ეკონომიკაფილოსოფია

ფრიდრიხ ჰაიეკი – ”რატომ არ ვარ კონსერვატორი”

თარგმნა დავით თინიკაშვილმა

თავისუფლების გულწრფელი მეგობრები ყველა დროში ცოტანი იყვნენ, თავის გამარჯვებას ის უმცირესობებს უნდა უმადლოდეს. ეს უკანასკნელნი კი წარმატებას მხოლოდ იმ მოკავშირეებთან ერთად აღწევდნენ, რომლებსაც ხშირად სულ სხვა მიზნები ჰქონდათ; ამგვარი ალიანსი, რომელიც რისკიანია ნებისმიერ შემთხვევაში, ზოგჯერ დამღუპველიც აღმოჩენილა, ვინაიდან ამით მოწინააღმდეგეებს მათი წინსვლისთვის წინააღმდეგობის გაწევის სამართლიანი საფუძველი ეძლეოდათ.

ლორდი აქტონი

1. იმ დროს, როცა თითქმის ყველა პროგრესულად მიჩნეული პოლიტიკური მოძრაობა პიროვნული თავისუფლების წინააღმდეგ შეტევისკენ მოგვიწოდებს , მისი (ამ თავისუფლების. – მთარგმ.) დამცველები იძულებულნი არიან მათ ოპოზიციაში ჩაუდგნენ. ამრიგად, ისინი ერთ ბანაკში აღმოჩნდებიან ხოლმე მათთან ერთად, რომლებიც, როგორც წესი, ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ ცვლილებებს. მიუხედავად იმისა, რომ პოზიცია, რომლის აღწერასაც მე ვცდილობ, ნაწილობრივ “კონსერვატიულია”, ის კარდინალურად განსხვავდება იმ პოზიციისგან, რომელიც ტრადიციულად მოიაზრება ამ ტერმინში. ეს ომონიმური ორაზროვნება, რომელიც ოპოზიციის ერთიანი ბაირაღის ქვეშ აერთიანებს თავისუფლების ქომაგებსა და ნამდვილ კონსერვატორებს, – რაც რეალურ საფრთხეს წარმოადგენს მათი იდეალებისთვის, – ძალიან საშიშია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მკაფიოდ განვასხვაოთ პოზიცია, რომელსაც ქვემოთ აღვწერ, იმ პოზიციისგან, რომელიც საკმაო ხნის მანძილზე, – და შესაძლოა უფრო დასაბუთებულადაც, – ცნობილი იყო კონსერვატიზმის სახელით.

მკაცრი გაგებით კონსერვატიზმს აქვს არსებობის უფლება და ის ალბათ აუცილებელი და, უდავოდ, საკმაოდ ფართოდ გავრცელებული მსოფლმხედველობაა, რომელსაც მკვეთრი ცვლილებების მიუღებლობა ახასიათებს. საფრანგეთის რევოლუციიდან საუკუნენახევრის განმავლობაში ის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მანამ, სანამ სოციალიზმი ძალას მოიკრებდა, ამ მსოფლმხედველობის ოპოზიცია ლიბერალიზმი იყო. მათ შორის დაპირისპირებას არანაირი პარალელი არ მოეძებნება აშშ-ის ისტორიაში, რამდენადაც ის, რაც ევროპაში იწოდებოდა “ლიბერალიზმად”, აქ საერთო ტრადიციას წარმოადგენდა, რომელიც ამერიკული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის საფუძველი გახდა: ამრიგად, ევროპული კრიტერიუმებით, ამერიკული ტრადიციის მიმდევარი ლიბერალი იქნებოდა. ამგვარი დომხალი კიდევ უფრო გაღრმავდა ევროპული ყაიდის კონსერვატიზმის ამერიკულ ნიადაგზე გადანერგვის ბოლოდროინდელი მცდელობებით, რამაც, უცხო იყო რა ამერიკული ტრადიციისთვის, უცნაური ხასიათი შეიძინა. ცოტა უფრო ადრე ამერიკელმა რადიკალებმა და სოციალისტებმა საკუთარი თავის “ლიბერალებად” მოხსენიება იწყეს. მიუხედავად ამისა, მე შემდგომშიც “ლიბერალურს” ვუწოდებ საკუთარ პოზიციას, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, არანაკლებად განსხვავდება ნამდვილი კონსერვატიზმისგან, ვიდრე სოციალიზმისგან. თუმცა ნება მომეცით აქვე ვაღიარო, რომ ეს ეპითეტი ჩემში ეჭვებს იწვევს და წინამდებარე სტატიის დასასრულს მე განვიხილავ საკითხს თავისუფლების პარტიის ყველაზე უფრო შესაფერისი დასახელების შესახებ. საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რომ ტერმინს “ლიბერალი” თანამედროვე აშშ-ში მუდმივად არასწორი ინტერპრეტაცია ეძლევა, არამედ ისიც, რომ ევროპაში რაციონალისტური ლიბერალიზმის გაბატონებული მიმდინარეობა უკვე დიდი ხანია გადაიზარდა სოციალისტების მოძღვრებაში.

ნება მიბოძეთ ახლა გამოვთქვა არგუმენტი, რომელიც, ჩემი აზრით, კონსერვატიზმის ნებისმიერი იმ სახეობის მთავარ უარყოფას წარმოადგენს, რომელსაც ამ სახელს (კონსერვატიზმს) სამართლიანად უწოდებენ. ჩემი არგუმენტი კი იმაში მდგომარეობს, რომ კონსერვატიზმს თავისი ბუნების გამო არ ძალუძს ჩვენი მოძრაობის ამჟამინდელი მიმართულების არავითარი ალტერნატივის შემოთავაზება. თანამედროვე ტენდენციებისადმი დაპირისპირების თვალსაზრისით მას შეუძლია წარმატებით შეანელოს არასასურველი პროცესები, მაგრამ რამდენადაც განვითარების სხვა მიმართულებას ის არ გვთავაზობს, მიმდინარე ტენდენციის საბოლოო შეჩერება მას არ შეუძლია. ამ მიზეზით კონსერვატიზმი განწირულია უნებურად იაროს გარედან თავსმოხვეული გზით. კონსერვატორთა და პროგრესისტთა ჯგუფების მიერ ბაგირის გადაძალვები ხან ერთ და ხან მეორე მხარეს გავლენას ახდენს მხოლოდ ტემპზე და მიმდინარე განვითარების მიმართულებაზე. პირადად მე ვაღიარებ “პროგრესის ლოკომოტივზე მუხრუჭის” არსებობის აუცილებლობას, მაგრამ არ შემიძლია მარტო იმით დაკმაყოფილება, რომ მხოლოდ ამ დამუხრუჭებაში დავეხმარო მათ. ლიბერალმა შემდეგი შეკითხვით უნდა დაიწყოს: “საით ვაპირებთ წასვლას?” და არა “რამდენად სწრაფად?” ან “რამდენად შორს?”. სინამდვილეში ლიბერალი უფრო მეტად განსხვავდება დღევანდელი რადიკალ-კოლექტივისტისგან, ვიდრე კონსერვატორი. მაშინ, როცა ეს უკანასკნელი, როგორც წესი, მხარს უჭერს თავისი დროის სტერეოტიპების მხოლოდ ზომიერ და შერბილებულ ვერსიას, დღევანდელი ლიბერალი ვალდებულია საკმაოდ მკვეთრად გააკრიტიკოს რიგი ფუნდამენტური პრინციპებისა, რომლებიც კონსერვატორთა უმრავლესობას სოციალისტებთან აახლოებს.

