ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – მაწანწალა

– ბიძია, ბიძია, შენი ლამაზი თვალების ჭირიმე, დამეხმარე ბიძია, რაა! – დარბის შუქნიშანზე გაჩერებულ მანქანებს შორის და გაშვერილი მარჯვენა მძღოლის სახესთან მიაქვს, ან აწეულ შუშაზე გამეტებით უბრახუნებს მუშტს. მარცხენაში კი, მანქანაზე გასასმელად, დიდი ლურსმანი აქვს მომარჯვებული. მძღოლებიც, ზოგი სიბრალულით, ზოგიც ლურსმნის შიშით, უდებენ ხურდას გაშვერილ ხელში.
– რა “ჟმოტი” ხარ ბიძია, შენი დედა! – ამკობს, ვინც სახეს მოარიდებს და თავს გვერდზე მიატრილებს.
***
და-ძმა, თოკო და კესო, როგორც ყველა მაწანწალა ბავშვი, ისინიც, ან დედინაცვალმა, ან მამინაცვალმა, ან, სულაც, საკუთარმა მშობლებმა გამოყარეს სამათხოვროდ. შესაძლოა, მშობლები დაეხოცათ, ან, იქნებ, გაუსაძლისი პირობებისა და ჩაგვრის გამო, თვითონ გამოიქცნენ სახლიდან, არავინ იცის, მთავარია, რომ დღისით მათხოვრობდნენ ან ბაზარში ქურდბაცაცობდნენ, ღამით კი, სხვა უსახლკარო ბავშვებთან ერთად, თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ დაუმთავრებელ შენობას აფარებდნენ თავს.
კესო 13 წლის იყო, მაგრამ სიმაღლისა და სავსე მკერდის გამო, უფრო მეტისა გეგონებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ მოუვლელი იყო და თმა, სულ ცოტა, ერთი თვის დასავარცხნი ჰქონდა, მაინც მოგხიბლავდათ მისი სახის თვითნაბადი სილამაზე, ბუნებრივი მანერები და ვულგარულ სიტყვა-პასუხთან შეუსაბამო ფაქიზი მზრუნველობა უმცროსი ძმის – 8 წლის თოკოს მიმართ. კესო “ვეფხი და მოყმის” ძეგლთან, სანაპიროდან ამოსასვლელ ქუჩაზე, შუქნიშანთან დარბოდა მანქანებს შორის. მისი მიმართვა
– რა არის, ბიჭო, ხურდა ფული გენანება ახალგაზრდა გოგოსთვისო?! – მძღოლებზე, და განსაკუთრებით, ახალგაზრდა ბიჭებზე, მომნუსხველად მოქმედებდა და ჯიბიდან ამოფხეკილი ხურდა ფულით უვსებდნენ პეშვს.
იმავე მოედანზე, მარშალ გელოვანის ქუჩის მხრიდან, შუქნიშანთან, დიდი, იატაკის ლურსმნით ხელში, მანქანებს შორის მორბენალი, დის გემოვნებით აჭრილი ყვითელი თმით, თეთრი, ოვალური სახით, სწორი, ლამაზი ცხვირით, დიდრონი ლურჯი თვალებით, წითელი ტუჩებით, დაკონკილ ტანსაცმელში გამოწყობილი თოკო, მათხოვრის როლის შემსრულებელ ჰოლივუდის მსახიობ ბავშვს უფრო მოგაგონებდათ, ვიდრე თბილისელ მაწანწალას.
***
შენობის მეორე სართულის, სიგარეტის ბოლით და აცეტონის ორთქლით გაჯერებულ ერთ დიდ ოთახში, რომელსაც, კარის მაგივრად, დაფლეთილი მატერია ჰქონდა დაკიდებული და ფანჯრების ადგილზე მუყაოები მიკრული, მიყრილ-მოყრილ ძონძებსა და ცელოფნის პარკებს შორის, ბეტონის იატაკზე ეყარნენ 6-დან 16 წლამდე ასაკის, ორმოციოდე ბავშვი. ღამის სიჩუმიდან შესულის ყურს ხვდებოდა ხვრინვის, ფშვინვის, კრუსუნის და, ზოგჯერ, ტირილის ხმები. შიგადაშიგ, სიცივისგან აკანკალებულებს ეღვიძებოდათ, წამოდგებოდნენ, ოთახის კუთხესთან მივიდოდნენ, ჩაჯდებოდნენ, წებოიან ცელოფნის პარკში სახეს ჩაჰყოფდნენ, აცეტონის ორთქლს რამდენჯერმე შეისუნთქავდნენ და ბარბაცით ბრუნდებოდნენ თავის ადგილას.
