არდაშელ თაქთირიძე – სიკვდილმისჯილი
ეს ამბავი, სადღაც, ბავშვობაში მოვისმინე და გონებაში ჩამრჩა.
***
კაკო ალავიძე მწერალთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, კონა ათი შაური რომ ღირდნენ და მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მეგობრობით გაჰქონდათ თავი. მაგრამ თავმჯდომარე რომ გადაირჩიეს და ახალმა ღრენა დაუწყო
– ეგ ვიღას ტიკი-ტომარააო! – მიხვდა, რომ, თუ რაიმე ღირებულს არ დაწერდა, მწერალთა კავშირში თავს ვერ შეინარჩუნებდა. დრო არ ითმენდა. დაიწყო თემის შერჩევა. არჩია, არჩია და შეარჩია – პატიმრის ცხოვრება – თემა, რომელიც აქტუალურიც იყო და საინტერესოც. მართალია, ბევრი იწვალა, სიუჟეტი ვერაფრით ჩამოაყალიბა, სამაგიეროდ, ისეთი რამ მოიფიქრა, რაც სიუჟეტის მოფიქრების საშუალებას მისცემდა – თავის ბავშვობის მეგობარს, ციხის უფროსს – ვალოდია სალუქვაძეს მიადგა
– ცოტა ხნით ციხეში ჩაჯდომა გამიშანსე და მაღარიჩი ჩემზე იყოს, ოღონდ, ჩემსა და შენს გარდა, არავინ უნდა იცოდეს, რომ უდანაშაულო ვარო!
ვალოდიასაც, რა ენაღვლებოდა, თვითონ ხომ არ ჯდებოდა ციხეში?! 109-ე მუხლით გაუშვა – ცოლის და მისი საყვარლის მკვლელობისათვის.
***
– მოდი, ერთი, აქეთ მოიწი, გაგვეცანიო! – დაუძახა ახალშესულ, დაბნეულ პატიმარს, საკნის სიღრმიდან, გვერიგვერდ საწოლებზე ჩამომსხდარი სამი მამაკაციდან ერთ-ერთმა, რომელთაგან ერთი, ძალიან გამხდარი, 40 წლამდე იქნებოდა, მის პირდაპირ მსხდომები კი, ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ. კაცი მათკენ დაიძრა. ხედავდა, აქეთ-იქიდან, როგორი ინტერესით აყოლებდნენ დანარჩენი პატიმრები მზერას. მივიდა, მიესალმა და შორიახლოს დადგა.
– მოდი, ჩამოჯექი, რა გქვიაო? – ჰკითხა გამხდარმა ისეთი ტონით, ინტერესი, ნაძალადევი ზრდილობა და ქედმაღლობა ერთდროულად რომ იგრძნობოდა და საწოლის თავისკენ მიიწია.
– აკაკი ვარ, ალავიძე, კაკოს მეძახიანო! – გაეცნო ახალმისული, ისე, რომ ადგილიდან არ დაძრულა.
– რაზე ჩაგსვესო!
– ჯერ, შენც გამეცანიო! – იგივე ტონით მიმართა ახალმისულმა და თვალი თვალში გაუყარა.
– ეეე, ეეეო! – წამოიწივნენ საწოლიდან ახლგაზრდები.
– მართალია ეს კაცი, გავიცნოთ ერთმანეთი. მე ამირანი ვარ, “წვრილას” მეძახიან, ესენი ნიკა და კახა არიანო! – თქვა გამხდარმა და ხელი გაუწოდა. აკაკიმ გამხდარს ხელი ჩამოართვა, ახალგაზრდებს თავი დაუკრა და შეთავაზებულ ადგილზე ჩამოჯდა.
– აბა, ძმაო, გვითხარი, რა მუხლით შემოხვედიო? – ჰკითხა გამხდარმა.
– 109-ე მუხლითო!
– მოყევი, როგორ მოხდა, ვინ მოკალიო?
– ცოლს შევუსწარი საყვარელთან და ორივე ჩავხოცეო!
– ვა, შენ რა “დერსკი” ყოფილხარო?! – გაკვირვებულმა გადახედა ახალგაზრდებს.
– რას საქმიანობო?
– მწერალი ვარო!
– რას წერო?
– მოთხრობებსო!
– ქურდებს პატივს სცემო?
– მე ყველა კაი კაცს ვცემ პატივსო!
– “საძმოზე” როგორა ხარო?
– რომ შემომივა, მე თვითონ შემოვიტან “საძმოში”, შეხსენება არ დამჭირდებაო!
– ნიკა, ძმა, ერთი როინას უთხარი, კარგი კაცი ჩანს, შესაფერისი ადგილი უპოვოსო! – უთხრა გამხდარმა ერთ-ერთ ახალგაზრდას.