2. ამ სამი პარტიის ურთიერთდამოკიდებულების ტრადიციული აღწერა უფრო აბუნდოვანებს, ვიდრე განმარტავს მათ ნამდვილ ურთიერთობებს. ჩვეულებრივ მათ გამოსახავენ როგორც სხვადასხვა წერტილს ერთ ხაზზე: სოციალისტები მარცხნივ, კონსერვატორები მარჯვნივ, ლიბერალები კი სადღაც შუაში. მაგრამ ეს სურათი საერთოდ არ შეესაბამება სინამდვილეს. თუკი დიაგრამის გაკეთებაა საჭირო, უფრო მოხერხებული იქნებოდა სამკუთხედის დახაზვა, რომელშიც ერთ დაბოლოებას კონსერვატორები ექაჩებიან, მეორეს სოციალისტები და მესამეს ლიბერალები. მაგრამ რამდენადაც სოციალისტებს უფრო დიდხანს და ძლიერად უხდებოდათ ეს “გადაქაჩვა”, კონსერვატორებმა ამჯობინეს სოციალისტების და არა ლიბერალების მიმართულებით წასულიყვნენ და დროგამოშვებით ითავისებდნენ იდეებს, რომლებმაც ავტორიტეტულობა რადიკალური პროპაგანდით შეიძინეს. სწორედ კონსერვატორები მიდიოდნენ სოციალიზმთან რეგულარულ კომპრომისზე, იპარავდნენ რა მათ მქუხარებას. “შუალედური გზის” მიმდევრები, კონსერვატორები, რომელთაც საკუთარი მიზნები არ გააჩნდათ, ხელმძღვანელობდნენ შეხედულებით, რომლის მიხედვითაც ჭეშმარიტება ორ უკიდურესობას შორის სადღაც შუაშია, – ამიტომაც ცვლიდნენ საკუთარ პოზიციას ყოველთვის, როდესაც რომელიმე მხარეს ექტრემისტული მოძრაობა წარმოიქმნებოდა.

ამიტომ პოზიცია, რომელსაც ნებისმიერ დროს დასაბუთებულად შეიძლება ვუწოდოთ კონსერვატიული, დამოკიდებულია მიმდინარე ტენდენციების მიმართულებაზე. რამდენადაც უკანასკნელ ათწლეულებში საერთო განვითარება სოციალისტური მიმართულებით მიდიოდა, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ კონსერვატორებიც და ლიბერალებიც ცდილობდნენ შეენელებინათ ეს ტენდენცია. მაგრამ ლიბერალიზმის მთავარი თვისება სწორედაც რომ მოძრაობისაკენ და არა უმოძრაო მდგომარეობაში ყოფნისკენ სწრაფვაში მდგომარეობს. მართალია, ჩვენს დროში, შესაძლოა, ამის თაობაზე საპირისპირო შთაბეჭდილება იქმნება, რადგან ლიბერალიზმს წარსულში უფრო ფართო მხარდაჭერა ჰქონდა, ხოლო ზოგიერთი მისი მიზანი ახლოს იყო განხორციელებასთან. და მაინც, იგი არასოდეს ყოფილა უკან მიმართული დოქტრინა.

ისტორიამ არ იცის შემთხვევები, როცა ლიბერალური იდეალები მთლიანად და ბოლომდე განხორციელებულიყო ცხოვრებაში: ლიბერალიზმი არასოდეს კმაყოფილდებოდა მიღწეულით, ყოველთვის მომავლისკენ იმზირებოდა, მიისწრაფოდა რა ინსტიტუტების შემდგომი სრულყოფისკენ. ლიბერალიზმისთვის არ არის უცხო ევოლუცია და ცვლილებები. იქ, სადაც სახელმწიფო კონტროლი თრგუნავს სპონტანურ ცვლილებებს, ის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებებისთვის იბრძვის. დღევანდელ სამყაროში, სამთავრობო პოლიტიკასთან მიმართებით, ლიბერალი ვერ ხედავს აზრს არსებული წესრიგის შენარჩუნებაში. უფრო მეტიც, ლიბერალს ეჩვენება, რომ მსოფლიოს უმეტესი რეგიონი დაუყოვნებლივ საჭიროებს იმ გზის საფუძვლიან გაწმენდას უამრავი დაბრკოლებისგან, რომელიც თავისუფალ განვითარებას უწყობს ხელს.

ეს განსხვავება ლიბერალიზმსა და კონსერვატიზმს შორის არ უნდა დაიჩრდილოს იმ ფაქტით, რომ აშშ-ში ჯერ კიდევ შესაძლებელია პიროვნული თავისუფლების დაცვა, ტრადიციული ინსტიტუტების დაცვის პარალელურად. ლიბერალი აფასებს მათ არა მათი ხანგრძლივი ისტორიის ან ამერიკის ტრადიციისადმი კუთვნილების გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი შეესაბამება მათ იდეალებს.

3. სანამ ძირითად პუნქტებს განვიხილავდე, რომელთა მიხედვით ლიბერალური პოზიცია რადიკალურად ეწინააღმდეგება კონსერვატიულს, უნდა აღვნიშნო, რომ ლიბერალს შეუძლია ბევრი სარგებლობა მიიღოს კონსერვატიულად მოაზროვნეთაგან. ჩვენ დავალებულნი ვართ მათ მიერ მოწიწებითი შეგნებით განხორციელებულ კვლევებში გამოთქმული ზოგიერთი ღრმა აზრისაგან აქამდე განვითარებული ინსტიტუტების მნიშვნელობის შესახებ (ყოველ შემთხვევაში, ეკონომიკური სფეროს მიღმა), რომლებიც უდავოდ დაგვეხმარა თავისუფალი საზოგადოების ბუნების გააზრებაში. რა რეაქციონერებადაც არ უნდა გამოავლინონ საკუთარი თავი ისეთმა მოღვაწეებმა, როგორებიც არიან კოლრიჯი, ბონალდი, დე მესტრი, იუსტუს მოზერი ან დონოსო კორტესი, ისინი ძალიან კარგად აცნობიერებდნენ სპონტანურად განვითარებადი ინსტიტუტების – ენის, სამართლის, მორალისა და წეს-ჩვეულებების – მნიშვნელობას. ისინი ითვალისწინებდნენ ყოველივე ამას საკუთარ თეორიებში, რომლებსაც შეუძლიათ ლიბერალებსაც და თანამედროვე მეცნიერულ მიდგომებსაც გაუწიონ სამსახური. მაგრამ თუ კონსერვატორები იხიბლებიან კიდეც თავისუფალი განვითარებით, ეს მხოლოდ გარდასულ დღეებთან მიმართებით ხდება. მათ, როგორც წესი, არ ჰყოფნით გამბედაობა, რათა მიესალმონ ასეთივე დაუგეგმავ ცვლილებებს აწმყოში, ცვლილებებს, რომლებიც დროთა განმავლობაში ახალ ხელსაწყოებს წარმოშობენ კაცობრიობის პროგრესის კიდევ უფრო განვითარებისთვის.

ახლა კი გადავდივარ პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც კონსერვატიული და ლიბერალური მსოფლმხედველობები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. კონსერვატორი ავტორები ხშირად აღიარებდნენ, რომ კონსერვატიული მიდგომის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი ცვლილებებისადმი შიშში მდგომარეობს, სიახლის, როგორც ასეთისადმი, ფრთხილ უნდობლობაში, მაშინ, როცა ლიბერალური პოზიცია სიმამაცესა და საკუთარ თავში დარწმუნებულობას, ცვლილებებისადმი ნდობას ეფუძნება, მაშინაც კი, როცა არ შეგვიძლია იმის პროგნოზირება თუ რა შედეგებს მოიტანს ეს ცვლილებები. ალბათ განსაკუთრებული აზრი არ აქვს კონსერვატორების კრიტიკას, თუკი მათ ათვალწინებული აქვთ ძალიან სწრაფი ცვლილებები ინსტიტუტებსა და სახელმწიფო პოლიტიკაში; აქ არსებობს პირდაპირი საფუძველი იმისათვის, რომ ვიყოთ ფრთხილნი და ვიმოქმედოთ აუჩქარებლად. მაგრამ კონსერვატორები მიდრეკილნი არიან მთავრობის ძალა ცვლილებების შესაჩერებლად ან მისი მასშტაბის მაქსიმალური შეზღუდვისთვის გამოიყენონ. კონსერვატორები მომავალს რწმენის გარეშე უყურებენ, მაშინ, როცა ლიბერალი თავისი რწმენის გამო იძულებულია ოპტიმისტურად განეწყოს ცვლილებებისადმი თუნდაც მან არ იცოდეს, როგორ უნდა განხორციელდეს აუცილებელი კორექცია. უფრო მეტიც, ლიბერალური მსოფლმხედველობის ერთ-ერთ ნაწილს შეადგენს თეზისი, რომ ბაზრის თვითრეგულირებადი ძალები, განსაკუთრებით ეკონომიკურ სფეროში, როგორღაც მიაღწევენ საზოგადოების აუცილებელ ადაპტაციას ახალი ვითარებისადმი, თუმცა არავის ძალუძს იმის წინასწარმეტყველება, თუ როგორ მოხერხდება ეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ბაზრისადმი მოქმედების თავისუფლების მინიჭების მიმართ ასე ძალიან გავრცელებული უნდობლობა ადამიანებში, შესაძლოა, განპირობებულია მათი უუნარობით წარმოიდგინონ შესაბამისი წონასწორობა მოთხოვნასა და მიწოდებას, ექსპორტსა და იმპორტს შორის და ა.შ. კონსერვატორი თავს დაცულად და კმაყოფილად გრძნობს მაშინ, როცა მან იცის, რომ რომელიღაც უმაღლესი ბრძნული ძალა აკონტროლებს და ზედამხედველობს მიმდინარე ცვლილებებს, თუკი რომელიმე ძლიერი ინსტიტუცია ვალდებულია უზრუნველყოს ამ ცვლილებების “მოწესრიგებული მსვლელობა”.

