ისტორია

გულნაზ კაკაბაძე – ნიკო ნიკოლაძე – განმანათლებელი

გამორჩეული კაცი იყო ნიკო ნიკოლაძე თავისი მასშტაბური, ორიგინალური აზროვნებით. ჭაბუკობიდან აღსასრულამდე ცხოვრების შუაგულში ტრიალებდა. ყველა საქმეს, რასაც კი ხელი მოჰკიდა, დიდი და წარუშლელი კვალი დაამჩნია. იყო პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პერიოდულ გამოცემათა დამაარსებელი და რედაქტორი, საზოგადო, პოლიტიკური და მრავალმხრივი პრაქტიკოსი მოღვაწე, ქალაქის თავი, პარლამენტის დეპუტატი და დიპლომატი. პატივს სცემდნენ და ანგარიშს უწევდნენ არამარტო საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც _ რუსეთში, ევროპაში. მოესწრო რუსეთის ოთხ მეფეს და სამ რევოლუციას, იყო კოლონიური საქართველოს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და გასაბჭოებული საქართველოს მოქალაქე, პრაქტიკოს-რეფორმატორი… ყველა ამ ღირსებასთან ერთად ნიკო ნიკოლაძე გვევლინება, როგორც განმანათლებელი, დიდი პედაგოგი. დროსგასწრებული მოაზროვნე, იგი დედანში იცნობდა ჟან-ჟაკ რუსოსა და პესტალოცის პედაგოგიურ მოძღვრებებს და შვილების აღზრდაში ამ დიდი პედაგოგების იდეებით ხელმძღვანელობდა.

ბატონყმობის გაუქმების შემდეგ ახალი მორალური კატეგორიების დამკვიდრებამ, საზოგადოების მოუმზადებლობამ ახლის გასაცნობიერებლად, წიგნებისადმი მოკრძალებულმა ლტოლვამ გამოიწვია თავად-აზნაურთა ზედგომის დასასრული და დაიწყო მათი მატერიალური და ზნეობრივი დეგრადაცია.

ნიკო ნიკოლაძე სვამს კითხვას _ რა ეშველება თავად-აზნაურთა ამ თაობას? ხსნას ნიკოლაძე ხედავს ქვეყანაში სამხედრო გიმნაზიების რიცხვის გაზრდაში და ახალგაზრდობისათვის არმიაში შესვლის შესაძლებლობის გაადვილებაში. “ამასთან საჭიროა”, _ წერს ნიკო, _ “გაიხსნას ტექნიკური კომერციული სასწავლებლები, რათა შესაძლებლობა მივცეთ მოიპოვონ არსებობის საშუალება ღირსეული შრომით”.

საზოგადოების განათლება არის იმედის დიდი ნაპერწკალი პუბლიცისტისათვის. ის უკიჟინებს თავის მკითხველს, რომ პატიოსნება, გულწრფელობა, გატაცება, ერთგულება არა ოქროსადმი, არამედ კაცობრიობის მაღალი იდეალებისადმი, სასარგებლო საქმეა ხალხის განვითარებისათვის. “დამიჯერეთ! ის, ვინც ყველაზე მაღლა აყენებს საკუთარი ჯიბის ინტერესებს, ისინი არა მარტო მავნებლები არიან, არამედ სახელმწიფოსათვის უსარგებლონი.”

აღზრდა პიროვნების მორალურ ჩამოყალიბებას უნდა უწყობდეს ხელს. განათლებული და საქმის კარგი მცოდნე უნდა გამოირჩეოდეს უცოდინარისაგან. ადამიანისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ცოდნა, რა სწორად და მეთოდურადაც არ უნდა აწოდებდნენ მას. ამის გარდა ადამიანის ბუნება თხოულობს ცხოვრებისადმი, მოღვაწეობისადმი ინტერესის გაღვიძებას, ცხოვრების იდეალების გამომუშავებას. ერთი სიტყვით, ადამიანში ზნეობრივი პიროვნების ჩამოყალიბებას. ის პედაგოგს მოუწოდებდა: _ “დაანახეთ მოსწავლეებს აღზრდის პირველსავე წლებში მაღალი მოწოდება, რომელიც მას ცხოვრებაში ელის, გადაუშალეთ წმინდათაწმინდა ამოცანები მისი მომავალი მოღვაწეობისა, გამოიწვიეთ მასში უანგარო შრომის სურვილი, აჩვენეთ იმ ბრძოლის მთელი სიძნელე, რაც ცხოვრებაში ელის და დაუმტკიცეთ, რომ ბრძოლაში მხოლოდ მას შეუძლია გამარჯვება. თქვენ აღზრდით მტკიცე ნებისყოფის ადამიანებს, რომლებსაც ეცოდინებათ, რომ კეთისინდისიერი ადამიანის ცხოვრებაში არის რაღაც ისეთი, რაც გაცილებით უფრო წმინდაა, ვიდრე პირადი სიამოვნება და ნეტარება, რასაც ადამიანს ანიჭებს საზოგადოების, სამშობლოსა და სახელმწიფოსათვის თავდაუზოგავი შრომა.”

