ლიტერატურასაკითხავი

მანანა დუმბაძე – ერნესტ ჰემინგუეის ნაწარმოებთა სათაურების ქართულად თარგმნის ხელოვნება

ჰემინგუეის ნაწარმოებთა თანგმანები ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ჯერ კიდევ ოცდაათიან წლებში მიაქცია მის შემოქმედებას ყურადღება გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა და ლიტერატურათმცოდნემ აკაკი გაწერელიამ, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში კი, კერძოდ, 50-იანი წლებიდან დღემდე, ჰემინგუეის ქართული თარგმანები სისტემატურად ჩნდებიან ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე და რამდენიმეგზის გამოიცემიან. ჰემინგუეის მოთხრობათა თარგმანების პოპულარობა განპირობებული იყო ქართული ლიტერატურის შინაგანი მოთხოვნილებით, რაც შეიძლება განთავისუფლებულიყო 30-იან-40-იან წლებში და ნაწილობრივ შემდგომაც თავს მოხვეული მარწუხებისაგან.

სოციალისტური რეალიზმის პერიოდის მხატვრულ პროზას, მოგეხსენებათ, თავისი მეტად სპეციფიური სტილი გააჩნდა, რომელიც გინდა არ გინდა, თავის დაღს მაინც აჩენდა ყველაზე ნიჭიერი მწერლების ხელწერასაც კი. ხოლო რაც შეეხება თარგმანებს, მიუხედავად იმისა, რომ ჰემინგუეი უსაზღვრო თავისუფლებასა და ვისრცეს იძლევა შემოქმედებისათვის, ხშირ შემთხვევაში ეს უეცარი თავისუფლება, წლების განმალობაში ოთხ კედელში გამოკეტილი პატიმრის კომპლექსს იწვევს. მთარგმნელი ან ზედმეტად აქართულებს ჰემინგუეის ტიპურ ამერიკულ სიტუაციებს, ან თავისი ინიციატივით ალაგებს ჰემინგუეის მიერ წინადადებების გამიზნულად არეულ თანმიმდევრობას, ან ამაღლებულ, მეტაფორულ ხარისხში აჰყავს მწერლის სადა, რიტმული და ლაკონიური პასაჟები. ყოველივე ამას არ ვიტყოდი ზოგადად ჰემინგუეის ქართულ თარგმანებზე, რადგან ძირითადად ისინი კარგ თარგმანებად აღიქმებიან, მეტიც, ზოგი მათგანი მთარგმნელობითი ისტორიის საუკეთესო ნიმუშებათაც კი შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ ვინაიდან საქმე ისეთ დიდ სტილისტსა და ესთეტიკოსთან გვაქვს, როგორიც ერნესტ ჰემინგუეია, ყოველი წვრილმანი და განსაკუთრებით კი უხეში უზუსტობა აღსანიშნავი და აღმოსაფხვრელია, მითუმეტეს რომ ყველა ამ შემთხვევაში საქმე უშუალოდ დედნიდან გადმოქართულებასთან გვაქვს.