უკონტროლო საზოგადოებრივი ძალებისადმი მინდობის შიში მჭიდროდ არის დაკავშირებული კონსერვატიზმის ორ სხვა თვისებასთან: ხელისუფლებისადმი მოწიწებასა და ეკონომიკურ ფაქტორთა მოქმედების ბუნების ზედაპირულ ცოდნასთან. რამდენადაც კონსერვატიზმი არ ენდობა არც აბსტრაქტულ თეორიებსა და არც ზოგად პრინციპებს, მას არ ესმის სპონტანურად მოქმედი ფაქტორებისა, რომლებსაც ეფუძნება თავისუფლების პოლიტიკა, არც ბაზა გააჩნია ამ პოლიტიკის პრინციპების გამომუშავებისთვის. კონსერვატორის წარმოდგენით, წესრიგი ხელისუფლების მუდმივი ყურადღების შედეგია. შესაბამისად, საჭიროა ხელები გავუხსნათ ხელისუფლებას – დაე, გააკეთონ ის, რასაც ითხოვს სიტუაცია საკუთარი თავის აუცილებელი წესებით შეზღუდვის გარეშე. პრინციპებისადმი ერთგულება თავიდანვე გულისხმობს ძირითადი ფაქტორების ბუნების ამოცნობას, რომლის წყალობითაც საზოგადოების კოორდინირება ხდება, – მაგრამ კონსერვატიზმის სწავლებაში საზოგადოების შესახებ მსგავსი თეორია, განსაკუთრებით ეკონომიკურ მექანიზმთან დაკავშირებით, შეგნებულად არ არსებობს. კონსერვატიზმს არ წარმოუქმნია ამქვეყნად არავითარი განზოგადებული კონცეფცია, რომელიც ახსნიდა, თუ როგორ ინარჩუნებს სტაბილურობას ესა თუ ის საზოგადოებრივი წყობა. ასე რომ, კონსერვატიზმის თანამედროვე აპოლოგეტები, ცდილობენ რა შექმნან თეორიული ბაზა, იძულებულნი არიან იმ ავტორებს მიმართონ, რომლებიც საკუთარ თავს ლიბერალებად მიიჩნევდნენ. მაკოლეი, ტოკვილი, ლორდი აქტონი და ლეკი მტკიცედ და სამართლიანად თვლიდნენ საკუთარ თავს ლიბერალებად; ედმუნდ ბერკიც კი “ძველ ვიგად” დარჩა სამარის კარამდე და, ვფიქრობ, გააჟრჟოლებდა კიდეც, თუ ვინმე მას თორად მიიჩნევდა.

ნება მიბოძეთ დავუბრუნდე ჩემს ძირითად თემას, კერძოდ, კონსერვატორთათვის დამახასიათებელ შემწყნარებლობას ოფიციალური ხელისუფლების მოქმედებებისადმი: კონსერვატორის მთავარი საზრუნავი ის გახლავთ, რომ ეს ძალაუფლება არ შესუსტდეს, და არა ის, რომ მისი სიძლიერე გარკვეულ საზღვრებში “დაიჭიროს”. რთულია ასეთი მიდგომის მორიგება თავისუფლებისათვის ზრუნვასთან. როგორც ჩანს, დასაშვებია შემდეგი განზოგადებული ფორმულირება: კონსერვატორს არაფერი აქვს საწინააღმდეგო ხელისუფლების მხრიდან იძულების ან თვითნებობის მიმართ მანამ, სანამ ასეთი მეთოდები იმ მიზანს ემსახურება, რომელიც მას სამართლიანი ჰგონია. თუკი ქვეყნის ხელისუფლებაში პატიოსანი ადამიანები არიან, – მიაჩნია მას, – არ არის საჭირო სახელმწიფოს მოქმედებათა შეზღუდვა მკაცრი წესებით. რამდენადაც კონსერვატორი თავისი ბუნებით ოპორტუნისტია, რომელიც პრინციპების დეფიციტს განიცდის, მისი უმთავრესი იმედი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნის მმართველ ელიტაში მხოლოდ ბრძენი და მართალი ადამიანები იქნებიან, რომლებიც არა მხოლოდ პირად მაგალითს აძლევენ რიგით მოქალაქეებს, არამედ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების პრაქტიკული განხორციელების გზით მიდიან . სოციალისტის მსგავსად, კონსერვატორი ზრუნავს არა იმდენად სახელმწიფოს შეზღუდვაზე, რამდენადაც შემდეგ საკითხზე: ვინ იქნება ხელისუფლებაში; სოციალისტის მსგავსად, კონსერვატორი უფლებას აძლევს თავს სხვებს საკუთარი ფასეულობები მოახვიოს.

როცა აღვნიშნე, რომ კონსერვატორს არ აქვს საკუთარი პრინციპები, არ მიგულისხმია, რომ ის უზნეოა. ტიპური კონსერვატორი, როგორც წესი, არის ადამიანი, რომელიც საკმაოდ მყარი მორალური შეხედულებების მატარებელია. მე ვგულისხმობდი, რომ მას არ გააჩნია პოლიტიკური პრინციპები, რომელიც განსხვავებული მორალური შეხედულებების მქონე ადამიანებთან ერთად ისეთი პოლიტიკური რეჟიმის შექმნის შესაძლებლობას მისცემდა, რომლის პირობებშიც ყველა ადამიანს ექნებოდა საკუთარი მსოფლმხედველობის შესაბამისად ცხოვრების საშუალება. მხოლოდ ამგვარი აუცილებლობის აღიარება უშვებს სხვადასხვა ფასეულობათა სისტემის თანაარსებობას, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს ხდის მშვიდობიანი საზოგადოებრივი წყობის დამყარებას მინიმალური ძალადობის გამოყენებით. ამგვარი პოლიტიკური პრინციპების მიღება ნიშნავს, რომ ჩვენ თანახმანი ვართ მოვითმინოთ ბევრი ჩვენთვის მიუღებელი რამ. ფასეულობათა კონსერვატიული სისტემა ბევრ ისეთ რამეს შეიცავს, რაც ჩემში სიმპათიას იწვევს, განსხვავებით სოციალისტების იდეალებისგან; და მაინც, ლიბერალისთვის პრიორიტეტული სტატუსი, რომელსაც იგი გარკვეულ მიზნებს ანიჭებს, ჯერ კიდევ არ ნიშნავს სხვების იძულებას გაიზიარონ იგი. მე თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ ჩემს კონსერვატორ მეგობართაგან ბევრი შოკირებული დარჩება იმ “დათმობებით” (როგორც ისინი შეაფასებენ) თანამედროვე შეხედულებების წინაშე, რაზედაც მე წავედი ჩემი წიგნის მესამე ნაწილში. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მე კონსერვატორებზე უფრო თავშეკავებულად ვიწონებ ასეთ ზომებს, და, შესაძლოა, მათ წინააღმდეგაც მიმეცა ხმა, ამავე დროს ჩემთვის უცნობია რაიმე ზოგადი პრინციპი, რომლის საფუძველზეც შევძლებდი ოპონენტების დარწმუნებას ამგვარი ზომების შეუსაბამობაში საზოგადოების განზოგადებულ სახესთან, რომლისკენაც თითოეული ჩვენგანი მიისწრაფვის. იმისათვის, რომ წარმატებით ვთანამშრომლობდეთ სხვასთან, არ არის საკმარისი საკუთარი კონკრეტული მიზნების ერთგულება. აუცილებელია აზრთა გარკვეული სისტემა – იმ ტიპის საზოგადოებრივი წყობის ერთგულება, რომელშიც პირადად შენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებშიც კი ადამიანებს ეძლევათ ნება სხვა მიზნების ქონისა.

