ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? კვარაცხელიათა გვარი

კვარა – ძველი ქართული არაქრისტიანული საკუთარი სახელი კაცისა, ხოლო კვარიანთა, კვარაქალი, კვარხიბა, კვარჩელა, კვარაკვახი, კვარაცხელა იმავე სახელიდან ნაწარმოები მეტსახელებია.

გვარის სახელით “კვარ”-ფუძისანი არიან: კვარიანთაშვილები, კვარაკვახიძეები, კვარხიბაიძეები, კვარქალიები, კვარჩელიები, კვარცხალიები და კვარაცხელიები, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ძველთაგან ოდიშს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი კვარაცხელიათა.

KARIBCHE

ეგრე უბნობენ: ოდესღაც ზემო სვანეთიდან ჩამოსულაო კვარაცხელიათა წინაპარი ზემო სამეგრელოში, სოფელ ჯგალში. ამასაც უბნობენ, კვარას ციხის მეციხოვნე ყოფილაო პირველი კვარაცხელია. ეს მხოლოდ ზეპირი გადმოცემებია.

ქართულ საისტორიო საბუთებში დასტურდება სვანური გვარი კუარაცხელიანი (XIV საუკუნის სვანეთის სულთა მატიანე). სამეცნიერო ლიტერატურაში გაზიარებულია აზრი იმის შესახებ, რომ მოგვიანებით სამეგრელოში ფიქსირებული გვარი კვარაცხელია სწორედ სვანეთიდან მომდინარეობს.

გვიანი შუა საუკუნეების ოდიშის სამთავროს სოციალური შინაარსის საბუთებში კვარაცხელიები იხსენიებიან ზემო სამეგრელოში, საუფლისწულო სამანჩოს მამულებში.

1634 წელს მარიამ დადიანს ქართლში გადმოჰყოლია დედოფლის მოლარე პატია კვარაცხელია.

1857 წლის სამეგრელოს აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიუღია წალენჯიხის გლეხთა ლაშქრის წინამძღოლს ლევან კვარაცხელიას. 1858 წელს ლევან კვარაცხელიასთან ერთად ციმბირში გადასახლებულთა შორის იხსენიებიან: ჯოტო, ხუტუ, ბეხუ, ბახუ და მახუ კვარაცხელიები.

ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა კვარაცხელიათა გვარის სახელი: ლეკვარაცხილე – ნასოფლარი მდინარე ზანის მარჯვენა ნაპირზე, ნაკვარაცხელუ – ბორცვი და ტყე ფახულანის თემში, საკვარაცხელიო – უბანი სოფელ კორცხელში, გურიფუში, ზენში, დურღენაში, კვარაცხელიას გორა – გორაკი გურიის სოფელ ღრმაღელეში, კვარასხელიების ნაკარვალი – ადგილი სოფელ გომში.

კვარაცხელიებმა ბუნებრივი სელექციით გამოიყვანეს საქონლის განსაკუთრებული ჯიში “კვარაცხელიას ჯიშის ძროხა”. ჰყავდათ მრავალრიცხოვანი ჯოგები. ჰქონდათ საგვარეულო ნიშანი – დამღა.

კვარაცხელიათა კუთვნილი მრავალათასიანი ჯოგები პალიასტომის მიდამოებში იზამთრებდნენ, ხოლო გაზაფხულზე – ოთხჯიმაქუას, ნაკეკუს, წიფონას, ჩღვინდღულას და ჩხოროწყუს მთებისკენ მიემართებოდნენ.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის კვარაცხელიათა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქარში, მთავარ დადიანთა დროშის ქვეშ.

ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ კვარაცხელიათა გვარიშვილნი: აკადემიკოსი ტარას კვარაცხელია, პროფესორები შალვა, ნაპო და ბორის კვარაცხელიები, სახელგანთქმული მეჯოგე და თვითნასწავლი სელექციონერი ძიკი კვარაცხელია…

ამჟამად კვარაცხელიები ცხოვრობენ: ოდიშ-სამურზაყანოში, იმერეთსა და გურიაში, მრავლად იყვნენ აფშილეთსა და აბაზგეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: წალენჯიხის, ზუგდიდის, ჩხოროწყუსა და ხობის რაიონებში. კვარაცხელიები არიან საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც.

საქართველოში კვარაცხელიათა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 13600-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი კვარაცხელიათა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

Source
http://karibche.ambebi.ge/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button