დედნიდან გადმოქართულებაზე იმიტომ ვაკეთებს აქცენტს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თარგმანს აწერია ამა და ამ ენიდან არის თარგმნილიო, მასში ძალზე აშკარად იგრძნობა რუსული შუამავლის გავლენა. ამას ვერც ჰემინგუეის ნაწარმოებთა ზოგიერთმა ქართველმა მთარგმნელმა დააღწია თავი. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობებისა და რომანების სათაურთა გადმოქართულებით. ამ მხრივ ქართველი მთარგმნელები ზედმიწევნით ინდივიდუალურობას ამჟღავნებენ და ხშირად ერთი და იგივე მოთხრობის სათაური სხვადასხვა მთარგმნელსა თუ ლიტერატურისმცოდნეს სხვადასხვაგვარად აქვს წარმოდგენილი. ასე მაგ.: ჰემინგუეის უმეტესი რომანებისა და მოთხრობათა მშვენიერ მთარგმნელს ვახტანგ ჭელიძეს, ისევე როგორც გივი გაჩეჩილაძეს თავის წერილებში “The Old Man and thew Sea” გადათარგმნილი აქვს როგორც “ბერიკაცი და ზღვა”, საერთოდ აღსანიშნავია, რომ ვახტანგ ჭელიძე არ ღალატობს თავის ვარიანტს არც შემდეგი მოთხრობების დასათაურებისას. მაგ.: “The Old Man at the Bridge” _ “ბერიკაცი ხიდთან” და “ჩემი ბერიკაცი”, თუმცა იმავე ოთხტომეულში დაბეჭდილი ანა რატიანის მოთხრობა დასათაურებულია შემდეგნაირად: “მოხუცი დ ზღვა”, ჩვენი აზრით ბერიკაცისა და მოხუცის შედარებისას მაინცდამაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს იმას, თუ რომელი სიტყვა ჯობია, რადგან ფონეტიკურადაც და შინაარსობრივადაც ორივე მშვენივრად ესადაგება დედანს, მაგრამ ვინაიდან ქართველმა მკითხველმა კარგა ხანია უკვე ნებით თუ უნებლიედ “The Old Man and Sea”-ს ქართულ `მოხუცსა და ზღვას” შეაჩვია ყური, ვთვლით, რომ ამის გარშემო დიდი კვლევისა და კამათის გამართვა მიზანშეწონილი არ იქნება.

გვაქვს უფრო ხელმოსაჭიდი და საორჭოფო სათაურებიც, მაგ.: ” The Moon Also Rises” (ფიესტა). ამ რომანის სათაურის ორი ქართული ვარიანტი არსებობს: ერთი _ “აღმოხდების მზე” _ თარგმნელი ვახტანგ ჭელიძე. რომანს ზუსტად ამ ვარიანტით მოიხსენიებენ სხვა მთარგმნელები და მკვლევარები თავიანთ ნაშრომებში და მეორე _ “და აღმოხდების მზე” _ ირაკლი კენჭოშვილისეული ვარიანტი.

“The Moon Also Rises” არის ბიბლიიდან, ეკლესიაასტედან ამოღებული ამონარიდის ერთი ფრაზა, რომელიც წინ უძღვის ეპიგრაფად ჰემინგუეის რომანს. როგორც მოსალოდნელი იყო, რომანის მთარგმნელი ვახტანგ ჭელიძე სწორად მოიქცა და ეს ციტატა ბიბლიის ქართული თარგმანიდან უცვლელად გადმოიწერა: “ნათესავი წარვალს და ნათესავი მოვალს, და ქვეყანა ჰგიეს უკუნისამდე. აღმოხდების მზე, და დახდების მზე…” რაც შეეხება ირაკლი კენჭოშვილის თარგმანს, იგიც სწორია, წინდებული “და” სწორედაც რომ მიუთითებს სათაურის ბიბლიურ საწყისზე, მაგრამ ვინაიდან სათაურს პირდაპირ მოსდევს ეკლესიასტეს ციტატა, ხოლო იქ კი “აღმოხდების მზე” წინადადების თავშია და-ს გარეშე, საჭიროდ არ ვთვლით მის ხელოვნურად მიმატებას. ამიტომა ამ ორი ვარიანტიდან ვახტანგ ჭელიძის არჩევანი უფრო მიზანშეწონილად მიგვიჩნია.

