ესესაკითხავი

გიგი თევზაძე “ჩუბინაშვილის აპოლოგია”

ზურაბ კიკნაძის წერილი „Audiatur et altera pars“ (ლათ. მოუსმინე სხვასაც), ვფიქრობ, წერტილს სვამს ოცდაათწლიან კამათში რომელიც ერთის მხრივ, ზურაბ კიკნაძის და აწ განსვენებული თენგიზ მირზაშვილის, ხოლო მეორეს მხრივ, გიორგი ჩუბინაშვილის მოწაფეებს შორის მიდიოდა. კამათის არსი მდგოომარეობს შემდეგში: ჩუბინაშვილის თეორიის მიხედვით, ქართული ქრისტიანული არქიტექტურა არის თვითმყოფადი, ქართული გლეხური საცხოვრებელიდან, ძირითადათ, დარბაზული ტიპის საცხოვრებელი სახლის იდეიდან, განვითარებული. კიკნაძე/მირზაშვილი 1983 წლიდან ამტკიცებენ, რომ ქართული ქრისტიანული არქიტექტურა ემორჩილება ბიზანტიურ/ქრისტიანული არქიტექტურის წესებს. ყველა გადახრა თუ გადახვევა, რაც არსებობს, ჯდება ამ კანონში და ძეგლის არქიტექტორების ინდივიდუალიზმის გამოხატვაა და არა „ქართველი ხალხის ფსიქოლოგიის“ მანიფესტაცია. დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ ტექსტს, რომელიც ძალიან კარგი, გასაგები ენით დაწერილი და არა მარტო საკითხის გარშემო მსჯელობს ამომწურავად, არამედ, საბჭოთა კავშირის შესახებაც გვიყვება, სადაც დაწესებული აზრის საწინააღმდეგო მსჯელობა მკრეხელობად და ერის ღალატად აღიქმებოდა.

ის, რომ საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც აღმოსავლეთის და დასავლეთის სავაჭრო გზების გადაკვეთაზე მდებრეობდა, სახელმწიფო არქიტექტურა, მით უმეტეს ქრიტიანული, ვერ განვითარდებოდა ქრისტიანული სამყაროსაგან მოწყვეტით და „თვითმყოფადად“, ცხადია. მაგრამ არ მგონია, რომ ეს არ იყო ცხადი წინა საუკუნის დასაწყისში. (მაგ. ARCHITECTURE CLASSIC AND EARLY CHRISTIAN, BY T. ROGER SMITH AND JOHN SLATER. LONDON, 1882). მართალია, ამ, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მიერ გამოცემულ წიგნში, ქართულ ქრისტიანულ არქიტექტურაზე არაფერია, მაგრამ კარგად არის განხილული ქრისტიანული არქიტექტურის კანონი. რა თქმა უნდა ეს წიგნი არ იყო ერთადერთი, რომელიც ამ თემას ეძღვნებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს წიგნი არასპეციალისტებისთვისაა.

თავის წერილში ზურაბ კიკნაძე ჩუბინაშვილის თეორიას ფსიქოლოგიზმს უწოდებს და ამას – ჩუბინაშვილის, ჯერ კიდევ გერმანიაში სწავლისას, ვილჰელმ ვუნდტის (ხალხთა/ერთა ფსიქოლოგიის შესახებ პირველი თეორიის ავტორი) ფსიქოლოგიით გატაცებას აბრალებს. ცხადია, ამავე დროს, ჩუბინაშვილს უნდა სცოდნოდა იმ მიდგომის შესახებ, რომელიც კაცობრიობის ისტორიის, განსაკუთრებით კი არტეფაქტების წარმოშობას ფსიქოლოგიურ ახსნას უძებნიდა. ამის დამადასტურებელი ფაქტები ზურაბ კიკნაძეს მოჰყავს თავის წერილში. მაგრამ, თავად ზურაბ კიკნაძე აღნიშნავს, რომ იმ დროს, თუკი იყო რაიმე მსჯელობა არქიტექტურის შეხახებ ფსიქოლოგიური მიდგომის გამოყენებით, ის არ სცდებოდა არქიტექტურულ ნაწარმოებში ინდივიდუალური, პერსონალური კვალის ძებნას.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ გიორგი ჩუბინიშვილის თეორიის საფუძველი უფრო იმ გარემოში უნდა ვეძებოთ, რომელშიც მას საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მოუწია ცხოვრება: 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ისევე, როგორც ყველას, ქართველი მეცნიერების წინაშეც დადგა თვითგადარჩენის პრობლემა. განსხვავებით რუსეთისაგან, საქართველოში ე.წ. „ამოსუნთქვის“ პერიოდები არ იყო: რუსეთში ნეპის („ახალი ეკონომიკური პოლიტიკა“) პარალელურად, საქართველოსა და უკრაინაში მძიმე რეპრესიები ხორციელდებოდა. რეპრესიების თავიდან ასაცილებლად და ნორმალური პროფესიული გარემოს შენარჩუნებისათვის ქართველ მეცნიერებს უნდა გაეკეთებინათ ისეთი რამ, რაც მათ, ერთსა და იმვე დროს, ააცილებდა „ხელისუფლების მტრის“, ან „ბურჟუაზიული გადმონაშთის“ სასიკვდილო დამღას და თან – მისცემდა საშუალებას, ემუშავათ სასურველი მიმართულებით.

