ნარკვევებისაკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – უცნაური თავის გამართლება

არ გათეთრდება ყორანი,

რა გინდ რომ ხეხო ქვიშითა.

ხალხური

სამიოდე თვე იქნება, რაც “ივერიაში” დაბეჭდ ბ-ნმა როსტომაშვილმა საოცარი გამართლება თავისი საოცარის პროექტის შესახებ სახალხო სკოლების მოწყობისა საქართველოში. ჩვენ გარემოება ნებას არ გვაძლევდა აქამდის გამოგვეაშკარავებინა უსაფუძვლობა და სიყალბე ამ გამართლებისა. იმედი გვქონდა, რომ რომელიმე ხალხის განათლების მოყვარე გაარჩევდა, დაანიავებდა ამ უკუღმართს პროექტსა. მაგრამ მოვტყუვდით: ჩვენნი განათლებულნი გართულნი არიან წვრილმანს არა საარსო საგნების აღებ-დაღებაში, კვეხნა-ტრაბახში, მესამე დასის ქება-დიდებაში ან მასთან პოლემიკაში და ფანტასტიურის პროექტების თხზვაში. ხალხის განათლება-კი მათ შესაწყენ საქმედ მიაჩნიათ. ამის გამო იძულებული ვართ ერთხელ კიდევ გამოვეპასუხოთ ბ-ნს როსტომაშვილსა. საგანს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და იმედია მკითხველი ყურადღებით მოისმენს ჩვენს მსჯელობასა.

დიაღ, უცნაურს პროექტს ბ-ნის ივანე როსტომაშვილისას უფრო კიდე უცნაური გამართლება მოჰყვა. მაგრამ აქაც ცხადად გამართლდა ქართული ანდაზა: “არ გათეთრდება ყორანი, რა გინდ რომ ხეხო ქვიშითა”. ჩვენი პედაგოგი თავისს პასუხში, ჩვანდამი მომართულში, გამამტყუნებელს მულხლებ უმეტეს ნაწილად ხელუხლებლად სტოვებს, რადგანაც იმათი შერყევა ყოვლად შეუძლებელი იყო, და ახალს საგანს წამოგვიყენებს წინა. ეს ახალი საგანი გახლავთ – რაოდენობა ქართულის ენის გაკვეთილებისა, აღნიშნული მის პროექტში და ოფიციალურს გეგმაში. მაგრამ ვიდრე ამ საგანს განვიხილავდეთ, საჭიროდ მიგვაჩნია მკითხველს მოვაგონოთ ერთი პედაგოგიური დედა-აზრი, რომელსაც ბ-ნი როსტომაშვილი არღვევს თავისის პროექტით.

ეს აზრი იმაში მდგომარეობს, რომ რომელსამე უცხო ენაზედ საგნების სწავლება მხოლოდ მაშინ არის შესაძლო და შემრგო, როდესაც ეს ენა მასწავლეებს შეთვისებული აქვთ მეტნაკლებობით. ამ ჭეშმარიტების, ამ მოთხოვნილების სიმართლე ესმის ყველა უბირი ჭკუის პატრონსაც-კი და პედაგოგის ცოდნა აქ სრულიად საჭირო არ გახლავთ. შეარყიეთ, დაარღვიეთ ეს დედა-აზრი და ქართულს ენას სახალხო სკოლებში ანდერძი აეგება. ამ დედა-აზრს არ ღალატობს ოფიციალური გეგმა, რომელიც ამწესებს სწავლას პირველის ორის წლის განმავლობაში დედა-ენაზედ. ბ-ნს როსტომაშვილს-კი საგნების სწავლება პირველივე წლიდგან რუსულს ენაზედ მიჰყავს პარალელურად. ამითი იგი აუქმებს პედაგოგიურს გზას რუსულის ენის სწავლებაში, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ქართველმა ბავშვმა ჯერ უნდა შეისწავლოს რუსული ენა იმ მხრივ, რომლითაც იგი ემსგავსება ქართულს ენასა და მერმე გადავიდეს სხვა, განსაკუთრებულსა და რთულს მხარეებზედ. ამითი იგი, როგორც უკვე მოვიხსენეთ წინა წერილში, აუცილებლად ჰხდის უწყალო კბილაობის გამეფებას სახალხო სკოლაში და ამასთან ძირს უთხრის საგნების სწავლებას დედა-ენაზედ იმავე თავით. როგორ?

