ისტორია

ლია ბიბილეიშვილი – კაცი მწვერვალზე – სურათები გამოფენიდან (გიორგი ნიკოლაძე)

(პირველი ქართული ექსპედიციის 85 წლისთავი)

დიდი ჯიხაიშის სახლის გიორგის ოთახიდან ჩრდილოეთით ჩანს კავკასიონის ქედის მშვენიერი პანორამა. მამა ამბობდა: _ “ალბათ, სწორედ ამ გრანდიოზულმა და მშვენიერმა სანახაობამ იმდენად მოხიბლა პატარა გიორგი, რომ იმთავითვე განაწყო ამ მწვერვალების დასაპყრობად, სურვილი აღუძრა უფრო ახლოს ეხილა ეს სილამაზე, ხელით შეხებოდა და ეგრძნო მათი ძალა!”

ამ სილამაზის მხილველი უმალ დარწმუნდება ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში. მე ვერაფრით დავეთანხმები ბ-ნ ი. ასლანიკაშვილის და გიორგის სხვა მეგობრებისა თუ ბიოგრაფების მოსაზრებას იმის თაობაზე, თითქოს გიორგის მთების სიყვარული და მათი დაპყრობისადმი ლტოლვა, მისი ალპინისტური მიდრეკილება უეჭველად შვეიცარიაში ჩაისახა. ამას თავად გიორგის სიტყვებიც ადასტურებს: _ “კავკასიონის მთების მწვერვალებმა დიდი ხანია მიიპყრეს ჩვენი ყურადღება. მათი ძნელად გასავლელი და სახიფათო კლდოვან-ყინულოვანი ბილიკები გვიზიდავდნენ. ამ მიუვალ მწვერვალთა შორის მყინვარწვერი (მყინვარი, აგრეთვე ყაზბეგი) რაღაც მიუწვდომელ, შორეულ, მაგრამ მშვენიერ ოცნებად გვეჩვენებოდა.”

1918 წელი. შევარდნის ხელმძღვანელობა.სხედან (მარცხნიდან) გაიოზ ბერელაშვილი, თამარ ნიკოლაძე, გიორგი ეგნატაშვილი; დგანან არჩილ ბაქრაძე, გიორგი ნიკოლაძე, ირაკლი ლორთქიფანიძე

მოუმზადებლად კი, სანამ არ დაოსტატდებოდა სპორტის ამ რისკიან და ვაჟკაცურ სახეობაში, მაინც ვერ შეკადრა კავკასიონს. როგორც სხვა ყველაფერში, მთამსვლელობაშიც ბავშვობიდანვე შეემზადა _ 13 წლისა, 1901 წელს, შვეიცარიაში ყოფნისას დებთან ერთად შვეიცარიის ალპებში ტეტ დე ჟეანის მცირე ზომის მწვერვალზე (2235 მ ზღვის დონიდან) ავიდა და თავისი გამარჯვება მამას ახარა მყის: _ “გუშინ მე, რუსო და თამრო ავედით ისეთ მაღალ მთაზე, რომ მისი ნახევარზე მეტი ნაწილი ალპიურ სიმაღლეზე იმყოფებოდა. იგი ისეთი შვეული მთაა, რომ როდესაც ჩვენ ვწვებოდით, შეუძლებელი იყო გამორკვევა ვიწექი თუ ვიდექი. როდესაც ჩვენ ავედით, მივხოხავდით მუხლებზე და ვეჭიდებოდით გრძელ ბალახს. ჩამოსვლა კი ვერ შევძელით. ჩვენ დაღუპვა მოგველოდა. ჩვენ დავჯექით და ის გრძელი ბალახი რომ არ ყოფილიყო, რომელსაც ხელით ვეჭიდებოდით, უეჭველად ჩავცვივდებოდით მთის ძირას და დავინტრეოდით. როდესაც კი ბალახს ხელს წავავლებდით, ქვემოთკენ საშინელი სიჩქარით მივქროდით.”

