ფილოსოფია

ბექა მინდიაშვილი – უცხო და მახლობელი

წერილი I

ყოველთვის, როცა ქრისტიანობის სახელით სხვა აღმსარებლობის, მსოფლმხედველობისა თუ განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანი სძულთ, ამცირებენ და დევნიან მას, უკიდურესად უცხო და იმავდროულად განსაკუთრებულად საჭირო ხდება სახარება, მისი უწყება დევნილი და ჯვარცმული ღმერთის შესახებ. როგორც იოანე მახარობელი წერს, ქრისტე „თვისთა თანა” მოვიდა და მათ ვერ იცნეს იგი, რადგან საკუთარი თემის, ერის, რელიგიის აღზევება კი არა, სწორედ სხვისი, განსხვავებულის, მიუღებლის, აკრძალულის გაგება და მტრის სიყვარული დაადგინა რწმენის, ადამიანობისა და ხსნის საზომად. ამის გამო კი თვითონ იქცა თავისიანებისთვის უცხოდ, ხოლო უცხოსთვის – მახლობლად.

სახარების გააზრება ერთ-ერთი გზაა სტერეოტიპების, შეუწყნარებლობის, ფუნდამენტალიზმის დაბურული ტყიდან უნივერსალური თანადგომისა და სხვისი თავისუფლების, მრავალფეროვნების დაფასებისკენ გასაღწევად. თუკი თუნდაც ზერელედ გადავავლებთ თვალს ოთხთავს, შევეცდებით მისი, ერთი შეხედვით, მარტივი აზრის ამოკითხვასა და გაგებას, შევიტყობთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ქრისტიანობის იდეისა თუ საქმის გამო ვინმეს რიყავენ და სიძულვილისა და ჩაგვრისთვის იმეტებენ, განკაცებულ ღმერთს – იესო ქრისტეს დევნიან.

საიმისოდ, რომ პირველი ნაბიჯი გადავდგათ ქრისტიანთა ღმერთის ამ უცნაური ლოგიკის გასაგებად, სახარებიდან ოთხ მთავარ რელიგიურ კითხვაზე პასუხის მიღება უნდა ვცადოთ. როგორია, სახარების თანახმად, ადამიანი ღვთის წინაშე, ანუ რას ნიშნავს რწმენა და თავისუფლება, როგორია ღმერთი ადამიანის წინაშე – რა არის სიყვარული და ძალაუფლება, როგორია ადამიანი ადამიანისთვის – ვინ არის მეგობარი და რას გულისხმობს სიკეთე და ბოლოს – რა წინაპირობა უდევს საფუძვლად ღმერთთან ადამიანის საბოლოო შეხვედრასა და შერიგებას – ხსნას.

ამ მოკლე ჩანაწერით პირველი კითხვის გააზრებას შევეცდები: რა არის რწმენა? დანარჩენ სამზე კი მომდევნო წერილებში ვისაუბროთ.

ურწმუნო ნაზარეთელები

რწმენის რაობის გაუცნობიერებლად სახარების ლოგიკის მიღება მეტისმეტად ძნელია – ისტორია გვიჩვენებს, რომ ქრისტეს მოძღვრება უამისოდ შეგონებების, სარიტუალო პრაქტიკისა და თეოლოგიის სისტემად, რელიგიად იქცევა, მაგრამ კვდება, როგორც ცოცხალი სიტყვა, რომელიც მათთვის, ვინც ქრისტიანობას აღიარებს, არა აბსტრაქტულ ჭეშმარიტებად, არამედ უშუალოდ იესო ქრისტეს პიროვნებასთან შეხვედრის გამოცდილებად უნდა გადაიქცეს.

ოთხ სახარებაში სულ ორი ეპიზოდი გვხვდება, სადაც ქრისტე თავის დამოკიდებულებას გამოხატავს კონკრეტული ადამიანების რწმენისადმი. ერთ შემთხვევაში ის გაკვირვებულია ურწმუნოებით, ხოლო მეორეში პირიქით – რწმენის სიძლიერით არის გაოცებული.

მარკოზი და ლუკა მოგვითხრობენ, რომ იორდანეზე ნათლისღების შემდეგ იესო ქრისტე მშობლიურ ქალაქ ნაზარეთში ბრუნდება და შაბათ დღეს სინაგოგაში შედის. იქ მართლმორწმუნე მრევლია შეკრებილი, ისინი წინასწარმეტყველებებს კითხულობენ მესიის შესახებ. ქალაქი ნაზარეთი ორთოდოქსიის ეპიცენტრია, ჭეშმარიტების კონცენტრაციის ადგილია, ვინაიდან ის, წინასწარმეტყველთა მიხედვით, მესიის ქალაქია. ნაზარეთის მოსახლეობა ყოველმხრივაა დაჯილდოებული იუდეველთა ღმერთის მიერ – გამორჩეული ერის გამორჩეული ნაწილია. ღმერთმა მათთვის არ დაიშურა არც აღთქმა, არც წინასწარმეტყველება, არც ტაძარი, არც საკუთარი თავი, რადგან განკაცებული ღმერთი სწორედ მათ შორის გაიზარდა – მისი სახელიც კი ამ ქალაქთანაა დაკავშირებული – იესო ნაზარეველი.