იმათ, ვისაც “დედა-ენის” ხმარება სახალხო სკოლაში ეკლად მიაჩნიათ, სრული საფუძველი მიეცემათ სთქვან: იმის მაგივრად, რომ მეორე დღეს გადათარგმნოთ რუსულად, რასაც დღეს ქართულად ასწავლით, ის არა სჯობიან, რომ ყოველი არი, ქართულად გამოთქმული დღესვე, ახლავე სთარგმნოთ რუსულად და ამ სახით აწარმოვოთ მთელი სწავლა რუსულს ენაზედ ქართულის ენის შემწეობით. რას ეტყვის მათ ჩვენი პედაგოგი? ვერაფერსა და იძულებული იქნება დასთანხმდეს, რადგანაც ეს იქნება პირდაპირი, ყოვლად საფუძვლიანი შედეგი იმის ლოღიკისა. აი რა მავნებელი ნაყოფი მოსდევს იმ პრინციპის დარღვევას, რომ ვიდრე მეორე ენა ბავშვს არ შეუსწავლია პედაგოგიურის თანდათანობით, ყველა საგნები უნდა ისწავლებოდნენ მხოლოდ დედა-ენაზედ. ამ პრინციპს მეტნაკლებობით იწყნარებს ოფიციალური გემგა, როგორც უკვე ვსთქვათ. ჩვენი მოკამათე კი ამას არყევს, არღვევს, ძლიერ აადვილებს ქართული ენის გაუქმებას სახალხო სკოლაში და უნაყოფობა უკურნებელ ჭირად უნდა შეჰყაროს ჩვენს სკოლას. აი “სადა სცემს” ბ-ნი როსტომაშვილი და სადა სუფევს გაუგებრობა, თუ მარტო გაუგებრობაა აქ დამნაშავე.

შევადაროთ ახლა ბ-ნის როსტომაშვილის პროექტი და ოფიციალური გეგმა გაკვეთილების განაწილებით ქართულისა და რუსულის ენის შორის. მთავრობის გეგმა ამწესებს კვირაში ოც-და-ათ საათიანს გაკვეთილს და არა ოცსა, როგორც ბრძანებს ჩვენი პედაგოგი. მთელი ეს რიცხვი დათმობილი აქვს მთლად, უკლებლივ ქართულს ენას და მასზედ საგნების სწავლებას პირველის წლის ნახევრამდის. რუსულის ენის ჭაჭანება აქ სრულიადაც არ არის. ამ წლის მეორე ნახევარში მხოლოდ სამი საათია გამწესებული რუსულის ლექსიური გაკვეთილებისათვის, ოც-და-შვიდი საათი-კი უნდა ხმარდებოდეს ჩვენს ენასა და მის შემწეობით სწავლებასა განწეებულ საგნებისასა. ჩვენის პედაგოგის პროექტი-კი თითქმის შუაზედ ჰყოფს გაკვეთილებს ორ ენას შორის პირველი წლის დასაწყისიდან. განა დიდი განსხვავებაა? მეორე წლიდგან რუსული წერა-კითხვისათვის მთავრობა ნიშნავს მეტს გაკვეთილებს, მაგრამ მათი რიცხვი მაინც ვერ აღემატება ათსა: ასე რომ ქართულს ენას წილად რჩება ორჯერ მეტი გაკვეთილი, როდესაც ჩვენი რეფორმატორის აზრით მხოლოდ ნახევარი გაკვეთილები მას უნდ დაეთმოს.