უდავოა, რომ მთავარი ელემენტი პიროვნების აღზრდაში ოჯახი (მშობლები) და მასწავლებლები არიან. რა ჭკვიანური წესდებებიც არ უნდა იქნეს შედგენილი და გამოცემული, თუ მასწავლებელი კარგად არაა მომზადებული და არაკეთილსინდისიერად ეპყრობა თავის საქმეს, მთელი თვეობით არ დადის სკოლაში, არ ამეცადინებს ბავშვებს, იქ სასწავლო პროცესი მთლიანად ჩაშლილია. ნიკო ნიკოლაძეს მოჰყავს მაგალითი ერთ-ერთი ქალთა გიმნაზიიდან, სადაც ლაპარაკია სერიოზულ აღვირახსნილობაზე, რომლის თაობაზე სასწავლებლის ინპექტორი გადააყენეს თანამდებობიდან. დიდი პედაგოგი ამ აღვირახსნილობის მიზეზს თვით ადამიანის ბუნებაში ხედავდა. “მოსწავლეები როცა გარკვეულ ასაკს აღწევენ, ბუნებრივად იძენენ ინსტიქტებს, რომლებიც ცუდ გავლენას ახდენენ მათ გონებრივ და ზნეობრივ განვითარებაზე. თუ მას არ ლაგმავენ აღზრდის სწორი და მიზანდასახული სისტემით, რომ ამ ინსტიქტებმა დრომდე უმწიკვლო ძილით იძინონ, აღზრდის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, როგორც სახლში, ასევე სკოლაში.”

როგორც მწერალი და პუბლიცისტი, ნიკოლაძე მწერალს საზოგადოების აღმზრდელად მიიჩნევდა, ჭეშმარიტ მწერლებს – “ადამიანის გულის მცნობ მეცნიერებად”. ამ მიზნის განხორციელებას იგი მსოფლიოში აღიარებული ავტორიტეტების – რუსთაველის, შექსპირის, გოეთეს, სერვანტესის, პუშკინის, გოგოლის, ტოლსტოის გარდა თავის თანამედროვე მხატვრული სიტყვის ოსტატებსაც მოუწოდებდა. იგი წერდა: – “მწერალი აღმზრდელია, ხელმძღვანელია თავისი საზოგადოებისა, მისი მისწრაფებების, იდეალებისა…” მწერლის ნათქვამ სიტყვას თავად მწერლის პიროვნება, მისივე საქმეები განამტკიცებენ იმით, რომ “მწერლის თითოეულ სიტყვას უნდა მოსდევდეს საქმე _ სიტყვა უნდა იყოს საქმიანი”. მწერალს უფლება არა აქვს არათუ ჩამორჩეს დროს და მის ფეხდაფეხ მიჩანჩალებდეს, არამედ წინ უნდა იხედებოდეს თავისი განათლების ჰორიზონტის წყალობით და სწორ გეზს, სწორ ორიენტაციას უჩვენებდეს მკითხველს, გლობალური აზროვნება და ანალიტიკური მსჯელობა საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების განათლებას, მის წინვლას უნდა ემსახურებოდეს. იგი არც თავის მეგობრებს ინდობდა უბრალო “რეზონერობისთვის”. “ამგვარ რეზონერობას მწერლობას ვერ დავარქმევთო, – წერდა იგი, და ასეთი მწერალი ვერც თავის მისიას _ საზოგადოების გზის გაკვალვა-გაუმჯობესებას ვეღარ შეძლებს, ილიას “გლახის ნაამბობიც” მხატვრული მხარის მიუხედავად ხომ ამიტომ დაიწუნა _ დროს ჩამორჩაო, რადგან ტურგენევისეული გლეხის სენტიმენტალური სახე უკვე წარსულს ჩაბარდა და დღევანდელი ქართული რეალობა ცხოვრების ახლებურად წარმოჩენას, ახალ გმირს მოითხოვსო.