აი, სწორედ ამის გამო ლიბერალისთვის არ არსებობს რაიმე გამამართლებელი მიზეზი როგორც ზნეობრივი, ისე რელიგიური ხასიათის იდეალების იძულებითი განხორციელებისთვის, მაშინ, როცა კონსერვატორებისა და სოციალისტებისთვის არ არსებობს მსგავსი შეზღუდვები (რომელსაც ლიბერალი უწესებს საკუთარ თავს. –მთარგმ.). ზოგჯერ მეჩვენება, რომ ლიბერალიზმის ყველაზე ცხადი დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც მას თანაბრად განასხვავებს როგორც კონსერვატიზმისგან, ასევე სოციალიზმისგან, არის თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ზნეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ქცევით სტილთან მიმართებით, თუ ისინი უშუალოდ არ იჭრებიან სხვა ადამიანების ცხოვრების კანონით დაცულ სფეროში, იძულება დაუშვებელია. იქნებ ეს გარემოება იმასაც განმარტავდეს, რატომ არის ყოფილი სოციალისტისთვის საკუთარი ახალი მექის პოვნა შესაძლებელი კონსერვატიზმის და არა ლიბერალიზმის წიაღში.

საბოლოო ჯამში, კონსერვატიული პოზიცია ეფუძნება წარმოდგენას, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობენ უმაღლესი თანრიგის ადამიანები, იმ ნამემკვიდრევი პრინციპებისა და ღირებულებების მატარებელნი, რომლებიც სათუთად უნდა იქნეს დაცული, – და სწორედ ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებსაც ყველაზე მეტი წონა უნდა ჰქონდეთ საზოგადოების ცხოვრებაში. ლიბერალი, რასაკვირველია, არ უარყოფს, რომ ერთი ადამიანი აღემატება მეორეს, – საბოლოო ჯამში, ლიბერალი მაინც არ გახლავთ ეგალიტარული ტიპი, – მაგრამ უარყოფს იმ შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც ვიღაცებმა (ვინც არ უნდა იყვნენ ისინი) უნდა გადაწყვიტონ, თუ ვინ უნდა იყვნენ ეს უმაღლესი კატეგორიის ადამიანები. მაშინ, როცა კონსერვატორი მიდრეკილია დაიცვას უკვე დადგენილი კონკრეტული იერარქია, და იმედი აქვს, რომ ხელისუფლება დაიცავს იმ პირებს, რომელთაც მათ თვალში მაღალი ფასი აქვთ; ლიბერალი თვლის, რომ ტრადიციული ფასეულობებისადმი არავითარ პატივისცემას არ შეუძლია გაამართლოს მონოპოლური პრივილეგია ან ნებისმიერი სხვა შემთხვევა სახელმწიფოს ძალაუფლების გამოყენებისა ეკონომიკური ცვლილებების შედეგებისგან ადამიანთა გარკვეული ჯგუფის დასაცავად. თუმცა ლიბერალი ყოვლითურთ აცნობიერებს კულტურული და ინტელექტუალური ელიტის მნიშვნელოვან როლს ცივილიზაციის განვითარებაში, მაგრამ ის იმავდროულად მოელის, რომ ამ ელიტებმა საქმით დაამტკიცონ საკუთარი ფასეულობა, – კერძოდ, საკუთარი მდგომარეობის შენარჩუნება ყველასათვის საერთო წესების პირობებში.

ამასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული აგრეთვე ტიპური კონსერვატორის შეხედულება დემოკრატიაზე. ზემოთ მე ნათლად აღვნიშნე, რომ უმრავლესობის ძალაუფლებას ვთვლი არა მიზნად, არამედ მხოლოდ საშუალებად; იმის თქმასაც გავბედავ, რომ ეს, შესაძლოა, ყველაზე ნაკლებად სულელური ვარიანტია მმართველობის იმ ფორმებს შორის, რომელთაგან აუცილებლად უნდა ავირჩიოთ ერთი რომელიმე. მაგრამ, როგორც მე მეჩვენება, კონსერვატორები ცდებიან, როდესაც დემოკრატიას აბრალებენ ჩვენი ეპოქისთვის დამახასიათებელ ყველა საშინელებას. მთავარი ბოროტება – ეს არის მმართველი გუნდის შეუზღუდავი ძალაუფლება; არავის აქვს უფლება ჰქონდეს შეუზღუდავი ძალაუფლება. თანამედროვე დემოკრატიული მმართველობისთვის დამახასიათებელი უფლებამოსილებანი, მოქცეული მცირე ელიტის ხელში, საერთოდ აუტანელი იქნებოდა.

უნდა ვაღიაროთ, რომ როდესაც ძალაუფლება უმრავლესობის ხელში მოექცა, წარმოიშვა შეხედულება სახელმწიფო ძალაუფლების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის შესახებ. ამ კუთხით დემოკრატია და შეუზღუდავი ძალაუფლება ერთმანეთთან არიან დაკავშირებული. მაგრამ აქ კრიტიკას იწვევს არა დემოკრატია, არამედ იდეა შეუზღუდავი ძალაუფლების შესახებ. მე ვერ გამიგია, რატომ არ შეიძლება შევზღუდოთ უმრავლესობის ძალაუფლება იმავე მეთოდებით, რომელი მეთოდებითაც იზღუდება ყველა სხვა ძალაუფლება. ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიის უპირატესობანი მშვიდობიანი ცვლილებებისა და პოლიტიკური განათლების შესაძლებლობათა უზრუნველყოფის სფეროში იმდენად აღემატება ყველა სხვა წყობის ღირსებებს, რომ მე არანაირად არ შემიძლია სიმპათია გამოვხატო კონსერვატიზმში ანტიდემოკრატიული ტენდენციების მიმართ. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემაა არა ის, თუ ვინ მართავს, არამედ ის, თუ რისი უფლება აქვს მთავრობას და რისი არა.

ის გარემოება, რომ კონსერვატორთა პროტესტი მთავრობის მხრიდან ზომაზე მეტი კონტროლის მიმართ პრინციპის საქმე კი არ არის, არამედ მთავრობის კონკრეტულ მიზნებთან უთანხმოებაა, ნათლად ჩანს ეკონომიკის დარგში. სამეწარმეო სფეროში კონსერვატორები, როგორც წესი, კოლექტივისტური და ბიუროკრატიული სტილის წინააღმდეგ გამოდიან და აქ ლიბერალები მათში მოკავშირეებს ხედავენ. მაგრამ ამავე დროს აგრარულ სფეროში კონსერვატორები პროტექციონიზმის მომხრენი არიან და ხშირად უჭერენ მხარს სოციალისტური ხასიათის ზომებს. უფრო მეტიც, მიუხედვად იმისა, რომ დღევანდელ სამეწარმეო და სავაჭრო სფეროში არსებული შეზღუდვები ძირითადად სოციალისტური შეხედულებებიდან მომდინარეობს, სოფლის მეურნეობაში ასეთივე სერიოზული შეზღუდვების უმრავლესობა გაცილებით ადრე კონსერვატორების მიერ იქნა შემოღებული. ხოლო თავისუფალი მეწარმეობის დისკრედიტირების საქმეში წამყვანი კონსერვატორები სოციალისტებს ეჯიბრებოდნენ.