აქ ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ რუსულ წერა-კითხვის სწავლებას სავალდებულოდ ჰხდის მთავრობის გეგმა მხოლოდ მეორე წლიდგან, ბ-ნი როსტომაშვილი კი პირველივე წლიდგან. მართალია ამ უკანასკნელმა შეცდომად აღიარა თავისი ზრი შესახებ საღმრთო სჯულის რუსულ ენაზედ სწავლების, მაგრამ ამის მნისვნელობას სრულიად აქარწყლებს სამი გარემოება: პირველად, იგი იძულებული გახადეს ასე მოქცეულიყო იმითი, რომ მიუთითეს ოფიციალურს გეგმაზედ, რომელიც თხოულობს საღმრთო სჯულის სწავლებას მხოლოდ ქართულს ენაზედ სამსავე წლის განმავლობაში; მეორედ, ბ-ნმა როსტომაშვილმა თავისი აზრი უკან წაიღო არა იმის გამო, რომ სცნა მისი უგუნურება და მავნებლობა, არამედ გარეგანი მიზეზის წყალობით – მთავრობის აზრზედ უკანა დგასო; და მესამედ, სხვა საგნების სწავლება ჯერედ შეუთვისებელს ენაზედ, უარყოფილი მთავრობისაგან, მის პროექტში ისევ დარჩა და სწორედ ეს აზრი არის ძირის გამომთხრელი ჩვენის სახალხო სკოლისა.

უფრო კიდევ უარესი გამოდის ბ-ნი როსტომაშვილის პროექტი შედარებით სამრევლო სკოლების გეგმასთან, რომელიც გამოცემულია უწმინდესი სინოდისაგან. ეს გეგმა სწავლებას ყველა საგნებისას სავალდებულოდ ჰხდის ქართულს ენაზედ ორის წლის განმავლობაში, ამავე ენას უწილადებს ყოველ დღე ორ-ორს გაკვეთილს და სწავლის დროს ასე გაანაწილებს: “росписание недельных уроков по подлежащим предметам при ежедненыч занятиях назначается следующее: первый урок Закон Божий, второй и третый урок – русский язык, пятый урок – арифметика и церкованое пение”. (“Учебный план церковно-приходских школ провославного грузинского екзархата”, издание 1892 года, стр.4). აქ ისიც უნდა დავუმატოთ, რომ ეს გეგმაც უარჰყოფს რუსულ წერა-კითხვის სწავლებას პირველს წელიწადსა და მხოლოდ ლექსიკურს, ზეპირს სიტყვაობითს გაკვეთილებს ამწესებს. შეადარეთ ამ გეგმასთან, რომელიც ქართულს ენას უსაკუთრებს კვირაში ოც-და-თექვსმეტს გაკვეთილს სამივე განყოფილებაში ჩვენი რეფორმატორის საცოდავი პროექტი და დაინახავთ, რომ რამდენად დავცემულვართ გონებრივ და ზნეობრივ და რა უწყალოდ დაგვნევია დავთრები.

