ესელიტერატურა

იაკობ ცურტაველი – ავტორი და პერსონაჟი

– „პირველი ქართული ორიგინალური ნაწარმოები – იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება – თექვსმეტსაუკუნოვანი ქართული მწერლობის ბრწყინვალე თავფურცელია. ამ საუკუნეების მანძილზე ბევრი კარგი და ბევრიც ცუდი გადახდა თავს ჩვენს სამშობლოს. უამრავი რამ დაიკარგა და განადგურდა, მაგრამ მეხუთე საუკუნეში შექმნილმა აგიოგრაფიულმა ქმნილებამ გაუძლო დროის გამოცდას, პირიქით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საუკუნეებმა ის გამოაწრთეს და ახალი ელვარებაც შესძინეს. მართლია, სხვადასხვა ეპოქაში თაობები ახლებურად კითხულობენ ამ დიდებულ თხზულებას, მაგრამ უცვლელი რჩება ერთი რამ: აღფრთოვანება იაკობ ხუცესის მხატვრული ოსტატობით, მისი თხრობის განსაცვიფრებელი ხელოვნებით. „შუშანიკის წამება“ შეიქმნა 476-482 წლებს შუა. ამას ვგებულობთ თავად ნაწარმოებიდან. შუშანიკი გარდაიცვალა 476 წელს, ხოლო ვარსქენ პიტიახში ვახტანგ გორგასალმა მოაკვლევინა 482 წელს. თხზულებაში არ ჩანს ამ უკანასკნელის გარდაცვალება. შუშანიკი ამბობს: „მიაგოს მას უფალმანო“. ტექსტიდანვე ხდება გასაგები, თუ ვინ არის „შუშანიკის წამების“ ავტორი. საქმე ისაა, რომ ავტორი თავად მთხრობელია: პირველ პირში გვიყვება იმას, რაც საკუთარი თვალით ნახა და განიცადა ქართლის პიტიახშის სასახლეში: „და მე ვარქუ მას“; „ხოლო მან მრქუა მე.“ ალბათ, ამის შედეგია, რომ აგიოგრაფი ასე ცოცხლად, ხელშესახებად ხატავს პერსონაჟთა ფსიქოლოგიურ პორტრეტებს, უშუალოდ გვაგრძნობინებს იმ დიდ ვნებათღელვას, დაძაბულობას, ტრაგედიას, რომლის თვითმხილველი და აქტიური მონაწილე თვითონ იყო. მართლაც, განსაკუთრებულია იაკობ ცურტაველის მიერ ქართული სიტყვის ფლობის უნარი, მისი მწერლური ხელოვნება. ის მკითხველსაც ხდის მონაწილედ იმ ფარული თუ აშკარა ბრძოლებისა, რომლებიც ერთიანი, დამოუკიდებელი საქართველოსთვის მებრძოლ ვახტანგ გორგასალსა და მოღალატე სეპარატისტ ფეოდალებს შორის მიმდინარეობდა. სწორედ ამ დიდებული მეფის მომხრეთა ბანაკის წარმომადგენელია იაკობ ხუცესი – შუშანიკ დედოფლის სულიერი მოძღვარი. ფაქტობრივად, ის არის იდეური სულისჩამდგმელი ქვეყნისა და რჯულის გამყიდველის – ვარსქენ პიტიახშის, შესაბამისად, სპარსეთის დამპყრობლური პოლიტიკის, წინააღმდეგ თავდაუზოგავი ბრძოლისა. იაკობი არ იძლევა თვითდახასიათებას, თუმცა წამებული დედოფლისა თუ სხვა პერსონაჟებისადმი დამოკიდებულებით აშკარად ჩანს მისი პოზიცია, იხატება მებრძოლი მამულიშვილის სახე, ვისთვისაც რწმენა და სამშობლო უპირველესი მცნებებია. იაკობ ხუცესისა და შუშანიკის დიალოგებისა თუ სხვადასხვა ეპიზოდის მიხედვით, ჩვენ ნათელი წარმოდგენა გვექმნება ავტორის პიროვნული თვისებების შესახებ: ის არის დინჯი, გაწონასწორებული, მიზანსწრაფული, იმავდროულად, ადამიანის დიდი სიყვარულითა და თანაგრძნობის უნარით დაჯილდოებული პიროვნება. რომ არა ხუცესის თანადგომა, მისი ბრძნული, თან საოცრად გულწრფელი და გულშემატკივარი ადამიანის პოზიციიდან წარმოებული საუბრები, მრავალი წლის მანძილზე გვერდით დგომა, დედოფლის ყველა ტკივილისა და სიხარულის გაზიარება-გათავისება, ვფიქრობ, წმინდა შუშანიკს გაუჭირდებოდა აუტანელ ტანჯვა-წამებასთან გამკლავება, პიტიახშის მომხრეთა მხრიდან მუდმივი წნეხის ატანა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ავტორის თავმდაბლობაც. ის თავისთავს ასე მოიხსენიებს: „კაცი ცოდვილი და გლახაკი ესე.