სირთულეთა დაძლევისაკენ ლტოლვა და გამარჯვების სიხარული იკითხება ამ სიტყვებში. ეს იყო მისი ცხოვრების აზრი და სილამაზე. მხოლოდ 22 წლის შემდეგ შებედა კავკასიონს! ეს პიროვნულის გარდა სხვა, უფრო ზოგადი და მამულიშვილური ამბიციითაც იყო პირობადებული _ “როგორ არის, რომ ინგლისელები, გერმანელები, რუსები ახერხებენ მაღალ მწვერვალებზე ასვლას და ჩვენ, ქართველები, რომელთაც ჯომარდობის (სპორტის) სხვადასხვა დარგში დიდი უნარი გაგვაჩნია, მთასვლაში კი აქამდის სრულიად არაფერი გაგვიკეთებია. “თუ სხვებს შეუძლიათ, ჩვენ მით უფრო შევძლებთ, რადგან ჯომარდობაში დახელოვნებულნი ვართ.” _ წერს ერთგან გიორგი, _ “ამიტომაც განვიზრახეთო თვით მყინვარწვერზე ასვლა.”

1918 წელი. შევარდნის საბჭო. მარცხნიდან ირაკლი ლორთქიფანიძე, თამარ ნიკოლაძე, გიორგი ნიკოლაძე, გიორგი ეგნატაშვილი, გაიოზ ბერელაშვილი, არჩილ ბაქრაძე

დიდი ხნის მივიწყებული კავკასიონის უმაღლესი მწვერვალი _ მყინვარწვერი საკუთარი თავის გამოსაცდელად აირჩია. გამოცდა კი მართლაც რისკიანი და ურთულესი იყო _ უმძიმეს კლიმატურ პირობებში _ ქარიშხალსა და 200-იან ყინვაში მრავალი წინააღმდეგობის დაძლევის ფასად მან გაიმარჯვა!… გაიმარჯვა, რადგან მყინვარწვერიც ელოდა მას!

საოცრად ლამაზი, ამაღლებული და სიმბოლური იყო მათი შეხვედრა. გაბრწყინებული, თითქოსდა ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ სასურველის ნახვით სიხარულისგან გასხივოსნებული დახვდა იგი მას. თავად გიორგი ასე აღწერს ამ შეხვედრას: _ “…ნისლს მთები სრულიად დაეფარა, მაგრამ ეს ნისლი თანდათან იფანტებოდა… უცბად და სრულიად მოულოდნელად ამ თხელი ნისლის უკან წითლად შეღებილი მყინვარწვერის სახე გამოიხატა. გამჭვირვალე ნისლის ფარდის უკან მყინვარწვერის მოულოდნელი გამოჩენა ჩვენთვის ჯერ აუხსნელი რამე იყო და რაღაც სასწაულს მიაგავდა ეს აუწერელი სილამაზის მოვლენა… ჩვენ მყინვარწვერს ქვემოდან შევყურებდით, ჩვენსა და მყინვარწვერს შორის თხელი ღრუბელი მოთავსებულიყო, თვით მყინვარწვერი კი იმ ღრუბელზე ბევრად მაღლა ყოფილიყო. როდესაც ამომავალი მზის სხივებმა თავდაპირველად მყინვარწვერი წითლად გაანათეს, მისი ბრწყინვალება თხელ ღრუბელმა ვეღარ დაჰფარა და ის მთელი თავისი სიდიადით, სასწაულებრივ ჩვენს თვალწინ წარმოსდგა.”

არსებობს დოკუმენტური კადრები მყინვარწვერის ექსპედიციისა _ ქართველ მთამსვლელთა 18 კაციანი ჯგუფი, რომელთა შორის 5 მშვენიერი ყოჩაღი გოგონაც ჩანს, გაბედულად, მხიარულად, მხნედ მიაბიჯებს მყინვარწვერის კალთებზე მწვერვალისაკენ, გზადაგზა ჩერდებიან, ისვენებენ, მხიარულად საუბრობენ, იცინიან… ფილმის უკანასკნელ კადრში გიორგი თანამგზავრებს გაუშვებს წინ და თვითონ წყაროსთან წუთით ჩამუხლული პეშვით იღებს წყაროს წყალს და გულიანად იცინის… საოცრად სიმბოლური და მრავლის მთქმელი კადრია! გიორგი პირველი ავიდა მყინვარწვერზე!