უკუღმართობა ამითაც არა თავდება. ფონი ბ-ნი როსტომაშვილისა სხვა ადგილას უფრო მეტად არჩობს. მან შემცირება ქართული ენის გაკვეთიებისა როდი იკმარა. ამას იმან ზედ დაუმატა ისეთი ღონისძიება, რომელიც ამ მცირე გაკვეთილებსაც უნაყოფოდ ჩაატარებს, ფუჭად აქცევს. საქმე ის გახლავთ, რომ ოფიციალური გეგმით ქართული ენა არის მთავარი ორგანიული ნაწილი სახალხო სკოლისა, მას ასწავლის მასწავლებელი – სპეციალიტი თავისი საქმისა, – ეს ენა წინ მიუძღვის რუსულ ენას, უჭირავს პირველი ადგილი, პირველ შთაბეჭდილებებს იგი სტოვებს ბავშვის გონებაში და ღრმად იდგმას მასში ფესვებსა. ამავე დროს იგი გზას უკაფავს, ეხმარება რუსულს ენასა და ეს სამსახური, ორგანიული წინამორბედობა და კავშირი სახელმწიფო ენასთან სიმკვიდრეს უმატებს მას. ერთის ჯირის სულიერებს, რომელნიც ნატრობენ ქართული ენის გაუქმებას სახალხო სკოლაში, სახეში აქვთ ერთი იმისთანა ხერხი, რომელიც ფაქტიურად, საქმით გააქრობს ჩვენს ენასა და მხოლოდ სახელით, ფორმალურად დასტოვებს ჯერ-ჯერობით. ეს ხერხი იმაში მდგომარეობს, რომ გაანთავისუფლონ სოფლის მასწავლებელი ქართული ენის სწავლებისაგან და იგი ჩააბარონ საღმრთო სჯულის მოძღვარსა. სწორედ მშვენიერი, შEსაბამი, უებრო ღონისიება გახლავთ. ყველამ კარგად იცის, რომ მღვდელს თავისი პირდაპირი, სამრევლო საქმეც ბევრი აქვს, ხშირად იგი ვერ იცლის სპეციალის საგნის ორიოდე გაკვეთილისათვის, რის გამოც საღმრთო ისტორიას და კატეხიზმოს სწავლებას სახალხო სკოლა მოკლებულია მთელი თვეობით: ამაზედ საჩივრებით სავსეა კორესპოდენციები საქართველოს სხვა-და-სხვა კუთხეებიდგან. რა მოუვა ქართულს ენას მღვდლის ხელში? იგი ამ ენის გაკვეთილებისათვის ვერ მოიცლის და იგინი ოხრად დარჩებიან. და თუ ხან-და-ხან სტუმრად ეწვევა ქართულს ენას, ისიც მხოლოდ ფორმის გულისათვის. თუნდა კიდეც მოიცალოს და გულითაც მოინდომოს რიგიანი სწავლება, ვერე მოახერხებს, რადგანაც დიდაქტიკურს მომზადებას მოკლებულია. ამ სახით, რუსული ენის სწავლება იქმნება ნამდვილი, გაწვრთნილი ოსტატის ხელში, რომელიც განუწყვეტლივ, ყოველ დღე აძლევს სრული პედაგოგიური ოსტატობით მის გაკვეთილებსა, ქართული ენა-კი ჩაბარებული ექმნება გარეშე პირს, მოუცლელსა და საჭირო ოსტატობას მოკლებულსა. რასაკვირველია, ქართული ენა გაირიყება და სული ამოუვა სწორედ ისე, როგორც კვდება თევზი, წყლიდგან ნაპირზედ გადმოგდებული. ამ ღონის-ძიების უებრობას, ეხლავე-კი ვერ ბედავენ, ცოტა ადრეაო. ეს კარგად იცის ყველა თბილელმა და ბევრმა არა თბილელმა მასწავლებელმა, ჩვენი რეფორმატორი სწორედ ამ გზას დასდგომია და ქადაგებს, რომ ქართულის ენის სწავლება უთუოდ მღდელს უნდა ჩაბარდესო. და ამასთან იმასაც გვეუბნება: თქვენ ვერ გაგიგიათ, სადაც ‘”ვსცემო”. ბრამაც-კი ჰხედავს სადა სცემთ და თვალ-ხილულები როგორ გნებავთ, რომ მოსტყუვდნენ.

თუ საგულისხმიერო მაგალითი გნებავთ დასასურათებლად განმარტებულის ღონისძიების უებრობისა, ამ სურვილსაც დაგიკმაყოფილებთ.

