ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? გოზალიშვილთა გვარი

გოზალ – ლამაზი თურქთა ენაზე. აქედან ნაწარმოებია საკუთარი სახელი გოზალა.

გვარსახელი გოზალიშვილი საქართველოს სხვადასხვა მხარეშია გავრცელებული: ქართლში, კახეთში, ქიზიყში, ჰერეთში, მესხეთში. გოზალიშვილთა გვარი მრავალძირიანია. ისინი სხვადასხვა წინაპრის შთამომავალნი არიან და ერთმანეთს არ ენათესავებიან.

სოციალური მდგომარეობით გოზალიშვილები გლეხები იყვნენ.

არსებობს ზეპირი გადმოცემები გოზალიშვილთა ცალკეული სანათესავო ჯგუფების წინარე გვარების შესახებ. ასეთ გვარებად ასახელებენ: წერეთელაშვილს, ბროლაძეს, კოჭიაშვილს, კოჭიბროლაშვილს, ქოჩიბროლაძეს. წარმომავლობის შესახებ ზეპირი გადმოცემების სხვადასხვაობა გოზალიშვილთა გვარის მრავალძირიანობას ადასტურებს.

ქართულ საისტორიო საბუთებში გოზალიშვილთა გვარი XVII საუკუნიდან იხსენიება. უნდა აღინიშნოს, რომ გვარსახელი გოზალაშვილი უფრო ძველი დროიდან და უფრო ხშირად იხსენიება საბუთებში, ვიდრე გოზალიშვილი. ისინი უფრო ქვემო ქართლში ჩანან.

1691 წელს ქვემო ქართლში ვინმე ალიბეგა დემურიშვილმა ვინმე ალავერდა იაგულაშვილს მიწა მიჰყიდა, რომლის ერთი მიჯნა გოზალიშვილის ვენახი ყოფილა.

მესხი გოზალიშვილების ერთ-ერთ წინაპრად შეიძლება მივიჩნიოთ XIV-XV საუკუნეების ნასყიდობის წიგნში მოწმედ დასახელებული ვინმე გოგიბი გოზალიძე, რომელსაც ახალციხეში უცხოვრია.

მესხეთში გოზალიძის გვარი ოსმალთა გაბატონებამდე ყოფილა. ოსმალობის დროს მესხეთში უკვე გოზალიშვილები ჩანან. ისინიც ისევე იყვნენ ეროვნულ-რელიგიური დევნის ქვეშ, როგორც მესხეთის მთელი მოსახლეობა.

XVIII საუკუნის შუა ხანებში ვალელი გოზალიშვილების სამი ძმიდან ორი გამაჰმადიანებულა. ერთი ქრისტიანად დარჩენილა. გამაჰმადიანებულ ძმებს პეტრე და იოვანე ერქვათ. პეტრეს შთამომავალნი XVIII საუკუნის 80-იან წლებში ერზერუმის მხარეში გადასახლებულან და ახლა ალბათ თურქეთში ცხოვრობენ. იოვანეს (რომელსაც მუჰამედი დაარქვეს) შთამომავალნი ვალეში დარჩენილან, მაგრამ 1944 წელს, სტალინის ბრძანებით, სხვა მაჰმადიან მესხებთან ერთად შუა აზიაში გადაუსახლებიათ. ახლა მათი შთამომავალნი შუა აზიასა და ყაბარდოში ცხოვრობენ. მესამე ძმის, თომას, შთამომავალნი ქრისტიანებად დარჩნენ, მაგრამ შემდეგში ზოგი გრიგორიანი გახდა, ზოგიც – კათოლიკე (საქართველოში კი გრიგორიანებს სომხებად მიიჩნევდნენ, კათოლიკეებს – ფრანგებად, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა). ისევ ვალეში ცხოვრობენ, ნაწილი კი შიდა ქართლში გადმოვიდა. მათი ძირითადი საქმიანობა ვაჭრობა-ხელოსნობა გახდა.

XIX საუკუნეში გასომხებული და გაფრანგებული გოზალიშვილების ნაწილი რუსულის გავლენით გოზალოვებად ჩაწერეს.

ზაქარია ჭიჭინაძის გამოკვლევებში “ქართველი კათოლიკე მოღვაწენი” და “ქართველი გრიგორიანები” გაფრანგებული და გასომხებული გოზალიშვილ-გოზალოვებიც იხსენიებიან.

ალექსანდრე ფრონელი წიგნში “დიდებული მეხეთი” ახალციხის კათოლიკურ ეკლესიას ახსენებს რაბათის უბანში: “არის კიდევ რაბათის რომის კათოლიკეთა ეკლესია, რომელსაც განაგებდნენ პატრები და დღესაც ამ ეკლესიას განაგებს ქართველი პატრი, მამა ლაზარე გოზალიშვილი”. გოზალიშვილთა გვარიდან სასულიერო და საერო მოღვაწენი სხვანიც ყოფილან: კათოლიკე პატრი გაბრიელ გოზალოვი, მონაზონი აგათა გოზალოვა, მონაზონი ფილიმონე გოზალოვა, სტამბოლის ქართული სტამბის ხელმძღვანელი ანტონ გოზალიშვილი, ისტორიკოსი გიორგი გოზალიშვილი, მაჰმადიან მესხთა ქართული ფრთის ლიდერი, ისტორიკოსი ხალილ უმაროვ-გოზალიშვილი და სხვანი.

ერთი სანათესავოს შიგნით ასეთი ეროვნულ-რელიგიური მრავალფეროვნება სამხრეთ საქართველოს სხვა გვარებისთვისაც არ არის უცხო.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გოზალიშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ერთიანი ქართული ლაშქრის წინამბრძოლთა და შუაგულ სადროშოებში, ხოლო “შემდგომად განყოფისა” – ქართლ-კახეთის ლაშქრის მოწინავე სადროშოებში.

ამჟამად სხვადასხვა წარმომავლობის გოზალიშვილები ცხოვრობენ: თბილისში, ახალციხეში და ახალციხის რაიონის დაბა ვალეში; თელავში, გურჯაანში და გურჯაანის სოფელ ველისციხეში; სიღნაღში და სიღნაღის სოფელ ჯუგაანში, ნუკრიანში, მაღაროში, ვაქირში, ბოდბეში, წნორში; ლაგოდეხში და ლაგოდეხის სოფელ ნინიგორში, ხიზაბავრაში, თამარიანში, ჩადუნიანში, ნაწისქვილარში; გორში და გორის სოფელ ქვახვრელში; კასპში და კასპის სოფელ ახალქალაქში, აღაიანში, ოკამში და სხვაგან.

საქართველოში გოზალიშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 950 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გოზალიშვილთა გვარი!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

Source
http://karibche.ambebi.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button