მაგრამ, როდესაც ქრისტე სიტყვას ითხოვს და იწყებს წინასწარმეტყველთა განმარტებას, როცა აცხადებს, რომ აღსრულებულია მესიის მოვლინების ჟამი, სინაგოგაში შეკრებილი ადამიანები მას არ იღებენ, დასცინიან და დაახლოებით ასეთ რამეს ამბობენ: ეს ჩვენი დურგლის, იოსების ბიჭი არ არის? იოსების ბიჭი კი, რომელიც მათ თვალწინ გაიზარდა, რომელიც მათთვის სკამებსა და მაგიდებს თლიდა, როგორ უნდა ყოფილიყო საღვთო ერის მრავალსაუკუნოვანი იმედი – მესია და წინამძღოლი? რა თქმა უნდა, ეს მათთვის გაუგონარი მკრეხელობა, ღმერთისა და მათი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იყო. ამიტომაც ქრისტეს ჯერ აძევებენ სინაგოგიდან, ხოლო შემდეგ მოსაკლავადაც დაედევნებიან.

ამის შემდეგ იესო ქრისტე სინაგოგაში შეკრებილების რელიგიურობას აფასებს როგორც უკიდურეს განდგომას ღვთისაგან. ის ამბობს, რომ მსგავსი ურწმუნოება არ შეხვედრია მთელს ისრაელში.

მორწმუნე ცენტურიონი

მეორე შემთხვევა კაპერნაუმში ქრისტეს მოგზაურობასთანაა დაკავშირებული. ამ ქალაქში ქადაგებისას მასთან რომაელი ოფიცერი მორბის და შველას ითხოვს, ოღონდ არა საკუთარი თავისთვის, არამედ მსახურისთვის, რომელიც სიკვდილის პირასაა.

რომაული კანონმდებლობით მონა ყოვლად უუფლებო ცოცხალი იარაღი, ნივთი იყო. მის მფლობელს ყველაფრის ნება ჰქონდა მასზე – მოკვლაც კი შეეძლო. ერთ-ერთი ძველი ავტორი რეკომენდაციას აძლევს რომაელ ფერმერს, რომ სოფლის სამეურნეო ხელსაწყოების ყოველწლიური ინვენტარიზაცია ჩაატაროს და მოძველებული, მწყობრიდან გამოსული ინსტრუმენტები გადაყაროს. ამავეს ურჩევს მონებთან დაკავშირებითაც. როგორც წესი, არაშრომისუნარიან მონას უმოწყალოდ აგდებდნენ ხოლმე გარეთ. ამ ფონზე კარგად ჩანს, თუ რამდენად დიდი ნახტომი გააკეთა რომაელმა ოფიცერმა ბატონი-მონის განსაზღვრული წესრიგიდან გამოსასვლელად. ჩანს, ოფიცერი სხვაგვარად ეპყრობოდა თავის მსახურს, ზრუნავდა მასზე და მზად იყო ყველა გზა გამოენახა მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

რომაელი ოფიცერი, დამპყრობელი და ბატონი თავს იმდაბლებს უცნაური ებრაელი კაცის წინაშე. სთხოვს მას, რომ მხოლოდ ერთი სიტყვა გაიმეტოს და ეს საკმარისი გახდება მსახურის გადასარჩენად. ქრისტე უპასუხებს: შენმა რწმენამ იხსნა შენი მსახური. ამის შემდეგ კი ამბობს, რომ მსგავსი რწმენა არ შეხვედრია მთელს ისრაელში.

რწმენა და ურწმუნობა

ეს ორი ამბავი თეზა და ანტითეზაა იმის გასაგებად, თუ რა არის სახარებისეული რწმენა და ვის შეიძლება ერქვას მორწმუნე. თუმცა მისი გააზრება სხვა კუთხითაცაა საინტერესო. ეს ეპიზოდები ახლობლისა და უცხოს სახარებისეული დისპოზიციის შესახებ გვიქმნის წარმოდგენას, რომელიც ერთ-ერთი ცენტრალური ანთროპოლოგიური დისკურსია ახალი აღთქმისა – ვცადოთ ამ კითხვასაც გავცეთ პასუხი: როგორ იქცევა მახლობელი უცხოდ და უცხო მახლობლად?