ამ ექვსის-შვიდის წლის წინედ, როდესაც სამეგრელოს სკოლებში რეფორმა მოახდინეს, ქართულის ენის სწავლება ჩააბარეს საღმრთო სჯულის მასწავლებელსა განსაკუთრებული ცირკულიარით, რომელიც ამ ენის სწავლებას საჭიროდ რაცხდა სარწმუნოების მხრივ. წინააღმდეგ ამ ცირკულიარისა, ქართული ენა მთლად გაჰქრა სამეგრელოს სკოლებისაგან, რადგანაც მღვდლებს მისთვის არა სცალოდათ და მისი სწავლება არც ეხერხებოდათ. ამაევ მიზეზის გამო ნორმალურს სკოლებში ჭაჭანებაც არ არის ქართულის ენისა. ასევე უნდა შესძღვნას ბ-ნმა როსტომაშვილმა მთელს საქართველოს? უნდა, თუ არ უნდა, მიუცილებლად შესძღვნის, თუ იმისი პროექტი განხორციელდება, სწორედ მისთანავე ღირსებისაა ყველა სხვა აზრებიც ჩვენი რეფორმატორისა. რუსეთში მარტო რუსულის წერა-კითხვის სწავლებისათვის საჭიროდ მიაჩნიათ პედაგოგებს და არა პედაგოგებს მეოთხე წლის მიმატება. სამ წელიწადს წერა-კითხვას იმდენად ვერა სწავლობენ, რომ შემდეგში არ დაავიწყდეთო. ჩვენი თამამი პედაგოგი-კი სამს წელიწადს დიდს ვადად სთვლის და ორის წლის კურსი საკმარისად მიაჩნია შეთვისებისათვის ქართულის წერა-კითხვისა, რუსულის ენისა და რუსულის წიგნისა. სადაურია? როგორ უნდა შესძლოს ქართველმა ბავშვმა ორის წლის განმავლობაში სამჯერ მეტი შეისწავლოს იმაზე, რასაც რუსის ბავშვი ასწრებს სამის წლის განმავლობაში? რუსეთში მასწავლებლები ეუბნებიან მთავრობასა ოღონდ-კი მეოთხე წელიწადი მიუმატე სკოლის კურსს და თითოეული ჩვენგანი კარგად გაუძღვება ოთხს განყოფილებასაო. უშინსკის მოწმობით, შვეიცარიაში ერთი მასწავლებელი თურმე მშვენივრად უძღვება ექვსს განყოფილებასა. ჩვენის მოკამათის აზრით ერთის მასწავლებლისათვის მეტია ორი განყოფილებაც-კი, რომელიც ნორმად არის მიღებული წინაღძღვრიანთ-კარის სკოლაში და “წერა-კითხვის საზოგადოების” სკოლებში. იგი თხოულობს ყველა განყოფილებას ცალკე მასწავლებელი უნდა ჰყავდეს უთუოდ, რის გამოც შტატი სამწლიანის სასოფლო სკოლისა უნდა შესდგეს სამი მასწავლებლისაგან და ჩვენმა ღარიბმა სოფელმა სამკეცი ჯამაგირი უნდა იხადოსო. მღვდლის მასწავლებლად გამწესება ყველგან უხერხულად მიაჩნიათ – თვით სამრევლო სკოლები რუსეთშო აბარია არა მღვდელებს, არამეც ცალკე მასწავლებლებს და მხოლოდ ზედამხედველობა ეკუთვნის მღვდელსა. ბ-ნი როსტომაშვილი-კი მღვდელს სკოლის მასწავლებლად ამწესებს და ოც-და ათს გაკვეთილს ახვევს კისერზედა. ყველგან აქსიომად არის აღიარებული, რომ ბავშვმა ჯერ პირველდაწყებითი საზოგადო სწავლა უნდა შეიძინოს და მხოლოდ მერე შეუდგეს რაიმე სპეციალურს საქმესა, ჩვენის რეფორმატორის პროექტით-კი შვიდი-რვა წლის ბალღებს პირველივე წლიდგანვე უნდა უკითხონ ლექციები აგრონომიისა.

საკვირველნი აარიან საქმენი შენნი, უფალო!

სამწუხაროდ, ამ მრუდე, უკუღმართს მიმართულებას ხალხის განათლების შესახებ ჩვენი რეფორმატორი ბ-ნი როსტომაშვილი მართო ეხლა როდი იჩენს. იგი ამ გზას დიდი ხანია ადგია, მისი სისტემა სრული წლოვანი გახლავთ. ჯერ კიდევ მეოთხმოცე წლებში ამავე მიმართულების წერილებს გზავნიდა რუსულს ენაზედ “Тифлисский Вестник”-ში; მაგრამ რედაქციამ არც ერთს ამ წერილთაგანს დღი ნათელი არ აღირსა. თავისს სახელმძღვანელოებშიაც-კი განახორციელა ეს მიმართულება. 1876 წელს, როდესაც სახალხო სკოლებისათვის მთავრობის მიერ განწესებული იყო ხუთწლოვანი კურსი, რუსული ენა ისწავლებოდა, როგორც საგანი მხოლოდ მესამე წლიდგანა და მთელი სწავლა სწარმოებდა კურსის დაწყებიდგან ბოლომდე მხოლოდ ქართულს ენაზედ, ბ-მა როსტომაშვილმა გამოსცა ქართულად პაწაწკინტელა არიჶმეტიკა, სადაც ამოცანებს ათავებდა დედა-ენაზედ მხოლოდ ოცი რიცხვით და წინასიტყვაობაში თავს იმითი იმართლებდა, რომ ქართულს სახლობასა და სკოლებში არსად ოცზე ზევით არ არიჶმეტიკას ქართულად არ ასწავლიანო, რაც ხალასს სიცრუეს შეადგენდა საკუთარის სიმრუდის გასამართლებლად. აი მისი საკუთარი სიტყვები: “ეს წინადადებანი – ამოცანანი, – როგორც ხედავს მკითხველი, შეადგენილია მხოლოდ ორ რიცხვამდის. ამის მზეზი იყო ისა, რომ ამ ჟამად არც ერთს სასწავლებელში და მგონია არც ერთს ქართულს ოჯახში არ ასწავლიან ქართულს ენაზედ ანგარიშს ამაზედ ზევით”.

