პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ევროპაში

ვინ იცის, აწი
ასეთ ნავარდით
დღე ისე მირჩეს –
დაიხრჩვეს კაცი
შემხუთველ დარდით…
მართლა დაიხრჩვეს!
ევროპის ჯიბეს
მისწვდა რა ომი,
ჰკითხეს ამ დროის
ბნელ სიღარიბეს:
ვინაა მწვდომი
ახლა ოქროის?
რაც დედამიწის
სისხლი იღვრება,
აწ უწინარეს,
ხომ ყველამ იცის,
სად გადიხრება
იგი მდინარე!
სისხლი ბობოქრობს,
სისხლი ზღვავდება
და მოარეობს,
იგი სულ ოქროს
შენაკადებად
მიმდინარეობს!
სდის ამა რიგით,
სანამ მიაგნებს,
რაც ენატრება:
ის ამერიკის
მიაგნებს ბანკებს
და იქ დაცხრება…
დე, მოტეხილი
და მხილებული
გაირღვეს ფრონტი:
შორს ოქროდქმნილი,
გაწითლებული
ჩანს ჰორიზონტი!
სხვაა ამ ჩარჩის
ღელვა, მძლეობა
ყოველი ცნობის:
„ვიცი, მე დამრჩეს
მემკვიდრეობა –
ნადავლი ომის“…
რაც დედამიწის
სისხლი იღვრება,
აწ უწინარეს,
დღეს ყველამ იცის,
სად გადიხრება
იგი მდინარე!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button