გალაკტიონ ტაბიძე – რაც ამ დიდებულ სასახლეებს ჰფენია ოქრო,
ნუ გეგონება ის უმანკო და უჯადოქრო.
იყო დროება, მყუდროება და მოგროვება,
ყველა საგანის ამნაირად მოოქროვება.
მშვენიერ ეტლთა, ქანდაკებათ, შადრევნათ თოვა,
დრომ შეაყენა, დაიტოვა, მოაოქროვა.
ძვირფასი თასი, აზარფეშა ჩქარა მოიტა!
ო, ყველაფერო, ავსებულო ამ ოქროითა.
მოგროვდით, ძველო ტილოებო, ჰეი, მოგროვდით!
კვლავ გამოცოცხლდით ჩარჩოებში, კვლავ მოოქროვდით!
იყო დრო, ძველო ფეოდალო, როცა მოჰქროდი
ამ გარეგნული ელვარებით, ვერცხლით, ოქროთი.
და შემოიჭრა უეცარი ვაჭარი – პროზა,
და სხვანაირი შეფასება მისცა ოქროსაც.
ის იყო ტლანქი, იყო სწრაფი და მისებური, –
მას ოქრო სურდა, არა რამე ოქროსებური.
ამ სასახლეში ერთხელ მძაფრად მოიჭრა შრომა.
რევოლუცია სისასტიკით იგრძნო ოქრომა.
მეფე ბრწყინვალე ქვეშ მოექცა ტალღას ბობოქარს,
ოდეს პარიზი მიაგავდა ცეცხლოვან ოქროს.
არა საწმისი ოქროისა მედეას მიწის,
არც ლეგენდარულ მაძიებლის ოქროს საწმისი –
არის ახალი კლონდაიკი, ოქრო, ბადახში,
ოქრო მიწაში, ოქრო წყალში, ოქრო ტალახში.
ჩამავალი მზის ნაზი ქარი ვერ დაათავებს
ჩვენი მინდვრების ალერსიან ოქროს თავთავებს.
თანამედროვე სხვა ოქროის შექმნას კედელი, –
არ დაიღლება ქალაქების ოქრომჭედელი.
მშვენიერ ბაღებს ამ ფიქრების გაეკრა ფონი,
როს ვინახულე მე ვერსალი და ტრიანონი.