ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – მიტო უზუმაკი

მიტო უზუმაკი (うずまきミト, უზუმაკი მიტო) კონოჰაგაკურელი კუნოიჩი იყო, წარმოშობით უზუშიოგაკურეს უზუმაკის კლანიდან. მიტო კურამას პირველი ჯინჩურიკი და პირველი ჰოკაგე ჰაშირამა სენჯუს მეუღლე იყო.

ბიოგრაფია
მიტო უზუმაკის შესახებ სერიებში საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ცნობილია, რომ იგი კონოჰას დამაარსებელსა და მის პირველ ჰოკაგე ჰაშირამა სენჯუზე იყო დაქორწინებული. დასასრულის ხეობაში მადარა უჩიჰასთან ბრძოლისას ჰაშირამამ კურამაზე დროებითი კონტროლი მოიპოვა, რის შემდეგაც, ფუინძიუცუს გამოყენებით, მიტომ ის თავის სხეულში ჩაბეჭდა. მოგვიანებით, მიტოს ორსულობის დროს საკეტი შესუსტდა, რამაც ცხრაკუდიანის განთავისუფლების საშიშროება წარმოშვა. აღნიშნული ფაქტის გამო კურამას მეორე ჯინჩურიკის − კუშინა უზუმაკის მშობიარობა ქალაქგარეთ, დამცავ ბარიერში მოხდა.

ჰაშირამას დაღუპვის შემდეგ დაქვრივებულმა მიტომ ცხოვრება კონოჰაში განაგრძო. მან საკმაოდ დიდხანს, მესამე ჰოკაგეს მმართველობამდე იცოცხლა. ცხრაკუდიანის მომდევნო ჯინჩურიკი მისი სიცოცხლის ბოლო წლებში შეირჩა. მიტომ, რომელსაც კარგად ესმოდა კუშინას სულიერი მდგომარეობა, იგი თავისთან დაიბარა და უთხრა, რომ კურამას უსაზღვრო ბოროტებისა და სიძულვილის დათრგუნვა მხოლოდ სიყვარულით იყო შესაძლებელი, რაც ბედნიერად თანაცხოვრების ერთადერთ გზას წარმოადგენდა. მოგვიანებით, ნარუტოსთან შეხვედრისას კუშინამ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გაიხსენა მიტო.

გარეგნობა
მიტოს უზუმაკის კლანისთვის დამახასიათებელი გრძელი, წითელი თმა ჰქონდა, რომელსაც შეკრულს ატარებდა. იგი მუქი ფერის ტუჩსაცხს იყენებდა და, ცუნადეს მსგავსად, შუბლზე რომბის ფორმის იასამნისფერი ნიშანი ჰქონდა. მიტოს მაღალსაყელოიანი ფერადი კიმონო ეცვა, რომელიც უზუშიოგაკურეს სიმბოლოიანი ობით ჰქონდა შეკრული. ასაკის მატებასთან ერთად მიტოს თმის ფერი გამუქდა და სიცოცხლის ბოლო წლებში მუქი ყავისფერი გახდა. შეიცვალა მისი ჩაცმულობაც − კუშინასთან შეხვედრისას მას თეთრი ფერის კიმონო ემოსა, რაც მუქი ფერის ობით ჰქონდა შეკრული.

შესაძლებლობები
მიტოს საბრძოლო ტექნიკების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. კუშინას თქმით, იგი საკმაოდ ძლიერი კუნოიჩი იყო. მიტო ფუინძიუცუში იყო დახელოვნებული, რომლის გამოყენებით მან კურამა საკუთარ სხეულში ჩაბეჭდა. გარდა ამისა, მიტო დღეგრძელობითა და ხასიათის სიმტკიცით გამოირჩეოდა − წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ შეძლებდა კურამას უზარმაზარ ჩაკრასთან გამკლავებას. მას ასევე უარყოფითი ემოციების შეგრძნობა შეეძლო, რასაც ცხრაკუდიანზე კონტროლის მოპოვების შემდეგ ნარუტოც შეიძენს.

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button