პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ის ჩამოშორდა, როგორც სიზმარი

ის ჩამოშორდა, როგორც სიზმარი,
აუხდენელი და მომხიბლავი.
არ ვიცი, საით წაჰყვა ზღვის ტალღებს,
სად შეაჩერა უსაჭო ნავი.

მაშინ ცას უფრო სხვა ფერი ჰქონდა,
სხვაგვარის ღელვით ღელავდა ველი,
მაისი იყო, მთას მოჰხვეოდა
ნაზ გაზაფხულის მთრთოლვარე ხელი.

მაგრამ ის მოვა შემოდგომისას,
მოვა დაღლილი და ფერმიხდილი,
ოჰ, რა მწუხარე ღამე იქნება,
ვეღარ აღსდგება წარსულის ჩრდილი.

მაშინ მე გეტყვი, რომ მოკვდა გული,
რომ სიზმარივით გაქრა ყოველი,
რომ ჩემს წარსულში არ ვეძებ ახალს,
და სიყვარულშიც ხსნას არ მოველი!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button