საბჭოთა კავშირის იდეოლოგია, გარდა პროლეტარიატის დიქტატურისა, საბჭოთა კავშირის ავტონომიურობის, განსაკუთრებულობის და ავტოქტონურობის დადგენის მიმართულებითაც მუშაობდა. გარდა იმისა, რომ იყო სერიოზული მცდელობები შეექმნათ საბჭოთა ერი და საბჭოთა ნაციონალიზმი, როგორც ყველა ნაციონალიზმს სჩვევია, ხდებოდა ისტორიის გადაწერა: არა მარტო იმ მიმართულებით, რომ ყველა დიდი აღმოჩენა რუსებს მიეწერებოდა (რადიო, ორთქმავალი, თვითმფრინავი, ტელეფონი და ა.შ.). შეიქმნა თეორია, რომლის მიხედვითაც, საბჭოთა კავშირი მასში შემავალი ხალხების ისტორიის ლოგიკური გაგრძელება იყო. ამავე იდეოლოგიის ნაწილი იყო მსჯელობა, რომ საბჭოთა კავშირის ხალხები, თავისი ისტორიის მანძილზე, მაქსიმალურად ავტონომიურად ვითარდებოდნენ, არსაიდან არ მოსულან, ყოველთვის ამ მიწაზე სახლობდნენ და აღწევდნენ უფრო მეტს, ვიდრე ევროპელები ან ამერიკელები. ცხადია, ეს თეორია პრიმიტიულია, მაგრამ კარგი სქემაა ისტორიის სახელმძღვანელოების დასაწერად და საბჭოთა ადამიანის გამოსაზრდელად – იმ ბავშვებიდან, რომლებიც იძულებულნი იყვნენ საბჭოთა სკოლებში მიეღოთ განათლება (სხვა სკოლა არც იყო).

როგორც ჩანს, ქართველ მეცნიერთა ნაწილმა, თვითგადარჩენისათვის, გადაწყვიტა ამ თეორიის მხარდაჭერის გზით ევლო: დაემტკიცებინათ ქართველი ხალხის აღმატებულება/განსაკუთრებულობა და მისი განსაკუთრებული ადგილი მსოფლიო ისტორიაში. ისინი ალბათ ფიქრობდნენ, რომ ქართველი ხალხის ექსკლუზიურობა/ავტოქტონურობის დამტკიცება და ამ გზით საბჭოთა კავშირის განსაკუთრებულობის შესახებ მსჯელობაში წვლილის შეტანა, მათ საკმარის იმუნიტეტს შესძენდა რეპრესიებისაგან და მუშაობის ნორმალურ პირობებს შეუქმნიდა.

ვფიქრობ, ამ პროცესის ნაწილია შალვა ნუცუბიძის შექმნილი აღმოსავლური რენესანსის თეორია, რომელიც ამტკიცებდა, რომ რენესანსი საქართველოში უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ევროპაში და რომ ქართველებს უფრო ადრე ჰყავდათ რენესანსული, ჰუმანისტური ფილოსოფიის გამტარებელი შოთა რუსთაველი, ვიდრე ევროპელებს დანტე, კორნელი კეკელიძის ქართული ლიტერატურის ისტორია, რომლის ნაწილიც, იმდროინდელი და თანამედროვე კანონის საწინაამღდეგოდ, ჰაგიოგრაფიული თხზულებებია და შესაბამისად, ქართული ლიტერატურის ისტორია მე-5 საუკუნიდან იწყება, უფრო ადრე, ვიდრე ევროპული ქვეყნების ლიტერატურების ისტორია. ნიკო ბერძენიშვილის და სიმონ ჯანაშიას საქართველოს ისტორია, რომელშიც არაფერია ნათქვამი სხვა ქვეყნებთან სასიცოცხლოდ აუცილებელ კავშირებზე და რომლიდანაც საერთოდ ამოგდებულია შავი ზღვის ფაქტორი და ზღვის, როგორც ევროპასთან დამაკავშირებელი გზის უზარმაზარი როლი. მაგალითების გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება და მათი არეალი მხოლოდ ჰუმანიტარული მეცნიერებებით არ შემოიფარგლება.