***
2 მარტი. დღიურის წერა დავიწყე. რადგან ჯერ სიუჟეტი არ მაქვს, ვფიქრობ, ასე სჯობს, იქნებ რომანისთვის გამომადგეს.
ყველაფერი გამხადეს. შხაპის ქვეშ შემაგდეს. შხაპს ვამბობ, თორემ ტროსტივით მოკაუჭებული მილიდან ყინულივით ცივი წყალი ასხამდა. მერე შიშველი გამიყვანეს სამედიცინო შემოწმებაზე. მეგონა, პატიმრის ზოლიან ფორმას მომცემდნენ, მაგრამ ჯიბეებამოსუფთავებული ჩემი ტანსაცმელი დამიბრუნეს. მერე გავიგე, ფორმას სასამართლოს საბოლოო განაჩენის გამოტანის შემდეგ იძლეოდნენ.
5 მარტი. წინასაპატიმრო საკანი, მოგრძო ოთახია, აქეთ-იქით ჩალაგებული საწოლებით. 16 კაციან საკანში 20 პატიმარი ვართ, მაგრამ საწოლები გვყოფნის, რადგან 4 “ქათამი” ზის, რომლებსაც ტუალეტთან იატაკზე სძინავთ. ჰო, არავითარი “პარაშა” – განავლის კასრი არ დგას. ჩვეულებრივი, ჩასაჯდომი ტუალეტია, კარის გარეშე. როცა გინდა, მოისაქმე, ოღონდ, ჭამის დროს, შესვლა არ შეიძლება.
9 მარტი. დილით, დაკითხვაზე გამომიძახეს. მეორე სართულზე ამიყვანეს და ვალოდიას კაბინეტში შემიყვანეს.
– ამას მე დავკითხავ, ჩემებურადო! – უთხრა ვალოდიამ ბადრაგს, მე შემიშვა, ის გარეთ დატოვა და კარი შიგნიდან ჩაკეტა.
– ჰა, როგორ არის საქმე, დაწერე რამეო? – მკითხა ვალოდიამ და თავისი მაგიდისკენ მიმითითა, სადაც საუზმე იყო გაშლილი. მაგიდას მივუჯექი.
– ჯერ ვერაფერი მოვიფიქრე, ცოტა დრო კიდევ მჭირდებაო! – ვუპასუხე პირში ლუკმაგამოტენილმა. საუზმის მერე კიდევ დამტოვა, ვისაუბრეთ. ვალოდიამ ყველაფერი იცოდა, საკანში რაც ხდებოდა.
– საიდან იციო?! – რომ დავინტერესდი,
– ბიჭო, მანდ ყოველ სამ კაცში, ორი “ჩამშვებიაო”! – ღიმილით მიპასუხა. წამოსვლის წინ
– არ გეწყინოს, ასეა საჭიროო! – და ტუჩებში, გამეტებით, ხელუკუღმა მომარტყა. სისხლი წამსკდა. მოწმენდა დავაპირე.
– საკანში რომ შეგიყვანენ, იქ მოიწმინდეო! – მითხრა ვალოდიამ და ბადრაგი გამოიძახა.
12 მარტი. ციხის საკანში ყველაზე კარგად ჩანს იერარქიული კიბე. ყველაზე ზემოთ ქურდია, რომლის სიტყვაც კანონია ნებისმიერისთვის. ყველა ქურდი თანასწორია და მათ შორის დავა, ქურდების შეკრებაზე – “სხადნიაკზე” ირჩევა. ქურდის შემდეგ მოდიან “კაი ბიჭები”. ესენი არიან: – “მომავლები”, ვინც კანონიერი ქურდობისკენ ისწრაფვიან; “მაყურებლები”, ვინც ქურდის დავალებით, რაღაც ტერიტორიას აკონტროლებენ და “ტორპედოები”, ვინც ქურდის კრიმინალურ დავალებებს ასრულებენ. შემდეგ საფეხურზე მოდიან “მუჟიკები”. ისინი პატივს სცემენ ქურდულ კანონებს, მაგრამ ცხოვრობენ და მუშაობენ ლეგალურად. უფრო ქვედა საფეხურზე არის “პეხოტა”, ვინც ქურდულ ტრადიციებს არ ცნობენ, მაგრამ ქურდულ სამყაროს ხელს არ უშლიან. მათ ქვემოთ საფეხურზე არიან “გაფუჭებულები”, რომელთა შორისაა: “ძაღლები” – ყოფილი ან მოქმედი პოლიციელები, “ნასედკები” – დამსმენები და “პროშლიაკები” – ყოფილი კანონიერი ქურდები. სულ ქვედა საფეხურზე დგანან “ქათმები” – პასიური ჰომოსექსუალები, რომლებთანაც სქესობრივ ძალადობას, ქურდის დავალებით, პატიმრები ახორციელებენ. საკანში საწოლებიც შესაბამისად გვაქვს განაწილებული. რადგან ტუალეტი საკნის კართანაა, ქურდი და “კაი ბიჭები” საკნის ბოლოში მდგარ საწოლებზე არიან განთავსებულნი. მე “მუჟიკად” მომიხსენიებენ და ჩემი საწოლი შუაში, მარჯვენა მხარეს დგას. არავის ვერჩი და არც მე მერჩიან.