ზნეობრივი ღირებულებების ღალატს, გადახრასაც კი ამ ღირებულებებიდან იგი არავის, თვით საყოველთაოდ აღიარებულ გენიოსებსა და ავტორიტეტებსაც არ პატიობდა. ამის თავასაჩინო დასტურია ნიკო ნიკოლაძის პოლემიკა ივანე ჯაბადართან “ვეფხისტყაოსნის” ორიგინალობის საკითხებზე XIX საუკუნის 80-იან წლებში, ტოლსტოის მოურიდებელი კრიტიკა “კრეიცერის სონატაში” ასახული ზნეობრივი პოზიციის გამო, საყოველთაოდ არის ცნობილი მისი დამოკიდებულება ტურგენევის მიმართ და ა. შ.

თავად თავისი პიროვნებითა და მთელი თავისი დიდი და დიდებული ოჯახით იყო ეროვნული, ქართული მენტალიტეტის, ცნობიერებისა და ევროპული ღირებულებების სინთეზის – სიმბიოზის – თანაარსებობის საუცხოო ნიმუში (რა თქმა უნდა, ქართულის პრიორიტეტით).

უკვე მეცხრამეტე საუკუნის 70_იანი წლების დასაწყისში გაზეთ “დროების” გარშემო თავმოყრილმა მოწინავე ქართველობამ ხელი შეუწყო უმაღლესი განათლების მისაღებად ქართველი ქალების ევროპაში გაგზავნის საქმეს. ნიკო ნიკოლაძემ ყველაფერი იღონა თბილისისა და ქუთაისის ქალთა სასწავლებლების საუკეთესო მოსწავლეთა შვეიცარიაში გასაგზავნად. პირველი ქართველი ქალები, რომლებმაც უმაღლესი განათლება მიიღეს ევროპის უნივერსიტეტებში, იყვნენ ნიკოს დები ოლიმპიადა და ეკატერინე ნიკოლაძეები, მათი დეიდაშვილები – ხელთუფლიშვილის ქალები, ნიკოს საცოლე ოლგა ალექსანდრეს ასული გურამიშვილი (ეს უკანასკნელი მამის წინააღმდეგობის მიუხედავად ნიკოს დის ეფროსინე ნიკოლაძის პასპორტით გაიპარა საზღვარგარეთ), ქართველ ქალთაგან პირველი – ფეფო ელიოზიშვილი (ნიკოლაძეები მამის და ძმის სიკვდილმა შეაყოვნა), პელაგია ნაცვლიშვილი, კეკე მელიქიშვილი, მარიამ წერეთელი.

ქართველი ქალიშვილები შვეიცარიაში მოხვდნენ იმ დროს, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო პარიზის კომუნის გამოძახილი, როცა ყველგან დაუფარავად ქადაგებდნენ ახალ სოციალისტურ იდეებს.

ქართველმა სტუდენტებმა ნიკო ნიკოლაძის, გიორგი წერეთლისა და სერგეი მესხის ხელმძღვანელობით დააარსეს საზოგადოება “უღელი”. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ასე განმარტავს ამ საზოგადოების მიზანს: – “საზღვარგარეთ მყოფი ქართველი მოსწავლე ახალგაზრდობის გაერთიანება, ევროპის სოციალისტური მოძრაობის, საზოგადოებრივი აზრისა და ლიტერატურის შესწავლა და პოპულარიზაცია საქართველოში, საერთოდ კავკასიაში”. “უღელის” ყველა წევრის მიზანი იყო სამშობლოს გათავისუფლება, რის გამოც ცდილობდნენ კონტაქტის დამყარებას სხვა ქვეყნების ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობებთან. ისინი აიდიალებდნენ სახელმწიფოებრიობის რესპუბლიკურ ფორმას.