ქართველ მეცნიერთა შემუშავებულმა პოლიტიკამ გაამართლა: მაგალითად, სწორედ ამ მიმართულებით მუშაობის გამო, მიუხედავად ციხეში ყოფნისა (1921 და 1938-1040) და 1953- 1960 წლებში უნივერსიტეტიდან გაგდებისა, ფიზიკურად გადარჩა შალვა ნუცუბიძე – სოციალ- ფედერალისტს და 1919-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრს სხვა შემთხვევაში დახვრეტა არ ასცდებოდა. სხვა მეცნიერებმა (შალბა ნუცუბიძემაც, დასჯების შუალედებში), რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობდნენ, არა მარტო კარგი სამუშაო პირობები მიიღო, არამედ, კარიერული წინსვლა და მაქსიმალურად შესაძლებელი რეგალიებიც.

ვფიქრობ, გიორგი ჩუბინაშვილის თეორიაც ამ სქემაში ჯდება. რა თქმა უნდა, მას, როგორც კარგი განათლების მქონეს და საკუთარი დროის, იმდროინდელი ევროპული მეცნიერების, წარმომადგენელს, აინტერესებდა ინდივიდუალური და ეთნო-გავლენები არქიტექტურაზე, მაგრამ ის ჰიპერბოლიზებული დებულება, რომლის მიხედვითაც ქართული ქრისტიანული არქიტექტურა დამოუკიდებლად განვითარდა ქართული გლეხური არქიტექტურიდან, აშკარად საბჭოთა იდეოლოგიის სამსახურში ჩაყენებული თეორიაა.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ რატომ არავინ იცოდა ამ ჰიპერბოლიზაციების და მისტიფიკაციების შესახებ. არამგონია, რომ 1921-1937 წლებგამოვლილ მეცნიერებს, როდესაც საბჭოთა კავშირისადმი არალოიალობაში მცირე ეჭვიც კი მძიმე სასჯელს იწვევდა, ვინმესთვის, თუნდაც ძალიან ახლობლისათვის, გადაეშალათ გული და მოეყოლათ ამ მართლაც კარგად მოფიქრებული და განხორციელებული სპექტაკლის შესახებ.

ჩემთვის ისიც ცხადია, რომ ამ ყველაფრის გამართლება, თვითონ მათთვის, იყო ის მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელსაც ისინი ახორციელებდნენ საქართველოს ისტორიის და მემკვიდრეობის კვლევის მიმართულებით: ჩუბინაშვილის შემთხვევაში ჩვენ დაგვრჩა არა მარტო მისი შრომები, რომლებიც აფიქსირებს და აღწერს ქართული კულტურის ძეგლებს, არამედ, ხელოვნების კვლევის ინსტიტუტიც, რომელიც დღემდე ქართული კულტურის კვლევაში და გადარჩენაში მნიშვნელოვან ინსტანცია და მომავალში ინვესტიციაა.

ისიც ცხადია, რომ წლების განმავლობაში ერთი და იგივე თეორიის განმეორების და მტკიცების შემდეგ, თუნდაც იმიტომ, რომ თავიდან აეცილებინათ მუდმივი ფიქრი გაღებული მსხვერპლის, გაწეული დათმობის და მიღებული სარგებლის შესახებ, ისინი თვითონვე იჯერებდნენ საკუთარი მისტიფიკაციის რეალურობას და დაჟინებით გადასცემდნენ მოწაფეებს და კოლეგებს.

საბჭოთა კავშირი მისი ყოველი მაცხოვრებლისათვის ტრაგედია იყო. ტრაგიკულობა აღწევდა ყველგან და ყველა ბედის განუყოფელი ნაწილი ხდებოდა. საქართველოში მეცნიერების დამფუძნებელთა დიდი ნაწილის ტრაგიკული ბედი, გარეგნული წარმატების და მიღწევების მიუხედავად, არის არა მარტო მისტიფიკაციის იძულებაში, რომლის გარეშეც ისინი ვერ შეასრულებდნენ მეცნიერის ფუნქციას და მოვალეობას, არამედ იმაშიც, რომ მათი, უდაოდ დიდი ნიჭით გაკეთებული, მისტიფიკაცია იმდენად სიცოცხლიუნარიანი აღმოჩნდა, რომ დღეს, უმეტესობისათვის ამ მისტიფიკაციების შინაარსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის საქმე, რომელიც მათ გააკეთეს საქართველოს, როგორც ისტორული და კულტურული სისტემის აღწერისათვის და კვლევის განვითარებისათვის.

წყარო: Kadmos, A Journal of the Humanities. 6.2014. pp. 480-482. Ilia State University

https://www.academia.edu/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button