14 მარტი. “წვრილა” ქურდია, მაგრამ ამ ნიკას და კახას ვერაფერი გავუგე. ისე “ბლატაობენ”, რომ ერთდროულად “მომავლებიც” არიან, “მაყურებლებიც” და “ტორპედოებიც”, მაგრამ მგონი, “წვრილას” “შნირები” არიან.
18 მარტი. დღეს “წვრილამ” თავისთან მიხმო და
– ხომ არავინ გაწუხებსო? – მკითხა.
– არა, არავინო! – ვუპასუხე.
– თავმოყვარე კაცი ყოფილხარ, მაგრამ 109-ე მუხლით დახვრეტას რომ მოგისჯიან, თუ იციო?!
– ვიცი, მაგრამ შერცხვენას სიკვდილი მირჩევნიაო! – ვუპასუხე.
– ისე, ცოლის გაბოზება “გრეხი” არ არის, მაგრამ მე მომწონს შენისთანა თავმოყვარე ხალხიო!
23 მარტი. სიზმარში ვნახე, რომ პატიმრებმა ჩემი ჩანაწერები ნახეს. შეშინებულმა გავიღვიძე. მოსვენება დავკარგე. ვალოდიასთან რომ გამომიძახებენ “დაკითხვაზე”, ჩანაწერებს მას გადავცემ შესანახად.
25 მარტი. ისევ ვალოდიას კაბინეტში გამომიძახეს “დაკითხვაზე”. ჩემი ჩანაწერები გადავეცი. საწერი მაგიდის უჯრაში შეინახა. საჭმელი მაჭამა და
– კიდევ რამდენ ხანს უნდა იჯდეო? – მკითხა.
– ცოტა ხანს კიდევ ვიჯდები, შენი რა მიდისო?! – ვუპასუხე.
– კარგი, კარგიო! – გაიღიმა, კბილებში ხელუკუღმა გამკრა და ბადრაგი გამოიძახა. ამის მერე, საკნიდან გამოსვლაზე უარს ვიტყვი. მეყო კბილებიდან ამდენი სისხლისღვრა.
2 აპრილი. მაინც ვაგრძელებ დღიურის წერას. აქ ისეთი ხალხი ზის, გაზეთს ვერ კითხულობენ და ჩემი გაკრული ხელით ნაწერს გაარჩევენ? დღეს ერთი თვე შემისრულდა, რაც ვზივარ. “წვრილას” 8 წელი მიუსაჯეს და სხვა საკანში გადაიყვანეს. “მაყურებლად” კახა დატოვა. კახამ ახალი “კამანდა” შეკრა თავის გარშემო და ნიკას დაუწყო დაჩაგვრა. ამ ამბავმა, აღარ მახსოვს, რომელიღაც მეცნიერის მიერ, ვირთხებზე ჩატარებული ცდა გამახსენა: – მეცნიერმა, დიდ გალიას, რომელშიც 100 ვირთხა იყო მოთავსებული, ზემოდან ვირთხის საკვების მიმწოდებელი მოწყობილობა დაამაგრა, რომლის წკირი გალიაში იყო ჩაშვებული. მშიერი ვირთხა ამ წკირს ცხვირს რომ მიარტყამდა, გალიაში საკვების დოზა იყრებოდა. ცოტა ხანში, გამოიკვეთა ვირთხების დაახლოებით 10 პროცენტი, რომლებიც სხვა ვირთხებს აიძულებდნენ, მათ მაგივრად მიერტყათ ცხვირი წკირზე. მეცნიერმა ეს ვირთხები ამოსვა გალიიდან, მაგრამ ისევ გაჩნდა 10 პროცენტი მოძალადე ვირთხები. ისინიც ამოსვა, ისევ გაჩნდა. ბოლოს, ორი ვირთხა დარჩა და ერთმა მეორე დაჩაგრა.
