პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ვიდრე ხვალ?

ჰიტლერს ღამე თავს დაადგა
მძლავრი ტოტებით
და უმღერის მელოდიას
თავგამოდებით:

  • აქ ნისლია და ღრუბლები,
    არა ვარდები –
    ცოტა მაინც იგრძენ დაღლა,
    ნუ დაზარდები.
    ნუ დაფრინავ მაღლა-მაღლა
    ჩამოვარდები!
    ჩამოვხსნათო ცას ესენი,
    მუქი ფარდები,
    ვერ ჩამოხსნი, დაეხსენი,
    ჩამოვარდები.
    მოვაწყოთო სხვა ევროპა,
    რუქა, ქარტები.
    შენ ვერ შეცვლი, დამერწმუნე,
    ჩამოვარდები.
    მოვფინოთო მწარე ომის
    ეკალ-ბარდები,
    ვერ მოაწყობ, თუმც ხარ მდომი,
    ჩამოვარდები.
    დავუცხროთო მთელს მსოფლიოს
    მწარე დარდები..
    ვერ დაუცხრობ, ისეთია,
    ჩამოვარდები.
    გავშალოთო სახარება,
    წმინდა კვართები,
    ვერ გიშველის ვატიკანიც,
    ჩამოვარდები.
    ხალხმა იგრძნო – რატომ ოხრავ,
    რატომ მწარდები,
    წაგერთვა გზა, სად იშოვო
    მილიარდები?
    ისიც ვიცით – რა მიზნითაც
    მიემართები,
    ამერიკის აღმართებით
    და დაღმართებით.
    ძველ ევროპას ვერ ჰპოებ ძველ
    მისამართებით,
    ვიდრე ხვალ, სხვა დღეებია
    უკუღმართები.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Back to top button