თავიანთ პედაგოგიურ საქმიანობაში ნიკოლაძეები ხელმძღვანელობდნენ ორმაგი სტანდარტით _ შინაარსი განათლებისა უნდა ყოფილიყო ეროვნული, სკოლას მამულიშვილებად უნდა აღეზარდა ახალგაზრდები, ხოლო ფორმა განათლებისა უნდა ყოფილიყო ევროპული, რასაც ნიკოლაძე “ტექნიკურ განათლებას” უწოდებდა. განათლების ამ ორმაგი სტანდარტის ერთიანობა ქმნიდა საფუძველს ახალგაზრდობაში მამულის ქმედითი, საქმით და საქმეში გამოხატული სიყვარულისა და მსახურების იდეალებისა და მოთხოვნილებების აღზრდისა.

ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილი პროფესორი რუსუდან ნიკოლაძე თავიანთ მოგონებებში წერს, თუ როგორი გეგმა ჰქონდათ მათ მშობლებს შვილების აღსაზრდელად. “როგორც კი გავჩენილვარ,” – იგონებს ქალბატონი რუსუდან ნიკოლაძე, – “დედაჩემს მაშინვე შეუდგენია აღზრდის გეგმა _ პესტალოცის აღზრდის სისტემა. მამაჩემი კი ჟან-ჟაკ რუსოს აღზრდის სისტემის მომხრე ყოფილა,” მაგრამ ამ ორ დიდ პედაგოგს ერთი საერთო ჰქონდათ – ბავშვი სოფელში, ბუნების წიაღში უნდა აღიზარდოს. მამას იმწამსვე თავისი დედულეთი _ დიდი ჯიხაიში აურჩევია, დედას კი – ავჭალის გურამიანთ კარი. იქ უფრო მეტად შეითვისებენ შვილები დედა-ენასო, ვიდრე იმერეთის “კინტრი-კვახის” კუთხეშიო. – “კინტრი-კვახიო?” – ანთებულა მამაჩემი. – “ამას ავჭალელები მაყვედრით თქვენი “ტაქნითა” და “სტოლი-სტულით” ქართული ჭიქისა და მაგიდის ნაცვლად? და გაჩაღებულა ორთაბრძოლა ქართლისა და ქვემო იმერეთის ირგვლივ.”

ნიკო ნიკოლაძემ შვილების აღსაზრდელად ყველაფერი გაყიდა პეტერბუგში, რაც კი ებადა და სოფელ დიდ ჯიხაიშში ააგო სახლი, სადაც იზრდებოდნენ მისი შვილები, რომლებმაც საუცხოო და საინტერესო სკოლა გაიარეს ჯერ თავის სახლში დედასთან – ოლგა გურამიშვილთან, მერე კი რუსეთისა და ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში.

ნიკო ნიკოლაძე განსაკუთებულ ყურადღებას უთმობდა მშობლიური ენის სწავლებას. თუ ყმაწვილს გონება თავის ენაზე გახსნილი არა აქვს, უცხო ენის სწავლაში მეტად ბევრს ეწვალება. მშობელი შვილებზე სკოლაში შესვლამდე უნდა ზრუნავდეს, რომ ყმავილს თავისი ენა კარგად ასწავლოს, გონება გაუხსნას და სკოლაში მომზადებული მისცეს. საკვირველია, რომ ეს უბრალო ჭეშმარიტება ჩვენს საზოგადოებას აქამდე ვერ შეუგნია. ერთი სიტყვით, ვისაც კი სურს, რომ ყმაწვილი გონების გახსნასა და სწავლაში სწორ გზაზე დააყენოს და განათლების მიღება გაუადვილოს, ის უთუოდ უნდა ეცადოს სწავლა იმ საგნებიდან დააწყებინოს, რომლებიც ყმაწვილთან უფრო ახლოს არიან, მის გრძნობას იზიდავენ და ადვილად შეითვისებიან. თვალყურმგდებელ მასწავლებელს შეუნიშნავს, რომ ყმაწვილები, რომლებიც გონიერ მშობლებს შინ კარგად მოუმზადებიათ ქართულ ენაში, რომელიმე უცხო ენასა და საზოგადოდ, საგნებს ადვილად სწავლობენ და უკეთეს მოსწავლეებად ითვლებიან. ჩვენმა საზოგადოებამ ამ მაგალითებს უნდა მიბაძოს, თუ არ სურს, რომ ახალმა თაობამ ბოლოს ცუდად მოიხსენიოს.

