განხილვაესე

მიჯნურობა-სიყვარული ვეფხისტყაოსანში

– „პოეზია სიყვარულიდან იწყება. იგია მისი დაუშრეტელი, მაცოცხლებელი წყარო. ყველა ხალხმა თავისებური სიყვარული იცის და იმაში, თუ როგორ გამოხატავს ამ გრძნობას, ერის შინაგანი კულტურა, სიფაქიზე, შთაგონების ძალა ჩანს. ყველა ერს სიყვარულის საკუთარი მასწავლებლებიც ჰყავს. ქართველების უპირველესი გენიალური მაესტრო შოთა რუსთაველია თავისი იგავმიუწვდენელი მშვენიერების „ვეფხისტყაოსნით“, რომელიც ამამაღლებელი სიყვარულის ჰიმნია. რუსთველური სიყვარული გზაა თვითსრულყოფისაკენ. ის სხვადასხვა სახით შეიძლება შეგვხვდეს: სიყვარული უფლის მიმართ, ანუ საზეო, აღმაფრენათა მომცემი სიყვარული, სიყვარული კაცობრივი, უბიწო, ქალწულებრივი: „შორით ბნედა, შორით დაგვა, შორით ალვა.“ არის სიყვარული მიწიერი, ხორციელი, შმაგი მიჯნურობა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ სიძვაში: „მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი: იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი, ნუვინ გაჰრევთ ერთმანეთსა, გესმას ჩემი ნაუბარი!“ „ვეფხისტყაოსნის“ მიჯნურებს სამიჯნურო ზნეობის კოდექსიც გააჩნიათ, რომელიც რუსთაველმა ჯერ კიდევ პოემის პროლოგში ჩამოაყალიბა. იდეალურ მიჯნურს მოეთხოვება გარეგნული და სულიერი მშვენიერება, ასევე, „ხანიერება“ ანუ ერთგულება; მიჯნურს სატრფოს ღალატი არ ეპატიება, თუნდაც ეს სატრფო „კუშტი“ – მკაცრი, გულჩათხრობილი, ან „ქუში“ – პირქუში და უხასიათო იყოს. გონიერება, სიუხვე, თავმდაბლობა, ახალგაზრდობა, ენაწყლიანობა, ვაჟკაცობა-სიმამაცე, დიდი მოთმინების უნარი – ყველა ეს თვისება სავალდებულოა იდეალური მიჯნურისთვის. კიდევ ერთი საინტერესო თვისება აქვს ამ ჩამონათვალში რუსთაველს და მას „მოცალეობა“ ჰქვია. რას გულისხმობდა პოეტი: მიჯნური მოცლილი უნდა იყოს? შესაძლოა, რადგან სიყვარული გარკვეულ თავისუფალ დროს მოითხოვს. სხვათა შორის, ჩვენს ეპოქაში ეს „სიყვარულის დროის“ დეფიციტი განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა! თუ რუსთველისეული „მოცალეობა“ მიჯნურების ერთმანეთისადმი შესაფერისობას ნიშნავს? ისინი ერთმანეთის ტოლი და სწორი უნდა იყვნენ. მით უმეტეს, რომ „ვეფხისტყაოსნის“ გმირები დროის უკმარისობას ნამდვილად არ განიცდიან. ამასთან, ისინი, სწორედაც რომ, ერთმანეთის „ცალნი“ არიან: გარეგნობით, ხასიათის თვისებებით, სოციალური მდგომარეობით, ამიტომ, ვფიქრობ, ეს მეორე მოსაზრება უფრო შეეფერება პოემის გმირთა მდგომარეობას. კიდევ ერთი თვისება უნდა ჰქონდეს იდეალურ მიჯნურს: ის ცხოვრების ნებისმიერ გამოწვევას მამაცურად უნდა შეხვდეს, არც დიდმა ბედნიერებამ უნდა დაახვიოს თავბრუ და არც გაჭირვებამ უნდა გატეხოს: „ნუცა ლხინსა აუზვავდეს, ნუცა ჭირსა შეუზარდეს.“ ალბათ, არა მარტო მიჯნურს, არამედ ნებისმიერ ადამიანს უნდა ახსოვდეს ჩვენი გენიალური წინაპრის ეს ბრძნული დარიგება! ასევე, მიჯნური თავის სიყვარულზე საქვეყნოდ არ უნდა გაჰყვიროდეს, საიდუმლოდ უნდა ინახავდეს: „არს პირველი მიჯნურობა არ-დაჩენა, ჭირთა მალვა.“ „არსით აჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს.