ზღაპარისაბავშვო

თენალი რამაკრიშნა და მეფის მრჩეველი – ინდური ზღაპარი

მეფე კრიშნა დევა რაიას მამა-პაპანი და წინაპარნი შივაიტები* (* შივაიტები — შივას მიმდევრები.) ყოფილან. ისინი ღმერთ შივას სცემდნენ თაყვანს. ახალგაზრდობაში მეფე კრიშნა დევა რაიაც დიდებულ მაჰადეოს ტაძარში დადიოდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, როცა ტახტზე ადიოდა, მიხვდა, რომ ყველაზე უფრო ჭეშმარიტი და ბრძნული მოძღვრება ვიშნუიტების* (* ვიშნუიტები _ ვიშნუს მიმდევრები.) ღმერთის ვიშნუს თაყვანისმეცემელთა მოღძვრებააო. ჰოდა, ხელმწიფე კრიშნა დევა რაია ვიშნუიტი გახდა. იმ წუთიდან იგი ვიშნუიტებს უფრო ახლობლებად მიიჩნევდა. ხელმწიფე თავისი დანარჩენი ქვეშევრდომების სულის გადარჩენაზე ზრუნავდა. უნდოდა ყველა დაერწმუნებინა ახალი მოძღვრების ჭეშმარიტებაში. ერთხელ მის ქალაქ ვიჯაიანაგარაში* (* ვიჯაინაგარა — «გამარჯვების ქალაქი». ასე ეწოდებოდა XIV-XVI საუკუნეში სამხრეთ ინდოეთში ვიჯაიანაგარას ფეოდალური სამთავროს დედაქალაქს. სამთავროს სახელი დედაქალაქის სახელიდან მომდინარეობს.) სახელგანთქმული მოძღვარი, სწავლული ბრძენი უდაიავარა ჩამოვიდა და მეფემაც თავის მოძღვრად — გურუდ* (* გურუ — მოძღვარი, მასწავლებელი.) — აირჩია.

სწავლული    ბრძენი    ვიჯაიანაგარაში    დილიდან   დაღამებამდე ქადაგებდა…

ქადაგებებში ყველაზე მეტად შივას თაყვანისმცემლებს ლანძღავდა.

— იცოდეთ, შივას თაყვანისმცემელნი უწმინდურნი არიან. ისინი ბოროტ რაკშასებსა* (* რაკშასი — ადამიანებისადმი მტრულად განწყობილი ზებუნებრივი არსება. ინდიელთა რწმენით იგი ტყეებში და მიცვალებულთა გვამების დაწვის ადგილას ცხოვრობს. ხალხი დიდად არ ანსხვავებს რაკშასებსა და ბჰუტებსა და სხვა ბოროტ ძალებს.) და ბჰუტა — სისხლისმსმელებს ჰგვანან, განერიდენით ამ უწმინდურებს, ო, ფეშმარიტნო მორწმნენო! ყველა, ვინც კი გათენებისას წყეულ შივაიტს შეხვდება, შემდეგი დაბადებისას* (* შემდეგი დაბადება — ინდუისტების რწმენით ადამიანის სული უკვდავია და მხოლოდ არსებობის ერთი ფორმიდან მეორეში გადადის. თავისი ფიზიკური სიკვდილის შემდეგ ადამიანი ხელახლა იბადება სხვა სახით. ვინც ამქვეყნად მძიმე ცოდვას ჩაიდენს, ის უწმინდურ ცხოველად — ვირად, ღორად დაიბადება.) ვირად იქცევა. გეშინოდეთ ცოდვისა, ჭეშმარიტნო მორწმუნენოო!

ისმენდა ამ ქადაგებას თენალი რამაკრიშნა, ისმენდა და, რაც უფრო დრო გადიოდა, მით უფრო დიდი სურვილი ებადებოდა ხელმწიფის მრჩევლისთვისაც და თვით ხელმწიფისათვისაც ჭკუა ესწავლებინა. ერთ დილას მეფე კრიშნა დევა რაია ქალღმერთ ლაკშმის ტაძარში მიდიოდა. თან ახლდნენ მეომრები, ბრძენები, კარისკაცები.

გზაზე ერთი გლეხი შემოხვდათ, ის გლეხი ორ ვირს მოერეკებოდა. როგორც კი თენალი რამაკრიშნამ ვირები დაინახა, მიირბინა, მათ წინ დაიჩოქა და აშთანგა უძღვნა. ხელმწიფე და მისი მხლებლები გაოცდნენ, ხოლო შეშინებულმა ვირებმა ყროყინი მორთეს. ბოლოს ხელმწიფე გონს მოვიდა და რამაკრიშნას უყვირა:

— გონს მოდი, უწმინდურო! რას აკეთებო?

— ნუ გამიჯავრდები, მბრძანებელო! ჩვენი დიდი მოძღვრის სიტყვები მომაგონდა

— გუშინ ხომ ამბობდა, ვინც გათენებისას შივას თაყვანისმცემელს შეხვდება, მეორედ ვირად დაიბადებაო. ალბათ გახსოვთ, რომ შენი დიდებული მამა და პაპა მაჰადეოს თაყვანისმცემლები იყვნენ. ისინი საძაგელ შივაიტებს, რა თქმა უნდა, დილითაც ხვდებოდნენ, საღამოთიც და შუადღისასაც. ჰოდა, ჩვენი წყალობის განსახიერებავ, ვიფიქრე, იქნებ ორი უბედური ვირი ჩვენი ხელმწიფის დიდებული მამა და ბრწყინვალე პაპა არის-მეთქი. აბა, იფიქრე, განა შემეძლო სხვაგვარად მივსალმებოდი ასეთ ბრძენ მეფეებსა და სახელოვან მხედართმთავრებსო?

რამაკრიშნას სიტყვებზე მეფემ მრისხანედ გადახედა თავის მოძღვარს. მოძღვარს კი სირცხვილისაგან მიწა რომ გასკდომოდა და შიგ ჩავარდნილიყო, ის ერჩია.

იმ დღიდან ბრძენმა უდაიავარამ შეწყვიტა თავის ქადაგებებში სხვა რწმენის ადამიანების დაცინვა. მეფე კრიშნა დევა რაია კი მიხვდა, რომ ბოლოს და ბოლოს არც ისეთი დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელი ღმერთი სწამს ადამიანს და ვისა სცემს თაყვანს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button