ვისი გორისა ხარ? მეფარიძეთა გვარი
“მეფარიძე” ხელობა-საქმიანობის აღმნიშვნელი გვარსახელების ტიპს მიეკუთვნება. საფიქრებელია, რომ გვარსახელი მეფარიძე რამდენიმე გვარმოდენილობას აერთიანებს, როგორც, მაგალითად: მჭედლიშვილები, მენაბდიშვილები, მესტვირიშვილები, მექვაბიშვილები, მეცხვარიშვილები, მეშვილდიშვილები და სხვანი მრავალი მჭედლის, მენაბდის, მეცხვარისა და მემშვილდის შთამომავლები არიან. სხვადასხვა დროს სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა მეფარის – ფარის მკეთებელი ოსტატის შვილებს მეფარიძეობა გაუგვარდათ, თანაც ეს ალბათ მანამდე მოხდა, სანამ ჩვენში თოფ-დამბაჩა ფართოდ გავრცელდებოდა და ქართული ფარი თავის მნიშვნელობას დაკარგავდა. მეფარიძეები საკმაოდ ძველი დროიდან ჩანან რაჭაში, იმერეთში, ქართლსა და კახეთში.
სოციალური მდგომარეობით მეფარიძე გლეხური გვარია. მეფარიძეები ყოფილან საეკლესიო გლეხებიც, საბატონო გლეხებიც (წერეთლების, აბაშიძეების, იაშვილების, ფერაძეების, ტატიშვილების, ყანჩაელების ყმები), სახელმწიფო გლეხებიც. გვხვდება მეფარიძე ბოგანო გლეხადაც (ბოგანობა დროებითია, აკი “ჭირვეულობა რიგით არის”).
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მეფარიძეთა ძველი გვარის შთამომავალთა უმრავლესობა დღეს ნეფარიძის გვარს ატარებს და მცირე ნაწილია მეფარიძის გვარზე დარჩენილი. “მ” და “ნ” ასოთა მონაცვლეობა დამახასიათებელია ქართული ენისათვის (მეფე – ნეფე). მეფარიძე რომ ძველი ფორმაა და ნეფარიძე – ახალი, ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ საისტორიო საბუთებში “მეფარიძე” მრავალჯერ გვხვდება, “ნეფარიძე” კი თითქმის არა. ძველ საბუთებში მხოლოდ XIX საუკუნიდან იხსენიება. ნეფარიძეთა ერთი შტო აზნაურიც ყოფილა.
ჩვენს ხელთ არსებული წერილობითი წყაროების მიხედვით, მეფარიძეთა გვარი XVI საუკუნიდან ჩანს.
1578 წლის ქუთაისის საყდრის მებეგრეთა დავთარში იხსენიებიან როკითს მცხოვრები გლეხები: გოგიჩა, დავით და ხუჩუტა მეფარიძეები, სამ კომლად. ისინი საეკლესიო გლეხები იყვნენ. სოფელი როკითი მდებარეობს იმერეთში, ბაღდათის რაიონში.
XVII საუკუნის II ნახევრის ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში წერია: “ქვემო ძვიმლითს ტატიშვილის ყმა მეფარიძე კაცია, კომლი ერთი, შვილი ამისი სამი ვაჟი”. მეფარიძეთა ამ ოჯახიდან სამ კაცს ევალებოდა ლაშქარში გასვლა.
ამავე პერიოდის საამილახვროს დავთარში იხსენიება: “ცხვილოსს მეფარიძე ნასყიდა მშვილდით. კომლი ა, თავი ა”. აგრეთვე “წინუბანს მეფარიძე მამუკა თოფით. კომლი ა, თავი ბ”. ესე იგი ერთი მშვილდოსანი უნდა გამოსულიყო სხვილოსელი მეფარიძეებიდან და ორი თოფოსანი – წინუბნელი მეფარიძეებიდან. ცნობილია, რომ ლაშქარში მშვილდითა და შუბით გლეხთა ყველაზე ღარიბი ფენის წარმომადგენლები გამოდიოდნენ, ხოლო თოფით გამოსვლა შეშლებული გლეხების ვალდებულება იყო.
1680 წელს ნასყიდა გოშაძემ და დათუნა მეფარიძემ მამული “გრძელას მიწა” მიჰყიდეს ბერინა ზარიძეს. ნასყიდობის წიგნიდან არ ჩანს, სად იყო ეს “გრძელას მიწა”. გვარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გოშაძე რაჭა-იმერეთში გავრცელებული გვარია, ზარიძე ჯავახეთში, ქართლსა და ფშავში გვხვდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენთვის საინტერესო მამული ემიჯნებოდა ბახჩიაშვილისა და შავერდაშვილის მამულებს, ეს დათუნა მეფარიძე უფრო ქართლში მცხოვრებ მეფარიძეთა შტოს უნდა მივაკუთვნოთ.
XVII საუკუნის კიდევ ერთ ნასყიდობის წიგნში, რომლითაც კალატოზიშვილმა ინდუაშვილს ვენახი მიჰყიდა, მოწმედ იხსენიება ნიკოლოზა მეფარიძე. ეს მოწმე მეფარიძე ნამდვილად ქართლელია, რადგან ვენახის მყიდველიც და გამყიდველიც ქართლის მკვიდრნი არიან.
