Mythbusterუცნაურიფაქტები

ფაქტები, რომლებიც უნდა იცოდეთ

● რომელია უდიდესი ცოცხალი ორგანიზმი?
სპილო? ლურჯი ვეშაპი? ტირანოზავრი? არა. ეს ტიტული ეკუთვნის, გაგიკვირდებათ და… სოკოს! და სხვათა შორის, არც ისე იშვიათ ჯიშს. Armillaria ostoyae, იგივე “თაფლის სოკო”, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გრილ ტერიტორიებზეა გავრცელებული და შეიძლება ბაღებშიც კი შეგხვდეთ. თუმცა ბაღის მეპატრონე ალბათ არც ისე მოხარული იქნება, თუკი მის მიერ დარგული ხილის სიახლოვეს ამოსული სოკო იმხელა გაიზრდება, რამხელაც მალჰევრის ეროვნულ ტყე-პარკში, ორეგონის შტატში. მისმა ფართობმა 880 ჰექტარი შეადგინა (!). ხოლო ასაკი დაახლოებით 2400 წელია. ორგანიზმის ძირითადი ნაწილი მიწისქვეშაა, საცეცის მსგავს მასიურ მიცელიუმს (ფესვის ექვივალენტი სოკოსთვის) ჭილოფის ფორმა აქვს. თავიდან მიიჩნეოდა, რომ ეს იყო უამრავი თაფლის სოკოს ერთობლიობა, რომლებიც ტყის სხვადასხვა არეებში ამოვიდნენ, მაგრამ მეცნიერებმა ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ ის რეალურად ერთი და ძალიან დიდი ორგანიზმია.


● რამდენი მდგომარეობა გააჩნია მატერიას?
უმეტესობა ამაზე შემდეგნაირად უპასუხებს: მყარი, თხევადი და აირადი, ზოგმა შეიძლება პლაზმურიც მიამატოს. მაგრამ რეალურად ეს რიცხვი 15-მდე ადის. მიუხედავად იმისა, რომ სია ლამის ყოველდღე იზრდება, რამდენიმე მათგანი უცვლელია: მყარი, უფორმო მყარი, თხევადი, აირადი, პლაზმური, სუპერთხევადი, სუპერმყარი, გადაგვარებული მატერია, ნეიტრონიუმი, ძლიერად სიმეტრიული მატერია, სუსტად სიმეტრიული მატერია, კვარკ-გლუონური პლაზმა (იხ. სურათი), ბოზე-აინშტაინის კონდენსატი, უცნაური მატერია და ა.შ. მათგან ყველაზე საინტერესო ალბათ ბოზე-აინშტაინის კონდენსატია, იგივე ბეკი. მის მისაღებად საჭიროა ნივთიერების ტემპერატურა დაიყვანო თითქმის აბსოლუტური ნულის (−273.15°C) მაჩვენებლამდე. თუკი შემდეგ ბეკს მოათავსებთ მენზურაში და სწორ ტემპერატურაზე შეინახავთ, ის მენზურის კედლებზე “აცოცდება”.


● რა იყო მხეცის რიცხვი?
უმეტესობას მიაჩნია, რომ ეს რიცხვი 666-ია, თუმცა მკვლევართა აზრი ორად იყოფა და დიდი შანსია, რომ რეალურად 616 იყოს. მხეცის რიცხვი ჩაიწერა გამოცხადების წიგნში, ქრისტიანული წმინდა წიგნის, ბიბლიის ბოლო ნაწილში. 616-ის ვერსიას ვხვდებით ბიბლიის შემდეგ მანუსკრიპტებში: ეფრემის კოდექსი (V საუკუნის ბერძნული ხელნაწერი), აფრიკელი დონატისტი მწერლის ტიკონიუსის ლათინური ვერსია (IV საუკუნის მიწურული) და უძველესი სომხური ხელნაწერი. წმიდა ირინეოს ლიონელმა (II საუკუნე) იცოდა 616-ის შესახებ, თუმცა მართებულად 666-ს მიიჩნევდა. მისგან განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა ნეტარ იერონიმე სტრიდონელს (IV-V სს). 2005 წელს ეგვიპტეში აღმოაჩინეს პაპირუს 115-ის ფრაგმენტი, სადაც ასევე 616 ეწერა. ეს ფრაგმენტი 1700 წლისაა და დღემდე ითვლება გამოცხადების წიგნის ამ მონაკვეთის უძველეს ხელნაწერად.


