ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? მაჭარაშვილთა გვარი

მაჭარი – ახალი ღვინო (საბა).

მაჭარა – ძველი ქართული არაქრისტიანული საკუთარი სახელი კაცისა.

გვარის სახელით “მაჭარ”-ფუძისანი არიან: მაჭარაძენი და მაჭარაშვილნი, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

KARIBCHE

ქართულ საისტორიო საბუთებში მაჭარაშვილთა გვარი XVI საუკუნიდან იხსენიება.

1588 წლის ნიკოლოზ ქართლის კათალიკოსის ერთ წყალობის სიგელში სამცხეთო აზნაურის ელიოზისძისადმი სოფელ ბარაუნში იხსენიება გლეხი ბორჯალა მაჭარაშვილი. სოფელი ბარაუნი დღეს აღარ არსებობს. სავარაუდოა, რომ ეს სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობდა. ამჟამად ქართლში, ქსნის ხეობაში შემორჩნენ მაჭარაშვილნი. მათი გვარი ქსანზე ძირძველ, მკვიდრ გვარად ითვლება, ხოლო კასპის რაიონის სოფლებში ჩასახლებულ ქსნისხეველ მაჭარაშვილებს “მთიულებს” უწოდებენ დღესაც.

XVII საუკუნიდან მაჭარაშვილთა გვარი ზემო იმერეთში ჩანს. ამ საუკუნის მიწურულს თავადმა ზაალ წერეთელმა ნასხაშვილისეული მამული უბოძა ლაზარე მაჭარაშვილს. სიგელის ბოლოში წერია: “არიან ამისი მოწამე აზნაურიშვილები: ბედანა გოდაბრელიძე, შოშიტა ციმაკურიძე, მაჭარაშვილი შოშიტა, მკერვალი პაპუნა კაპანაძე”. ამავე ზაალ წერეთელმა ლაზარე მაჭარაშვილს თარხნობის წიგნიც დაუწერა.

1722 წლის საბუთებით თავად წერეთელს, ვალდებულს, ლაზარე მაჭარაშვილისთვის ბიჭი (მსახური) მიუცია. იმავე წლის სხვა საბუთით იგივე თავადი დათუა მაჭარაშვილს ვალის სანაცვლოდ მამულს აძლევს.

1747 წლის ნასყიდობის წიგნის მიხედვით, მაჭარაშვილი დათუა ბატონის შვილ ნიკოლოზს მიჰყიდის სისხლში აღებულ ესტატე ღვინიაშვილს მისი ძმით და შვილებით.

1804 წლის ზემო იმერეთის მოსახლეობის რუსთა მეფისადმი ერთგულებაზე მასობრივი ძალდატანებით დაფიცების ერთ საბუთში სოფელ კორბოულში ჩამოთვლილია მაჭარაშვილთა 34 ოჯახი (ისინი მაჭაროვებად ჩაუწერიათ). ამათგან ერთი – გიორგი მაჭარაშვილი მღვდელი ყოფილა და ერთიც – მამუკა მაჭარაშვილი – კორბოულის მამასახლისი.

ადრევე დაწყებულა იმერელ მაჭარაშვილთა დამკვიდრება შიდა ქართლში.

ხაშურ-ქარელის მხარეში ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა მაჭარაშვილთა გვარის სახელი: მაჭარაანი – უბანი სოფელ წაღვლში, მაჭარაანთწყარო და მაჭარაშვილების ტყე – სოფელ შაქშაქეთში.

XX საუკუნის დამდეგს ხაშურის მხარის სოფელ ვაყის მამასახლისად ჩანს ნიკოლოზ მაჭარაშვილი, აგრეთვე იმერეთში კორბოულელი მღვდელი ვალდიმერ მაჭარაშვილი და გუნდაეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი სერგი მაჭარაშვილი.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის მაჭარაშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარცხენე და იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოებში.

ამჟამად მაჭარაშვილები ცხოვრობენ: ზემო იმერეთში, გურიაში, სამცხეში, შიდა და ქვემო ქართლში, შიგნით კახეთში და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: საჩხერის, ჭიათურის, ლაგოდეხის, ხაშურის, ადიგენისა და კასპის რაიონებში.

თბილისში ამერ-იმერი მაჭარაშვილების დაახლოებით სამასი კომლი ცხოვრობს.

საქართველოში მაჭარაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 8100 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი მაჭარაშვილთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

სტატიის ავტორი: ჟურნალის რედაქცია

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button