ამის შემდეგ მან გამოსცა “Русская речь и Первая книга чтения с азбукою для грузин”, რომელშიაც მხოლოდ აქა-იქ ჰქონდა რუსულს სიტყვებს ქვეშ მოწერილი ქართული სიტყვები და რომელიც მოკლებული იყო გაბმულს ტექსტს დედა-ენაზედ, რასაც ადგილი აქვს ყოველ პედაგოგიურად შედგენილს სახელმძღვანელოში რომელიმე უცხო ენისა. წინასიტყვაობაში, სხვათა შორის, ის აზრიც იყო გაყვანილი, რომ რუსული ენა და რუსული წერა-კითხვა ერთსა და იმავე დროს უნდა ისწავლებოდეს, რის განხორციელებაც ერთი ორად შეამოკლებდა ქართულის ენის გაკვეთილებს პირველ წელიწადში. იგივე წიგნი მან გამოსცა სხვა სახითაც, მარტო რუსულს ენაზედ, რითაც აშკარად გამოესარჩლა იმ აზრს, რომ რუსულის ენის სწავლება უდედა-ენოდაც შეიძლება სწარმოებდესო. ხომ ხედავთ, რამდენი მანძილით გაუსწვრია დასავლეთის საქართველოს განმანათლებლისათვის, “მუნჯის მეთოდის” ავტორისათვის. წინააღმდეგ ამ წინ-სირბილისა, მისი სახელმძღვანელოები უარ-ჰყოფილ იქმნენ სკოლისა და სახლობის მიერ და იგინი არამც თუ მეორე გამოცემას ვეღარ ეღირსნენ, პირველი გამოცემაც ავტორს ხელში შერჩა გაუსყიდველი. ასეთი შედეგი მოსდევს სიღატაკეს, სიმრუდეს და უხეირობას სახელმძღვანელოსას მაშინაც კი, როდესაც მისი ავტორი მისდევს რაიმე ანტიპედაგოგიურის მძლავრს ქარის მიმართულებასა.

სწორედ ამ გარემოებაში საკუთარის სახალმძღვანელოების მტკნარს უხერირობასა და უვარგისობაში უნდა ვეძიოთ საიდუმლო მიზეზი იმ უცნაურის და მავნებელის აზრისა, რომლის ძალითაც ბ-ნი როსტომაშვილი საზოგადოდ, პრინციპიალურად უარ-ჰყოფს სახელმძღვანელოებსა და მათ მაგიერ უნდა გაამეფოს პაწაწ-პაწაწა საკითხავი წიგნები. ეს შემთხვევა უნებლიეთ მოგაგონებთ კუდა მელიას ამბავსა, რომელსაც თავისის უკუდობისა სცხვენოდა, მოუყარა თავი ერთად ყველა კუდიან მელიებსა და უთხრა: კუდი გამოუსადეგარი, უხამსო და უშნო ნაწილია და გირჩევს ჩემსავით თქვენც ყველამ დაიგლიჯოთ და ჩემსავით კოხტა კუდუსუნი შEირჩინოთო. როგორც მოგეხსენებათ, პასუხათ კუდამ მიიღო მხოლოდ საყოველთაო ხარხარი.