4. მე უკვე ვახსენე განსხვავებები ლიბერალიზმსა და კონსერვატიზმს შორის წმინდა აზრობრივ სიბრტყეზე, მაგრამ მომიწევს კვლავ მივუბრუნდე ამ საკითხს, რადგან ამ სფეროში კონსერვატორთა შეხედულებანი არა მხოლოდ კონსერვატიზმის სისუსტეა, არამედ საშიშია ყველასთვის, ვინც მათთან კავშირში შევა. კონსერვატორები ინსტინქტურად გრძნობენ, რომ ცვლილებათა პირველმიზეზი სხვა არაფერია, თუ არა ახალი იდეები. აქედან გამომდინარეობს სრულიად ბუნებრივი შიში ახალი იდეების მიმართ – კონსერვატიზმი ხომ, არ გააჩნია რა საკუთარი განმასხვავებელი პრინციპები, ვერაფერს ვერ დაუპირისპირებს მათ. მისი უნდობლობა თეორიებისადმი და ფანტაზიის სიმწირის გამო რაიმე ახლის წარმოდგენის უუნარობა იმასთან შედარებით, რაც უკვე პრაქტიკითაა შემოწმებული, მიზეზია იმისა, რომ კონსერვატიზმს აკლია ყოველგვარი “შეიარაღება” იდეური ბრძოლისთვის. ლიბერალიზმისგან განსხვავებით, რომლისთვისაც იდეათა შორსმიმავალი სიძლიერის რწმენა განუყოფელია, კონსერვატიზმი იძულებულია შემოიფარგლოს იმ იდეების ნაკრებით, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო წარსულისგან, და რამდენადაც კონსერვატიზმს არგუმენტირების გარეშე სჯერა მათი, მისი საბოლოო დასკვნა მარტივია – ის ფლობს უმაღლეს სიბრძნეს, რომელიც დაფუძნებულია განსაკუთრებულობის პრეტენზიებზე.

ეს განსხვავება ყველაზე ნათლად ცოდნის გამრავლებისადმი ორი ტრადიციის სხვადასხვა მიდგომაში ვლინდება. თუმცა ლიბერალი ყოველგვარ ცვლილებას პროგრესად არ თვლის, ცოდნის გამრავლებას იგი უსიტყვოდ მიაკუთვნებს კაცობრიობის განვითარების პრიორიტეტულ ამოცანათა რიგს, რომელიც, მისი აზრით, თანდათან გადაწყვეტს ყველა პრობლემასა და სირთულეს, რომელთა გადაჭრის მხოლოდ იმედი შეიძლება გვქონდეს. ლიბერალი შორს არის იმ აზრისგან, რომ ყოველივე ახალს უპირატესობა მიანიჭოს მხოლოდ მისი სიახლის გამო, – მაგრამ იგი აცნობიერებს, რომ კაცობრიობის მიღწევები ყოველთვის რაღაც ახალს გვთავაზობს და მზად არის მოურიგდეს ამ ახალ ცოდნას იმისდა მიუხედავად, მოსწონს თუ არა მას მისი პირდაპირი შედეგი.

თუ პირადად ჩემს შეფასებაზე ვისაუბრებთ, კონსერვატიული აზროვნების ყველაზე საძრახის თვისებად მიმაჩნია მისი მიდრეკილება უარყოს არგუმენტირებულად დასაბუთებული ახალი ცოდნა იმის გამო, რომ კონსერვატორს არ მოსწონს მისი ზოგიერთი გარეგანი შედეგი, რაც, უხეშად რომ ვთქვათ, ობსკურანტიზმია. არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ სწავლულები ყველაზე მეტად არიან დაქვემდებარებულნი მოდას და რომ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ მათ დასკვნებს, რომლებიც თავიანთი უახლესი თეორიებიდან გამოაქვთ. მაგრამ ჩვენი სიფრთხილის მიზეზები რაციონალური უნდა იყოს, ისინი უნდა განვაცალკეოთ იმ დანანებისგან, რომელიც ჩვენში წარმოიქმნება, როცა ვხედავთ, რომ ახალი თეორია ეწინააღმდეგება ჩვენს საყვარელ რწმენა-წარმოდგენებს. მე პირადად ვერ ვიტან მათ, ვინც, მაგალითად, უარყოფს ევოლუციის თეორიას ან სიცოცხლის ფენომენთა ე.წ. “მექანიკურ ახსნებს” იმის საფუძველზე, რომ ამ თეორიებიდან გარკვეული მორალური ხასიათის შედეგები შეიძლება წარმოიშვას. უფრო მეტად კი ისინი მაღიზიანებენ, რომლებიც საერთოდ არასაჭიროდ და საჩოთიროდ მიიჩნევენ ამ საკითხების განხილვას. კონსერვატორი მხოლოდ ასუსტებს თავის პოზიციას იმით, რომ არ სურს ფაქტებს თვალებში ჩახედოს. დასკვნები, რომლებიც რაციონალისტურ შეგნებას გამოაქვს ახალი სამეცნიერო აღმოჩენებიდან, ხშირად სულაც არ გამომდინარეობს ამ უკანასკნელთაგან. მაგრამ მხოლოდ ახალი სამეცნიერო აღმოჩენების შედეგებთან დაკავშირებით წამოწყებულ დისკუსიებში აქტიური ჩართვით შეგვიძლია გავიგოთ იპოვიან თუ არა ისინი ადგილს ჩვენს საკუთარ მსოფლმხედველობაში. თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენი ზნეობრივი პრინციპები დამოკიდებულია ჩვენს წარმოდგენებზე, რომელთა მცდარობაც უკვე დამტკიცებულია ფაქტობრივად, – რამდენად ზნეობრივია ამ პრინციპების დაცვა და ხსენებული ფაქტების უარყოფა?

ყოველივე ახლისა და უცხოსადმი კონსერვატორთა უნდობლობასთან არის ასევე დაკავშირებული მათი მტრული დამოკიდებულება ინტერნაციონალიზმისადმი და მათი მიდრეკილება აგრესიული ნაციონალიზმისკენ. აქ არის დაფარული კონსერვატიზმის სისუსტის მეორე წყარო იდეათა ბრძოლაში. კონსერვატიზმი ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რომ იდეები, რომლებიც ცვლიან ჩვენს ცივილიზაციას, არ ცნობენ საზღვრებს. ახალი იდეების გაცნობაზე უარის თქმა ნიშნავს საკუთარ თავს მოაკლო შესაძლებლობა წარმატებით გააკრიტიკო/გააბათილო ისინი, როცა ამის აუცილებლობა დადგება. იდეების განვითარება ინტერნაციონალური პროცესია და მხოლოდ მათ შეუძლიათ მასზე დიდი გავლენის მოხდენა, ვინც ბოლომდე მონაწილეობს დისკუსიაში. გამოაცხადო რომელიმე იდეა “არაამერიკულად” ან “არაგერმანულად” – ჯერ კიდევ არ წარმოადგენს არგუმენტს. მცდარი ან მანკიერი იდეა ვერ გახდება უკეთესი მხოლოდ იმის გამო, რომ ის რომელიმე ჩვენი თანამემამულის თავშია გაჩენილი.

კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა კონსერვატიზმის სიახლოვეზე ნაციონალიზმთან, მაგრამ აღარ შევჩერდები ამ მომენტზე იმიტომ, რომ არ წარმოიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ჩემი მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას სიმპათიით ვიყო განწყობილი ნაციონალიზმის ნებისმიერი ფორმის მიმართ. მე მხოლოდ დავამატებ, რომ ეს წინასწარგანწყობა ნაციონალიზმის მიმართ ხშირად ხდება დამაკავშირებელი რგოლი კონსერვატიზმსა და კოლექტივიზმს შორის: თუ თქვენ მრეწველობას ან ბუნებრივ რესურსებს აღიქვამთ როგორც “ჩვენსას”, მხოლოდ ერთი პატარა ნაბიჯი რჩება მოწოდებამდე ნაციის ეს მონაპოვარი ნაციონალური ინტერესების სამსახურში ჩადგეს. ცხადია, ამ კუთხით კონტინენტური ლიბერალიზმი, რომელიც საფრანგეთის რევოლუციიდან იღებს სათავეს, კონსერვატიზმზე უკეთესი არ აღმოჩნდება. ალბათ ზედმეტია იმის მტკიცება, რომ ასეთი ტიპის ნაციონალიზმი საფუძველშივე განსხვავდება პატრიოტიზმისგან და რომ ნაციონალიზმისადმი ზიზღი სავსებით შეთავსებადია ნაციონალური ტრადიციებისადმი ერთგულებასთან. თუმცა ის ფაქტი, რომ მე პატივს ვცემ ჩემი საზოგადოების ზოგიერთ ტრადიციას, არ უნდა გულისხმობდეს მტრულ დამოკიდებულებას განსხვავებულისადმი და ჩემთვის უცნაურისადმი.

