
აბაზაშვილი – ქართული გვარი
ფუძე: წინაპრის სახელი “აბაზ”, “აბას” არაბულიდან ითარგმნება როგორც “მკაცრი”, მოღუშული.
ძირი: მრავალძირიანი გვარი. არიან წარმოშობით ქართლელი, კახელი და მოხევე აბაზაშვილები.
ბუდე: აბაზაშვილთა ერთი პირველსაცხოვრისი ქვემო ქართლში ჩანს, ერთი – შიდა კახეთში და ერთიც – ხევში, თუმცა ესენი აბაზაშვილად დაწერილი მოხევე აბაზაიძეები არიან.
შთამომავლობა: ქვემო ქართლის აბაზაშვილნი სომხითის მელიქ მირიმანიძეთა აზნაურები იყვნენ, მოხევე აბაზაშვილნი (იგივე აბაზაიძენი) – მთიელი მეთემენი, ხოლო კახელი აბაზაშვილნი – სახასო გლეხები.
ხსენება: 1680 წელი. ქვემოქართლელი აზნაური აბაზაშვილი ბერონა მოწმედ იხსენიება აზნაურ ყორღანაშვილთა მიწის ნასყიდობის წიგნში. 1695 წელს მელიქიშვილთა და იაგულაშვილთა ნასყიდობის წიგნში მოწმედ იხსენიება ქვემოქართლელი აზნაური აბაზაშვილი არაზა. იგივე აზნაური არაზა აბაზაშვილი იხსენიება სომხითის მელიქ მირიმანიძეთა და თუმანიშვილთა სოფლის ნასყიდობის 1697 წლის წიგნში. 1783 წლის ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა სიაში იხსენიება აზნაური აბაზაშვილი.
1801-1802 წლების კახეთის აღწერაში სოფელ სანადიროში იხსენიება გლეხი აბაზაშვილი სარქისა.
XIX საუკუნის დასაწყისში იოვანე ბატონიშვილი აზნაურ აბაზაშვილთა შესახებ წერდა, რომ მათი წინაპარი აბაზა თითქოს სპასპეტი ყოფილა და თითქოს X საუკუნეში დასახლებულა ქვემო ქართლში. 1850 წლის საქართველოს თავადთა და აზნაურთა ოჯახების რუსულ სიაში აბაზაშვილთა არც ერთი ოჯახი არ შეიყვანეს.
1886 წლის საოჯახო სიებში ხევის სოფელ სტეფანწმინდაში ერთი კომლი აბაზაშვილი იხსენიებოდა (ძირად აბაზაიძენი).
მსახურება: ღვთისა და საქართველოსთვის აბაზაშვილთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე სადროშოში.
საკუთვნო: აზნაური აბაზაშვილნი მამულებს ფლობდნენ ქვემო ქართლში, მდინარე ხრამის მარჯვენა და მდინარე დებედას მარცხენა სანაპიროებზე.
განსახლება: გურჯაანში და გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში აბაზაშვილთა დაახლოებით 35 კომლი ცხოვრობს. არიან მცირე რაოდენობით საგარეჯოში და საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში.
გორში და გორის რაიონის სოფელ საქაშეთში და სოფელ ხიდისთავში აბაზაშვილთა დაახლოებით 25 კომლი ცხოვრობს.
აბაზაშვილები მცირე რაოდენობით არიან ზემო ავჭალაში, რუსთავსა და თბილისში.
ოდენობა: საქართველოში აბაზაშვილთა საერთო რიცხვი 300 სულს აჭარბებს.