ასევე ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს ვახტანგ ჭელიძის და ირაკლი კენჭოშვილის მიერ თარგმნილი ჰარი მორგანის სათაურის ვარიანტები: “ქონა თუ არქონა” _ ჭელიძის თარგმანი და “ქონება თუ უქონლობა” _ კენჭოშვილისა. ჭელიძისეული ვარიანტი, ეჭვგარეშეა, მაჩაბლისეულ “ყოფნა არყოფნის” ყალიბშია ჩასმული და მთარგმნელი უეჭველად დარწმუნებულია იმაში, რომ ქართულ ენაში უკვე კარგად გათავისებული ამ გრამატიკულად არასწორი მოდელის (ყოფნა არყოფნა) მსგავსად “ქონა თუ არქონაც” მისაღები იქნებოდა ქართველი მკითხველისათვის. ასეც მოხდა: მთელი რიგი მკვლევარები ჰემინგუეის ნაწარმოების განხილვისას სწორედ ასეთი სათაურით მოიხსენიებენ რომანს ჰარი მორგანის შესახებ. მხოლოდ ირაკლი კენჭოშვილს აქვს განსხვავებული თარგმანი _ “ქონება თუ უქონლობა”, რომელიც ნაშრომის ავტორს უდავოდ უფრო მიზანშეწონილად მიაჩნია, ვინაიდან არსებობს ზმნა ქონება და არა ქონა, რომელიც ფონეტიკურად, თავისი სტრუქტურით უფრო ახლოა ზმნა ყოფნასთან და ამით აცდუნებს წინა მთარგმნელს, ხოლო რაც შეეხება მაჩაბლისეულ გენიალურ ყალიბს, მასში სწორედ ქონება თუ უქონლობა უფრო ზუსტად ჯდება.

ასევე, ჯერაც დაუდგენლად, უფრო სწორედ დაუზუსტებლად მიგვიჩნია მოთხრობის “The Snows of Kilimanjaro”-ს ქართული თარგმანი. მოთხრობა თარგმნა ვახტანგ ჭელიძემ სათაურით “კილიმანჯაროს თოვლიანი მთა”. სხვა მთარგმნელი, კერძოდ, ირაკლი კენჭოშვილი კვლავ არ ეთანხმება ჰემინგუეის ნაწარმოების სათაურის ასეთ ვარიაციას და თავის გამოკვლევებში ყველგან წერს “კილიმანჯაროს თოვლი”. რა იწვევს ასეთ უთანხმოებას ორ მთარგმნელს შორის, რომელთაც უთუოდ საკუთარი და აშკარად დასაბუთებული მოსაზრება აქვთ ამასთან დაკავშირებით. დავუბრუნდეთ საკუთრივ დედნის ტექსტს. ამ ნაწარმოების სათაური ისევე როგორც “აღმოხდების მზე”-სი, გამომდინარეობს მისი ეპიგრაფიდან: `Kilimanjaro is a snow covered mountain 19710 feet hight, and said to be the biggest mountain in Africa. Its western summit is called the Masai ‘Ngaje Ngae” – the house of God. Close to the western summit there is the dried and frozen carcass of a leopard. No one has explained what the leopard was making at that altitude” ეპიგრაფი ვახტანგ ჭელიძეს ასე უთარგმნია: “კილიმანჯარო მარადთოვლიანი მთაა, 19710 ფუტის სიმაღლისა, და აფრიკაში ამსიმაღლე მთა მეორე არ არისო, ამბობენ. მის დასავლეთ მწვერვალს “ნგაიე ნგაის”, ანუ ღვთის სახლს უწოდებენ, ზედ მწვერვალთან ლეოპარდის გაყინული და გამოფიტული გვამი გდია. კაცმა არ იცის, რამ აიყვანა იმ სიმაღლეზე”.