დიდი საზოგადო მოღვაწის მეთვალყურეობის ქვეშ იწერებოდა მისი ქალიშვილის – რუსუდან ნიკოლაძის სახელმძღვანელო “წერა-კითხვა საბავშვო ბაღში და შრომის სკოლაში”. მეტად საყურადღებო წიგნია დღესაც, თუნდაც იმიტომ, რომ ამ წიგნს რედაქტორობდა დიდი სამოციანელი ნიკო ნიკოლაძე და არა მარტო რედაქტორობდა, წიგნისთვის მას დაუწერია წერილი “ქართული შრიფტი”. ხანდაზმული მოღვაწე დროს პოულობდა, რომ ბავშვებისათვის გაეცნო ქართული შრიფტი, ბეჭდვისა და სტამბის ისტორია. ის ფაქტი, რომ ნიკოლაძემ ძირითადი მეცნიერული და სტილისტური რედაქცია გაუწია რუსუდანის სახელმძღვანელოს, იმის მაჩვენებელია, თუ როგორ თანაუგრძნობდა და ხელს უწყობდა დიდი მოაზროვნე სკოლების ახალ პროგრამაზე გადასვლას.

ნ. ნიკოლაძე მუდამ წინ აყენებდა სახალხო სკოლების არსებით საჭიროებას. მან მასწავლებლის შრომას “უჩინარი” უწოდა. მას აღელვებდა იმ მასწავლებელთა ბედი, რომლებიც მთიან სოფლებში მუშაობდნენ. როგორ მიდის სკოლის საქმე, ვთქვათ, მთიანი ოსეთის რომელიმე მიყრუებულ ადგილას ან სადღაც აფხაზეთში? ვინ არის დაინტერესებული იმ მასწავლებლის შრომით, რომელიც ანბანს ასწვლის სკოლაში? შეძლებს კი იგი გამოძებნოს ესა თუ ის მეთოდი, სხვებზე უფრო მიზანშეწონილი? ვინ წაეშველება მასწავლებელს, რომ მან გამოთქვას სკუთარი მოსაზრებანი და მოისმინოს სხვისი შეხედულებები. ამგვარი ვითარება მასწავლებელს სავსებით დაამშვიდებს, რადგან მისი მოღვაწეობა, როგორც სასკოლო-პრაქტიკული, ისე თეორიულიც, უკვალოდ და უაზროდ არ იკარგება, რომელიმე სამმართველოს არქივში კი არ იმარხება, არამედ ხმარდება ყველაზე ძნელი – სახალხო განათლების საქმის სრულყოფას. მასწავლებლის შრომა, როგორც ცნობილია, მაშინ უფრო სასიამოვნო და საინტერესო პროცესია, როცა იცი, რომ შენს ღვაწლს აფასებენ, როცა ხედვ, რომ შენი ნებსითი თუ უნებლიე შეცდომების გამოსწორებაში გეხმარებიან. ამასთან თავის პუბლიცისტურ წერილებში ნიკოლაძე მგზნებარედ იბრძოდა სახალხო მაწვლებლის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, რადგან “ამის გარეშე”, – ამბობდა იგი, – “სახალხო სკოლას მეტისმეტად მცირე ეყოლება საქმიანი მაწვლებლები”.

დიდი განმანათლებელი განათლების მთავარ კერად თვლიდა სახალხო სკოლას, რომელიც, მისივე გამოთქმით, “ხალხის მოთხოვნილებას უნდა ემსახურებოდეს _ ქვეყნის უმრავლესობის ინტერესებს უნდა აკმაყოფილებდეს”. მისი მიზანი იყო საყოველთაო-სავალდებულო, უფასო განათლების შემოღება. ნ. ნიკოლაძე წერდა: _ “ხალხისა და სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი , უმაღლესი მოვალეობაა საზოგადოების გამოუკლებლივ ყველა წევრს მიეცეს დაწყებითი განათლების მინიმუმი მაინც და უფასო სწავლების უფლება_შესაძლებლობა.” ნიკოლაძე ისეთი საზოგადოებრივი ურთიერთობის დამყარებაზე ოცნებობდა, რომლის დროსაც შრომა ნამდვილად შეუწყობდა ხელს ადამიანის პიროვნების ყოველმხრივ ჰარმონიულ განვითარებას. მისი აზრით, აღზრდა-განათლების შინაარსსა და მიმართულებას განსაზღვრავს, მისი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ “აღზრდილ ყმაწვილს ხეირიანად ესმოდეს რა ბუნება არტყია იმას გარშემო, რა საზოგადოება, რა და როგორ შეიძლება ამ ბუნებით სარგებლობა, ამ საზოგადოების გაუკეთესება. ამას გარდა აღზრდა იმას შრომისათვის საჭირო ღონისძიებებს, მოხერხებას, ცოდნას უნდა აძლევდეს.” მწერლის აზრით, საჭიროა მოზარდთა შეიარაღება ბუნებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების ობიექტური კანონების ცოდნით, რომელიც შესანიშნავად აქვს ჩამოყალიბებული თავის წიგნში “მამულის სიყვარული და მსახურება”.
ჩვენი განმანათლებელი მოითხოვდა, რომ სწავლა-აღზრდის საქმე თეორიისა და პრაქტიკის ერთიანობის საფუძველზე ყოფილიყო აგებული. საჭიროდ თვლიდა, რომ ახალგაზრდობას სპეციალური განათლებაზე ადრე ზოგადი განათლება უნდა მიეღო, რათა “უბრალო ბრმა აღმასრულებლად” არ გამხდარიყო. ამ პრინციპით აღზრდას მოითხოვდა ნიკო არა მარტო ვაჟების, არამედ ქალებისაც. იგი ქალთა ემანსიპაციის თავგამოდებული მომხრე იყო როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულ-საზოგადოებრივი მოღვაწეობითაც.

