ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – ნახევარქათამა

– კლასში შემოვა, არავის შეხედავს, მისკენ წამოვა, მის გვერდით დაჯდება, თვითონ გადაიწევა და ლოყაზე აკოცებს, თან – სიგიჟემდე მომენატრე, მიყვარხარო! – ყურში ჩასჩურჩულებს.
***
ლილი ახალ კლასში რომ გადავიდა, ისეთი საშინელი შესახედავი იყო, ბავშვებმა ერთხმად “გომბეშო” დაარქვეს. მასწავლებელმა კი, არც აცია, არც აცხელა, პირდაპირ “ნახევარქათამას” გვერდით, მუდამ ცარიელ ადგილზე დასვა და იქით აღარც გაუხედავს. “ნახევარქათამას” თემოს ეძახდნენ, რადგან პატარა თავით, გაშვერილი, მოკაუჭებული ცხვირით და ბულულა ქოჩრით ქათამს წააგავდა და თან, ნახევარი სახე წითლად ჰქონდა ტყლიპით დაფარული, მაგრამ თვალებგადმოკარკლულ ლილისთან შედარებით ლეონარდო დიკაპრიო გეგონებოდათ. თავიდან “ნახევარქათამაც” დაფრთხა, გვერდზე გაიწია, მაგრამ ლილიმ რომ გადაუჩურჩულა
– ნუ გეშინია, ჩიყვი მაქვს, გადამდები არ არისო! – დაწყნარდა და ბედს შეეგუა. შეეგუა კი არა, ცოტა ხანში განუყრელი მეგობრები გახდნენ. დილით ერთად მიდიოდნენ სკოლაში. საღამოს გოგონას სახლამდე მიაცილებდა და შინ მიდიოდა. უკვე ვეღარ ამჩნევდა მის გადმოკარკლულ თვალებს. ის კი არა, ელამაზებოდა კიდეც. თუ ვინმე ლილის “გომბეშოს” დაუძახებდა, მაშინ უნდა გენახათ “ნახევარქათამას” გააფთრება – ეს თვინიერი და მორიდებული ბიჭი, წამში აალდებოდა, ძარღვები დაეჭიმებოდა, მებრძოლი მამალივით, კისერს წაიგრძელებდა და მთქმელს დააცხრებოდა. მართალია, უფრო ხშირად თვითონ იცემებოდა, მაგრამ ლილის დაცინვას არავის პატიობდა.
როგორც ხშირად ხდება მათ ასაკში, ბიჭის და გოგოს მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. თემო ყოველდღე აპირებდა აეხსნა ლილისთვის სიყვარული, მაგრამ ვერ ბედავდა – ეგონა გოგონა გაუბრაზდებოდა და ხმას აღარ გასცემდა, ამას კი სიკვდილი ერჩია. ამიტომ, ყოველ ჯერზე, მეორე დღისთვის გადადებდა სათქმელს. ამასობაში სასწავლო წელიც მიილია, გამოცდები ჩააბარეს და ახალი სასწავლო წლის მოლოდინში, სოფლებში დაიფანტნენ.
მთელი ზაფხულის განმავლობაში ლილიზე ფიქრობდა თემო, ენატრებოდა, დარდობდა. მტკიცედ გადაწყვიტა, სკოლაში მისვლისას, პირველივე დღეს აეხსნა სიყვარული. ოცნებობდა, როგორ შემოვიდოდა ლილი, არავის შეხედავდა, მისკენ წამოვიდოდა, მის გვერდით დაჯდებოდა, თვითონ მისკენ გადაიწეოდა და ლოყაზე აკოცებდა. – სიგიჟემდე მომენატრე, მიყვარხარო! – ყურში ჩასჩურჩულებდა.
და აი, როგორც იქნა მიილია არდადეგები. თემო თავის ადგილზე ზის და ლილის შემოსვლას ელოდება. დღეს გადაწყდება მისი ბედი. მოსწავლეები შემოდიან, ერთმანეთს ესალმებიან, ამბებს უყვებიან. ნელ-ნელა ივსება კლასი. მხოლოდ ლილი არ ჩანს. თემო ზის თავის ადგილზე, ლილის ელოდება, წუთები საათებად იჭიმებიან, კისრის ძარღვები დაბერვია, ნერვიულობისგან ოდნავ კანკალებს, – რომ გაბრაზდეს, სილა რომ გაარტყას? არა, რაც არ უნდა მოხდეს, ეტყვის! ნაბიჯების ხმა მოესმა – ისაა, იმან იცის ასეთი სიარული, გული ამოვარდნას ლამობს, კარებს მოადგა, გააღო, შემოვიდა… ვინაა, ეს ლამაზი გოგო? ლამაზი კი არა, ულამაზესი! ტანი ლილისა აქვს, ცხვირიც, პირიც, თმებიც, წარბებიც! მხოლოდ თვალები აქვს სხვა – ლამაზი, ნუშისებრი, ოდნავ მინაბული. გულზე დაკიდებული მედალიონი სანახევროდ უფარავს ყელზე მოგრძო ნაიარევს. უღიმის, მისკენ მოდის თავისუფლად, წელში გამართული, თავდაჯერებული, სხვას არავის უყურებს. გაკვირვებული კლასელები თვალს აყოლებენ. მოვიდა, მის გვერდით დაჯდა, გადმოიწია, ლოყაზე აკოცა – როგორ მომენატრეო! – ყურში ჩასჩურჩულა… ბიჭი დაპატარავდა, მიილია, ჩანთას დაწვდა, აიღო და მოკუნტული, ლასლასით, უკანა, ცარიელ მერხთან გადაჯდა.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button