“ დღეს, საინფორმაციო-კომუნიკაციური რევოლუციის, ტელევიზიის, ინტერნეტისა და სოცქსელების ეპოქაში, იქნებ, ვინმეს ანაქრონიზმადაც- დრომოჭმულადაც მოეჩვენოს რუსთაველის ეს შეხედულება, მაგრამ, ერთი წუთით დავფიქრდეთ, როგორ დაკარგა მნიშვნელობა სიტყვა ინტიმურმა-პირადულმა-გულითადმა. რამდენი დააკლო ამ დიდ გრძნობას – სიყვარულს – ვითომდა გულწრფელი ემოციების საყოველთაოდ გამოფენა-გადმოღვრამ, როგორი ზედაპირული და საჩვენებელი, მცირე თუ დიდი შოუების-წარმოდგენების ნაწილი გახდა სიყვარული. რუსთაველი კიდევ უფრო შორს მიდის და წინასწარმეტყველივით გვაფრთხილებს, რომ ვერიდოთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც სხვის სახელს არ უფრთხილდებიან, საქვეყნოდ „მოაყივნებენ“ – შეარცხვენენ. არ აქვს მნიშვნელობა, მეგობარი იქნება თუ მიჯნური, რუსთაველის ლექსიკაში ხომ ორივე სიტყვას ერთი ფუძე აქვს: ყვარება – სიყვარული – მოყვარე: „მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა: ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარი მისთვის წყლულსა?!“ ასეთ ადამიანს ერთადერთი „გამართლება“ აქვს: ეს ბოროტება მის ბუნებაში დევს, ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი, მას სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია, რადგან „ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.“ რა თქმა უნდა, ასეთ „ვაი-მოყვარეს“ ჭკვიანი ადამიანი არ ენდობა, თავის გულსა და სულს არ ჩააბარებს, მოერიდება: „მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჩივნოს?“ კიდევ ერთი პუნქტია მიჯნურობის რუსთველისეულ კოდექსში: მიჯნურს „სიარული, მარტოობა ჰშვენის, გაჭრად დაეთვლების.“ აი, ეს ტყე-ველად მარტო გაჭრა რაღა საჭიროაო, შეიძლება ირონიულად ვიკითხოთ, მაგრამ, დღევანდელი გადასახედიდანაც კი, ვფიქრობ, ამასაც აქვს გარკვეული გამართლება: ადამიანს სჭირდება განმარტოება, საკუთარ თავში ჩაღრმავება, გრძნობებში გარკვევა. ამისთვის ხომ დღეს ფსიქოთერაპევტებთან დადიან და ფულს იხდიან. მოკლედ, ჩემი აზრით, რუსთველის მიერ პროლოგში ჩამოყალიბებული მიჯნურობის მორალური კოდექსის ყველა პუნქტი მისაღები და თანამედროვეა, რა თქმა უნდა, თუ მას წაიკითხავს „კაცი ვარგი“. როგორც ვხედავთ, რუსთაველმა მიჯნურობის მსურველთ დაუხატა ის იდეალი, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდეს თითოეული მათგანი, ესაა სრულყოფილი ადამიანობისაკენ სწრაფვის გამოხატულებაც. ასეთნი არიან „ვეფხისტყაოსნის“ წყვილები: ტარიელ-ნესტანი და ავთანდილ-თინათინი. სწორედ ამისკენ მოუწოდებენ ისინი თავიანთ მიჯნურებსაც. ნესტანი ტარიელს სწერს: „ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!“ ნესტანი სატრფოს სთხოვს, სამშობლოს მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიჩინოს თავი და ასე დაამტკიცოს თავისი გრძნობების სიღრმე და სიმტკიცე. ანალოგიურად იქცევა პოემის კიდევ ერთი მომხიბლავი პერსონაჟი, მზის მოწუნარი თინათინი. ის რთულ დავალებას აძლევს მიჯნურს: იმ უცხო მოყმის მოძებნას ავალებს, მთელი წელი რომ ამაოდ ეძებდნენ ქვეყნის ყველა მხარეს როსტევანის მოყმეები. ამით ავთანდილმა კიდევ უფრო უნდა „გაამყაროს“ მისდამი სიყვარული. მხოლოდ ასეთი გამოცდის შემდეგ აქვთ მიჯნურებს უფლება, შეერთდნენ. სრულყოფილი ბედნიერება მხოლოდ სრულყოფილ პიროვნებათა ხვედრია. პოემის პერსონაჟები სიყვარულისაგან ფრთაშესხმული ადამიანები არიან, ამიტომაც არ აშინებთ ამ გზაზე დაბრკოლებანი, თუნდაც ის მიუვალი ქაჯეთის ციხის სახით აღიმართოს მათ წინაშე. როგორც ვთქვით, პოემის პერსონაჟები ყველა იმ თვისებით არიან შემკულნი, რომლებიც იდეალურ მიჯნურთზნეობას შეეფერება. ისინი მნათობთა მსგავსნი არიან გარეგნულად. მათი სილამაზე ღვთაებრივი საჩუქარია და მიჯნურის გულშიც სამუდამოდ აღიბეჭდება სატრფოს მზიური ხატი. ამ მიმართებით საინტერესოა ერთი ნახვით შეყვარების, „თვალხმის“ ბრწყინვალე მაგალითი „ვეფხისტყაოსნიდან.