მოვუსმინოთ თავად გიორგის (გიორგი ნიკოლაძე, “პირველი ქართული ასვლა მყინვარწვერზე;” “საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მოამბე”, #1, 1924 წ. თბ., II ნაწილი, გვ. 11, 13, 42, 43, 44, 56).

“მიუხედავად ყოველგვარი დახმარებისა, აუარებელი სარბენი და საზრუნველი მაინც გვაწვებოდა თავზე. ზაფხულის მიწურული იყო და დაჩქარება გვმართებდა. თავგადაგლეჯილები დავრბოდით სხვადასხვა დაწესებულებებში, ქარხნებში, მაღაზიებში. ერთ დღეს განგებ ბიჯზომი გავიკეთე ქამარზე; იმან მიჩვენა, რომ ამგვარ რბენაში, დილის 9 საათიდან 3 საათამდე, 27 კმ გამევლო”.

შემდეგ:
“ეს მწვერვალია. მაშ მიზანი მიღწეულია. აღსრულდა მრავალი წლის ოცნება! მრავალი დღის შრომა და მზადება ასე ბრწყინვალედ დაგვირგვინდა! ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მე იაგორას მივვარდი და გადავკოცნე. როგორ აღვწერო ადამიანის სულიერი მდგომარეობა მწვერვალის მიღწევის დროს. ეს ხომ სრულიად შეუძლებელია. ამას მხოლოდ ის გაიგებს, ვინც თვითონ ყოფილა ამ წუთებში. უძლეველი სიძლიერისა და სიამაყის გრძნობა მთელ არსებას იტაცებს. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საამაყო: მწვერვალზე 18-ნი ვართ. ასეთ ცუდ დარში, რომელშიაც ჩვენ ავედით 18 კაცი კი არა, ჯერ ერთიც არ ასულა… ჩვენს ასვლის დროს 200-მდე ყინვა იყო და ამასთან საშინელი ქარიც, მაგრამ უმთავრეს სიამაყეს ჩვენი ქალები წარმოადგენდნენ. ამდენი ქალი ჯერ იქ არასდროს არ ასულა. ჩვენები ხუთნი არიან: ბეჟანიშვილი მარო, ლორთქიფანიძე ელიკო, ნიკოლაიშვილი ასმათი, ტყავაძე მარო, ჩხეიძე ლიდა. აქ ნათლად დამტკიცდა, თუ ტანვარჯიშულ განვითარებას რა მნიშვნელობა ჰქონია. ფილტვები და გული ყველას მშვენივრად ჰქონდა; სიარულში ჩვენ, მაღალ მთაში პირველად ამსვლელები, საუკეთესო გამყოლებს ვეჯიბრებოდით. ჩვენი სურვილი ის იყო, რომ ჩვენს ექსპედიციას ჩვენში მთასვლის შემოღებისა და მგზავროსნობის ანუ ტურიზმის ფართო გავრცელების საფუძველი ჩაეყარა. მართალია, მთასვლა ერთგვარ ნებისყოფასა და ამასთანავე ხარჯებსაც მოითხოვს, მაგრამ სამაგიეროდ ადამიანის ცოდნას, გამძლეობას და ჯანმრთელობას ძლიერ წინ სწევს და, რაც მთავარია, აღმაფრენის და სიმშვიდის მრავალს ახალს და მაღალ გრძნობებს უნერგავს. მე მსურს, რომ ამ ჩვენი ასვლის ამბავმა რამოდენიმეს მაინც აგრძნობინოს სურვილის ის დაუშრეტელი ცეცხლი, რომელიც მრავალ დაბრკოლებათა გადალახვის შემდეგ, მას მყინვარწვერის ან სხვა რომელიმე მაღალ მთის მწვერვალზე აიყვანდეს. ასეთებს მივმართავ და ვუსურვებ მათ ჩვენი გამბედაობა გამოიჩინონ, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენი სიფრთხილე და წინდახედულობაც.
მწვერვალზე ყველა მშვენივრად გრძნობდა თავს. დაღალვის ნასახიც არავის ეტყობოდა და ყველა მხიარულად იყო.”