უნდა დავუშვათ, რომ თოვლის მრავლობითმა ფორმამ დედანში გამოიწვია მისი ქართული ვარიანტის ჭელიძისეული `მარადთოვლიანი”. მაშინ სათაურის თარგმანი უფრო მოიგებდა, თუ პირდაპირ ეპიგრაფიდან გამომდინარე `კილიმანჯაროს მარადთოვლიანი მთა” იქნებოდა. მაგრამ ინგლისურ ვარიანტში არ არის ნახსენები მთა. აქ მხოლოდ თოვლზეა აქცენტი. რუსულადაც ასე ჟღერს: `Снега Килиманджаро”, რაც, ჩემის აზრით, ზედმიწევნით ზუსტია. ამ მხრივ ირაკლი კენჭოშვილის ვარიანტი უფრო გამართლებულია, მაგრამ დავუბრუნდეთ კვლავ ტექსტს და ცოტა მოთხრობის შინაარსიც მოვიშველიოთ. გმირის სულიერი დრა¬მა ამ მოთხრობაში ჰემინგუეიმ დაუკავშირა სწორედ მთას, კერძოდ იმ მთას, რომელსაც, როგორც ეპიგრაფი გვამცნობს მასაის ტომის აფრიკელები “ღმერთის სახლს” უწოდებენ. მასაის ტომი ქართულ თარგმანში საერთოდ გამოტოვებულია. ეს კი უხეშ შეცდომად უნდა მივიჩნიოთ, ვინაიდან კილიმანჯაროს მთასთან მცხოვრები მასაის ტომის აფრიკელები აბსოლუტურად განსხვავებული ხალხია. ინგლისელი მწერალი ქალი _ კარელ ბრიქსენი, თავის ცნობილ რომანში “Out of Africa” წერს, რომ მასაი არასოდეს ყოფილა მონა, რომ მასაის ვერასოდეს აიძულებ გააკეთებინო ის, რაც შენ გინდა, იგი უმართავია, მასაი ციხეში ვერ ძლებს, რამდენიმე თვეში სევდით კვდება, ასე რომ მის დატყვევებას აზრი არა აქვს. აი რაშია საქმე. ჰემინგუეის, რომელმაც ზედმიწევნით იცოდა აფრიკა, სწორედ მასაის ტომის ენაზე დაწერა “Ngaje Ngae” _ ანუ “ღმერთის სახლი” რომლისკენაც მიისწრაფვის ბოლოს ნაწარმოების გმირის გაცრეცილი სული გახრწნილი სხეულიდან. მოთხრობის ეს ეპიგრაფი და სიმბოლიკით აღსავსე ფინალი, როგორც აღნიშნავენ, ემსახურება ფსალმუნის 120-ე მუხლს: “აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა, ვინა მოხვიდე შეწევნად ჩემთა”. ამ მოთხრობაში კილიმანჯაროს მთა არის ჭეშმარიტი სიმბოლო, რაღაც წმინდა და თავისებური კათარზისი, რომლისკენაც ჰარი მიილტვოდა. “ვრცელი, როგორც მთელი ქვეყანა, დიდი მაღალი მზის შუქისაგან წარმოუდგენლად ქათქათა… მაშინ კი მიხვდა, რომ ეს ის ადგილია, საითკენაც იგი მიდიოდა”. აქ მთავარია თოვლი და არა თოვლიანი მთა, ქათქათა, მზის შუქისაგან განათებული, “კილიმანჯაროს თოვლი”, ხოლო ეს თოვლი კი არის გზა, ნათელი შუქი “ღმერთის სახლისაკენ” მასაის “ნგაიე ნგაისაკენ”, სადაც უსაზღვროა თავისუფლება, სადაც გამორიცხულია ყოფიერების მონური ფსიქოლოგიით გზის გაკვლევა. და ამიტომ არავის არასდროს განუმარტავს “No one has explained” (და არა ისე, როგორც ვახტანგ ჭელიძეს აქვს: კაციშვილმა არ იცისო), რამ აიყვანა ლეოპარდი ზედ მწვერვალთან. სიკვდილის წინ ყველამ იცის ლეოპარდის ზევით, მყინვარისკენ ლტოლვის მიზეზი. ყოველივე აქედან გამომდინარე, სწორი იქნებოდა, რომ სათაური ასე გადაგვეწყვიტა: “კილიმანჯაროს მყინვარი’, მაგრამ ვინაიდან დედანში ფიგურირებს სიტყვა “Snow’ მრავლობითში, ე. ი. აქ აშკარად აქცენტირებულია თოვლი და არა მთა, ირაკლი კენჭოშვილის ვარიანტი “კილიმანჯაროს თოვლი” მაინც ყველაზე სრულყოფილად მიგვაჩნია.