“ ავტორის პიროვნების უკეთ წარმოსადგენად გავიხსენოთ შუშანიკისა და იაკობ ხუცესის პირველი დიალოგი, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ პიტიახშის სასახლის კარზე არა მარტო ოჯახური, არამედ სერიოზული პოლიტიკური კონფლიქტი მწიფდებოდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რჯულისა და ქვეყნის დამცველი დედოფალი და ქრისტიანობისა და სამშობლოს მოღალატე განდგომილი ფეოდალი, სპარსეთის პოლიტიკის გამტარებელი ვარსქენ პიტიახში. იაკობ ხუცესი სულიერად ამზადებდა დედოფალს ამ საბედისწერო შერკინებისთვის. თუმცა, მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არც სიმართლეს უმალავდა შუშანიკს: აფრთხილებდა მომავალი განსაცდელის, ტანჯვა-წამების შესახებ, რასაც რჯულშეცვლილი, გაბოროტებული მეუღლისგან უნდა მოელოდეს. ამასთან ერთად, მოუწოდებდა სიმტკიცისაკენ, რათა ეშმაკმა არ შეაცდინოს ქრისტესთვის წამების გზაზე დამდგარი დედოფალი. იაკობის სიტყვებით, შუშანიკს ვარსქენის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი მოთმინება, ნებისყოფა და სულგრძელობა დასჭირდებოდა. მოძღვარი აქვე ანუგეშებდა დედოფალს და არწმუნებდა, რომ ის ამ ბრძოლისას მარტო არ დარჩებოდა, ყველა გაიზიარებდა მის გასაჭირს. იაკობი შუშანიკს სთხოვდა: გაემხილა თავისი გულისნადები, განცდები, გეგმები, რათა შემდეგ აღეწერა მისი ღვაწლი. ასეთია სახე ავტორისა, რომელსაც ვხედავთ ნაწარმოებში. სხვა რაიმე ცნობა ქართული სიტყვის ამ დიდოსტატის შესახებ არ მოგვეპოვება. მკვლევრები ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, 506 წლის დვინის საეკლესიო კრების მონაწილეთა შორის მოხსენებული ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი იყოს „შუშანიკის წამების“ ავტორი. „შუშანიკის წამებაში“ დიდებულადაა ასახული მეხუთე საუკუნის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული ცხოვრება, ვახტანგ გორგასალის მეფობის ეპოქა. მართალია, იაკობ ცურტაველის ნაწარმოებში ეს უდიდესი პატრიოტი მეფე არაა ნახსენები, მაგრამ ქვეტექსტში იგრძნობა მისი არსებობა და აქტიური მონაწილეობა ქართლის საერისთაოში მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლებში. სწორედ ისაა, ვინც ვარსქენ პიტიახშს ძილს უფრთხობს და ვისი ბრძანებითაც მას მიეზღვება საკადრისი უდანაშაულო დედოფლის წამებისთვის. სწორედ ვახტანგ გორგასლის მიერ ვარსქენის მკვლელობა იყო სპარსეთისათვის ომის არაოფიციალურად გამოცხადების ტოლფასი მოვლენა. ასე რომ, „შუშანიკის წამება“, გარდა იმისა, რომ მაღალმხატვრული ნაწარმოებია, უტყუარი ისტორიული დოკუმენტიცაა. მასში აღწერილია ის ბრძოლები, რასაც ეროვნული მეობის შენარჩუნებისათვის აწარმოებდა ქართველი ხალხი. ტექსტი, ასევე, საინტერესო ცნობებს გვაწვდის მეხუთე საუკუნის მეორე ნახევრის ქართლის სოციალურ-კულტურული ვითარების შესახებ, კერძოდ, ვგებულობთ, რომ იმ დროისათვის საზოგადოება იყოფოდა ფენებად, იყვნენ „აზნაურნი და უაზნონი“, „აზნაურნი დიდ-დიდნი და ზეპურნი დედანი“. ნაწარმოებიდანვე ვეცნობით ქართული ეკლესიის მდგომარეობას, ვიგებთ, რომ არიან ხუცები, დიაკვნები, ეპისკოპოსები; ქართულ ენაზე თარგმნილია ბიბლია და წმინდა მოწამეთა წიგნები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „შუშანიკის წამებაში“ უკვე ვხვდებით ყველა იმ თემას, მოტივსა თუ პრობლემას, რომლებიც შემდეგ გაიშალა და განვითარდა ჩვენს მწერლობაში: რწმენისა და ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის, ხალხთა შორის მეგობრობის თემებს, პირადი და საზოგადოებრივი ინტერესების კონფლიქტს და ა.