გიორგი ნიკოლაძე

მყინვარწვერიდან დაბრუნებულ გიორგი ნიკოლაძის 18 კაციან ჯგუფს მყინვარწვერის კალთებთან შეხვდა მთამსვლელთა მეორე 22 კაციანი ჯგუფი პროფ. ალ. დიდებულიძის მეთაურობით, რომელშიც ერთადერთი ქალი იყო _ ძმასთან ერთად წამოსული, შემდეგში ცნობილი მთამსვლელი ალექსანდრა ჯაფარიძე, და თუმცა გიორგის ჯგუფისაგან განსხვავებით მათ ბრწყინვალე ამინდი დაესწროთ, მწვერვალს მხოლოდ 7-მა მიაღწია.

გიორგი ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ საგამოფენო დარბაზში, სწორედ იმ ოთახში, სადაც 120 წლის წინათ მოევლინა იგი ქვეყნიერებას და თავის სალოცავ მამულს, შესვლისთანავე თვალს იტაცებს მყინვარწვერზე ამაყად მდგარი, ქართული ღირსებით სავსე უმშვენიერესი ვაჟკაცის _ გიორგი ნიკოლაძის სახე, გამარჯვების სიხარულით გასხივოსნებული და ისევ მომავლისკენ შორეთში მზერი. სურათი საოცრად ამამაღლებელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე და იმთავითვე მომნუსხველად მოქმედებს მასზე _ ინტერესითა და საოცარი პატივისცემით, მოკრძალებით განაწყობს მის მიმართ.

საბჭოთა პერიოდში შექმნილ ამ სურათზე გიორგის წითელი დროშა უჭირავს. არადა ექსპედიცია მოეწყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის აჯანყების წინა წელს, აჯანყების თვეში (როგორღაც ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ გიორგისა და ქაქუცას დაბადების თარიღებს შორის მხოლოდ ორი დღეა სხვაობა. ალბათ, ამის “ბრალია” ამ ორი დიდი მამულიშვილის ასე მსგავსი თავგანწირული სიყვარული თავისი ერისა და მამულისა). ამ აჯანყების დამარცხება გიორგიმაც ისევე მწვაედ განიცადა, როგორც ქართული ინტელიგენციის გარკვეულმა ნაწილმა. გიორგი იყო ცნობილი “შავჩოხიანთა ორდენის” წევრი. 1927 წლამდე, რეპრესიების მიუხედავად, ყოველი წლის 26 მაისს თავის “შევარდენთან” ერთად თბილისის მთავარ მოედნებზე აწყობდა იგი ამ თარიღის აღსანიშნავ სპორტულ ღონისძიებებს, რითაც არ ავიწყებდა ქართველ საზოგადოებას ამ თარიღის წარუვალ ისტორიულ მნიშვნელობას. სხვაგვარად წარმოუდგენელი იყო იმ მამულიშვილისაგან, რომელმაც ჯერ კიდევ 1918 წელს მის მიერვე სულჩადგმულ პირველ ქართულ სპორტულ-სატანვარჯიშო საზოგადოება “შევარდენს” დევიზად გაუხადა ბავშვობიდანვე დედამისისაგან შეთვისებული მისალმების სიტყვები: “გუშაგობ ერს!” “მარად!”‘

1921 წელი. თბილისის შევარდენი. შუაში ზის – გიორგი ნიკოლაძე

მალე ეს საზოგადოებაც აკრძალეს, როგორც ანტისაბჭოთა ფაშისტური, ვარჯიშთავებსაც ანტისაბჭოთა საქმიანობაში დასდეს ბრალი და როდესაც გიორგი სასიკვდილო სარეცელზე სიკვდილს ებრძოდა, მისი დაპატიმრების ორდერი უკვე ჩეკაში იდო და ჩეკისტები სადაცაა კარსაც შემოუღებდნენ ნიკოლაძეებს იმ სიმწრით დაბრუნებულ თბილისის ბინაში.
გიორგი არ გატყდა. ისევ მთას მიაშურა.

