ქართული გვარები

გაგაძე – გაგაძეთა გვარი

გაგაძე ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი გაგა.

გაგაძე ერთძირიანი გვარმოდენილობაა – ყველა გაგაძე ერთმანეთის ნათესავია, ერთი წინაპრის შთამომავალია. ერთძირიანი გვარი ერთი ბუდიდან არის გამრავლებული და განსახლებული.

გაგაძეთა ბუდე-პირველსაცხოვრისი ნასოფლარი გაგაძენია თეთრი არაგვის ხეობაში, სოფელ ზემო მლეთის მახლობლად. ამ ნასოფლარში გაგაძეები XX საუკუნის 50-იან წლებამდე ცხოვრობდნენ, სანამ ზემო მლეთაში ჩასახლდებოდნენ. სოციალური მდგომარეობით გაგაძეები თავისუფალი მეთემე მთიელები იყვნენ.

ეთნოგრაფიული მონაცემებით, გაგაძეთა საგვარეულო სალოცავია “გაგაძეთ კვირაცხოველი” ნასოფლარ გაგაძენში. გაგაძეები წილს – საკლავის მარჯვენა ბეჭსა და ტყავს არ ტოვებდნენ მთიულეთის სათემო სალოცავში, ღუდას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატობაში; პირიქით, მათ ამ სალოცავში სადეკანოზო წილი ეკუთვნოდათ.

გაგაძეების გვარი საკმაოდ ძველია. ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, ეს გვარი XIV საუკუნიდან იხსენიება. პირველი წყარო, რომელშიც გაგაძე იხსენიება, არის ცნობილი საისტორიო თხზულება “ძეგლი ერისთავთა” (1348-1400 წლები). თხზულების იმ მონაკვეთში, რომელშიც სოფელი გაგაძენი იხსენიება, საუბარია XIII საუკუნის მოვლენებზე: “მაშინ წარვიდა ყოველი სპაი სპარსთაი. მაშინ მეფემან მიუბოძა შალვას თრუსოი, ღუდაი, გაგაძენი, მლეთა, არახვეთი, ხანდოი, ყანჩაეთი…” ეს შალვა, რომელსაც მეფემ სოფელი გაგაძენი უბოძა, ქსნის ერისთავი იყო. ჩვენთვის უცნობია, როდის უნდა მომხდარიყო გაგაძეთა გვარის ნაწილის გადასახლება არაგვის ხეობიდან ქსნის ხეობაში, მაგრამ XVII საუკუნის შუა ხანებში ეს გვარი უკვე იხსენიება ქსნის საერისთავოს სოფელ ყანჩავეთში.

1666 წელს ვინმე შანშე სეფედავლეშვილმა მამული მიჰყიდა თავად ქაიხოსრო რატიშვილს. მოწმე ყოფილა ლაზარე გაგაძე. რატიშვილთა გვარი ქსნის ერისთავთაგან განშტოვდა. ერისთავთა მამულის ნაწილი რატიშვილებს ერგოთ, მათ შორის სოფელი ყანჩავეთი. მოწმედ დასახელებული ლაზარე გაგაძე ყანჩაველი გლეხია.

1701 წლის რატიშვილთა ერთ ნასყიდობის წიგნში რატიშვილთა ყმად იხსენიება კიდევ ერთი ყანჩაველი გლეხი გამიხარდი გაგაძე. მთიულ გაგაძეთაგან ყველაზე ცნობილი პიროვნება იყო ბერი გაგაძე, რომელმაც თავი ისახელა 1727 წლის დიდველის ბრძოლაში, როდესაც ოსთა ლაშქარმა მთიულეთის წასახდენად გამოილაშქრა, მაგრამ სასტიკად დამარცხდა. ხალხური ლექსის მიხედვით, “შვიდი ათასი ოსისგან შვიდი გაუშვეს შინაო”. ბერი გაგაძეს გმირობა ასახულია მთიელთა ხალხურ პოეზიაში.

1774 წლის არაგვის ხეობის აღწერაში გაგაძეთა ერთი ოჯახი იხსენიება ზემო მლეთაში, საიდანაც მეფე ერეკლეს მორიგე ჯარში ორი მეომარი გამოდიოდა – შიო და ოქროპირ გაგაძენი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი მლეთაში კი არა, სოფელ გაგაძენში ცხოვრობდნენ, მაგრამ, როგორც ერთკომლიანი, აღმწერებმა მლეთას მიაწერეს. აგრეთვე უნდა ვივარაუდოთ, რომ იმხანად გაგაძეთა რამდენიმე კომლი ქსნის ხეობის სოფელ ყანჩავეთშიც იცხოვრებდა.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გაგაძეთა გვარის მეომრები არაგველები – ქუდზე კაცად, ქსნელები კი კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარცხენე სადროშოში.

1860 წლის აღწერით, ქსნელი გაგაძეები 6 კომლად ცხოვრობდნენ, არაგველები კი 4 კომლად.

1873 წლის მონაცემებით, ქსნელი გაგაძეები 10 კომლად ქცეულან, ხოლო არაგველები ისევ 4 კომლად დარჩენილან. როგორც ჩანს, მთიული გაგაძეების ნაწილი XIX საუკუნეში არაგვის ხეობის ჭართალის თემში ჩასახლდა. დღეს შირაქის სოფელ ზემო ქედში მცხოვრები გაგაძეები, რომლებიც იქ XX საუკუნის 30-იან წლებში გადასახლებულან, თავიანთ ძველ საცხოვრისად არა მლეთასა და გაგაძენს, არამედ ქართლის თემის სოფელ მუგუდას ასახელებენ.

ბოლო ოცი წელია გაგაძეებმა გვარის ერთობა აღადგინეს. ყოველი წლის აგვისტოს პირველი კვირადღე გაგაძეების დღეა. ამ დღეს მლეთაში იკრიბებიან არაგველი, ქსნელი, კასპელი, მცხეთელი, თბილისელი და შირაქელი გაგაძეები, ერთმანეთს ეცნობიან, საგვარეულო სალოცავს სანთლებს უნთებენ და წინაპრებს შენდობას ეუბნებიან.

საქართველოში გაგაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა დაახლოებით 350 სულია. შვიდსაუკუნოვანი გვარისთვის საკმაოდ მცირე რიცხვია.

ღმერთმა ამრავლოს გვარი გაგაძეთა!

მოამზადეს
ალექსანდრე და ნიკოლოზ ნაზღაიძეებმა

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button