“ აი, როგორ აღწერს სიყვარულის დაბადებას ტარიელი: „ქალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა, დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა.“ როცა რუსთველურ სიყვარულზე ვსაუბრობთ, პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, სწორედ ტარიელ-ნესტანის დრამატიზმით სავსე მიჯნურობის ისტორია გვახსენდება. იშვიათია ისეთი თვითშეწირული, უანგარო გრძნობა, როგორიც ტარიელის სიყვარულია ნესტანისადმი. როცა მან გაიგო სატრფოს დაკარგვის ამბავი, მაშინვე გაეშურა მის საძებნელად. ძალაუფლებისმოყვარე, ანგარებიანი კაცი ისარგებლებდა იმით, რომ ფარსადანი, ფაქტობრივად, უმემკვიდრეოდ დარჩა, ჯარიც ტარიელს ემორჩილებოდა, ინდოეთის ტახტისაკენ მიმავალ გზაზე მას წინ ვერავინ აღუდგებოდა, მაგრამ გამიჯნურებული რაინდი უყოყმანოდ გაეშურა ნესტანის საპოვნელად. უფრო მეტი, როცა მისი ნახვის იმედი გადაეწურა, არც მაშინ უფიქრია თავისი კუთვნილი ტახტის დაკავება, მხოლოდ სიკვდილს ნატრობდა, რათა იმქვეყნად მაინც შეხვედროდა სატრფოს. ეს, მართლაც, თვითშეწირული, უანგარო სიყვარულია – შენი გულის, შენი მეორე ნახევრის დაკარგვის შემდეგ ხომ სრულყოფილი ადამიანი აღარ ხარ. გავიხსენოთ ასმათის სიტყვები: „გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან: რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან, უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.“ სწორედ ამ სიტყვებშია მოცემული ტარიელის სიშმაგე-სიგიჟის, მის მიერ ველად გაჭრისა და მხეცებთან ბინის დადების მიზეზი. უგულო, სიყვარულს მოკლებული კაცი ადამიანი აღარ არის. ჭაბუკმა სამოსადაც ვეფხვის ტყავი აირჩია, რადგან ის დაკარგულ სატრფოს ახსენებდა: „რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს.“ ვეფხისტყაოსანი – ეს სახელიც სიმბოლურად აერთიანებს მიჯნურებს: ტარიელსა და ნესტანს. ამიტომაც ასეთი გულწრფელი და სულისშემძვრელია ტარიელის გულიდან ამოსული გოდება: „მოსთქვამს: „ჰაი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო, იმედო და სიცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო, ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო! ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო?!“ უერთგულესი მიჯნურია ნესტანიც, ვისთვისაც სატრფოს სიცოცხლე საკუთარზე ძვირფასია. ქაჯეთის ციხიდან ის ევედრება ტარიელს, არ შეებრძოლოს დაუმარცხებელ ქაჯებს, თავისი სიცოცხლე საფრთხეში არ ჩააგდოს, რადგან: „შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა, მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა!“ ავთანდილიც სიყვარულის დიდი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია: „მას თინათინის გონება ჰკლვიდის წამწამთა ჯარისა.