ჩვენ ცოტა გავუსწარით მოვლენებს. არადა გიორგის ეს ასვლა მყინვარწვერზე იყო არამარტო პირველი ქართული და საბჭოთა ალპინისტური ექსპედიცია, როგორც ამას ხაზგასმით აღნიშნავენ მკვლევარები და გიორგის ბიოგრაფები, სპორტის ისტორიკოსები, არამედ ეს იყო პირველი სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია, რომელმაც სათავე დაუდო მთამსვლელობას, როგორც პროფესიულ სპორტს (არამც და არამც მხოლოდ სამოყვარულო თვალსაზრისით) და მთამსვლელობას, როგორც ძალზე სერიოზულ და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოს. გიორგის ექსპედიციის წევრები მთის მინერალებს, წიაღისეულს, ჰავას ეძებდნენ, იკვლევდნენ, იწერდნენ მთაში გავრცელებულ ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს _ ლექსებს, სიმღერებს, თქმულებებს. მთაში სიარულის გამოუცდელობის მიუხედავად, ისინი მაინც ახერხებდნენ ამ მხრივ რაიმე მაინც მოეპოვებინათ.

გიორგის ამ ექსპედიციის გამარჯვებას ქართული მეცნიერების შემდგომი განვითარება მოჰყვა _ შეიქმნა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება. ამ დიდ ეროვნულ მოვლენას ასე იგონებს ი. ასლანიშვილი: _ ამ “ორი ექსპედიციის გამარჯვებას დიდი ახმაურება მოჰყვა საქართველოს როგორც სამეცნიერო, ისე საერთო საზოგადოებრივ წრეებში. მრავალი წერილები ეძღვნა პრესაში, მრავალი შრომები დაიწერა ექსპედიციების წევრების მიერ. დაისვა საკითხი საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დაარსების შესახებ, რომლის წესდებაც დამტკიცებული იყო მთავრობის მიერ 1924 წლის 18 იანვარს, ხოლო ოთხი დღის შემდეგ _ 22 იანვარს შედგა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დამფუძნებელი კრება და იწყო მოქმედება ამ საზოგადოებამ. გიორგი ნიკოლაძე, რომელიც აქტიურ მონაწილეეობას იღებდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დაარსებაში, არჩეული იყო საზოგადოების მდივნად და ამ საზოგადოებასთან 1924 წლის 29 თებერვალს დაარსებულ მთასვლა-მგზავროსნობის განყოფილების თავმჯდომარედ. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პირველ სხდომაზე _ 1924 წლის 4 მარტს პირველი მოხსენება, რომელიც შეეხებოდა პირველ ქართულ ასვლას მყინვარწვერზე, წაიკითხა და მრავალი დიაპოზიტივით დაასურათა გიორგი ნიკოლაძემ. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ “საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მოამბეში”, რომლის პირველი ნომერი იმავე 1924 წელსვე გამოვიდა და შეიცავს 139 გვერდს, მასში 73 გვერდი უკავია ზემოაღნიშნული ექსპედიციის მონაწილეებს და იქვეა მოთავსებული გიორგი ნიკოლაძის მოხსენებაც.

გიორგი ნიკოლაძე

კითხულობ ამ მოხსენებას და გიკვირს _ მთამსვლელობაში სრულიად გამოუცდელმა ბავშვებმა (ყველაზე უმცროსი _ ვერა ბეჟანიშვილი 15 წლის გოგონა მეექვსე კლასის მოსწავლე იყო) იმ საშინელ პირობებში, ყველასგან “გამხნევების” პასუხად _ ამ საშინელ ამინდში ვერაფრით ახვალთო _ მათი ენთუზიაზმი სიცილად რომ არ ყოფნიდათ, შეუძლებელი შეძლეს!