● რამდენი გრძნობა აქვს ადამიანს?
მათი რიცხვია 9. ხუთი მათგანი ყველამ ვიცით: მხედველობა, სმენა, გემო, ყნოსვა და შეხება. ისინი არისტოტელემ შემოგვთავაზა, მაგრამ მას შემდეგ მეცნიერებმა კიდევ რამდენიმე დაამატეს. ესენია:
— თერმოცეფცია/თერმორეცეფცია – კანის მიერ სითბოს შეგრძნება
— ექვილიბრიოცეფცია – წონასწორობის შეგრძნება
— ნოციცეპცია – ფიზიკური ტკივილი
— პროპრიოცეფცია/კინესთეზია – სხეულის სხვადასხვა ნაწილის მდებარეობისა და მოძრაობის, საგნის სიმძიმისა და წინააღმდეგობის შეგრძნება

ნევროლოგების ნაწილი ამით არ კმაყოფილდება და აცხადებს, რომ მათ გარდა კიდევ 9 გრძნობა არსებობს. რას იტყვით შიმშილზე? ან წყურვილზე? მოკლედ, გამორიცხული არაა, მომავალში ეს სია კიდევ გაიზარდოს.


● როგორი ეგონათ დედამიწა შუა საუკუნეებში მცხოვრებ ხალხს?
ტრადიციულად ამაზე პასუხობენ, რომ მაშინ ბრტყელი დედამიწა იყო “მოდაში”, მაგრამ ეს მოსაზრება მცდარია. ქრისტეს შობამდე მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული ამ თეორიის უკვე იშვიათად თუ სჯეროდა ვინმეს. მიზეზი, რის გამოც დღეს ბევრი ფიქრობს, რომ შუა საუკუნეებში ცოტას ეგონა დედამიწა მრგვალი, ისაა, რომ როგორც ნაწილობრივ გამოგონილი ტექსტი “ქრისტეფორე კოლუმბის ცხოვრება და მოგზაურობები” (1828 წ.) გვამცნობს, კოლუმბის მოგზაურობის მიზანი დედამიწის სიმრგვალის დამტკიცება იყო, რაც არასწორია. სიმართლე ისაა, რომ იმ პერიოდში ამაში უკვე აღარ ეპარებოდათ ეჭვი. როგორც ისტორიული მასალები აჩვენებს, მსოფლიოს თითქმის ყველა კულტურა, მათემატიკური ან უბრალოდ დაკვირვებადი მეთოდებით, მისული იყო იმ დასკვნამდე, რომ დედამიწას სფეროს ფორმა აქვს.


● რომელია უდიდესი მთა?
ის მარსზე მდებარეობს, წარმოადგენს სუპერვულკანს და ოლიმპოს მთა (ლათინურად Olympus Mons) ეწოდება. ოლიმპოს მთა უმაღლესი მწვერვალია მზის სისტემაში და ამ მომენტისთვის ცნობილ სამყაროშიც. 22 კმ სიმაღლისა და 624 კმ სიგანის მქონე მთა ევერესტს თითქმის სამჯერ აჭარბებს, ხოლო ძირის ფართობი იმხელაა, რომ არიზონას შტატს ან დიდ ბრიტანეთს თავისუფლად დაიტევს. კრატერი კი საკმაოდ ფართოა იმისთვის, რომ ლონდონი გადაყლაპოს. თუმცა ოლიმპოს მთა მთლიანად არ აკმაყოფილებს ადამიანთა წარმოდგენას მთაზე – მისი გვერდები იმდენად უმნიშვნელოდაა დახრილი, რომ თუკი აცოცება გადაწყვიტეთ, შესვენებაზე არ უნდა იფიქროთ.


● რამდენი ნესტო გვაქვს?
4. მათგან ორს ხედავთ, ორს – ვერა. ეს აღმოჩენა თევზებზე დაკვირვებით გაკეთდა. თევზები ჟანგბადს წყლიდან იღებენ, მათ უმეტესობას 2 წყვილი ნესტო აქვს, წინა წყვილი წყალს უშვებს შიგნით, უკანა ორი კი – გარეთ. და რადგანაც ევოლუციურად ადამიანების წინაპრები შორეულ წარსულში თევზები იყვნენ, სად შეიძლებოდა ეს ნესტოები წასულიყო? მათ უბრალოდ შიგნით შეიწიეს, თავის უკანა მხარის მიმართულებით და ეწოდათ ქოანები, რაც ბერძნულად “ძაბრს” ნიშნავს. ისინი ყელს უკავშირდებიან და ცხვირით სუნთქვას უზრუნველყოფენ. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ სხვადასხვა ნესტოს შეიძლება სხვადასხვა სახის სუნის ამოსაცნობად ვიყენებდეთ.