7 აპრილი. ჩემს “სასამართლოზე” დასასწრებად გამომიძახეს, მაგრამ არ გავყევი. ვიცი, ვალოდიამ თავის კაბინეტში უნდა შემიყვანოს, მასაუზმოს და ბოლოს კბილებიდან სისხლი მადინოს. მაინც წასლა მაქვს გადაწყვეტილი, არაფერი გამომდის. როგორც ჩანს, მწერლად არ ვარ დაბადებული, სხვა საქმე უნდა ვიშოვო!
12 აპრილი. საკნიდან ძალით გამიყვანეს.
– სად მიგყავართო?! – რომ ვკითხე,
– სასამართლომ დახვრეტა მოგისაჯა და სიკვდილმისჯილების საკანში უნდა მოგათავსოთო. გამეცინა
– სასამართლო არ ყოფილა და ვინ მომისაჯაო?
– სასამართლო შენს დაუსწრებლად ჩატარდა, რადგან დასწრებაზე უარი თქვიო!
ვალოდია სალუქვაძესთან შეხვედრა მოვითხოვე.
– ვალოდია სალუქვაძე, უკვე ორი კვირაა, სამსახურიდან გააგდესო! – თვალთ დამიბნელდა…
13 აპრილი. დღეს პატიმრის ფორმა ჩამაცვეს. ერთი ბეწო საკანია, კედელზე მიმაგრებული, ჩამოსაშლელი ნარით. ნერვიულობისგან კუჭი მაქვს აშლილი, მთელი დღე ტუალეტში ვარ ჩაცუცქული.
14 აპრილი. შუადღით სასეირნოდ გამიყვანეს. საკნიდან დერეფნის და გვირაბის გავლით, ციხის შიდა ეზოში გავყავარ. პატიმრები ამ გვირაბზე ლეგენდებს ჰყვებიან: სიკვდილმისჯილები სასეირნოდ რომ გაჰყავთ, ამ გვირაბში ასალმებენ სიცოცხლეს, კეფაში ან საფეთქელში პისტოლეტის სროლით. ზოგი ჯალათი, პატიმარს შემოატრიალებს და შუბლში ესვრის, რომ მეტი სიამოვნება მიიღოსო. გვირაბის კედლებს ვაკვირდები, იქნებ ნატყვიარი შევნიშნო, რომ ვიცოდე – ჩემს ტვინში გავლილი ტყვიაც სამუდამოდ სადღაც ჩარჩება, მაგრამ ისე ბნელა, ვერაფერი დავინახე.
15 აპრილი. საჭმელს პირს ვერ ვაკარებ. რა კარგი ყოფილა სიცოცხლე, მეშინია სიკვდილის! რა ტყუილად ვკვდები?! რად მინდოდა მწერალთა კავშირი, წავსულიყავი, სადმე, მენაგვედ მემუშავა!
16 აპრილი. ღამით არ მძინებია. ვცდილობ, გული გავიმაგრო, რომ არ გამისკდეს, ანდა გამისკდეს, ასე უფრო სჯობს! ეს რა ხმაა, ამ დილაუთენია რა უნდათ?…
***
სასეირნოდ გასაყვანად, დილით, კამერაში ორი ბადრაგი შევიდა. გული ცუდს უგრძნობდა. როგორც წესი, სასეირნოდ შუადღით გაჰყავდათ. ხელბორკილები დაადეს. გაუძალიანდა, თითქმის ძალით გაათრიეს. წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა, ბედს დაემორჩილა. წინ წავიდა, უკან არ იხედებოდა. გვირაბში შევიდნენ. უკნიდან გაძლიერებულად ისმოდა ბადრაგის მწყობრი ნაბიჯის ხმა.
– ნეტავ უკნიდან მესვრიან კეფაში, თუ გვერდიდან საფეთქელში? იქნებ, შემომაბრუნონ და შუბლში მესროლონ, რომ შიშჩამდგარ თვალებში სიცოცხლის სხივის ჩაქრობა დაინახონო?! – გაიფიქრა. ამ დროს, ბადრაგის მწყობრი ნაბიჯი აირია. ვიღაცამ მხარზე ხელი დაადო და შემოაბრუნა. თვალები დახუჭა
– აი, ახლა მესვრიან შუბლში. ნეტავ მალე ქნანო! – არაფერი მოხდა, ლოდინით დაიღალა, თვალი გაახილა. მის წინ, გაღიმებული ვალოდია სალუქვაძე იდგა. მეტი არაფერი ახსოვს, საავადმყოფოში მოვიდა გონს.
***
წლის ბოლოს, რომანი – “სიკვდილმისჯილი” გამოიცა, რომელიც, მალე ბესტსელერი გახდა.
არდაშელ თაქთირიძე