ამასთანავე უნდილი, უნელებელი და წინდაუხედავი არის ბ-ნის როსტომაშვილის აზრი შესახებ თვით-სწავლისა. ეს პრინციპი მოქმედებდა წინად, ვიდრე კაცობრიობა ერთი-ათად უფრო ძლიერს ღონისძიებას მოიგონებდა. ეს ღონისძიება გახლავთ სკოლა, სკოლები. თვით-სწავლაში ყოველი ადამიანი გამარტოვებული მოქმედებს, თავისს პატარა ძალის ამარა არის და ბევრს ვერასა ხდება, – რასაც კეთილგანწყობილს სკოლაში ერთს თვეს სწავლობს, იმდენს მთელს წელიწადს ვერ შეიძენს შინ. ამიტომაც სადაც სკოლები არ არსებობს იქ ხალხის განათლება ცუდს მდგომარეობაშია: უბრალოდ, უხეირო წერა-კითხვის მცოდნეც კი ძლიერ ნაკლებად მოიძებნება. შორს რომ არ წავიდეთ, შევადაროთ აღმოსავლეთის და დასავლეთის საქართველო ამ მხრივ. პირველში ერთი-სამად და ოთხად ნაკლებია სკოლები და სწორედ ამის გამოც არის, რომ იქითა საქართველოში ერთი-სამად მეტი წიგნი იყიდება. ამიტომაც ყველა ცოცხალი ქვეყანა სკოლები გამრავლებაზედ ზრუნავს უპირველესად ყოვლისა. ჩვენთვის აქ უფრო საყურადღებოა მოქმედება იმ პატარა ხალხებისა, რომელნიც დიდის სახელმწიფოების ნაწილს შეადგენენ ამჟამად. ამათ კარგად აქვთ შეგნებული, რომ დედა-ენის ცოდნა, მასზედ წერა-კითხვისა და განათლების გავრცელება სკოლების გარეშე თითქმის შეუძლებელია, და ამიტომ ყოველს ღონისძიებას ხმარობენ, თავებს იკლავენ იმისათვის, რათა მათ დედა-ენას ჯეროვანი ადგილი ეჭიროს სკოლების პროგრამაში. პოზნანის პოლონელებს მშვენივრად აქვთ გაწყობილი ოჯახი, იგი ბევრით ძლიერია ქართულს ოჯახზედა; მაგრამ როცა პრუსიის მმართველობამ განიზრახა მათის ენის გაუქმება სახალხო სკოლებში, მთელი საზოგადოება და ხალხი ყალყზედ დადგა. დასამშვიდებლად პრუსაკები ეუბნებოდნენ პოლონელებს: რას ჩივით და დრტვინავთ სკოლებზედ. ოჯახი ხომ თქვენს ხელშია, გააძლიერეთ თვით-მოქმეება, თვით-სწავლა და თქვენი მწიგნობრობა ააღორძინეთო. მაგრამ ამით ვერავინ მოატყუეს, ყველამ კარგად იცოდა, რომ თუ სკოლიდგან პოლონური ენა განდევნილ იქმნებოდა, მათი მწიგნობრობა და ლიტერატურა სწრაფად წავიდოდა უკან-უკან და ხალხის მომავალს შავი ღრუბელი გადეკვრებოდა. ამის გამო ყოველი ღონისძიება იხმარეს, დიდი მსხვერპლიც შესწირეს, რათა აღედგინათ სკოლებში პოლონური ენის უფლება. მით უმეტესად არის საჭირო სკოლა ჩვენის დედა-ენისათვის, რომელსაც ქართველი ოჯახი იმის მესამედ სამსახურსაც ვერ გაუწევს, რაც პოლონელს ოჯახს შეუძლია თავისის ენისათვის. ჩვენ ძლიერ მდიდარნი ვართ ვაჟბანტონებით, რომელნიც ნატრობენ ქართულის ენის გაუქმებას ჯერ ფაქტიურად და მერე პრინციპიალურად. რათა საზოგადოება ამ აზრს შეაჩვიონ, იგინი თვალებს უბმენ თვითსწავლის ქება-დიდებით. რა წაგიხდებათ სკოლებში ქართული დედა-ენის მოსპობითაო? არაფერი, პირიქით წიგნსა, თქვენ თვითონ ისწავლით მას და სკოლას-კი მთლად დაუთმობთ სხვა ენასაო. ამის თქმას ვერ გაბედავდნენ, თუ კარგად არ იცოდნენ, რომ ქართველი საზოგადოების თვალების აბმა, მოტყუება ძლიერ ადვილია. კი, სწორედ ამ ჩვენის თვალების ამბმელებს აძლევს ბანს ბ-ნი როსტომაშვილი, როდესაც თვით-სწავლას ისე აქებს და ხდის მას ძლიერ ღონისძიებად ახალის შუქის მოსაფენად ჩვენს ხალხში. მათვე დახმარებას უწევს, როდესაც სახელმძღვანელოებს უარ-ჰყოფს საზოგადოდ, სახელმძღვანელოებს რომელთაც დიდი სიკეთე დაუთესნიათ, სთესენ და შემდეგშიაც დასთესენ, თუ იგინი არიან შედგენილნი ცოდნით, ნიჭით და სიყვარულით. ამისთანა სახელმძღვანელოების დასაცავად ხალხს ევროპაში რევოლუციაც კი მოუხდენია, როგორც მაგალითად, შვეიცარიაში. განა სკოლებისა და სახელმძღვანელოების მეოხებით არ მოხდა ჩვენს ქვეყანაში ამ ოცის წლის განმავლობაში ის ცვლილება, რომ წიგნი ბევრისთვის შეიქმნა საარსო მოთხოვნილებად და ჩვენი ლიტერატურა, მწიგნობრობა ფეხზე დადგა? ამ ცვილებაში ბ-ნს როსტომაშვილს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მისი თანამედროვე-კი იყო. და ან თუ მიუღია, უკუღმართი, უქადაგნია ისეთი აზრები, რომელთა განხორციელებაც ამ წარმატებას წინ გადაეღობებოდა.

