ქართული გვარები

გელიაშვილთა გვარი

“გელიაშვილი” – ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მისი შემადგენელი კომპონენტებია: ფუძე – “გელია” და სუფიქსაცია – “შვილი”.

“გელია”, იგივე “მგელა”, “მგელადან” ნაწარმოები ქართული სახელია. გელია, გელუა, გელიკა, გელიტა და სხვა გელას კნინობითი ფორმებია და კაცის საკუთარი სახელებია. ამრიგად, გელიაშვილების გვარსახელის ფუძეში ფიქსირებულია გვარის წინაპრის საკუთარი სახელი, ეპონიმი – “გელია”.

გელიაშვილის გარდა “გელ”, “მგელ” ფუძიდან ნაწარმოებია ქართული გვარები: გელავა, გელაძე, მგელაძე, გელეიშვილი, გელიაშვილი, გელიკაშვილი, გელიტაშვილი, გელხაური, გელოვანი და სხვა. საუბარია გვარსახელთა ფუძეების მსგავსებაზე და არა გვარმოდენილობათა სისხლით ნათესაობაზე.

თვითონ გელიაშვილთა გვარსახელი რამდენიმე სხვადასხვა წარმოშობის გვარმოდენილობას აერთიანებს. არიან წინაფშაველი, შიდაქართლელი, გარეკახელი და ზემოიმერელი გელიაშვილები. ისინი ყველანი ერთი წინაპრის, ერთი გელიას შთამომავლებად არ უნდა მივიჩნიოთ. გელია ხომ მრავალს შეიძლება რქმეოდა სხვადასხვა მხარესა და სხვადასხვა საუკუნეში. სოციალური წარმომავლობით, გელიაშვილები ყველგან გლეხთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ.

ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, გელიაშვილთა გვარი XVII საუკუნიდან ჩანს.

XVII საუკუნის დამდეგს ზემო ქართლის საკომლოების ნუსხაში იხსენიება გელიაშვილი ათანასე. 1672 წლის წინამძღვრიშვილ-ბუნიათიშვილთა ვენახის ნასყიდობის წიგნში მოწმედ იხსენიება გელიაშვილი ნასყიდა.

ზემოქართლელი გელიაშვილი კაკონა იხსენიება 1688-1703 წლების ციციშვილთა გაყრის წიგნში და გელიაშვილი პაპიაი ჩანს საციციანოს აზნაურ ბუნიათიშვილთა 1689 წლის ნასყიდობის წიგნში.

ქვემოქართლელი გელიაშვილი ლევანა დასახელებულია ბარათაშვილთა 1680-იანი წლების ერთ ნასყიდობის წიგნში.

1692 წელს მეფე ერეკლე I-მა ზურაბ ჯავახიშვილის გლეხი გელიაშვილები ფარსადან ჯავახიშვილს უწყალობა.

საისტორიო საბუთებში არ იხსენიებიან გოგოლაურთა თემის ფშაველი გელიაშვილები, რომლებიც მოგვიანებით წინა ფშავში, თიანეთისა და ახმეტის მხარეში მგელიაშვილებად დაეწერნენ. ასევე დუმილს იცავენ წყაროები იმერეთისა და იმერეთიდან ჰერეთში გადასული გელიაშვილების შესახებ.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გელიაშვილთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ: ცალკერძ ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე (“წინამბრძოლთა”) და შუაგულ (“მეფისა ალმის მპყრობელთა”) სადროშოებში, ცალკერძ კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში.

ამჟამად გელიაშვილები ცხოვრობენ: ფშავში და არაგვზე, გაღმა, სახიმშიაშვილო მამულებში; გარე კახეთში – გარდაბნის რაიონში; შიდა ქართლში – მცხეთის, კასპისა და გორის რაიონებში; იმერეთში – თერჯოლის რაიონში და ჰერეთში – ლაგოდეხის რაიონში. განსაკუთრებით მრავლად არიან დუშეთის, მცხეთისა და გორის რაიონებში. თბილისში გელიაშვილების 80-85 კომლი ცხოვრობს.

1995 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში გელიაშვილთა გვარის დიდ-პატარა, ქუდოსან-მანდილოსანი ერთად 1141 სულს ითვლიდა.

ღმერთმა ამრავლოს გვარი გელიაშვილთა!

Source
http://karibche.ambebi.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button