პოეზია
ილია ჭავჭავაძე – რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით
ერთხელ მე და პაპაჩემი
ერთს ადგილს შევიყარენით;
ჯერ, როგორც მოგეხსენებათ,
მრავალჯერ დავამთქნარევით.
მერე ვუთხარი: – პაპაჩემო!
უწინდელი რამ გვაუწყეთ:
რით ვიდიდეთ თავი ჩვენი,
სახელი რით მოვიხვეჭეთ?
მაგალითებრ, მაშინ, როცა
მიიწურა ქართლის ბედი,
როცა მოგვიკვდა ერეკლე,
ის ჩვენის ქვეყნის იმედი, –
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- შენი მტერი!.. პირღიადა
დავრჩით და ცას შევყუროდით.
მერე, როს მეფე გიორგი
დაჯდა შერყეულსა ტახტზედ,
შინ თვისტომნი აუჯანყდნენ,
წამოასხდნენ მტრადა თავზედ, –
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - ჩვენც ერთმანეთს გულმოდგინედ
ვწეწდით და ვიწეწებოდით.
მერე, როცა ემაგ წეწვით
მეფეს საქმე გავუჭირეთ
და ქვეყანას ერთგულობა
ჩვენი ურცხვად დავუძვირეთ –
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - რუსეთისკენ სახვეწნელად
გავრბოდით და გამოვრბოდით.
მერე, როცა საწყალ მეფემ
დაგვიყენა ლეკნი მცველად, –
თვის ქონება სრულად დასდვა
ჩვენის ქვეყნის დასახსნელად, –
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - მადლიერნი მუთაქაზედ
ვიწექით და ვნებივრობდით.
მერე, როცა მოკვდა მეფე,
აიშალნენ მეფეთ ძენი
და ერთმანეთის შურითა
სულ ძირს დასცეს ქართლის ბჭენი, –
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - ჩვენც ლამაზად სულ ყველასა
თვითო-თვითოდ ვღალატობდით.
მერე, როცა დაქსაქსულნი
უცხო ხალხმა ხელთა გვიგდო,
ქართვლის ბედი ბურთსავითა
სათამაშოდ წინ გაიგდო, –
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - ჩვენც ყაბახზედ ვაჟკაცურად
ვჯირითობდით, ვბურთაობდით!
მერე, როცა გაგვიჭირდა
ყოფნა უცხო ხალხის ხელში,
როს საშველად მოწვეულმა
წაგვიჭირა თოკი ყელში, –
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - მაშინ მივხვდით, რომ ყველანი
ერთს ტაფაში ვიწვებოდით.
მერე, როცა ამ წვა-დაგვამ
დღენი ჩვენი მოგვაწბილა;
ტანჯვა ვეღარ ავიტანეთ,
სინიდისმაც გაგვამხილა, –
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - შერცხვენილნი და დამწვარნი
აქა-იქა ვჩურჩულობდით.
მერე, როცა ეგ ჩურჩული
შეგვიტყვეს თუ შეგვამჩნიეს,
როცა ცხვრისა ფარასავით
მოგვკრიბეს და შეგვამწყვდიეს, –
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - ფერმიხდილნი ბეზღობაში
ერთმანეთს ვეჯიბრებოდით.
მერე, როცა მაგ ბეზღობით
ზოგმა თავი გადვირჩინეთ,
ქვეყნისათვის ზრუნვა, ფიქრი
ჩვენ თავიდამ ავიცდინეთ, –
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - მოვყევით და სიხარულით
ყოველდღე ვბედოვლათობდით.
მერე, როს ბეთოვლადობით
საქმე ხელთ არ მოდიოდა,
რაც რამ გვქონდა, სულ გავფლანგეთ,
არარა შემოგვდიოდა, –
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - ერთმანეთს უსინიდისოდ
მამულებს ვეცილებოდით.
მერე, როცა მაგ ცილობით
ერთმანეთი ჩვენ დავღუპეთ,
ერთმანეთის მტრობით ჩვენს სახლს
ცეცხლი ჩვენვე წავუკიდეთ, –
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - ჭკვიანურად იმ ცეცხლი წინ
ვისხედით და ხელს ვითბობდით.
მერე, როს ხელთ სათბობადაც
ჩვენი სახლი აღარ ვარგდა,
როცა დიდი და პატარა
გაღარიბდა, გაღატაკდა, –
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - თვით შევსხედით მაღლა თაროს,
დაბლა ყმებსა ტვინსა ვწოვდით.
მერე, როცა ის ყმებიცა
დროთა ბრუნვით ჩამოგვერთვნენ
და ცხოვრების ჩვენის წყარო
მაგ გზებითაც თითქო შესწყდნენ, –
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - მაგას, შვილო, ნუღარ მკითხავ…
ვტიროდით, ვიხოცებოდით!..
მერე, როცა მაგ ტირილით
ყმები აღარ დაგვიბრუნდა
და ყმებისა მოშორების
გულს ტკივილი დაგივყუჩდა, –
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - რაღაც ბანკი მოვიგონეთ
და მასზედ ვლაზღანდარობით.
მერე, როს საშვილიშვილოს
ბანკს უმუხთლა თქვენში ერთმა:
ჩემთვის ბანკი რა ჭკვააო,
არ მომცაო შვილი ღმერთმა, –
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - „Наплечо“-ბა გვასწავლეო,
მთავრობას ვეხვეწებოდით.
მერე, როცა… – კიდევ როცა!.. –
აქ გამიწყრა პაპაჩვენი: - შემაწუხე ამდენ კითხვით,
„პოჟოლუსტა“, დამეხსენი!
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
მას ვშვრებოდით, რომ თქვენსავით
უსაქმოდ ვეხეტებოდით.