● რამდენ ხანს ძლებს ქათამი უთავოდ?
დაახლოებით 18 თვე, თუმცა ასეთი ჯერჯერობით მხოლოდ ერთი იყო. 1945 წლის 10 სექტემბერს კოლორადოს შტატის ქალაქ ფრუიტაში ფერმერმა ლოიდ ოლსენმა სიდედრის სტუმრობის აღსანიშნავად ახალგაზრდა მამლაყინწას (5.5 თვის) დაკვლა გადაწყვიტა. დაუჯერებელია, მაგრამ ნაჯახი აცდა კისრის ძარღვს და ქათამს ერთი ყური და ტვინის ღეროს დიდი ნაწილი ხელუხლებელი დაუტოვა. ამის გამო ფრინველი გადარჩა და ცხოვრების გაგრძელებაც შეძლო. მოგვიანებით ის ცნობილი გახდა, როგორც მაიკი და იმ პერიოდის ეროვნულ ღირსშესანიშნაობად იქცა, მოხვდა ჟურნალ “Time”-შიც. მისი მეპატრონე მთელ აშშ-ში მოგზაურობდა და მნახველებისგან 25 ცენტს იღებდა. კარიერის ზენიტში ამ საქმის მეშვეობით ლოიდი კვირაში 4500 დოლარამდე შოულობდა, მაიკის ღირებულება კი 10 000 დოლარად იყო შეფასებული. საკვები და სასმელი მას პიპეტის მეშვეობით მიეწოდებოდა. თუმცა ერთ დღეს ტრაგედია დატრიალდა – ლოიდს მოწყობილობა შოუზე დარჩა, ვერ მოახერხა მაიკისთვის სასუნთქი გზების გაწმენდა და ეს უკანასკნელი დაიხრჩო.


● რას ინახავს აქლემი კუზში?
ცხიმს და არა წყალს. კუზში შენახული ცხიმი ერთგვარად ენერგიის მარაგს წარმოადგენს. წყალი მათ ორგანიზმშია განაწილებული, მოჭარბებულად კი სისხლში, რაც გაუწყლოებისგან იცავს სხეულს. აქლემები რამდენიმე კვირა ძლებენ სასმლის გარეშე, მაგრამ ამის შემდეგ შეუძლიათ შეუჩერებლივ დალიონ 150 ლიტრამდე! აქლემები უძლებენ სხეულის ტემპერატურის ისეთ ცვლილებებსა და წყლის დონის დაქვეითებას, რაც ნებისმიერი სხვა ცხოველის შემთხვევაში სიკვდილით დასრულდება. მათი ტემპერატურა მერყეობს 34°C-დან 41°C-მდე და მხოლოდ ამ ზღვრის გადაჭარბებისას ეწყებათ ოფლის დენა.


● ადამიანის რომელმა გამოგონებამ დაძლია პირველად ბგერის სიჩქარე?
ეს იყო მათრახი, რომელიც პირველად ჩინეთში შეიქმნა 7000 წლის წინ. თუმცა მაღალი სიჩქარის ფოტოგრაფიის გამოგონებამდე მათრახის მიერ გამოცემული ტკაცუნი ტყავის სადმე მირტყმის ხმა ეგონათ. მხოლოდ 1927 წელს დაადგინეს, რომ ეს რეალურად პატარა ბგერითი ბუმი იყო. ტყავის მათრახის წვერი გაქნევისას თანდათან იმატებს სიჩქარეში და საბოლოოდ აჭარბებს 1236 კმ/სთ-ს. ხოლო პირველი საფრენი ხომალდი, რომელმაც ბგერის სიჩქარეს სძლია, იყო თვითმფრინავი Bell X-1, რომელსაც ჩაკ იგერი მართავდა 1947 წელს.


● რისგან წარმოიშვნენ ადამიანები ევოლუციის თეორიის მიხედვით?
არცერთ ბიოლოგ მეცნიერს, არც ჩარლზ დარვინს, არც ჰერბერტ სპენსერს ან სხვას არასდროს უთქვამთ, რომ ადამიანები შიმპანზეებისგან ან რომელიმე თანამედროვე მაიმუნებისგან წარმოიშვნენ. ევოლუციის თეორია ბუნებრივ სელექციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ჰომო საპიენს საერთო ფესვები აქვს დღეს არსებულ ყველა მაიმუნთან, რადგან მათ ერთი წინაპარი ჰყავდათ. ეს წინაპარი 5 მილიონზე მეტი წლის წინ ცხოვრობდა და ცხადია, დღეს აღარ არსებობს. მისი შორეული წინაპარი თავის მხრივ ციყვის მსგავსი არსება იყო, უფრო შორეული – ამფიბიები, თევზები და ა.შ.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button