1700 წლის კოდისპურის გადამხდელთა სიაში იხსენიება ახრისს მცხოვრები ყანჩაელის ყმა ქიტია მეფარიძე. ყანჩაელები შიდაქართლელი აზნაურები იყვნენ. სოფელი ახრისი გორის რაიონში მდებარეობს.
XVIII საუკუნის I მეოთხედის კახეთის ხალხის აღწერის მიხედვით, სოფელ შიბლიანში უცხოვრია ბოგანო გლეხს ადამ მეფარიძეს. შიბლიანი გარე კახეთის სოფელია.
1788 წლის წყალობის სიგელით, იმერთა მეფემ დავითმა ყმა და მამული უბოძა ნიკოლოზ იაშვილს. სიგელში იხსენიება დავითელა მეფარიძე. იაშვილები რაჭველი თავადები იყვნენ. საფიქრებელია, რომ ეს დავითელა მეფარიძეც რაჭის მკვიდრია.
1791 წელს თავადმა წერეთელმა ჯრუჭის მონასტერს ყმები დაანება – შუქრუთს მცხოვრები გლეხები ხოხონა მეფარიძე და მისი ძმისშვილები პეტრე და კიკოლა. ამ წლიდან ისინი საეკლესიო გლეხების კატეგორიაში გადავიდნენ.
XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, მეფარიძეებს უცხოვრიათ იმერეთის სოფლებში: ვარდიგორაში (საბატონო გლეხები), საქარაში (საბატონო გლეხები) და ძევრში (სახელმწიფო გლეხები), რაჭის სოფელ სხვავაში უცხოვრიათ ნეფარიძის გვარის სახელმწიფო და საბატონო გლეხებს. სწორედ რაჭის სოფელ სხვავადან მოსულობა ახსოვთ ზემო იმერეთის სოფელ შუქრუთში მცხოვრებ ნეფარიძეებს, რომელთა წინაპრები მეფარიძის გვარით იხსენიებიან 1791 და 1809 წლების ჯრუჭის მონასტრის საბუთებში.
მეფარიძეთა გვარის შთამომავალნი ნეფარიძის გვარით იხსენიებიან ამავე პერიოდის აღსარების მთქმელთა სიებში იმერეთის შემდეგ სოფლებში: ბერეთისაში (საბატონო გლეხები), დუნთაში (საბატონო გლეხები), ვანში (საბატონო გლეხები, აქ მეფარიძეებადაც იწერებოდნენ და ნეფარიძეებადაც), თერჯოლაში (საბატონო გლეხები), კიცხში (საბატონო გლეხები), შუქრუთში (საეკლესიო და საბატონო გლეხები, აგრეთვე სასულიერონი), ცხრაწყაროში (საბატონო გლეხები). სოფელ ბზვანში მცხოვრები ნეფარიძენი იხსენიებიან სათავადო აზნაურებად.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის მეფარიძე-ნეფარიძეთა გვარის მეომრები გლეხნი – კომლზე კაცად და აზნაურნი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ცალკე იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე, მემარცხენე და შუაგულ სადროშოებში, ცალკე ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში და ცალკე კახეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე სადროშოში.
ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა მეფარიძე-ნეფარიძეთა გვარის სახელი: “მეფარიძეების წყარო” – წყარო სოფ. სეფარეთში (თერჯოლის რ-ნი), “მეფარიძის ჭა” – სოფ. ქვემო ბროლოსანში (ხაშურის რ-ნი), “ნეფარიძეები” – უბანი სოფ. ტყელვანში (ვანის რ-ნი), “ნეფარიძეების ვაცები” – ბუჩქნარი ტყე სოფ. კალაურში (ჭიათურის რ-ნი), “ნეფარიძეები” – უბანი სოფელ შუქრუთში (ჭიათურის რ-ნი), “ნეფარიძეების უბანი” – სოფ. პერევისაში (ჭიათურის რ-ნი), ხრეითში (ჭიათურის რ-ნი) და ქვედა საზანოში (ზესტაფონის რ-ნი), “ნეფარიძის გარემო” – ვენახი ამავე სოფელში, “ნეფარიძისეული ყანა” – სახნავი სოფ. მერევში (ჭიათურის რ-ნი), “ნეფარიძის ყანები” – სახნავი სოფ. ნასრში (ჭიათურის რ-ნი) და სხვა.
ქრისტიანული სულიერებისა და ქართული კულტურის სამსახურში გამოჩნდნენ მეფარიძე-ნეფარიძეთა გვარისშვილი: მღვდელი შიო ნეფარიძე, მღვდელი იოანე მეფარიძე, ბერი სებასტიან ნეფარიძე, მომღერალი აჩიკო მეფარიძე, მომღერალი დათო ნეფარიძე და სხვანი.
ამჟამად მეფარიძე-ნეფარიძენი ცხოვრობენ: ქვემო რაჭაში, ზემო იმერეთში, ოკრიბაში, გურიაში, შიდა ქართლში, გარე კახეთში, შიგნით კახეთსა და ჰერეთში.
საქართველოში დაახლოებით 500 სული მეფარიძე და 2000 სული ნეფარიძე ცხოვრობს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი ნეფარიძეთა!
მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