით აღმოთქვა კარნასმა.

_ გამოდი, დამენახე რა სულიერი ხარ! _ გაბედულად მიუგო ბოკვერმა. _ რა გქვია?

_ კა-კა-კა-კარნაასი!

_ მე _ რიკო. გამოდი, მართლა გეუბნები, არაფერს დაგიშავებ. გამოდი, გთხოვ!

კარნასმა ნელა გადადგა ორიოდე ნაბიჯი.

_ აჰა! მამონტი ყოფილხარ! გინდა, ერთად ვითამაშოთ?

კარნასმა შეშფოთებით გახედა, მაგრამ რამდენიმე წუთში ისინი მართლაც ერთად თამაშობდნენ!

შებინდებისას, როცა სასიამოვნოდ დაღლილი ორი მეგობარი მიწაზე გაწოლილიყო, რიკომ კარნასს მიმართა:

_ ღამდება. უნდა წავიდე, თორემ გამიბრაზდებიან, კარგად იყავი!

_ მეც უნდა წავიდე. ნახვამდის, რიკო! ხვალ შევხვდებით?

_ მე მთელი დღე ტყეში ვარ. შენც თუ მოხვალ, კარგი იქნება! ამ ადგილას შევხვდეთ. აბა, კარგად!

_ კარგად!

_ სად იყავი ამდენ ხანს? _ შეეკითხა ტყიდან გამოსულ კარნასს ბაბუა. _ ძალიან შემაშინე, ჩემო ბიჭუნავ! მეორედ ასე აღარ გადაიკარგო!

III
ამ ყველაფრიდან მესამე დღეს ხმალკბილა ვეფხვები ისევ გაემართნენ სანადიროდ..

_ რიკო, დღეს შენც წამოხვალ და თუ კარგად მოიქცევი, მონაწილეობასაც მიიღებ ნადირობაში! _ უთხრა წინამძღოლმა თავის შვილს.

_ გმადლობ, მამიკო!

გამოხდა ხანი და რამდენიმე მამონტმა კვლავ აწია ჰაერში ხორთუმი.

_ შეხედე, როგორ გარბიან, რიკო! _ მამონტებზე მიუთითა წინამძღოლმა _ აი, იმ პატარას შეხედე, ჩამორჩა დანარჩენებს. მიდი, რიკო, დაედევნე, სანამ დროა!

რიკომ მზაკვრული ღიმილით გახედა მამონტებს და ელდა ეცა, როცა მიხვდა, რომ მამა კარნასზე ეუბნებოდა! ღიმილი სახეზე შეეყინა.

_ არა, მამა, მე ვერ ვიზამ მაგას!

_ რას ჰქვია, ვერ იზამ?! მიდი, რომ გეუბნები!

_ არა, მამა, არა!

_ როგორ თუ, არა?!

_ ის ჩემი მეგობარია!

ამ სიტყვებმა განარისხა წინამძღოლი:

_ ვინაა შენი მეგობარი, ბიჭო, მამონტი?! და-და-დამეკარგე აქედან! _ სიმწრისგან ენა დაება მამამისს _ აქ აღარ გიხილოს ჩემმა თვალებმა!

წინამძღოლის სიტყვებს წინ ვერაფერი დაუდგა. არავითარმა ხვეწნა-მუდარამ არ გაჭრა, თანაც რიკოს კარნასთან ურთიერთობის გაწყვეტა არ სურდა, ამიტომ გააძევეს.

IV

გარდა ხმალკბილა ვეფხვებისა მამონტებს კიდევ ერთი მტერი ჰყავდათ _ ადამიანი. ეს უკანასკნელი იყენებდა როგორც მათ ხორცს, ისე მათ სქელ ბეწვს, რაც განსაკუთრებით გამოსადეგი ცივ ზამთარში იყო. აი, ეს ზამთარიც დადგა.

კარნასი თოვლში თამაშობდა. რამდენიმე დღე რიკო არ ენახა და ცოტა არ იყოს, აღელვებულიც გახლდათ ამის გამო. თოვლში გაირბინა და მერე გასრიალდა, მაგრამ უეცრად ადამიანი შენიშნა. აქამდე ასე ახლოს ადამიანები არ ენახა. ცნობისმოყვარეობამ სძლია და გადაწყვიტა, დაჰკვირვებოდა.