ჰემინგუეის ნაწარმოებთა ქართული თარგმანებიდან შეგვიძლია ისეთი მო¬თხრო¬ბა დავასახელოთ, რომელსაც მთარგმნელმა სათაური თვითნებურად ნაწილობრივ შეუცვალა, მაგრამ კომპენსაცია ამ დარღვევისა გამოიხატა იმაში, რომ შეინარჩუნა ჰემინგუეისათვის დამახასიათებელი მუსიკალობა ფრაზისა, თანაც მოსხლეტილი, მარტივი და უკიდურესად შეკუმშულ კონსტრუქციაში მოაქცია მოთხრობის მთავარი ფსიქოლოგიური ძარღვი და მთელი მისი სიმბოლიკა. “იქ, სადაც სინათლეა” _ ასე თარგმნის მწერალი თამაზ ჩხენკელი “Clean Well-lighted Place”-ს, რომელიც ჯერ კიდევ 60-იან წლებში თარგმნა ვახტანგ ჭელიძემ სიტყვა-სიტყვით “სუფთა, ნათელი ადგილი” და მას შემდეგ არც ერთ ამერიკულ ლიტერატურაზე ქართულად დაწერილ კრიტიკულ ნაშრომში არ შეცვლილა ეს სათაური. არც მოითხოვდა საჭიროება, მაგრამ, გაჩნდა მეორე, ჩხენკელისეული ვარიანტი და არც ამით დაშავებულა რამე, პირიქით, “იქ, სადაც სინათლეა” ტიპური ჰემინგუეისეული ფრაზაა (მაგ.: “იქ, მიჩიგანში”) და არავითარ უხერხულობას არ იწვევს.

უმნიშვნელო განსხვავებით თარგმნიან მთარგმნელები ისეთი მოთხრობის სათაურს, როგორიცაა “Light of the World”_ “ნათელი სოფლისა” _ თარგმნის ვახტანგ ჭელიძის. ამერიკული ლიტერატურის მკვლევარი ნათელა თოფურიძე ამას “ქვეყნის ნათელს” ამჯობინებს. მართალია, ჩვენი აზრით “ნათელი სოფლისა” ზედმეტად ამაღლებულია ჰემინგუეის უბრალო, გამჭვირვალე სტილისათვის, რასაც, უპირველეს ყოვლისა, იწვევს თვითონ სიტყვა სოფელი მიცემითი ბრუნვის არქაულ ფორმაში, მაგრამ, ჩვენი აზრით, ეს გადახვევა ამ შემთხევვაში დასაშვებად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან სწორედ ასეთ რეგისტრში ნახმარი სიტყვა იწვევს იმ ირონიულ ეფექტსა და განწყობას, რომელიც ჩვეულებრივ ნაგულისხმევია დედანში.

მცირედი განსხვავებაა, აგრეთვე, “Green Hills of Africa”-ს ირაკლი კენჭოშვილის მიერ თარგმნილ სათაურსა _ “აფრიკის მწვანე ბორცვები” _ და ნათელა თოფურიძის მიერ თარგმნილ სათაურს _ “აფრიკის მწვანე ქედები” _ შორის. მიუხედავად იმისა, რომ ქედსა და ბორცვს შორის პრაქტიკულად და მასშტაბურად საკმაოდ დიდი განსხვავებაა (ამაზე მეტყველებს სათაურის რუსული თარგმანიც _ “Зеленые холмы Африки”, რომელსაც ეტყობა დაეყრდნო ირაკლი კენჭოშვილი) ეს მცირე განსხვავება თარგმანს სტილურ და, გნებავთ, შინაარსობრივ ზიანს არ აყენებს. იგივეს ვერ ვიტყოდით ” The Undefeated”-ის მოსე ქარჩავასეულ “უძლეველსა” და ნათელა თოფურიძისეულ “დაუმარცხებელზე”, რადგანაც სიტყვა დაუმარცხებელი აშკარად ხელოვნურად გამოგონილი სინონიმია “უძლეველისა” და მისი გამოყენება საერთოდ არ მოგვაჩნია საჭიროდ.