ნიკო ნიკოლაძემ ახალი სიტყვა თქვა კავკასიის უნივერსიტეტის გახსნის აუცილებლობის შესახებ: _ “გავხსნათ თბილისში უნივერსიტეტი და თქვენ დაინახავთ, რომ მარტო ეს გარემოება მისცემს სათანადო ბიძგს როგორც მშობლებს, ისე მოსწავლეებს და მაშინ რაოდენობა გიმნაზიელებისა, რომლებიც თავს არიდებენ გიმნაზიის კურსის დამთავრებას, მინიმუმამდე შემცირდება. ადგილობრივი საზოგადოება კი ეცდება გაზარდოს არსებულ გიმნაზიათა რიცხვი იმ საფუძვლიანი იმედით, რომ სტუდენტებისათვის თბილისში ცხოვრება შეუდარებლად უფრო იაფი იქნება, ვიდრე რუსულ საუნივერსიტეტო ქალაქებში. მათი გაგზავნა ქუთაისის, ერევნის, ბაქოს გუბერნიების თითქმის ყოველ მცხოვრებს, რომ არაფერი ვთქვათ თბილისის გუბერნიის მოსახლეობაზე, მოეძებნება თბილისში ნათესავი, ან ნაცნობი, რომელთანაც უნივერსიტეტის სტუდენტი გამოძებნის ბინას უფასოდ ან ძალიან მცირე თანხის საფასურად.

“ერთიანი კავკასიური სახლის” იდეას (ეს იდეა საზოგადოება “უღელის” წევრებსაც ჰქონდათ თავის პროგრამაში) ნ. ნიკოლაძე არა მარტო იზიარებდა, მისი პოლიტიკური და ეროვნული მრწამსის საფუძველს წარმოადგენდა. ნიკოლაძე დიდ ყურადღებას იჩენდა “კავკასიაში მართლმადიდებლობის აღმდგენი საზოგადოების სკოლების” მიმართ. ვერ ეგუებოდა ამ სკოლების არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობას. “ეს სამწუხარო მოვლენაა” _ აღნიშნავდა ის და ამ სამწუხარო რეალობის მიზეზად თვლიდა მასწავლებელთა არადამაკმაყოფილებელ მომზადებასა და არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას თავიანთი მოვალეობისადმი. ამიტომაც საკითხისადმი ძალზე სერიოზულ ყურადღებას და დამოკიდებულებას მოითხოვდა.

1921 წლიდან ნ. ნიკოლაძის ქალიშვილი რუსუდან ნიკოლაძე განათლების კომისარიატში იწყებს მუშაობას და პირადად ხელმძღვანელობს დაწყებითი შრომის სკოლებისა და საბავშვო ბაღების მუშაობას, უშუალოდ მონაწილეობს განახლებული სკოლების გარდაქმნასა და ცხოვრების ახალი სტილის დამკვიდრებაში, ენერგიულად მუშაობს საბავშვო ბაღებისა და შრომის სკოლების შესაფერისი სახელმძღვანელოების შედგენისათვის.

