ლიტერატურამოთხრობანოველა

არდაშელ თაქთირიძე – ერთგულება გულისა

გვიან ღამით, სახლში მისულს, მკერდზე თავს მიადებს. თამ-თა, თამ-თა, თამ-თა – რითმულად ძგერს თორნიკეს გული. ის კი, ცოლს ხელებს შემოხვევს და შუბლზე კოცნის. ყოველი დღე, სიცოცხლესთან თამაშია, მაგრამ ასეთს გაჰყვა, ასეთი მოსწონს, ასეთი უყვარს.
***
ქუჩაში მწყობრად ჩაყენებული – ბმვ, ჰონდა, კავასაკი, იამაჰა, სუძუკი – ღრიალით რომ იკლებენ არემარეს. ქართული როდეო, გაუხედნავ ცხენებზე ამხედრებული რაინდები – ერთი სული რომ აქვთ, მოსწყდნენ ადგილს და გადაეშვნენ ნეტარებაში. ერთი კერპის – სიჩქარის თაყვანისცემის სურვილით გაერთიანებული ახალგაზრდები, რომელთათვისაც ბაიკი – ცხოვრების სტილია და არა უბრალოდ სწრაფი გადაადგილების საშუალება.
მათი მიზანი არაა ქუჩებში ხმაურის მოწყობა, მოქალაქეთა სიმშვიდის დარღვევა ან ახალგაზრდების თავიანთ რიგებში გასაერთიანებლად მოზიდვა. მთავარი მიზანი ყოველდღიური, ერთფეროვანი ცხოვრებიდან გაქცევა, განსხვავებულობის შენარჩუნება, სიძლიერის გამოვლენა და სიახლის განცდაა. მათი დევიზია – ერთი ყვლასათვის, ყველა ერთისათვის. აცვიათ ტყავის ქურთუკები, ახურავთ “ვერმახტის” ჩაფხუტები, ხელზე უკეთიათ სისხლის ჯგუფის მანიშნებელი სამაჯური – ავარიის შემთხვევაში და თითქმის ყველას დაწერილი აქვს ანდერძი, ორგანოების ტრანსპლანტაციის ნებაყოფლობით თანხმობაზე – სიკვდილის შემთხვევაში.
ისინი მზად არიან, ფრთების გასაშლელად, სიკვდილის შიშის დასაძლევად, და უსასრულობასთან შესაერთებლად.
***
სახეზე მიტკლის ფერი, ჩამოსიებული უპეები, სითხის დაგროვებისგან გაბერილი მუცელი, გაბრიგინებული ფეხები, ქოშინი, ლოგინიდან წამოდგომის საშუალებას რომ არ აძლევს.
დიტოს ბავშვობიდან აქვს გულის პრობლემა – ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია – გულის კუნთის და პარკუჭებს შორის ძგიდის გასქელება, რაც ხელს უშლის მარცხენა პარკუჭის შეკუმშვას და ორგანიზმში სისხლის მიწოდებას, რაც იწვევს გულის უკმარისობას. ამ ბოლო დროს მდგომარეობა უფრო გართულდა – განდევნის ფრაქცია 15%-მდე შემცირდა, რასაც დაერთო მუცლის ღრუში სითხის დაგროვება და არითმია. გულის გადანერგვა – ესაა 18 წლის დიტოს გადარჩენის ერთადერთი საშუალება. მისი მონაცემები გაგზავნილია გულის ტრანსპლანტაციის ბანკში, მაგრამ რომელი ქართველი დათანხმდება მისი მიცვალებულის ორგანოების გადანერგვას? – დიტო განწირულია, ბედს შეგუებულია!
***
– თორნიკემ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა, რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილიო! – შუაღამით დაურეკეს თამთას.
– თავის ტვინის მრავლობითი დაზიანება, ფუძის მოტეხილობა – სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვები, ახლა ოპერაცია უტარდებაო! – უთხრეს საავადმყოფოში. მესამე დღეს გარდაიცვლა. პანაშვიდები, სამძიმრები, დაკრძალვა. საფლავთან, მწყობრად ჩაყენებული ბმვ, ჰონდა, კავასაკი, იამაჰა, სუძუკი – ღრიალით რომ იკლებენ არემარეს. ქართული როდეო, გაუხედნავ ცხენებზე ამხედრებული რაინდები – თვალნათლივ რომ ხედავენ შედეგს და მაინც, მზად არიან უსასრულობაში გადასაშვებად. ბოლოს სიცარიელე, ამოუვსებელი, უშველებელი სიცარიელე.
***
– 12 დღის წინ, ჯო ენის კლინიკაში, საქართველოში პირველად, წარმატებით ჩატარდა გულის გადანერგვის ოპერაცია. პაციენტი პალატაშია გადაყვანილი და თავს კარგად გრძნობსო! – გადმოსცეს ახალ ამბებში.
ბიჭმა, გაკვირვებულმა შეხედა პალატაში შემოვარდნილ, შავებში ჩაცმულ უცნობ გოგონას… თამ-თა, თამ-თა, თამ-თა – ავადმყოფის თავთან, კარდიოგრაფის მონიტორზე, რითმულად წერდნენ მის სახელს გულიდან გამოსული იმპულსები.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button