რამდენიმე წუთის განმავლობაში კარნასსი ყურადღებით უცქერდა კაცს, რომელიც თავისი საქმით იმდენად იყო გართული, რომ მას ვერ ამჩნევდა და ალბათ, ვერც შეამჩნევდა, რომ არა პატარა მამონტის დიდი შეცდომა: კარნასმა ნაბიჯი წინ გადადგა, თან ადამიანისთვის თვალი არ მოუცილებია, ძირს არ დაუხედავს და შემთხვევით ფეხი ხის ხმელ ტოტს დაადგა. ტკაცანზე კაცმა მოიხედა. პატარა კარნასმა რატომღაც ვერ მოიაზრა, გაქცეულიყო. კაცი მას მიუახლოვდა და ის იყო, უნდა აეყვანა ხელში, რომ უცბად საიდანღაც რიკო გააფთრებით მკლავში ჩააფრინდა. კაცმა ტკივილისგან იღრიალა.

_ კარნაშ, გაიქეჩი! _ იყვირა რიკომ, თან მკლავს ცოცხალი თავით არ უშვებდა კბილებს.

კარნასმა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მოკურცხლა. როცა რიკომ კაცის საშველად მომავალი შუბით შეიარაღებული ადამიანები შენიშნა, კაცს შეეშვა და კარნასს გაედევნა.

მათ როგორღაც დააღწიეს ადამიანებს თავი და ტყეში დაიმალნენ.

_ ჩემგან რა უნდოდათ? _ იკითხა აქოშინებულმა კარნასმა.

_ ტყავი და ხორცი. _ უბრალოდ უპასუხა რიკომ.

_ ჩემი მომცრო ტყავი ვის რად უნდა?!

_ შენ თუ ფიქრობ, რომ ადამიანებს ნაშიერები არ ჰყავთ, ძალიან ცდები!

_ რაც არის, არის. მთავარია, ცოცხლები ვართ. დიდი მადლობა, რომ გადამარჩინე. ამ დღეების განმავლობაში სად იყავი?

_ ეჰ! ეგ გრძელი ამბავია. _ მოიღუშა რიკო _ მამაჩემმა გამომაგდო და ხან სად ვიყავი, ხან სად.

_ გამოგაგდო? ეს როგორ?!

შემდეგ რიკომ დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი. დუმილი ჩამოვარდა. ამ დროს მათ ნეფესი მიუახლოვდა.

_ ჩემო ბიჭუნავ?! ამ ბოკვერთან რა გინდა? ახლავე გაიქეცი! მე…

_ არა, ბაბუა, ის ჩემი მეგობარია!

_ მეგობარი კი არა, მტერია! ნუ მასწავლი ახლა! ჯერ არ დავბრმავებულვარ და გარკვევით ვხედავ ამ ხმალკბილა ვეფხვის ნაშიერს!

_ ბაბუა, მან დღეს ადამიანებისგან მიხსნა!

_ ადამიანებისგან?! ადამიანებთან რაღა გინდოდა? სულ არ მეპიტნავება ეგ მე, დღეს გიხსნა, ხვალ შეგჭამს!

_ ვერ შემჭამს, ნადირობა არ იცის!

_ შენ მაგაზე ნუ იღელვებ, ასწავლიან!

_ აღარ ასწავლიან, ჩემ გამო წინამძღოლმა გააგდო.

_ გააგდო?.. _ ნეფესს ხმა ჩაუწყდა და ნაღვლიანად გახედა ბოკვერს _ რა გქვია?

_ რიკო.

_ ვიქნებით რა, ერთად ბაბუ, გთხოვ! _ აცქმუტდა კარნასი.

ნეფესი დუმდა, ბოლოს ესღა თქვა:

_ ჩემო ბიჭუნავ, მინდა იცოდე, რომ მე შენთვის მხოლოდ კარგი მინდა. ფრთხილად იყავით! _ ნეფესმა ალერსიანად მოუთათუნა ხორთუმი თავზე ჯერ კარნასს, მერე _ რიკოს და ხალისიანად გაუღიმა.

ეს უჩვეულო ამბავი მხოლოდ მაშინღა გახმაურდა, როცა რიკოც და კარნასიც მოზრდილი და დამოუკიდებელი ცხოველები იყვნენ. ბევრი კიცხავდა, ბევრი არც იჯერებდა.. მეგობრები სხვის აზრს ყურდღებას არ აქცევდნენ. თუ გარეგნობას არ ჩავთვლით, ისინი თითქმის სულ არ შეცვლილიყვნენ _ რიკო ისევ ისეთი მამაცი იყო, კარნასი _ ისევ ისეთი ჭკუამხიარული. ისინი მთელ დროს ერთად ატარებდნენ. რიკო მამონტებზე არ ნადირობდა, კარნასი კი მოხარული იყო იმით, რომ ახლა უკვე არავინ ჩასჩიჩინებდა: ნუ ცელქობ და დინჯად მოიქეციო! მეგობრობაში ხელს ახლა აღარავინ და აღარაფერი აღარ უშლიდათ, ჰოდა, მეგობრობდნენ კიდეც, ერთად იყვნენ ჭირსა და ლხინში!

7-8. 04.2009

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button