ის გარემოება, რომ კონსერვატიზმის ანტიინტერნაციონალიზმი ასე ხშირად ასოცირდება იმპერიალიზმთან, მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს პარადოქსული. რაც უფრო ძლიერია ადამიანის სიძულვილი ყოველივე უცხოსადმი და დარწმუნებულობა საკუთარის უპირატესობაში, მით უფრო ღრმად არის იგი თავდაჯერებული, რომ სხვების “გაცივილიზების” მისია აკისრია – გაცივილიზება არა ნებაყოფლობითი და დაუბრკოლებელი ურთიერთგაცვლის აზრით, რომელსაც ლიბერალი მიანიჭებდა უპირატესობას, არამედ ეფექტური სახელმწიფოს “სიკეთეების” სხვებისათვის გადაცემის გაგებით. სიმპტომატურია, რომ ამ საკითხთან მიმართებაშიც კი, როგორც ეს ხშირად ვლინდება, კონსერვატორები კავშირს კრავენ სოციალისტებთან ლიბერალების წინააღმდეგ – არა მხოლოდ ინგლისში, სადაც ცოლ-ქმარი ვებები და მათი ფაბიანური საზოგადოება გააფთრებული იმპერიალისტები იყვნენ, ან გერმანიაში, სადაც სახელმწიფო სოციალიზმი და კოლონიური ექსპანსიონიზმი ერთმანეთის მხარდამხარ იბრძოდნენ და “კათედერ-სოციალისტების” მხარდაჭერაც მოიპოვეს, არამედ აშშ-შიც, სადაც უკვე პირველი რუზველტის დროს იყო ცხადი: ჯინგოისტები და სოციალისტ–რეფორმატორთა მოძრაობის მომხრეები გაერთიანდნენ და პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბეს, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდებასა და საკუთარი ცეზარისტული პატერნალიზმის პროგრამის განხორციელებას აპირებდნენ; როგორც ჩანს ეს საფრთხე აღარ გვემუქრება მხოლოდ იმის წყალობით, რომ სხვა პარტიებმა მათი პროგრამის ხარისხითა და ფორმით ზომიერი ვარიანტი მიიღეს.

5. გარკვეული აზრით, დასაშვებია სოციალისტსა და კონსერვატორს შორის ლიბერალის მოაზრება: ლიბერალი ისევე შორს დგას სოციალისტის (რომელსაც ყველა საზოგადოებრივი ინსტიტუტის გარდაქმნა სურს იმ გეგმის მიხედვით, ცალკე აღებულ მის თავში რომ გაჩნდა) უხეში რაციონალიზმისგან, როგორც მისტიციზმისგან, რომელიც ასე ხშირად ხდება კონსერვატორის თავშესაფარი. პოზიციას, რომელსაც მე აღვწერ როგორც ლიბერალურს, კონსერვატიზმთან გონებისადმი უნდობლობა აახლოებს იმ ზომით, რა ზომითაც ლიბერალი ნათლად აცნობიერებს, რომ ყველა კითხვაზე პასუხი ჩვენ არ ვიცით. უფრო მეტიც, ლიბერალი არც იმაში გახლავთ ბოლომდე დარწმუნებული, რომ მისთვის ცნობილ პასუხთაგან ყველა სწორია და რომ, საერთოდ, ადამიანს უნარი აქვს ყველა კითხვაზე იპოვოს პასუხი. ლიბერალი არც იმას თაკილობს, რომ დახმარებისთვის ნებისმიერ ირაციონალურ ინსტიტუტსა და წეს-ჩვეულებას მიმართოს, რომელთაც დაამტკიცებული აქვთ საკუთარი ღირსება. კონსერვატორისგან ლიბერალი გამოირჩევა თავისი მზადყოფნით – არ დახუჭოს თვალი საკუთარ უმეცრებაზე, და იმის აღიარებით, რომ ჩვენ ძალზე ცოტა ვიცით; გონების უძლურების დროს ის არ მიმართავს ზებუნებრივ ძალებს დახმარებისთვის. უნდა ვაღიაროთ, რომ ლიბერალი აშკარა სკეპტიკოსიცაა, – მაგრამ გარკვეული დოზით დამთმობლობაც არის საჭირო, რათა ვცნოთ სხვათა უფლება ბედნიერებისკენ საკუთარი გზებით იარონ და მტკიცედ ვაღიაროთ ტოლერანტობის პრინციპი, რომელიც ლიბერალიზმის განუყოფელი ნაწილია.

ყოველივე ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ლიბერალისთვის უცხოა რელიგიურობა. ფრანგული რევოლუციის რაციონალიზმისგან განსხვავებით, ნამდვილი ლიბერალიზმი არ ებრძვის რელიგიას; მე მხოლოდ სინანული შემიძლია გამოვხატო იმის გამო, რომ მე-19 საუკუნის კონტინენტური ლიბერალიზმი ხშირად იყო გამსჭვალული მებრძოლი, არსობრივად არალიბერალური ანტირელიგიურობით. ის ფაქტი, რომ ათეიზმი არ წარმოადგენს ლიბერალიზმის განუყოფელ ნაწილს, ნათლად ჩანს მისი ინგლისელი დამფუძნებლების – “ძველი ვიგების” – მაგალითზე, რომლებიც პირიქით, თავგამოდებულადაც კი უჭერდნენ მხარს კონკრეტულ კონფესიას. თუმცა, განსხვავებით კონსერვატორისგან, ლიბერალი, როგორი ღრმად მორწმუნეც არ უნდა იყოს თავად, არასოდეს მისცემს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ სხვას მოახვიოს თავზე საკუთარი რწმენა; მისთვის საკრალური და სეკულარული სხვადასხვა სფეროებია, რომელთა ერთმანეთში აღრევა დაუშვებელია.

6. ჩემ მიერ აქ წარმოდგენილი მსჯელობა შესაძლოა საკმარისიც იყოს იმის ასახსნელად, თუ რატომ არ მივიჩნევ თავს კონსერვატორად. თუმცა ბევრს ალბათ მოეჩვენება, რომ ზემოთ წარმოდგენილი პოზიცია ძალიან მცირედით ჰგავს იმ მსოფლმხედველობას, რომლის “ლიბერალიზმად” მოხსენიებასაც არიან მიჩვეულნი. მაშასადამე, ახლა უნდა გადავიდე იმ საკითხზე, შეეფერება თუ არა ჩვენს დროში ეს სახელწოდება თავისუფლების პარტიას. უკვე აღვნიშნე, რომ, თუმცა საკუთარ თავს მუდამ ლიბერალს ვუწოდებდი, ბოლო დროს ამას რაღაც არცთუ ისე დიდი ხალისით ვაკეთებ არა მხოლოდ იმიტომ, რომ აშშ-ში ეს ტერმინი მუდმივად გაუგებრობებს წარმოქმნის, არამედ იმიტომაც, რომ სულ უფრო მწვავედ ვაცნობიერებ რა დიდი უფსკრულია, ერთი მხრივ, ჩემს პოზიციასა და, მეორე მხრივ, რაციონალისტურ კონტინენტურ ლიბერალიზმსა და უტილიტარისტთა ინგლისურ ლიბერალიზმს შორის.

თუ სიტყვა “ლიბერალიზმი” ახლაც იმის აღმნიშვნელი იქნებოდა, რასაც იგი ნიშნავდა ინგლისელი ისტორიკოსისთვის, რომელიც 1827 წელს 1688 წლის რევოლუციას ახასიათებდა როგორც “იმ პრინციპთა ტრიუმფს, რომლებიც თანამედროვეობის ენაზე ლიბერალურად ან კონსტიტუციურად იწოდება”, ან, თუ ჩვენ უწინდებურად შეგვეძლებოდა, ლორდ აქტონის მსგავსად, ბერკი, მაკოლეი და გლადსტონი სამ უდიდეს ლიბერალად მოგვეხსენიებინა, ან, თუ ჩვენ, ჰაროლდ ლასკისებურად, ტოკვილსა და ლორდ აქტონში “მე-19 საუკუნის მთავარ ლიბერალებს” დავინახავდით, მე უდიდეს პატივად ჩავთვლიდი საკუთარი თავისთვისაც იგივე მეწოდებინა. მაგრამ როგორი მაცდუნებელიც არ უნდა იყოს ჩემთვის მათი შეხედულებების ლიბერალიზმად მოხსენიება, იძულებული ვარ ვაღიარო, რომ კონტინენტურ ლიბერალთა უმეტესობა მხარს უჭერდა იმ იდეებს, რომელთა წინააღმდეგ იბრძოდნენ ეს ადამიანები, და ისინი უფრო იმ სურვილით ხელმძღვანელობდნენ, რომ თავს მოეხვიათ ამ სამყაროსთვის წინასწარ მოფიქრებული რაციონალური მოდელი, ვიდრე შეექმნათ შესაძლებლობა თავისუფალი განვითარებისა. მეტ-ნაკლებად იგივე ხდება ინგლისშიც, ყოველ შემთხვევაში ლოიდ ჯორჯის დროიდან, როცა ლიბერალიზმად წოდებული მოძრაობა იწყება.