რასაკვირველია, რუსუდან ნიკოლაძე სახელმძღვანელოს შედგენისა და წერის პროცესში მამისაგან ღებულობდა სათანადო მითითებებსა და კონსულტაციებს. ამიტომ სახელმძღვანელო თემატურად მრავალფეროვანი, საინტერესო და მართლაც კარგი გამოვიდა. ამაზე მიგვანიშნებს ის უხვი მასალა, რომელიც სახელმძღვანელოშია მოთავსებული: “ენის ბუნება”, “ენა და მეთოდი”, “კუთხური კილოს საკითხი”, მოძრავი ანბანი”, ქართული შრიფტი”, “ხალხური შემოქმედება”, “გამოცანა”, “ანდაზა” და სხვა.

ავტორი გარკვევვით ამბობს, რომ ქართულ სალიტერატურო ენას და ლექსიკას ამდიდრებს არა ერთი რომელიმე კუთხე, არამედ მთელი საქართველო – ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი…

თავისი მამისა და ძმის მსგავსად რუსუდანიც თავისი მოღვაწეობითა და შემოქმედებით ვერ ეტეოდა ერთი რომელიმე მეცნიერების ვიწრო ჩარჩოში და გიორგისთან ერთად დიდი მინდომებითა და ენერგიით მუშაობდა ქართული სამეცნიერო-ტექნიკური და სპორტული ტერმინოლოგიის შექმნაზე. აქ, დიდ ჯიხაიშში, “დიდი ნიკოს” ოჯახში ჩაეყარა საფუძველი და აქედან აიდგა ფეხი ქართულმა მათემატიკურმა, ტექნიკურმა და სპორტულმა სამეცნიერო-ტერმინოლოგიურმა მუშაობამ. ათასზე მეტი ტერმინი შექმნეს მათ მანამ, ვიდრე 1920 წელს დიდი ივანე ჯავახიშვილი თბილისში ოფიციალურად ჩამოაყალიბებდა სახელმწიფო ტერმინოლოგიურ კომისიას, რასაც მოჰყვა 1919 წელს რუსულ-ქართულისამეცნიერო-ტექნიკური ლექსიკონის, 1924 წელს – მათემატიკურ, ხოლო 1928 წელს სპორტულ ანუ “საშევარდენო” ტერმინთა ლექსიკონების გამოცემა.

ნ. ნიკოლაძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ტექნიკური ცოდნის დაუფლებას. მას სურდა, რომ საქართველოს რაც შეიძლება, ბევრი ინჟინერი ჰყოლოდა სხვადასხვა დარგში, რათა საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა ბატონ-პატრონი და ამთვისებელი თავად ქართველობა ყოფილიყო. ამიტომაც იყო, როცა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებამ გაიმარჯვა, ნიკომ თავისი სახლ-კარი, ევროპულ ყაიდაზე მოწყობილი თავისი მეურნეობა, ენდემური და ეგზოტიკური ხის ჯიშებით დაბურული ეზო-პარკი თავისი სურვილით გადასცა საზოგადოებრივ სარგებლობაში, მისივე ძალისხმევით ნიკოლაძის ამ სახლში 1923-1925 წლებში სოფლის ახალგაზრდებისთვის გაიხსნა დაბალი ტიპის სამწლიანი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი, რომელიც 1930 წელს საბაზო საყრდენ-საჩვენებელ ტექნიკუმად გადაკეთდა. მხოლოდ 1970-იან წლებში ამ სასწავლებელს მიენიჭა ნიკო ნიკოლაძის სახელი.