შ. ის ღრმა პატრიოტული და ინტერნაციონალური იდეებითაა გამსჭვალული. შუშანიკის მამა, სომეხთა ცნობილი მხედართმთავარი, ვარდან მამიკონიანი ხომ ვახტანგ გორგასლის ერთგული თანამებრძოლი იყო და დაიღუპა კიდეც სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლაში, ამიტომ გასაკვირი არაა ავტორის გამოკვეთილი ანტისპარსული პოზიცია, რომელიც ნაწარმოებში იგრძნობა. თხზულებაში დიდოსტატურადაა დახატული ანტაგონისტური წყვილი – ქრისტიანობისათვის წამებული დედოფალი და ქვეყნისა და რწმენის მოღალატე პიტიახში. ამასთან, მწერლის დიდოსტატობაზე მეტყველებს ისიც, რომ პერსონაჟები ცალმხრივად, სწორხაზობრივად, მხოლოდ დადებითი ან უარყოფითი კუთხით არ დაუხატავს. გვიჩვენა მათი ხასიათის წინააღმდეგობრიობა, მრავალფეროვნება, ადამიანური სისუსტეები. გამორჩეული ოსტატობით არიან დახატულნი ე.წ. ეპიზოდური პერსონაჟები. იაკობ ცურტაველი თითოეული მათგანისთვის: იქნება ეს მელაძუა „ვინმე სპარსი“, მშიშარა დიაკვანი თუ სხვა სასულიერო პირები – პოულობს მათთვის დამახასიათებელ შედარებას, ეპითეტს, ერთი წინადადებით გვიჩვენებს მათ ნამდვილ სახეს. როგორც ვხედავთ, „შუშანიკის წამების“ ავტორი არა მარტო დიდი პატრიოტია, არამედ ქართული სიტყვის სწორუპოვარი ოსტატიცაა. ის იგავმიუწვდენელი ხელოვნებით გამოკვეთს რთულ ადამიანურ ხასიათებს, ხატავს პერსონაჟთა ფსიქოლოგიურ პორტრეტებს, ახერხებს ისტორიული კოლორიტის შექმნას, ნაწარმოებში აშკარად იგრძნობა ეპოქის მაჯისცემა. ბუნებრიობა, დინამიკურობა, უშუალობა და გულწრფელობა გამოარჩევს იაკობ ცურტაველის თხრობის მანერას. მისი სტილი მოქნილია, ლაკონიური, დახვეწილი. საოცრად სხარტი და ქვეტექსტებითაა მდიდარი მისი დიალოგები. მის ფრაზაში ვერ ნახავთ ზედმეტ, არაფრისმთქმელ სიტყვებს. ასე რომ, მწერლის ენა ხატოვანია, სტილი – ლაპიდარული, სიტყვები – ემოციურად და შინაარსობრივად დატვირთული, ფრაზები – მოკვეთილი და ექსპრესიული. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მის მიერ ოსტატურად გამოყენებული შედარებები: „ვითარცა მხეცი მძვინვარეი ყიოდა და იზახდა ვითარცა ცოფი“, ან: „ვითარცა კრავი მგელსა, გამოუღო ხელთა მისთა. “ ეპითეტები: „მოვიდა მგელი იგი“ და ა.შ. იაკობ ხუცესი, ასევე, შესანიშნავად ფლობს პეიზაჟის ხატვის ხელოვნებას. ამის დასტურად ჰერეთის ბუნების აღწერაც კმარა: „ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლებრ შემწუელი იგი მხურვალებაი მზისაი, ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი…“ აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი იმასაც, რომ ნაწარმოებს ერთიანი, მწყობრი კომპოზიცია გააჩნია: ავტორი არსად უხვევს ძირითადი ამბის განვითარებიდან, თუმცა მხატვრული ეფექტის გასაძლიერებლად მოხდენილად იყენებს ლირიკულ წიაღსვლებს, ფაქიზად გადმოგვცემს თავის სუბიექტურ განცდებს დედოფლის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამრიგად, იაკობ ცურტაველმა „შუშანიკის წამებით“ ქართულ ლიტერატურას ღირსეული საძირკველი ჩაუყარა, დასაბამი მისცა „ქართლის ბედის“ პრობლემის დასმასა და ანალიზს სიტყვაკაზმულ მწერლობაში. თამაზ ჭილაძემ „შუშანიკის წამებას“ „ადამიანთა ბობოქარი ვნებების წიგნი“ უწოდა, რომელიც დღესაც იბრძვის მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი წმინდანობის – ადამიანობის დასამკვიდრებლად.“ ეს, მართლაც, ასეა: 476-482 წლებს შუა დიდი ხელოვანის მიერ შექმნილი ძეგლი დღესაც გვასწავლის სამშობლოს, რწმენის, ღირსების დაცვისა და პრინციპების ერთგულებისათვის ბრძოლას.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button