დილით, გარიჟრაჟზე, მაწანწალათა ბუნაგი სახეს იცვლიდა და აფუთფუთებულ ჭიანჭველების ბუდეს ემსგავსებოდა. ბავშვები ირაზმებოდნენ სხვადასხვა ადგილებზე სამათხოვროდ გასასვლელად. ძველებს უკვე წინასწარ ჰქონდათ ადგილები შერჩეული. აი, ახლებს კი, ძალის გამოყენებით უხდებოდათ ბრძოლა მუდმივი ადგილის მოსაპოვებლად. ამიტომ, როგორც წესი, ყოველი დილა ყვირილით, გინებით და მუშტი-კრივით იწყებოდა. შუადღით კი, ბუნაგში ვერავის ნახავდი, დასისხლიანებული და ასლუკუნებული რამდენიმე ბავშვის გარდა.
თავიდან, კესოს და თოკოს უფროსები ჩაგრავდნენ და არც სქესობრივი ძალადობა იყო იშვიათი მათზე. მაგრამ მას შემდეგ, რაც ვეფხია გამოჩნდა, კესო თავის გოგოდ გამოაცხადა და ერთი-ორს ცხვირ-პირი დაუნაყა, და-ძმამ საუკეთესო ადგილი “გაითრია” და ჩაგრულებიდან მჩაგვრელებში გადაინაცვლა.
***
ვეფხია უკვე იმ ასაკში იყო, როცა ერთფეროვანი ცხოვრება მობეზრებული აქვთ და თავგადასავლებს ეძებენ. ჯერ ჯიბის ქურდობით დაიწყო, მერე, ბინების გატეხვაზე გადავიდა, თუმცა, ღამეს ისევ ბუნაგში ათევდა, რადგან კესო იქ ეგულებოდა და მაწანწალების მეთაურობაც არ ეთმობოდა. ღამით, როცა თოკო დაიძინებდა, ის და კესო საქმეზე გადიოდნენ, დილით ბრუნდებოდნენ და მერე, მთელი დღე ეძინათ. ბოლო დროს, სამათხოვროდ, მარტო თოკო გადიოდა.
ერთ საღამოს, ბუნაგში დაბრუნებულს, სახლის წინ პოლიციის მანქანები დახვდა. სახლში არ შევიდა, ბუჩქებში ჩაიმალა და დაელოდა, რა მოხდებოდა. ცოტა ხანში, პოლიციელებმა, ხელებგადაგრეხილი ვეფხია და კესო გამოიყვანეს, ძალით ჩასვეს პოლიციის მანქანაში და სადღაც წაიყვანეს. გვიან გაიგო, რომ ორივე ქურდობაზე იყვნენ დაკავებულები.
მეორე დღეს, ნაცემი და დასისხლიანებული თოკო ბუნაგში იჯდა და სლუკუნებდა. ასე გაგრძელდა კიდევ ორი დღე. არ აპატიეს ვეფხიას მფარველობის ქვეშ ყოფნა, ლუკმა არავინ გაუყო. მეოთხე დღეს, შიმშილმა ქალაქში გაიყვანა.
***
– დე, ვიღაც ბავშვია, პურს ითხოვსო!
– დაგლეჯილი ტანსაცმელი აცვია და ტირისო! – ტყიპინით ერთმნეთს ასწრებდნენ მოყოლას ეზოდან სახლში შევარდნილი ტყუპები – თაკო და მაკო. ქალი თვითონ გავიდა ეზოში, ტყუპებიც უკან მიჰყვნენ. ბიჭს ხელი მოჰკიდა და სახლში შეიყვანა.
– რა გქვია გენაცვალეო!
– თოკოო! – სლუკუნით უპასუხა ბავშვმა. სამზარეულოში შეიყვანა, საჭმელი გადმოუღო, აჭამა.
– შენი მშობლები სად არიანო?
– მე უპატრონო ვარო!
– სად ცხოვრობო?
– ქუჩაშიო!
– რამდენი წლის ხარო?
– 8-სო!
– ნოდარ, მე ვარ, თეონა. სახლში რომ წამოხვალ, 8 წლის ბიჭის ტანსაცმელი იყიდე და წამოიღე, მერე აგიხსნიო! – სამსახურში დაურეკა ქმარს. იმ ღამით, თოკო სახლში დატოვეს და მერე, სულ დაიტოვეს. ნოდარი მიდგა-მოდგა, ნაცნობ-მეგობრები შეაწუხა, საქმე ჩააწყო და სასამართლომ, სრულწლოვანებამდე, თოკოზე მეურვეობა მას დააკისრა. სექტემბერში, სკოლაში შეიყვანეს. თოკო ნიჭიერი ბიჭი გამოდგა, სწავლა არ გასჭირვებია. ოჯახური სითბო და სიყვარული იგრძნო, თეონა და ნოდარი დედ-მამად მიიღო, ტყუპები დებივით შეიყვარა, მეგობრები გარს ეხვეოდნენ, დრო გადიოდა, თოკო – ბატონი თორნიკე გახდა, თითქოს ძველი მოგონებები დავიწყებას უნდა მისცემოდა, მაგრამ ყვითელი თმით, დასისხლიანებული სახით, ჩალურჯებული თვალით, გახეთქილი ტუჩით, დაკონკილ ტანსაცმელში გამოწყობილი პატარა მაწანწალა, ყოველღამ საწოლში აკითხვდა და მისი დანახვისას მოწოლილ ფიქრზე
– ამ საზოგადოებას, მაინც მაწანწალად მივაჩნივარ, ისევ ქუჩაში გავალ, ჩემი ადგილი იქ არისო! – თანხმობის ნიშნად, თავს უკანტურებდა.
