გამორჩეული ადამიანებიხელოვნება

ალექსი მაჭავარიანი – მოგონებები ელენე ახვლედიანზე

კუკულიმ ელენე ახვლედიანისაგან პატარა ბარათი ჩამომიტანა. ერთ გვერდზე ფურცლისა დაუხატავს ძველი ქალაქის, სიღნაღის ხედი, მეორე გვერდზე მწერს მოკლედ, რამდენიმე თბილ სიტვას.

ელენე ახვლედიანი _ მხატვარი, თავისუფალი და დამოუკიდებელი სულისა, ღრმა შინაგანი ძალისა, სიცოცხლის მოყვარული, სილამაზისა და მშვენიერების თაყვანისმცემელი, ბუნების მესაიდუმლე, ეროვნულიც, თვითმყოფადიც და განზოგადების დიდი უნარის მქონეც.

მისი ხელოვნება ხან ელვარეა, როგორც ხალისი, ხან მოვარდნილი შმაგი, შლეგი, ხანაც ნაზი დახვეწილი, დაწმენდილი. მისი ფუნჯის ყოველ მიმოხრაში მე ვისმენ რიტმს, ცხოველ რიტმს, სუნთქვას, ხალისიან მელოდიას. ელენე ჭეშმარიტი პოეტია, იგი უმღერის სამშობლოს, სილამაზეს, სიფაქიზეს, ღირსებას; ეალერსება ატყორცნილ მთებს, თოვლით მოფენილ მწვერვალებს, ოქროსფერ ალაზნის ველს, სიღნაღისა და ჯვრის მონასტრის სიდიადეს, ქართული ვენახის, ყურძნის, საწნახლის, ქვევრების, სურების თუ ჯამების მადლს, ძველ თბილისს, მის ვიწრო ქუჩებს, ლამაზ, აივნიან სახლებს. ელენეს ხელოვნება ამაღლებს და ამდიდრებს ადამიანს, ცხადად დაანახვებს და შეაყვარებს სამშობლოს. კარგად მახსოვს, ერთხელ, საუბრის დროს მითხრა: რასაკვირველია, მხატვრისათვის, იდეა, აზრი, შთანაფიქრი, დიდმნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ მთავარი და უმთავრესია მისი შესრულება, სისრულეში მოყვანა, მხატვრული შემოქმედებითი კულტურა, მხატვრული აზროვნებაო.

ელენე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ხელოვანია _ პირდაპირი, მართალი პიროვნება, რომელიც მარად ვიღაცაზე ზრუნავს, ეხმარება. ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. მისი სტუდია ძალიან ახლოს არის ჩემს სახლთან. თვითონაც იქვე ცხოვრობს სტუდიაში, მარტო. მისი ინტერესების სფერო მხოლოდ ხელოვნებაა. უზომოდ უყვარს მუსიკა, არ გამოტოვებს არც ერთ მნიშვნელოვან კონცერტს, აინტერესებს ქართული მუსიკა, და რაც მთავარია, აქვს შესანიშნავი გემოვნება. როგორც მხატვარი-მოაზროვნე ხომ უაღრესად თანამედროვეა. ხშირად ვესტუმრები ხოლმე სტუდიაში. კარს რომ გამიღებს, რამდენიმე სიტყვას წაიბურტყუნებს, ხეირიანად ვერც გავიგებ ხოლმე, რას ამბობს და მანიშნებს, სადაც გენებოს იქ დაჯექი, ან იდექი, თუ გინდა, დაწექი, თუ გინდა, ყირამალა დადექიო. თვითონ კი თავის საქმეს უბრუნდება. თუ მალე მოათავა, ხომ კარგი, მასთან საუბარი უაღრესად სასიამოვნოა, ხოლო თუ სამუშაო გაუგრძელდა, შენ შენი თავის განკარგულებაში ხარ, რაც გინდა ის გააკეთე.

ელენეს სტუდიის სიმდიდრე მხოლოდ სურათებია. აქ ვერ დაინახავ ბროლს, ოქრო-ვერცხლს ან სხვა რაიმე მატერიალურ სიმდიდრეს. მას ამშვენებს ქართული ეროვნული ჯამ-ჭურჭელი, რომელიც საოცრად უხდება თვით ელენეს, ელენე კი მათ. რაც მთავარია, ელენეს სურათები ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე, თავისი შესანიშნავი კოლორიტით, ეროვნული თავისებურებით და, ამავე დროს, დიდი განზოგადების უნარით. მისი ბუნება, როგორც მხატვრისა, ჩემთვის ახლოს არის. მაგალითად, იყო დრო, როდესაც ჩემთვის გაუგებარი იყო ლადო გუდიაშვილის შემოქმედება, თუ არ ჩავთვლით მის პირველ პერიოდს, ძველი თბილისის სურათებს, რომლითაც ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი. მაგრამ შემდეგი პერიოდის მიმართ დღესაც, როდესაც ასე თუ ისე უფრო ახლოს მივედი მხატვართა ნაწარმოებების გაგებასთან, მაინც ვრჩები გულცივი, თუმცა ვაღიარებ მათ სიდიადეს.