ოდნავ მეტ დროს დავუთმობთ ჰემინგუეის ერთი მეტად თავისებური ავტობიოგრაფიული რომანის ” A Movable Feast”-ის სათაურის ქართულ თარგმანს. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ შემთხვევაშიც საქმე ურთიერთდაპირისპირებასთან გვაქვს. მკითხველის მიერ უკვე მიღებულ და მოწონებულ ვახტანგ ჭელიძის თარგმანს “განუყრელი დღესასწაული”, რომელსაც იზიარებს და იმოწმებს თითქმის მთელი ქართული თარგმანის კოლეგია, უპირისპირდება ირაკლი კერჭოშვილი, მის მიერ თარგმნილი სათაურით: “მოძრავი დღესასწაული”. აქვე უნდა მოვიშველიოთ რუსული თარგმანიც “Праздник, который всегда с тобой”. რატომღაც რუსი მთარგმნელები ყოველთვის უფრო ერთსულოვანნი არიან ვარიანტის შერჩევაში. დაადგენენ საუკეთესოს და მერე იმას აღარაფერი აღარ შეცვლის. სამაგიეროდ ქართულში სულ სხვაგვარად ხდება; თავი უნდა იმტვრიო, რომელი ნიმუშია კარგი და რატომ. რატომ არის კარგი ირაკლი კენჭოშვილის თარგმანი? იმიტომ, რომ იგი ზუსტად ხსნის იმას, რაც ჰემინგუეიმ დაწერა _ მოძრავი დღესასწაული, ანუ დღესასწაული, რომლის აღნიშვნის თარიღი ყოველ წელს სხვადასხვაა. მაგალითად: ისე როგორც აღდგომის, ბზობის და სხვა. გამოთქმა “Movable Feast” საეკლესიოა, დაკანონებული და, რა თქმა უნდა, მას აქვს თავისი ქართული, რუსული და ა. შ. შესატყვისი. მაგრამ რუსი მთარგმნელები არ დაემორჩილნენ ავტორის მარტივ, უპრეტენზიო სტილს და შინაარსიდან გამომდინარე სათაური, ასე ვთქვათ, გააპატიოსნეს, მეტი ემოციური და სტილისტური დატვირთვა დააკისრეს.

ვახტანგ ჭელიძის მიერ თარგმნილი მოთხრობის სათაური რუსული ვარიანტის უნებლიე, მაგრამ დიდი გავლენითაა შესრულებული, თუმცა აქ ერთი შინაარსობრივი უზუსტობაც იჩენს თავს: განუყრელი შეიძლება იყოს მეგობარი, არ შეიძლება იყოს დღესასწაული. დღესასწაული შეიძლება იყო ცვალებადი, გარდამავალი, მოძრავი და ისეთი, რომელიც მუდამ თან გვდევს.
საერთოდ უნდა ითქვას, რომ ამ რომანის რუსული თარგმანი დედანთან შედარებით ერთი ტონალობით მაღლაა შესრულებული, მაშინ როდესაც ნამდვილი, ანგლოსაქსური სტოიციზმით მოყოლილი ეს რომანტიკული ამბავი გადამეტებულ ემოციებსა და სენტიმენტალობებს გამიზნულად უარ¬ყოფს.

საკამათოდ მიგვაჩნია ასევე ჰემინგუეის ერთ-ერთი შედევრის : For Whom the Bell Talls”-ს სათაურის ერთი ქართული ვარიანტიც: `ვის უხმობს ზარი”. ერთი შეხედვით აქ ყველაფერი წესრიგშია. თარგმანი ფონეტიკურადაც და აზრობრივადაც ამართლებს დედნის იდეურ თუ სტილურ მიზანს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. თარგმანში შეინიშნება ერთი პატარა აზრობრვი უზუსტობა. როგორც ცნობილია, ჰემინგუეი ხშირად თავისი რომანის სათაურად ნაწარმოებზე დართული ამა თუ იმ ეპიგრაფის რომელიმე ფრაზას ირჩევს ხოლმე: “აღმოხდების მზე”, “დავწვები, დამეძინება” (Now I Lay Me”). ეს სათაურიც რომანზე წანამძღვარი ჯონდონის საეკლესიო ჰიმნის ერთი ნაწყვეტიდან ამოღებული სტრიქონები: “No man is an island, in tire of it selfe. Every man is a piece of continent, a part of the main; It clod bee washed away by the sea, Europe is the lessee, as well as if a Promontories were, as well as if a Mannor of the friends or thine own were; and mans death diminishes me, because I am involved in mankind; and therefore never send to know for whom the bell talls; It talls for thee”.