გიორგი წერს: _ “ყველაფერი, რასაც ლიტერატურა გვაწვდიდა, წარსულს შეეხებოდა. ამ უკანასკნელ დროს კი, უკვე რამოდენიმე წლის განმავლობაში აღარავინ ასულა. უცნობი იყო თოვლისა და ყინულის მდგომარეობა, მოშლილი იყო ყველა ბილიკები და გზის მაჩვენებელი ნიშნები. ამიტომაც ჩვენი გადაწტვეტილება: “მყინვარწვერზე ასვლა ერთგვარ გაბედულებას წარმოადგენდა და თუმცა თავი ამაყად გვეჭირა, მაგრამ ათასნაირი ეჭვი გვეპარებოდა: “ვაი, თუ ვერ ავიდეთ!”

ავიდნენ! მაინც ავიდნენ და როდესაც დაშვებისას მათ გზაში შეხვდათ მარია პავლოვნა პრეობრაჟენსკაია _ ერთადერთი რუსი მთამსვლელი ქალი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მარტო ავიდა მყინვარწვერზე და რომელიც მყინვარწვერისაკენ მიმავალთ სტეფანწმინდასთან შეხვდა და სიცილით დასცინოდა: _ “ტყუილად ნუ ეცდებით: ამოდენა ხალხის ერთად ასვლა ვის გაუგია, მერე ყოველ ქალს ორი ან ერთი გამყოლი მაინც უნდა ახლდეს, რომ ძნელ ადგილებზე ეხმარებოდნენ. თქვენისთანა ბავშვები იქ სულ ვერ ავლენო!” ამჟამად “სულ სხვანაირად გვიყურებდა. ის ბევრჯერ ვნახეთ და დავუმეგობრდით კიდეცო.” _ წერს გიორგი.

დაშვებისას მოხდა კიდევ ერთი ამის მსგავსი საყურადღებო გარემოება, რომელზედაც გიორგი საგანგებოდ ამახვილებს ყურადღებას: ლარსიდან ჩვენს მთამსვლელებს დაემგზავრათ ვიღაც უცხოელი ქალი და კაცი, რომლებიც რუსულად გვესაუბრებოდნენო. როდესაც მათ ვუთხარით, რომ “მყინვარწვერიდან მოვდივართ, იმათ სიცილი დაიწყეს და ჩვენს განმეორებით რწმუნებაზე გვიპასუხეს: “იქ ხომ ორი კაცის გარდა (პასტუხოვის და პრეობრაჟენსკისა) არავინ ასულაო. რას გვატყუებთო და, გარდა ამისა, მთაში ნასიარულობა თქვენ სულ არ გეტყობათო. ყოველნაირად ვცდილობდითო,” _ წერს გიორგი, _ “რომ ჩვენი სიმართლე დაგვემტკიცებინა. ისინი კი სულ თავისას იძახდნენ. საქმე იქამდის მივიდა, რომ წერაყინები და წრიაპები ვუჩვენეთ. “ეს წრიაპები სრულიად დაჟანგულიაო, სჩანს, არც გიხმარიათო”. უკანასკნელი არგუმენტი მე ვიყავი, როგორც გაფრენ_თავი (ანუ მთამსვლელთა მეთაური) და როგორც უნივერსიტეტის დოცენტი, მაგრამ ჩემ მოკლე შარვალს და ტიტველა ფეხებს ისე შემოხედეს, რომ ცხადად ვიგრძენი, თვით მყინვარზე ასვლის ამბავს უფრო ადვილად დაიჯერებდნენ, ვიდრე ჩემ დოცენტობას. თურმე ჩვენდამი უნდობლობას ის იწვევდაო,” _ წერს გიორგი გულისტკივილით,_ “რომ ჩვენ ქართველები ვიყავით, რადგან, როგორც კი შვედელი ძმა კურტი მათ გერმანულად დაელაპარაკა, მაშინათვე დაიჯერეს. მაშინ მათ აღტაცებამ და გაკვირვებამ საზღვარს გადააჭარბა: _ “თქვენ ეხლა ხომ ისტორიაში მოჰყვებითო.”

