ქართული გვარები

ავსაჯანიშვილთა გვარი

“ავსაჯან” – საკუთარი სახელია კაცისა.

გვარსახელი “ავსაჯანიშვილი” წინაპრის სახელიდან მომდინარეობს. გვარსახელითა და გვარმოდენილობით ერთფუძენი და ერთსისხლნი არიან ავსაჯანაშვილები და ავსაჯანიშვილები. ავსაჯანაშვილები სულ 10-12 კომლად ცხოვრობენ თბილისში, რუსთავში, გორში, ყაზბეგსა და მარნეულში. მათი ძველი და ნამდვილი გვარი ავსაჯანიშვილია.

KARIBCHE

ავსაჯანიშვილთა გვარი ერთძირიანია. მისი ბუდე-პირველსაცხოვრისი ყაზბეგის რაიონია.

სოციალური მდგომარეობით ავსაჯანიშვილები თავისუფალი მთიელი მეთემეები იყვნენ.

ავსაჯანიშვილთა წინაპარი ხევში ფშავიდან მოსულა, ძირად გოგოლაური ყოფილა. უკანა ფშავის გოგოლაურთ თემიდან გადმოხვეწილა ავსაჯან გოგოლაური და ხევში, სოფელ გორისციხეში, დასახლებულა. მისი შთამომავალნი 1774 წლის არაგვის საერისთავოს აღწერაში ავშაჯანიაურის გვარით იხსენიებიან. 6 კომლი ავშაჯანიაური გორისციხეში მდგარა იმხანად და 1 კომლი – ტყარშეთში. ტყარშეთიდან გამრავლებული ავსაჯანიშვილები არშაში გადასულან.

1886 წლის აღწერის მიხედვით, ხევის სოფელ გორისციხეში უკვე 31 კომლი ავსაჯანიშვილი სახლობდა. მათი განაყრები მეზობელ სოფლებში სიონსა და ვარდისუბანში დამკვიდრებულან.

მოხევე ავსაჯანიშვილებს ენათესავება გუდამაყრელი აფციაურების ავსაჯანიანთ კომობა. ზეპირი გადმოცემით, ავსაჯანიანთ კომობის აფციაურთა წინაპარი ხევიდან, გორისციხიდან, მოსისხლეებს გამორიდებია გუდამაყრის სოფელ ათნოხში და იქ დამხვდურ აფციაურებს შეჰყრია, აფციაურთა გვარზე შემომდგარა. ათნოხში ერთ წყაროს “ავსაჯანის წყალი” ჰქვია დღესაც.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ავსაჯანიშვილთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარცხენედ მიმსვლელ-მცემელთა სადროშოში.

მეფე ერეკლეს მორიგე ჯარში მოხევე ავსაჯანიაურთაგან 20 ხმლიანი მსახურობდა.

ამჟამად ავსაჯანიშვილები ცხოვრობენ: ხევში, შიდა ქართლში, შიგნით კახეთში, ჰერეთში, ქიზიყში და შირაქის ველზე. არიან ჩრდილო კავკასიაშიც: ვლადიკავკაზში, სტავროპოლის მხარეში და ნოღაის ველზე. თბილისში ავსაჯანიშვილების დაახლოებით 100 კომლი ცხოვრობს. საქართველოში ავსაჯანიშვილთა საერთო რაოდენობა 900 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ავსაჯანიშვილთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

Source
http://karibche.ambebi.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button