ერთი მხრივ, მონოთეისტი, ერთი სიტყვით, იმჟამინდელი მართლმადიდებელი მრევლი, რომელიც იცავს ყველა რელიგიურ წესსა და მცნებას, ზღვრულ მდგომარეობაში, სწორედ მაშინ, როცა მესიასთან, მხსნელთან შეხვედრის დრო მოუვა, ვერ ცნობს მას. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, ეს საზოგადოება გარეგნულად ჭეშმარიტი რელიგიის ეპიცენტრში მყოფობს, აღმოჩნდება, რომ ის შინაგანად უკიდურესად დაშორებულია ჭეშმარიტებას, გაუცხოებულია მისგან – სრულიად ურწმუნოა. ნაზარეთელი მორწმუნეები, რომლებიც თვითკმაყოფილებას არიან მიცემულნი იმის გამო, რომ ზედმიწევნით იციან როგორი უზადო და აღმატებულია მათი წარმოდგენა ღმერთზე, ღვთისა და ჭეშმარიტების სახელით მათ წიაღშივე გამოზრდილი მახლობლის – ღმერთისა და ჭშმარიტების მდევნელებად გვევლინებიან.

ეს ეპიზოდი იმაზე მიგვითითებს, რომ რელიგიურობის ფორმა, ორთოდოქსია, რიტუალები, ყველა წესისა და თეოლოგიური მცნების დაცვა, კოლექტივისტური სოლიდარობა სულაც არ არის არსებითი რწმენისათვის. შესაძლოა პირიქითაც იყოს, რელიგიურმა ფორმალიზმმა და ექსკლუზივიზმმა, ვიწრო კონფესიურმა ერთობამ, რიტუალებმა და წესებმა ადამიანში პიროვნულობა და რწმენა ჩაახშონ, როგორც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები ამბობენ, გული გაუქვავონ მას, თვითკმარ კერპებად იქცნენ მისთვის და ღმერთის ადგილი დაიკავონ.

მეორე მხრივ კი, მორწმუნეა რომაელი ოფიცერი, რომლის რელიგიური, პოლიტიკური, კულტურული და სოციალური ხატი იუდეაში უცხოს, მტერს განასახიერებს. იგი იმდროინდელი მართლმადიდებლებისთვის ურჯულო კერპთაყვანისცემელია, ნაციონალისტებისთვის – ოკუპანტი და კოლონიზატორი, „სოციალისტებისთვის” კი, „მჩაგვრელთა კლასის” წამომადგენელი.

რა თქმა უნდა, ცენტურიონმა არაფერი იცის იმის შესახებ, რომ კაცობრიობის მხსნელის წინაშე წარდგა, რომ თავად ღმერთია ის, ვისგანაც შველას ითხოვს. არაფერი იცის, რომ იესო ქრისტე სამების მეორე პირია, რომ მას ორი ბუნება და ნება აქვს – ადამიანური და ღვთაებრივი, და რომ იგი ქალწულისგანაა უმანკოდ შობილი. ერთი სიტყვით, მას ჭეშმარიტი რელიგიის, მოძღვრებისა და დოგმატებისა არაფერი გაეგება. მსახურის სიცოცხლის გადარჩენაა ერთადერთი რამ, რაც მას იმ კონკრეტულ მომენტში სურს.

ზრუნვის გამო ეს კეთილშობილი ბატონი მონის მიღმა ხვდება მეორე ადამიანს, რომლის გადასარჩენად მთელ თავის კაპიტალს ფლანგავს – სოციალურ და პოლიტიკურ სტატუსს, ავტორიტეტს, ძალაუფლებას, წარმოდგენებს უძლეველ იმპერიასა და მდიდარ, ყველა ღვთაებისა და საკულტო ტრადიციის მომცველ რელიგიურობაზე. იგი ზრუნავს მონაზე, რომელიც მისთვის უკვე მონა აღარ არის, როგორც ლუკა გვეუბნება, ის უკვე მისი ძეა. მტერი მოყვარედ იქცევა.

ოფიცერი, რაკიღა თავისუფლდება საკუთარი სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური ხატისგან, რომელშიც ფორმალურად მისი ცხოვრება და ცნობიერებაა ჩაწერილი, თვითონაც ხდება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი. იგი თავს იმცირებს და საშველად მისთვის უცხო რელიგიის მოძღვართან გარბის.

ამ სიმდიდრისგან თავისუფალი და მეორე ადამიანის სიყვარულით აღძრული ეს კაცი საბოლოოდ ხვდება იესო ქრისტეს, დურგალ იოსების უცნაურ ბიჭს. ეს უცხო, მოხეტიალე ნაზარეველი მისთვის უკვე ყველაზე მახლობელი, ძლიერი და სანდო ვინმეა – ღმერთია.

სახარების თანახმად, რომაელი ოფიცრის ტრანსფორმაცია, ,,მეორედ შობა,, არის ის ფენომენი, რომელსაც რწმენა შეიძლება დაერქვას – სწრაფვა საკუთარი თავისუფლებისა და ღმერთისკენ სხვა ადამიანის საკეთილდღეოდ.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button