ამრიგად, აუცილებლად უნდა ვაღიაროთ, რომ “ლიბერალიზმს” თითქმის არაფერი აქვს საერთო არცერთ იმ პოლიტიკურ მოძრაობასთან, რომლებიც ჩვენს დროში ამგვარად (ლიბერალურად. – მთარგმ.) იწოდებიან. ასევე სადავოა, შეუძლიათ თუ არა ამ სახელწოდებასთან დაკავშირებულ ისტორიულ ასოციაციებს რომელიმე პოლიტიკური მოძრაობის წარმატების ხელშეწყობა. შეიძლება სხვადასხვა აზრი არსებობდეს იმის თაობაზე, საჭიროა თუ არა მოცემულ ვითარებაში ამ ტერმინის რეაბილიტირება მათ მიერ, ვინც ფიქრობს, რომ მას არასწორად იყენებენ. პირადად მე სულ უფრო მწვავედ ვგრძნობ, რომ ამ ტერმინის გამოყენება ვრცელი ახსნა-განმარტების გარეშე ბუნდოვანებას წარმოქმნის, და რომ ის, როგორც პოლიტიკური იარლიყი, მოძრავი ძალიდან ბალასტად გარდაიქმნა.

აშშ-ში, სადაც სიტყვა “ლიბერალის” გამოყენება უკვე შეუძლებელია იმ აზრით, რა აზრითაც მე ის ზემოთ გამოვიყენე, მისი ჩანაცვლება ხშირად სიტყვა “ლიბერტარიანით” ხდება. შესაძლოა ეს გონივრულია. მაგრამ მე ეს ტერმინი არ მიზიდავს, რაღაც ხელოვნური აგებულებისა ჩანს და ამით სუროგატული უფროა. მე მჭირდება სიტყვა, რომელიც ამომწურავად დაახასიათებდა სიცოცხლის პარტიას, პარტიას, რომელიც მხარს უჭერს თავისუფალ ზრდასა და სპონტანურ განვითარებას. მაგრამ ვძაბავ რა გონებას, მაინც ვერ ვახერხებ რაიმე დესკრიფციული ტერმინის შერჩევას, რომელიც ამ მოთხოვნების შესაბამისი იქნებოდა.

7. თუმცა, მოდით, გავიხსენოთ შემდეგი: როდესაც ეს იდეალები, რომელთა გადმოცემასაც მე აქ ხელახლა ვცდილობ, პირველად გავრცელდა დასავლეთში, პარტიას, რომელიც მათ პროპაგანდას ეწეოდა, საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდება ჰქონდა. სწორედ ინგლისელ ვიგთა იდეალებით იყო შთაგონებული ის მოძრაობა, რომელსაც შემდგომ ლიბერალიზმი ეწოდა მთელ ევროპაში, და წარმოქმნა იდეები, რომლებიც მერე ამერიკელმა კოლონისტებმა წაიღეს ოკეანის გადაღმა; ამ იდეალებმა უბიძგა მათ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისკენ და მალე მათი კონსტიტუციის ფუნდამენტად იქცა. უფრო მეტიც, სანამ ამ ტრადიციის ბუნება საფრანგეთის რევოლუციასთან დაკავშირებული დანაშრევებით, მისი ტოტალიტარულად დემოკრატიული და სოციალისტური მიდრეკილებებით არ დამახინჯდა, თავისუფლების პარტია სწორედ “ვიგის” სახელწოდებით იყო საყოველთაოდ ცნობილი.

ქვეყანაში, სადაც ის გაჩნდა, ეს სახელი წარსულის კუთვნილება გახდა: ნაწილობრივ იმიტომ, რომ პრინციპები, რომლებთანაც ის იყო ასოცირებული, გარკვეული დროის მანძილზე აღარ წარმოადგენდა რომელიმე კონკრეტული პარტიის განმასხვავებელ ნიშანს, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამ სახელს ატარებდნენ, უღალატეს მის პრინციპებს. მე-19 საუკუნეში ბრიტანეთში და აშშ-ში ვიგთა პარტიამ საკუთარი სახელის დისკრედიტაცია მოახდინა რადიკალთა შორის. მაგრამ იმის გამო, რომ, ჯერ ერთი, ლიბერალიზმმა ვიგიზმის ადგილი მხოლოდ მას შემდეგ დაიმკვიდრა, რაც თავისუფლებისთვის ბრძოლის ტრადიცია ფრანგული რევოლუციის უხეში და მებრძოლი რაციონალიზმით განიმსჭვალა, და მეორეც, რაკი ჩვენი მთავარი ამოცანაა გავათავისუფლოთ ის ჰიპერნაციონალისტური, ნაციონალისტური და სოციალისტური გავლენებისგან, რომლებიც მას ამახინჯებს, ისტორიული პერსპექტივით სიტყვა “ვიგიზმი” ადეკვატურად გამოხატავს ჩემს თვალსაზრისს. რაც უფრო მეტს ვგებულობ იდეების ევოლუციაზე, მით უფრო ღრმად ვრწმუნდები იმაში, რომ, უბრალოდ, გამოუსწორებელ “ძველ ვიგს” წარმოვადგენ – აქ აქცენტი სიტყვა “ძველზე” მოდის.

“ძველ ვიგებთან” მიკუთვნებულობის აღიარება, რასაკვირველია, ჯერ კიდევ არ ნიშნავს მისწრაფებას წარსულისკენ, მე-17 საუკუნის დროინდელი მდგომარეობისკენ. წინამდებარე ნაშრომის ერთ-ერთ მიზანი შემდეგის დამტკიცებაა: დოქტრინები, რომლებიც პირველად იმ დროს ჩამოყალიბდა, იზრდებოდა და ვითარდებოდა ყველა კონკრეტული პოლიტიკურ პარტიის მიღმა. ეს პროცესი კი შეწყდა მხოლოდ 70-80 წლის წინ. ამ წლების მანძილზე ჩვენ საკმაოდ გავამდიდრეთ ჩვენი ცოდნა და ახლა შეგვიძლია ამ დოქტრინის ხელახლა გადმოცემა უფრო დამაკმაყოფილებელი და ეფექტური ფორმით. მიუხედავად იმისა, რომ ის გარკვეულ გადამუშავებას ითხოვს ჩვენი დღევანდელი ცოდნის გათვალისწინებით, მისი ფუნდამენტური პრინციპები უპირველეს ყოვლისა “ძველ ვიგთა” პრინციპებია. მართალია, რომ მოგვიანო ისტორიამ პარტიისა, რომელიც ამ სახელს ატარებდა, ბევრ ისტორიკოსს ეჭვი აღუძრა ვიგებისთვის დამახასიათებელი პრინციპების განსაკუთრებული კორპუსის არსებობაში. მაგრამ არ შემიძლია არ დავეთანხმო ლორდ აქტონს, რომელიც წერს: “თუმცა ამ დოქტრინის ზოგიერთი პატრიარქი საძაგელი ადამიანიც იყო, მაგრამ ის, რითიც დაიწყო ვიგიზმი, – უზენაესი კანონის გაგება, რომელიც მუნიციპალურ კოდექსებს ეფუძნება, – ინგლისელების უდიდესი მიღწევაა და მათი საჩუქარია ერისადმი”, – ჩვენ კი დავამატებდით – მთელი სამყაროსადმი. სწორედ ეს დოქტრინა უდევს საფუძვლად ანგლოსაქსონური ქვეყნების საერთო ტრადიციას. სწორედ ამ დოქტრინიდან კონტინენტურმა ლიბერალიზმმა იმემკვიდრა ყველაფერი ის, რის გამოც იგი ღირებულია. სწორედ ეს დოქტრინა გახდა ამერიკული სახელმწიფოებრივი წყობის საფუძველი. თავისი წმინდა ფორმით მან თავი იჩინა აშშ-ში არა ჯეფერსონის რადიკალიზმით, არა ჰამილტონის ან თუნდაც ჯონ ადამსის კონსერვატიზმით, არამედ ჯეიმს მედისონის, “კონსტიტუციის მამის”, იდეებში.

