გამორჩეული ადამიანებილიტერატურა

ნოდარ დუმბაძე – “აკაკი, ერის სინათლე და სიამაყე”

მზესა და გენიოსებს ორი თვისება აქვთ: ორივე საოცრად ნათელია და ორივე სიცოცხლის შემოქმედი. ახლა მე მზეზე კი არა, აკაკიზე მოგახსენებთ.

ალბათ, 7 თუ 8 წლის ვიქნებოდი, კარგად არც კი მახსოვს, აკაკის “განთიადი” რომ მასწავლეს. ვისწავლე და გავოცდი იმიტომ კია არა, რომ აკაკის გენიოსობა შევიგრძენი, არა – ავხედე ცას და ფირუზის ფერი იყო, დავხედე ხმელეთს და ზურმუხტის ფერი იყო, სამშობლოსთვის რომ უნდა მოვმკვდარიყავი, ეს დედისგან ვიცოდი და გამიკვირდა ასე თავისუფლად, ასე უბრალოდ, ასე გასაგებად ამას ხომ მეც ვიტყვი – მეთქი… და აი უკვე 40 წელია ვეჯიბრები აკაკი წერეთელს, რომ განთიადის მსგავსი ერთი ლექსი მაინც დავწერო და ბოლოს მივხვდი, რომ მთელი ჩემი შემოქმედება ამ ლექსის ერთი სტრიქონის ფასადაც არ ღირს.

და მე კიდევ ერთს მივხვდი, კერძოდ, იმას, რომ “განთიადი” კაცის დაწერილი არ არის, ასეთ ლექსებს ადამიანები არ წერენ, ეს მათ ძალღონეს აღემატება. დიახ, ეს ლექსი ღვთის ბაგიდან არის გამოსული და ნაკარნახევი.

ერი და ერისკაცი ზიარ ჭურჭელს ჰგავს, ისინი ერთმანეთს ავსებენ და აცოცხლებენ.

როგორც დღე მისდევს დღეს, ისე მიდიან თაობები და ცვლიან ერთმანეთს, მაგრამ აკაკი, ბულბული საქართველოსი, შუამავალი ცისა და მიწისა, უცვლელია. იგი ყოველ დილას ამოდის საქართველოს ცაზე ბრდღვიალა მზესავით, რომ ნათელი მოჰფინოს სულ ახალ და ახალ თაობებს.

წყარო: http://lib.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button