არის კიდევ ერთი შესანიშნავი მხატვარი, რომლის ხელოვნების მოტრფიალე ვარ მთელი ჩემი არსებით. ბედნიერად ვთვლი თავს, რომ მასთან მქონდა მეგობრული და შემოქმედებითი ურთიერთობა, როდესაც ერთად ვმუშაობდით კინოფილმზე `პოეტის აკვანი~. ეს იყო დავით კაკაბაძე, პირდაპირობით გამორჩეული ვაჟკაცი, მაღალი კულტურის და ინტელექტის მქონე, ბრძენი, ფილოსოფოსი, მეოცნებე, ბავშვივით სუფთა, ნამდვილი პოეტი, შეუპოვარი მუსიკოსი. არა ერთი საათი გაგვიტარებია საუბარში. ეს არ იყო საუბარი ხელოვნებაზე. ეს იყო საუბარი ცხოვრებაზე, ადამიანზე, ხელოვნების დანიშნულებაზე…

მახსოვს, ორმოცდაათიანი წლები იწყებოდა. ელენემ დამირეკა და მითხრა, რიხტერი უნდა მოვიყვანო შენთან სტუმრადო. გამიხარდა ამ უდიდესი მუსიკოსის სტუმრობა. ბევრი ვისაუბრეთ მუსიკაზე, ხელოვნებაზე, საზოგადოებრივ პრობლემებზე, ადამიანის დანიშნულებაზე. შემდეგ მთხოვა, რომელიმე ჩემი ნაწარმოები დამეკრა. მაშინ უკვე დამთავრებული მქონდა პირველი სიმფონია და მისი მეორე ნაწილი დავუკარი. ბოდიში მოვუხადე, მე პიანისტი არა ვარ და ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ მეთქი. შევატყვე, რომ მუსიკა მოეწონა. როცა დავამთავრე, მითხრა, თუ ამ ოპუსის საფორტეპიანო ვერსიას გამიკეთებთ, სიამოვნებით შევასრულებო. მართალია, ძალიან გამიხარდა, მაგრამ ახალგაზრდული მაქსიმალიზმი, ხშირად, უგუნურ საქციელს ჩაგადენინებს. ვიფიქრე, მე სიმფონია დავწერე, საფორტეპიანო პიესად რატომ უნდა გადავაკეთო მეთქი. მოგვიანებით, ძალიან ვნანობდი, მაგრამ დროს უკან ვერ დააბრუნებ. მივხვდი, რომ ელენემ, რომელსაც მოსწონდა ჩემი მუსიკა, სწორედ იმიტომ მოიყვანა ჩემთან რიხტერი, რომ შემოქმედებითად დავეკავშირებინე. მე კი…

7 თებერვალი. 1969 წ.

***

საღამო ხანს დამირეკა ელენე ახვლედიანმა. სასამოვნო და სასურველი სტუმრები ჰყოლია. ძალიან მთხოვა ჩემი მეუღლით მივსულიყავი. _ შენი ბიჭი, ვახტანგი, მძევლად აქა მყავს, თუ არ მოხვალთ, სახლში არ გამოვუშვებო, გამოგვიცხადა და დაკიდა ყურმილი. წავედით. სტუმრად ყავდა სტანისლავ ნეიგაუზი, ვაჟი დიდი გენრიხ ნეიგაუზის, ბრწყინვალე პიანისტის, რომელიც ასევე დიდი მეგობარი იყო ელენესი და საერთოდ, საქართველოსი. სტასს ახლდა ორი სტუდენტი, რომლებმაც შესანიშნავი კონცერტი გამართეს ელენეს სტუდიაში.

ელენეს ბევრი მეგობარი ჰყავდა ბრწყინვალე მუსიკოსებს შორის და ასეთი სალონური კონცერტები მის სტუდიაში ხშირად იმართებოდა. მათ შორის უპირველესნი იყვნენ გენრიხ ნეიგაუზი და მისი აღზრდილი სვიატოსლავ რიხტერი.

28 აპრილი. 1969 წ.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button