არ ვიცი სასარგებლო იქნება თუ არა ძველი სახელის აღდგენა პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით. ის ფაქტი, რომ დღეს ადამიანთა უმრავლესობისთვის როგორც ანგლოსაქსონურ სამყაროში, ისე მის საზღვრებს გარეთ ეს ტერმინი არ ასოცირდება რაიმე კონკრეტულთან, უფრო უპირატესობაა, ვიდრე ნაკლი. მათთვის კი, ვინც იცნობს იდეათა ისტორიას, “ვიგი”, ალბათ, ერთადერთი სახელწოდებაა, რომელიც მკაფიოდ გამოხატავს ტრადიციის არსს. ის, რომ სოციალისტური წარსულის მქონე ნამდვილი კონსერვატორისთვის და, მით უმეტეს, კონსერვატორთა უმრავლესობისთვის სიტყვა “ვიგიზმით” აღინიშნება მათი მთავარი დოქტრინა, მათი ქვეცნობიერი რეფლექსების სიჯანსაღეს მოწმობს. ამ სახელს ატარებდა იდეალთა ერთადერთი სისტემა, რომელიც მტკიცედ უპირისპირდებოდა ყოველგვარ დესპოტურ ძალაუფლებას.

8. აქ შეიძლება გაჩნდეს ლოგიკური შეკითხვა: ასე მნიშვნელოვანია სახელწოდება? აშშ-ის მსგავს ქვეყანაში, სადაც უწინდებურად შენარჩუნებულია თავისუფალი ინსტიტუტები და სადაც, შესაბამისად, უკვე არსებული წესრიგის დაცვა ხშირად თავისუფლების დაცვას ნიშნავს, მის ქომაგებს თავისუფლად შეუძლიათ საკუთარი თავი კონსერვატორებად მოიხსენიონ, მაგრამ აქაც კონსერვატიული ტრადიციის მიმდევრობა დიდ ეჭვებს იწვევს. მაშინაც კი, როდესაც ადამიანები ერთსა და იმავე წყობას იწონებენ, საჭიროა ვიკითხოთ, რატომ მოსწონთ მათ ის – იმის გამო, რომ ეს წყობა უკვე არსებობს, როგორც მოცემულობა, თუ იმიტომ, რომ ის თავისი ბუნებით მათ სურვილებს შეესაბამება? კოლექტივისტური ტენდენციების წინააღმდეგ საერთო გალაშქრებამ არ უნდა დაჩრდილოს ის ფაქტი, რომ თავისუფლების რწმენა მომავლისაკენ სწრაფვას ეფუძნება და არა ნოსტალგიას წარსულის გამო ან რომანტიკულ აღფრთოვანებას იმით, რაც უკვე წარსულს ჩაბარდა.

ეს მკაფიო გამიჯვნა მით უმეტეს აუცილებელია იქ, სადაც, როგორც, მაგალითად, ევროპის ბევრ რეგიონში, კონსერვატორებმა უკვე გაიზიარეს მნიშვნელოვანი ნაწილი კოლექტივისტური კრედოსი, რომელიც ისე დიდხანს იყო პოლიტიკის წამმართველი ძალა, რომ მის მიერ შექმნილი ბევრი ინსტიტუტი აღქმულ იქნა როგორც მოცემულობა და სიამაყის წყაროდ იქცა “კონსერვატიული” პარტიებისთვის, რომლებიც მისი შემოქმედნი არიან. აქ თავისუფლების მომხრე კონფლიქტში მოდის კონსერვატორთან და იჭერს რადიკალურ პოზიციას, რომელიც მიმართულია ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპების, მტკიცე პოზიციებისა და მყარად ფესვგადგმული პრივილეგიების წინააღმდეგ. უგუნურება და ბოროტმოქმედება არ შეიძლება გახდეს უკეთესი იმის გამო, რომ ისინი უკვე კარგა ხანია აღიარებულნი არიან საზოგადოებრივი წყობის საფუძვლად.

სახელმწიფო მოღვაწისთვის დევიზი “Quieta non movere” (“მძინარეს ნუ გააღვიძებ”) ზოგჯერ ბრძნულ რჩევას წარმოადგენს, თუმცა პოლიტიკურ ფილოსოფოსს ის ვერ დააკმაყოფილებს. შესაძლოა, ფილოსოფოსს სურდეს კიდეც, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებანი წინდახედულად ხორციელდებოდეს და ამ დროს გათვალისწინებული იყოს საზოგადოებრივი მზაობაც, მაგრამ მას არ ძალუძს შეურიგდეს უკვე არსებულ წყობას მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ მოცემულ მომენტში საზოგადოებრივი აზრი ამაზე სანქციას იძლევა. სამყაროში, რომელიც კვლავ საჭიროებს (ისევე როგორც მე-19 ს-ის დამდეგს) პირველ ყოვლისა თავისუფალი განვითარების გამოთავისუფლებას ადამიანთა უგუნურებით წარმოქმნილი სხვადასხვა სახის დაბრკოლებისა და სირთულეთა წნეხისგან, ფილოსოფოსის უმთავრესი ამოცანა იმათ დარწმუნებასა და იმათი მხარდაჭერის მოპოვებაში მდგომარეობს, ვინც თავისი ბუნებით პროგრესისკენ არის მიდრეკილი. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ეს ადამიანები ცვლილებების არასწორი მიმართულებით განხორციელებისკენ მიილტვიან, ისინი მზად არიან კრიტიკულად მიუდგნენ არსებულს და შეცვალონ ის, როცა ეს აუცილებელია.

იმედი მაქვს მკითხველი არ შემიყვანია შეცდომაში, როცა ზოგჯერ სიტყვა “პარტიაში” ინტელექტუალური და მორალური პრინციპების დამცველ ადამიანთა ჯგუფს ვგულისხმობდი. წინამდებარე ნაშრომის მიზანი არ ყოფილა განეხილა ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური პარტიის პოლიტიკა. საკითხი იმის შესახებ, ის პრინციპები, რომელთა რეკონსტრუქციასაც ვცდილობდი ტრადიციის ნამსხვრევებიდან, როგორ გარდავქმნათ ფართო მასებისთვის მიმზიდველ პროგრამად, პოლიტიკურმა ფილოსოფოსმა უნდა გადაულოცოს “იმ ცბიერ და მოხერხებულ ცხოველს, რომელსაც, მარტივი ენით სახელმწიფო მოღვაწე ანუ პოლიტიკოსი ჰქვია, ვისი გადაწყვეტილებებიც მიმართულია საქმეთა ვითარების სპონტანური ცვლილებებისკენ”. პოლიტიკური ფილოსოფოსის ამოცანა შეიძლება იყოს საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა და არა ადამიანების ორგანიზება პრაქტიკული მოქმედებებისთვის. ამ ამოცანას ეფექტურად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეასრულებს, თუკი ის, დაინტერესებული მოცემული პოლიტიკური მდგომარეობით, განუხრელად დაიცავს “ზოგად პრინციპებს, რომლებიც ყოველთვის უცვლელია”. ამ თვალსაზრისით მე ეჭვი მეპარება, შესაძლებელია თუ არა საერთოდ კონსერვატიული პოლიტიკური ფილოსოფია. კონსერვატიზმი ხშირად შეიძლება იყოს სასარგებლო პრაქტიკული მიდგომა, მაგრამ მისგან შეუძლებელია რაიმე სახელმძღვანელო პრინციპების მიღება, რომლებიც გავლენას მოახდენდნენ ხანგრძლივ განვითარებაზე.

წყარო:  ჟურნალი “სოლიდარობა” 

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button