ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? ბუაძეთა გვარი

ბუაძეთა ეპონიმური, ერთძირიანი გვარის ბუდე-პირველსაცხოვრისად, წერილობითი წყაროებისა და ზეპირი გადმოცემების მიხედვით, ქვემო რაჭის სოფელი ხონჭიორი უნდა ვივარაუდოთ.

ეთნოგრაფიული მონაცემებით, რაჭველ ბუაძეებს და იმერელ ბუიძეებს საერთო წარმომავლობა აქვთ. რაჭველ ბუაძეებს ენათესავება აფხაზეთ-სამეგრელოში მცხოვრები ბუავათა გვარიც. სოციალური მდგომარეობით ბუაძეები სამეფო, საბატონო და საეკლესიო გლეხები იყვნენ.

ყველაზე ძველი წერილობითი წყარო, რომელშიც ბუაძეთა გვარი იხსენიება, ჭელიშის ცნობილი ოთხთავის ერთი მინაწერია, რომელშიც ვკითხულობთ: “სახელითა ღმრთისაითა და ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისათა მარადის ქალწულისა მარიამისათა, ესე წიგნი მე გიგნიამან გარაყანიძემან დავწერე ჩემისა სულისა… დღესა შემოვსწირე ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა სულისა ჩემისა საოხად გოდელიაური ონსა მამული გლეხითურთ დავდევ და გავაჩინე წირვა დიდმარხვისა და ერთი აღაპი აღდგომისა ორშაბათსა მოძღვრისა ჩემისა ხელითა რაფაელისა ბუაძისათა იქმნებოდე და რა იგი მოკვდეს, ვინცა მისი ნაქონი დარჩეს, დიდმარხვაცა მან სწიროს და აღაპიცა…” მინაწერი წარმოადგენს სააღაპე წიგნს ჭელიშის ღვთისმშობლისადმი რაჭველი აზნაურის გიგნია გარაყანიძისა, რომლის მოძღვარი ყოფილა რაფაელ ბუაძე. ხელნაწერი XIV-XV საუკუნეებით თარიღდება.

პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, ქართული საბუთების ფონდში ინახება (რატომღაც!) ბაგრატ იმერთა მეფის 1544 წლის ნიკორწმინდისადმი შეწირულობის სიგელი, რომლის მიხედვითაც ხონჭიორელი სამეფო გლეხი ბუაძე საეკლესიო გლეხი გამხდარა.

სოფელ ხონჭიორში ექვთიმე თაყაიშვილმა 1920 წლის ექსპედიციის დროს ნახა ჯვარცმის ხატი ასომთავრული წარწერით: “ჯვარო ქრისტესო, შეიწყალე ცოდვილი გიორგი ბუაძე”.

1720-1730 წლების როდამ დედოფლის ხახულის ღვთისმშობლისადმი შეწირულობის სიგელში მოწმეთა შორის იხსენიება სავარაუდოდ სასულიერო პირი დათუნა ბუაძე.

1819-1820 წლებში რუსულმა მმართველობამ ქართულ ენაზე დაბეჭდა იმერეთის მოსახლეობაში გასავრცელებელი სია იმ “ავაზაკებისა და მუხანათებისა”, რომლებსაც დაეძებდნენ. სიაში იხსენიება მღვდელი დავით ბუაძე, ერთ-ერთი მოთავე და აქტიური მონაწილე იმერეთის აჯანყებისა. მღვდელი დავით ბუაძე რაჭის სოფელ ხონჭიორიდან ყოფილა.

XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, ბუაძეებს უცხოვრიათ რაჭის სოფელ ხონჭიორში როგორც სახელმწიფო და საბატონო გლეხებს. მათში ყოფილან სასულიერო წოდებისანიც. აგრეთვე უცხოვრიათ რაჭის სოფელ ბუგეულში, ისინი საეკლესიო გლეხები ყოფილან.

ამ დროისათვის ბუაძეები მრავლად ყოფილან ჩამოსახლებულნი იმერეთის სოფლებში: გადიდში (საბატონო გლეხები), საქარაში (საბატონო გლეხები), სიმონეთში (სახელმწიფო გლეხები), ქუტირში (საბატონო გლეხები), ღანირში (საბატონო გლეხები), ციხიაში (საბატონო გლეხები), ჯიქთუბანში (საბატონო გლეხები), ჯიხაიშში (საბატონო გლეხები) და სხვაგან.

საისტორიო საბუთების მიხედვით, რაჭაში ბუაძეები თავად წულუკიძეთა მამულში, ხოლო იმერეთში თავად აბაშიძეთა, ჩიჯავაძეთა, მიქელაძეთა მამულებში ჩანან.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბუაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე სადროშოში.

იმერეთში ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა ბუაძეთა გვარის სახელი: “ბუაძეები” – უბანი სოფელ სიმონეთში, “ბუაძეების წყარო”, “ბუაძეების ადგილი” – წყარო და ვენახი ამავე სოფელში, “ბუაძის ეზო” – ვენახი სოფელ ჩორთილაში, “ბუაძის ღელე” – ღელე სოფელ გეგუთში, “ბუაძისოული” – ვენახი სოფელ მწყერისციხეში, “ბუაძისოული” – სახნავი ადგილი სოფელ გამოღმა ბოსლევში და სხვა.

ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ ბუაძეთა გვარისშვილნი: მღვდელმონაზონი დიონისე ბუაძე, მღვდელი დავით ბუაძე, მღვდელი ზურაბ ბუაძე, ბერი ათანასე ბუაძე, მონაზონი რაქილ ბუაძე, რეჟისორი ზაზა ბუაძე, მუსიკოსი-ფოლკორისტი ნესტან ბუაძე, მსახიობი ამირან ბუაძე, მსახიობი თათია ბუაძე და სხვანი.

ამჟამად ბუაძეები ცხოვრობენ: ქვემო რაჭაში, ლეჩხუმში, იმერეთში, გურიასა და ქართლში. იყვნენ აფხაზეთშიც.

საქართველოში ბუაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 1900 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ბუაძეთა!

Source
http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/qarthuli-gvarebi/4016-visi-gorisa-khar.html

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button