გამორჩეული ადამიანები

ორჰან ფამუქი უმბერტო ეკოზე

გამჭრიახობა, გონებამახვილობა, ცოდნა

მისი გარდაცვალების ამბავმა შემძრა. ის იყო მწერალი, რომლისგანაც წარმოუდგენლად ბევრი რამ ვისწავლე და რომელმაც ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ასე რომ უფლება მაქვს, ახლა ვთქვა: არა მხოლოდ უდიდეს პატივს ვცემდი, ძალიან მიყვარდა და აღფრთოვანებული ვიყავი მისით.
80 იან წლებში, როცა პოსტმოდერნისტულ, ექსპერიმენტზე ორიენტირებულ ავტორად ქცევას ვცდილობდი, ვკითხულობდი მის წიგნებს და ვრწმუნდებოდი, რომ მისეული პოსტმოდერნისტული სიგიჟმაჟე, ისტორიულ რომანში გამოყენებული გონებამახვილობა, ინტელექტი და ირონია ძალიან მეხმარებოდა. სამყაროს იმ ნაწილში, სადაც მე ვცხოვრობ, თავისებური პრობლემები გვაქვს ისტორიასა და ტრადიციებთან მიმართებაში. უმბერტოს წიგნები მიჩვენებდნენ გზებს, როგორ მივსულიყავი ამ პრობლემებთან ახლოს.

ძალიან ბედნიერი ვიყავი იმით, რომ როცა წლების წინ ერთმანეთი სტამბულში გავიცანით, მან ბოლონიაში მიმიწვია, სადაც მისი უნივერსიტეტის სემიოტიკის ინსტიტუტში რამდენიმე ლექციის ჩატარების უფლება მომეცა. შემდეგ ხანდახან სტამბულში ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. ვისხედით ჩემს სამუშაო ოთახში და ვმასლაათობდით. ისეთი ბრწყინვალე და მახვილი გონება ჰქონდა, რომ მასთან ყოველი შეხვედრა უდიდეს სიამოვნებას მგვრიდა.

ერთი რამ უნდა იცოდეთ: როცა კი უმბერტოს უსმენდნენ, სახეზე ყველას ღიმილი ეფინა. რატომ? რადგან ის უფლებას გრთავდათ, რაღაც პერიოდი მის სამყაროში გაგეტარებინათ, გამჭრიახობის, გონებამხვილობისა და ცოდნის ამ საოცარ სამყაროში. მისთვის ცოდნა ძალაუფლებას კი არ ნიშნავდა, არამედ თავისუფლებას. უმბერტო ეკოს ცოდნა მიაჩნდა ადამიანთა ბედნიერი, ხალისიანი გათავისუფლების შესანიშნავ საშუალებად. ყველაზე უფრო ეს იწვევდა ჩემში სიყვარულს და აღფრთოვანებას.

ერთ დღეს, როცა ის სტამბულში, ჩემს სამუშაო ოთახში მსტუმრობდა, ჩემს პირდაპირ ერთ დიდ სავარძელში იჯდა. და როცა ვუყვებოდი, რომ ეს სავარძელი მამაჩემისგან მაქვს და რომ ხშირად ვიხსენებ, ჩემს ბავშვობაში როგორ იჯდა ხოლმე მამა ამ სავარძელში, უმბერტომ თავი დამიქნია და მითხრა, რომ ის ზუსტად მამაჩემის ასაკისაა. დარწმუნებული ვარ, ამით უნდოდა მიენიშნებინა, რომ ჩემთვის ის გარკვეულწილად მამასავით იყო. ვაღიარებ: უმბერტო ეკო, ვისგანაც ამდენი რამ ვისწავლე, ჩემთვის მართლაც ინტელექტუალურ მამას განასახიერებდა.

22.02. 2016 Frankfurter Allgemeine

თარგმანი ბელა ჩეკურიშვილის

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button