***
დილის თათბირი საკმაოდ გაუგრძელდა. ეკონომიკის სამინისტროში იყო წასასვლელი, ახალი ბიზნეს-პროექტის შესათანხმებლად. წამოდგა, ჭიქაში დარჩენილი ჩაი მოსვა და კაბინეტიდან გავიდა.
– დღეს აღარ დავბრუნდებიო! – მიაძახა მდივანს.
– თოკოო! – მოესმა ქალის ხმა.
– ალბათ მომეჩვენაო! – ყურადღება არ მიაქცია. მოქაჩვა იგრძნო, გვერდით პატარა მაწანწალა ამოსდგომოდა და პერანგზე ექაჩებოდა. გაუკვირდა, აქამდე, მხოლოდ ღამ-ღამობით მოდიოდა, ახლა დღისითაც გამოეცხადა. გაჩერდა. მიტრიალდა. მისკენ ხელებგაშლილი ქალი მოდიოდა. ნაბიჯი უკან გადადგა, სახეზე დააკვირდა
– კესოო! – დაიყვირა და დას გადაეხვია. თანამშრომლები გაკვირვებისგან პირდაღებულები შეჰყურებდნენ, როგორ ტიროდნენ და ეფერებოდნენ ერთმანეთს. პატარა მაწანწალა კი, გაღიმებული, სიხარულისგან მალაყებს გადადიოდა.
***
დას ქალაქის ცენტრში უყიდა ბინა, სიძეს თვისი მსუბუქი ავტომობილი გადაულოცა. დის ოჯახისთვის, შემოსავლის წყაროდ, ორი სამარშრუტო ტაქსი შეიძინა, თბილისი-რუსთავის ხაზზე სამუშაოდ. მაგრამ, ერთ თვეში ავტომობილიც გაყიდეს, სამარშრუტო ტაქსებიც, ბინაც ზედ მიაყოლეს, ნაქირავებში გადავიდნენ და ფულის სათხოვნელად, ისევ თორნიკეს მიადგნენ. ყოველდღიურად იზრდებოდა დის და სიძის მადა,
– ამათ მოთხოვნილებებს მე ვერ დავაკმაყოფილებ, კიდევ რომ მოვლენ ფულის სათხოვნელად, უარს ვეტყვიო! – ყოველდღე იქადნებოდა თორნიკე, მაგრამ
– ჩემი დაა, ჩემზე როგორ ზრუნავდაო?! – ახსენდებოდა პატარა მაწანწალას დანახვისას, რომელიც, დის გამოჩენის შემდეგ, დღედაღამ გვერდიდან არ სცილდებოდა.
– 10000 დოლარი გვაქვს ორ დღეში ჩასატანი, ფული გვჭირდებაო! – მიადგა ცოლ-ქმარი თორნიკეს.
– მაგდენი ფული არ მაქვს, 2000 დოლარი შემიძლია მოგცეთო! – უპასუხა თორნიკემ. პატარა მაწანწალა უხერხულად აწრიალდა
– ბარათზე 1000 დოლარიც მაქვს, იმასაც მოგცემთო!
– დანარჩენი შენს მამობილს გამოართვიო! – მოსთხოვა ვეფხიამ.
– მაგას სიკვდილი მირჩევნია, შემიფარეს, გამზარდეს, კაცად მაქციეს, ვერ ვთხოვო! – პატარა მაწანწალა კი, გვერდით მისჯდომოდა და დამამუნათებელი თვალებით შესცქეროდა.
– კარგი, ჩვენ წავედითო! – თქვა ვეფხიამ ნაწყენი ტონით. ის და კესო წამოდგნენ და გავიდნენ. დაინახა თორნიკემ, როგორ ამოაცალა ვეფხიამ ბინიდან გასვლისას, შემოსასვლელში დაკიდებული ლაბადის ჯიბიდან გასაღებების ასხმა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, გამეხებული სახით იჯდა. გაღიმებული პატარა მაწანწალა კი, სიხარულისგან ცმუკავდა.
***
იმ ღამით, ვეფხია და კესო, წინასწარ გაფრთხილებულმა პოლიციამ მაშინ აიყვანა, თორნიკეს დედობილ-მამობილის ბინიდან დატვირთულები რომ გამოდიოდნენ. იმ დღიდან, პატარა მაწანწალა აღარ გამოჩენილა.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button