ადამიანი კვდება და ეკლესიაში ზარებს რეკენ. ზარი კათოლიკური ეკლესიის გლოვის ტრადიციული რიტუალია, ამიტომ ბუნებრივად ჟღერს გამოთქმა: მიცვალებულისათვის რეკს ზარი. არც ზოგი ქართული რეგიონისთვის, კერძოდ კი მთის რეგიონისთვის, არის ზარი უცხო მოვლენა, მაგრამ ამ ორ, აზრობრივად ერთ მოვლენას შორის მაინც დიდია განსხვავება. ზარი დატირების სინონიმია და საქართველოში ასეთ ქმედებას თან ახლავს საეკლესიო ზარების რეკვა.

მიუხედავად ამისა, თარგმანში სიტყვა “ზარი” აუცილებელი, შეუცვლელი კომპონენტია, რადგან იგი ქვეცნობიერად გარდაცვალების ფაქტის კონსტატაციას ახდენს და ზედმიწევნით გამოხატავს დედნის შინაარსს. აქ ზედმეტად მიგვაჩნია ზმნა “უხმობს”, თავისი ამაღლებული, ემოციური, სიმბოლური შინაარსით, რადგან ეკლესიის ზარის ხმის გაგონებაზე, ბუნებრივია, რომ ადამიანმა ადამიანს ჰკითხოს _ ვისთვის რეკს ზარი? და არა ვის უხმობს ზარიო? მითუმეტეს, რომ ჯონდონს თავის ჰიმნში, მიუხედავად ჰიმნოგრაფიული ჟანრისთვის დამახასიათებელი ამაღლებული სტილისა, ნახმარი აქვს არა რაიმე ეფექტური, ძლიერ ემოციური, მრავალ-მნიშვნელოვანი სიტყვა საიქიოს გზაზე მიმავალი ადამიანის გასაცი¬ლებლად, არამედ უბრალო, ერთმნიშვნელოვანი, აზრის ლაკონიურად გამომხატველი ზმნა “to toll”, რაც სწორედ ზარის რეკვას ნიშნავს.

აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რომანის მთარგმნელი გახლავთ შესანიშნავი ქართველი პოეტი და კომპოზიტორი ქალი ინოლა გურგულია, რომლისთვისაც სიტყვის მუსიკალობა და ჟღერადობა ბუნებრივი, ყველაზე ადამიანური მოთხოვნილება გახლდათ. “პირველად იყო სიმღერა, სიმღერა მრავალხმიანი და სიმღერისთვის შეიქმნა ადამიანი” _ წერს იგი თავისი ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერისთვის. ამიტომ მერწმუნეთ, ინოლა გურგულიასათვის ამაღლებული “უხმობს” ისევე ჩვეულებრივი ფონეტიკური მოვლენაა, როგორც ჯონ დონისათვის ჩვეულებრივი სასაუბრო ზმნა “toll” და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფონეტიკური ჟღერადობისა და მხატვრულობის თვალსაზრისით “ვის უხმობს ზარი” ბევრად უფრო ეფექტურია და თავისი მნიშვნელობით მრავლის მომცველი, სწორი და შინაარსობრივად გამართებული მაინც მეორე ვარიანტია _ “ვისთვის რეკს ზარი”. ასე რომ არ ყოფილიყო საჭირო, დარწმუნებული ვართ, მხატვრული სტილის ისეთი შეუდარებელი ოსტატი და ნოვატორი, როგორც ჰემინგუეი იყო, ამას თავად გააკეთებდა.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button