ვისი გორისა ხარ? აბრამიშვილთა გვარი
გვარის სახელი ერთი აქვთ, ხოლო ძირად სხვანი და სხვანი არიან აბრამიშვილნი. რამეთუ აბრამ – საკუთარი სახელია კაცისა და სხვათა და სხვათა აბრამთა შთამომავალთ აბრამიშვილობა გვარის სახელად გადაქცევიათ ჟამითი ჟამად და ადგილ-ადგილ.
ჯერ XV საუკუნის ვარძიის შეწირულობის სიგელში იხსენიება ერთი ვინმე გლეხი აბრამიშვილი.
მერე XVI საუკუნეში ქვემო ქართლში ჩანან აზნაურნი აბრამიშვილნი, ალგეთზე, სოფელ ტბისში მცხოვრებნი, თავად ბარათაშვილთა ყმანი.
ამავ XVI საუკუნის დასაწყისში ქართლის მეფე კონსტანტინემ მამული უბოძა აბრამიშვილთა შიდა ქართლში, ჩიქუნურში, შიომღვიმის მონასტრის მახლობლად. მერე ეს მამული სადავოდ შექმნილა ათანასე აბრამიშვილსა და ბაგრატ მუხრანბატონს შორის.
XVII-XVIII საუკუნეთა სიგელ-გუჯრებით, აბრამიშვილთ უცხოვრიათ: საამილახვროში – კასპში, საჯავახოში – სიონეში, სათუმანიშვილოში – დარბაზში, საციციანოში – ატენში. საციციანოს აბრამიშვილთ საბარათიანოს აბრამიშვილთა დარად აზნაურობა მოუდიოდათ.
ყიზილბაშობის ჟამს ღალატით გატყდა საციციანოს ძამის ციხე. 1747 წელს შედგენილ ძამის ციხის ამოწყვეტის დავთარში აზნაური აბრამიშვილნიც იხსენიებიან.
ზემო იმერეთში, საფალავანდიშვილოსა და საწერეთლოში, სახლობდნენ აბრამიშვილნი, ვიეთნი გლეხნი და ვიეთნი აზნაურნი.
ბატონიშვილი იოვანე გვამცნობს, ვითარმედ ზემო ქართლის აზნაური აბრამიშვილნი იმერეთიდან გადმოსული ზნაური აბრამაშვილნი ყოფილან.
XVII საუკუნის ერთი საბუთით, მამასახლისის ძმისწული ესაია აბრამაშვილიც იყო და აბრამისშვილიც. XVIII საუკუნის სხვა საბუთით, ხუცესი ლაზარე აბრამიშვილიც იყო და აბრამაშვილიც.
ქართული სიგელ-გუჯარი აბრამიშვილთ და აბრამაშვილთ არ განასხვავებს.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის აბრამიშვილნი გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე და ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე, შუაგულ და მემარჯვენე სადროშოებში.
ამჟამად აბრამიშვილნი ცხოვრობენ ისევ ზემო იმერეთში, ქვემო და შიდა ქართლში და კიდევ ოდიშში, გურიაში, სამცხეში, ეწრო-თიანეთში, შიგნით კახეთში, გაღმამხარსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან ხაშურის, ზესტაფონის, საჩხერისა და ჭიათურის მხარეში.
საქართველოში აბრამიშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 5500-ს ბევრად აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი აბრამიშვილთა!