“ ამ სიყვარულის სახელითა და სატრფოს დავალებით წავიდა ის უცხო მოყმის საძებნელად. ეს სიყვარული აძლევდა ძალას, რომ აეტანა მძიმე მოგზაურობის წლები და დახმარებოდა უნუგეშოდ მყოფ ტარიელს. ავთანდილისთვის სიყვარული თვითსრულყოფის საუკეთესო გზაა, ამის მაჩვენებელია მისი უმშვენიერესი გალობა-ლოცვა მნათობთადმი, სიყვარულის სიმფონია, როცა მთელი სამყარო – სულიერი თუ უსულო შეიკრიბა მიჯნურობის ამ უბადლო საგალობლის მოსასმენად: „რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან, მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან.“ ამ ჯადოსნურ ძალასა და სიტკბოს კი ავთანდილის გალობას სწორედ სიყვარული ანიჭებდა. ის ფაქტი, რომ ავთანდილმა „შესცოდა“ ფატმანთან, თინათინის ღალატად ვერ ჩაითვლება, რადგან ამ შემთხვევაში მას გრძნობები არ ამოქმედებდა. გავიხსენოთ, ავთანდილმა მასზე გამიჯნურებული ფატმანი ყვავსაც კი შეადარა: „რა ყვავი ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონია.“ ამ შემთხვევაში, ისევე როგორც ჭაშნაგირის მოკვლის ეპიზოდში, ის მოქმედებდა დევიზით: „მიზანი ამართლებს საშუალებას.“ რა თქმა უნდა, ეს რაინდული მორალიდან გადახვევა იყო, მაგრამ იმ სიტუაციაში მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ის ყველა ხერხს მიმართავდა, რათა ტარიელისთვის ეპოვა „წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა.“ იმისათვის, რომ კარგად დავინახოთ განსხვავება ნამდვილ, ამამაღლებელ სიყვარულსა და სიძვას შორის, რუსთაველი ამ უკანასკნელის – „ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუშის“ ანუ ხორციელ-ეროტიკული სიყვარულის რეალისტურად დახატულ სცენებსაც გვიჩვენებს. ამგვარი „მიჯნურობის“ მოტრფიალე კი გულანშაროს ვაჭართა უხუცესის მეუღლე ფატმანია. რა თქმა უნდა, ფატმანის სამყარო და იქ არსებული წესები აბსოლუტურად განსხვავდება რაინდთა საზოგადოებაში მოქმედი ზნეობრივი ნორმებისაგან. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ცოლქმრული ღალატი, ფიცის გატეხა, განსაცდელის წინაშე ლაჩრული შიში, შანტაჟი და ახლობელი ადამიანის უყოყმანოდ გაწირვა ვაჭართა ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ფატმანისთვის სრულიად ბუნებრივია დროებითი, წუთიერი გატაცებები იმ დროს, როცა რაინდთა წრეში მიღებულია „შორით დაგვა, შორით ალვა“, როცა იქ სავალდებულოა, რომ მიჯნურმა „გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიხვდეს, თუნდა ქუში“, ფატმანს არ მოსწონს მეუღლე, რადგან: „მით არ ჯერ-ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი.“ ის ეძებს ჭაშნაგირის მსგავს წარჩინებულ და მოხდენილ ჭაბუკებს, თუმცა იმათაც დაუნანებლად გასწირავს სასიკვდილოდ, თუკი მის ინტერესებს საფრთხე შეექმნება. ხოლო როცა ჭაშნაგირზე უფრო მშვენიერი ახალგაზრდა გამოჩნდება, მაშინვე გაუმიჯნურდება. ის ავთანდილს თავშეუკავებელი ვნებით სავსე ბარათს სწერს. შემთხვევით არ აფასებს ამ წერილს ავთანდილი ასე: „უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია. რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!“ დიახ, რუსთაველმა გვიჩვენა, რომ „სიყვარული აგვამაღლებს“, გვიჩვენა მისი ყოვლისშემძლეობა, ის, რომ სიყვარული სიკეთეა და მხოლოდ მას ძალუძს ბოროტების ციტადელის დამხობა.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button