მას შემდეგ, რაც ნიკომ დიდ ჯიხაიშში მოაწყო საცდელი მეურნეობა, გაიყვანა გზები, სარწყავი არხები, დააარსა ფოსტა-ტელეგრაფა, საავადმყოფო-ქსენონი და საფუძველი ჩაუყარა არა ერთ კულტურულ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქმეს, დიდი ჯიხაიში გახდა დასავლეთ საქართველოს კულტურის ცენტრი, სადაც ჩამოდიოდნენ არა მარტო ცნობილი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები, არამედ სტუმრები რუსეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ბედნიერი ოჯახი ჰქონდა ნიკო ნიკოლაძეს. ამ ოჯახმა ქართველ ერს მრავალი ნიჭიერი საზოგადო მოღვაწე აღუზარდა და თავისი სამშობლოს სამსახურში ჩააყენა. 1894 წელს ნიკოს მეუღლემ ოლგა გურამიშვილმა დიდ ჯიხაიშში გახსნა ქალთა გიმნაზია (საქალებო სასწავლებელი) და შემოიღო პოლიტექნიკური სწავლება. როგორც ბუნებისმეტყველების სპეციალისტი, იგი უპირველეს ყოვლისა დაინტერესებული იყო ახალგაზრდებს საფუძვლიანად – პრაქტიკულად შეესწავლათ სასოფლო_სამეურნეო შრომა, გაცნობოდნენ მშობლიურ ბუნებას და შეესწავლათ სოფლის მეურნეობის საფუძვლები (დიდი ჯიხაიში იყო ერთადერთი სოფელი მთელი რუსეთის იმპერიაში, სადაც ქალთა გიმნაზია არსებობდა). ამ გიმნაზიაში მან მოიყვანა საუკეთესო მასწავლებლები. სასწავლებელთან არსებობდა აბრეშუმის საქსოვი განყოფილება. მისთვის ნიკოლაძეს საფრანგეთიდან (ლიონიდან) სპეციალურად გამოუწერია თეთრი აბრეშუმის გაუმჯობესებული თესლი. აქვე ასწავლიდნენ ხალიჩებისა და ფარდაგების ხელით ქსოვას ხოლო ქსოვის ხელობის სკოლაში სწავლებით – ასევე უძველესი და განსაკუთრებით ბოლო დრომდე, სამწუხაროდ, მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მთაში შემორჩენილ გამოყენებითი ხელოვნების ამ იშვიათი დარგის განვითარებას (სამწუხაროდ, დაიკარგა ნიკოს მიერ ჩვენი სოფლის სკოლის ახალგაზრდებისათვის საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი საუცხოო ხელით საქსოვი დაზგებიც და ამ დარგის განვითარებასაც მათ შემდეგ არავინ შეუწყო ხელი, როგორც, ალბათ, არარენტაბელურს, არამომგებიანს.).

ნიკო ნიკოლაძის ოჯახის დამსახურებაა დიდ ჯიხაიშში 1873 წელს სკოლის გახსნა საბაღოსნო განყოფილებით, სადაც 300-მდე მოსწავლე სწავლობდა. ოლგამ სკოლაში პოლიტექნიკური სწავლება შემოიღო – ვაჟებს თეორიულ დისციპლინებთან ერთად ასწავლიდნენ გოდრებისა და კალათების დაწვნას, ბამბუკებისაგან ავეჯის დამზადებას, ფეხსაცმელების კერვას, სახლის მშენებლობის საფუძვლებს და სხვა. ქალებს კი – აბრეშუმის მოვლას, ძაფის ამოღებას, რთვას, ნოხ-ფარდაგის და წინდების ქსოვას. მუზეუმში დაცულია სურათი, სადაც აღბეჭდილია ოლგა გურამიშვილი სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ალექსანდრე ჩხეიძესთან, ქაიხოსრო ლორთქიფანიძესთან და სხვებთან ერთად.

1915 წელს ნიკოლაძის რჩევითა და დახმარებით სოფელში გაიხსნა უმაღლესი დაწყებითი ტიპის სკოლა. სკოლას მზრუნველობდნენ ნიკოს მეუღლე ოლგა გურამიშვილი და მისი ქალიშვილი რუსუდან ნიკოლაძე. რუსუდანმა მენდელეევის ლაბორატორიის ნაწილიც კი ჩამოიტანა დიდ ჯიხაიშში და სკოლაში განათავსა.

ნიკო ნიკოლაძემ და მისმა ოჯახმა დიდი როლი შეასრულა არა მარტო დიდი ჯიხაიშის, არამედ მთელი საქართველოს განათლებისა და კულტურის წინსვლისა და განვითარების საქმეში. ამ საქმეს ემსახურებოდნენ ნიკოს სახელოვანი შვილები რუსუდანი, გიორგი და თამარი, სიძეები პროფესორი მიხეილ პოლიექტოვი და აკადემიკოსი ნიკოლოზ მუსხელიშვილი.

ნიკო ნიკოლაძე დღესაც ჩვენთან არის, იგი ჩვენთან იქნება მუდამ, სანამ ქართველი ერი იარსებებს. მას მუდამ განადიდებენ მისი საქმეები.

გულნაზი კაკაბაძე
მუზეუმის ფონდების გამგე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button