თბილისის შევარდნის ხელმძღვანელები. წინა პლანზე მარჯვნიდან პირველი – გიორგი ნიკოლაძე, მეორე – გიორგი ეგნატაშვილი

ისტორიას კი მართლაც დარჩა გიორგის არამარტო ეს პირველი ვაჟკაცური “გაფრენა” (როგორც “შევარდენის” წევრები უწოდებდნენ თავიანთ მთამსვლელურ-მგზავროსნულ ლაშქრობებს კავკასიონზე, თუ საქართველოს სხვა მთიანეთში) მყინვარწვერზე, არამედ მისი ულამაზესი ასვლა იალბუზზე 1925 წლის 12 აგვისტოს _ მისი დაბადების დღეს, პირველზე მეტი შემართებითა და მთელი ევროპის ამ მეფე-გოლიათთან ულმობელი შებრძოლების ცეცხლით ანთებული, რაჭა-სვანეთის მთიულეთის არაერთგზის დალაშქვრის შემდეგ (რაც მათთვის ამ უმაღლეს მწვერვალებზე ასვლისათვის მოსამზადებელ გავარჯიშებას ნიშნავდა). მით უმეტეს, რომ იალბუზზე ერთბაშად ხუთი ქალის ასვლა მართლაც რომ მოვლენა იყო.

…იმ დღეს გიორგის 37 წელი შეუსრულდა!..

იალბუზიდან დაბრუნებული გიორგი ზემო სვანეთში “შემოიჭრა”, სადაც მრავალი სამეცნიერო ექსპედიცია მუშაობდა იმ წლებში. გიორგის იმ ჯერზე სვანეთში დახვდნენ აკაკი შანიძე, ნიკო კეცხოველი (რომელიც შემდეგ გიორგიზე იტყვის: _ “მე რომ მკითხონ _ როგორი გინდა ქართველი კაცი იყოსო, დაუფიქრებლად მივუგებდი: _ ისეთი, როგორიც გიორგი ნიკოლაძე იყო-მეთქი!”), ვარლამ თოფურია და სხვები. იალბუზიდან დაბრუნებულმა გიორგიმ ზემო სვანეთში დიდი მუშაობა ჩაატარა მატერიალური კულტურის ძეგლებისა და ძველი ნივთებისა და ხატების ფოტოსურათები.

მალე გიორგიმ ახალი მწვერვალი დაიპყრო _ ამჯერად… მეცნიერებაში _ 1928 წლის ივნისში.

სორბონას უნივერსიტეტში ბრწყინვალედ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია გეომეტრიაში და უმაღლესი შეფასებით დაიმსახურა მათემეტიკურ მეცნიერებათა დოქტორის წოდება. ამის შემდეგ იგი ღირსეულად წარსდგა ინგლისის სამეფო აკადემიაში გეოგრაფთა საერთაშორისო სიმპოზიუმზე თავისი ალპინისტური ექსპედიციების, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დაარსების, მუშაობის შესახებ საანგარიშო მოხსენებებით და მდიდარი საილუსტრაციო ფოტომასალით, რამაც მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია.

ა. ხარაძე, ანდრია რაზმაძე, გიორგი ნიკოლაძე, ნიკო მუსხელიშვილი

ევროპიდან დაბრუნებული გიორგი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტექნიკური პარამეტრების დაზუსტების პარალელურად არ ივიწყებს თავის ადრე დასახულ მიზნებსა და ოცნებებს.

საქართველოში რეპრესიები მძვინვარებს და გიორგიც გრძნობს _ მასაც არ ასცდება “წითელი ეშმას” მსახვრალი ხელი. აკი დაიწყო კიდეც… მაგრამ ნიკოლაძეებისთვის მთავარია არა ესა თუ ის ხელისუფლება და მისი კაპრიზები, არამედ უპირველეს ყოვლისა მამული! _ “მამულის სიყვარული და მსახურება”, თავდაუზოგავი მსახურება თავისი ერისა და ეროვნული სულის კიდევ უფრო მეტად გაბრწყინება, გამოშუქება რადაც უნდა დაუჯდეთ! ჩქარობს!.. უნდა მოასწროს მოსასწრები, სანამ დროა!

