პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე პირველჯერ
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
პირველჯერ!
პირველჯერ!
გზაზე, კაკლებით შემოვლებულ
სავენახეთი –
შორი მხარიდან დაქადებით
წამოსულ ტრაქტორს,
ამდენ გზა-ნახულს,
სიხარულით ხვდება
კახეთი.
გაჯადოქრებულ მაჯისცემით
მგრგვინავ მანქანას
პირველჯერ,
ახალ ყამირებზე
ფოლადის შინით
მდევს, მეომარი ინდუსტრიის
ურყევ ფალავანს,
დინჯსა და მძიმეს,
დინჯი მხარე
ჰხვდება ყიჟინით.
პირველჯერ,
აი, აგორგორდა
კიდეც მანქანა,
პირველჯერ
მისი ლურჯ-მოთეთრო
ავარდა ბოლი,
გლედიჩიები შორეული
წყდება მილიდან,
ბამბის კვამლებად
იფანტება
რგოლებზე რგოლი.