სამაგიეროდ, ახლა იგი გვპირდება მთელის ენციკლოპედიის გამოცემას ქართულს ენაზედა, ღმერთმა ჰქმნას, რომ მესამედი მაინც განეხორციელებინოს აღთქმულისა, მაგრამ განა აქაც არ გაგონდებათ იმ ხის ამბავი, რომელსაც ფესვებს უთხრიდნენ, უხმობდნენ, და ფოთლებს-კი წყალს უშხაპუნებდნენ, ნაყოფს ბევრს მოგვისხამსო.

განა მჭერმეტყველნი, ხმა-მაღლა მღაღადებელნი ფაქტები არიან, რომელთაც შეუძლიანთ ბრმათაც კი თვალები აუხილონ და თვით უკურნებელი ფანტაზიორიც-კი გონზედ მოიყვანონ?

ცხადია, რომ ბ-ნს როსტომაშვილს ოცის წლის ოფიციალურის სამსახურის განმავლობაში ისე ღრმად გასჯდომია ძვალსა და რბილში ერთგვარი მიმართულება, რომ იგი ახლაც, როცა სამოც-და-ათ თუმნიანი პენსია ჯიბეი უძევს, ყურ-მოჭრილი ყმობას უწევს იმავე მიმართულებასა. დროა შეაფურთხოს მავნე სულსა, განდევნოს იგი სრულიად, ახლად მოინათლოს წაღმართ პედაგოგიი ემბაზში და გაწმენდილი შეუდგეს ხალხის განათლების სამსახურსა. თუ ამას მოახერხებს, ჩვენ პირველნი ხმამაღლა ვაღიარებთ მისს წაღმართობასა და უხვად ვუძღვნით მას ქება-დიდებასა. რაც შეეხება მას, თუ როგორი სახალხო სკოლაა ჩვენთვის სანატრელი და ამასთან შესაძლებელი და რაგვარად უნდა იქმნას იგი მოწყობილი, რათა გახდეს ხალხისთვის წყაროდ ცოდნისა, სინათლისა, დოვლათის შეძენისა, ზნეობის განწმედისა, ამას ჩვენ საჭიროდ ვრაცხთ ვუძღვნათ ცალკე წერილები.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button