… და გიორგი ისევ მწვერვალებისკენ ისწრაფვის!

თეთნულდის მარადთოვლიანი მწვერვალები ჯერ კიდევ მყინვარწვერამდე ელოდნენ მას. 1929 წელს თავისი დიდი ხნის ოცნებისაკენ _ თეთნულდისაკენ გაემართა მეგობრებთან პიმენ დვალთან და სიმონ ჯაფარიძესთან ერთად!..

ახლა მხოლოდ სამნი ადიან. მაგრამ მწვერვალამდე ვეღარ აღწევენ _ სიმონი და პიმენი თეთნულდის ჭიუხებში იღუპებიან!

გიორგიმ უმწვავესად განიცადა მეგობრების დაღუპვა. თვით გიორგი ასე აღწერს ამ საშინელ წამებს: “პიმენი, სიმონი, ორი წერაყინი და დროშა _ ყველაფერი ყინვარის ძაბრში ჩავიდა, მარცხნივ გადაუხვიეს და ჩემს მხედველობიდან მიიმალნენ. უცებ ყოველგვარი ხმაურობა შეწყდა და დავრჩი მარტო იმ ყინულის და სიკვდილის სამეფოში. რაც ამას მოყვა _ თუ როგორ დავბრუნდი ღამის გათევის ადგილამდე _ ის მახსოვს მხოლოდ ოდნავ, ნაწყვეტებით, თითქოს სიზმარში მოხდაო. ჩემს სასოწარკვეთილებას საზღვარი არ ჰქონდა…”

შემდეგ ყველაფერი წარიმართა მურმან ლებანიძის ცნობილი ლექსის სიუჟეტით.

უსაყვარლესი ადამიანების დაღუპვა იყო გიორგისთვის პირველი და ყველაზე დიდი, განსაკუთრებით მწარე ელდა. ამ ამბავმა ძალზე შესცვალა იგი. ამ უბედურებამ თავის საყვარელ საქმიანობაზე გიორგის ხელი ვერ ააღებინა _ სამთო_სათხილამურო სპორტის განვითარების მიზნით იგი იმავე წლის ზამთარში ბაკურიანში აწყობს სპეციალურად გასვლას სათხილამურო სადგურის მოსაწყობად.

გიორგის ამ ელდას მისი მოხევე გამყოლი და მეგობარი იაგორ კაზალიკაშვილი გამოეხმაურა ლექსით. იმავე იაგორამ დაიტირა თვით გიორგი ლექსით:

“ცისკრით შავხედე მყინვარწვერს, ტანზე ჩაეცო შავები,
დაუჭმუხნიათ მარსკვლავთა თავის ჭრიალა თვალები.
_”ნეტავ ვის იგლოვ, მყინვარო, სად ნახე ცოდო-ბრალები?
მეგობრობ, სახელგანთქმულო, ვისაც შენ დაედარები.”
ჩამომქვითინა დიდმა მთამ, მეც ამიმღვრია თვალები:
_”ვხედავ მეგობრის ზიანსა, რატომ არ შაგებრალები.
აგერა ძმასა სტირიან ნიკოლაძიანთ ქალები,
კუბოს ეკვრება დედაი, სიკვდილით განაწამები.
ყველაი იგლოვს არწივსა _ დიდი მთები და ბარები;
აგერა საფლავს უთხრიან, ხელში უჭირავთ ბარები,
აგერა მიასვენებენ პროფესორს პროფესორები,
ნათქვამი არის ძველთაგან: _ “გმირს დამარხავენ გმირები!”

80 წელი გავიდა გიორგის პირველი ასვლიდან მყინვარწვერზე, მაგრამ იგი მუდამ რჩება ქართული სულიერების, მამულიშვილობის, ვაჟკაცობის, ინტელექტის, სილამაზისა და სიჩაუქის სიმბოლოდ, გაუხუნარ ხატად თავის სამშობლოსთან განუყრელი.

ლია ბიბილეიშვილი – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button